Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 თვის ჩვილის დაბრუნების მოთხოვნით მშობლებმა აქცია გამართეს


4 თვის ბარბარე აბოვიანის ოჯახში დაბრუნების მოთხოვნით, მისმა მშობლებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ცენტრთან.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, ჩვილი 8 მაისს, თბილისის რეფერალური ჰოსპიტლიდან მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. მუცლად ყოფნის მეექვსე თვეში დაბადებული ჩვილი, 4 თვის განმავლობაში, ჰოსპიტალში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ რჩებოდა.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი, მერი მაღლაფერიძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სააგენტომ ბავშვის ოჯახისგან განცალკევების გადაწყვეტილება ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო:

„გვესმის, რომ ეს ძალიან მტკივნეული პროცესია. სამწუხაროდ, ისევ და ისევ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ დავაკონკრეტებთ მიზეზებს, თუ რატომ გადაწყდა ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაყვანა. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. თუმცა, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ამ ოჯახთან ჩვენ უკვე რამდენიმე წელია სხვა შემთხვევების გამო ვმუშაობთ, რომელიც ასევე უკავშირდება ბავშვებს. ისინი სხვადასხვა პროგრამაში არიან ჩართულნი. მეტ დეტალს ვერც ამ შემთხვევაში დავაკონკრეტებთ. ხაზგასმით ვამბობთ, ბავშვი გადაყვანილია მინდობით აღზრდაში და ის არ არის გაშვილებული. მშობლებს შეუძლიათ მოგვმართონ და შესწავლის შემდეგ, მათ ექნებათ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ ბავშვის მნახველ ამ გამყვან პირებად. გარდა ამისა, აუცილებლად ჩაერთვება პროცესში რეინტეგრაციის პროგრამა, რათა მოხერხდეს ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, რაც, ცხადია, ჩვენი დიდი სურვილიც არის. მთავარია, რომ ოჯახმა ამის საშუალება მოგვცეს. რაკიღა ჩვენ მათთან მუშაობის გამოცდილება გვაქვს, იმედი მაქვს, რომ რეინტეგრაციის პროცესიც წარმატებით წარიმართება. რაც შეეხება იმას თუ სად იმყოფება ბავშვი, ეს ინფორმაციაც კონფიდენციალურია“.

4 თვის ჩვილის მშობლების თქმით, ბავშვი ზუგდიდშია გადაყვანილი. ალექსანდრე აბოვიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბავშვი თბილისში, ოჯახში უნდა დაბრუნდეს:

„ის თანხა, რასაც სხვას უხდიან, ჩვენ გადაგვიხადონ და ჩვენს შვილს ჩვენ მივხედავთ. დაგვიბრუნონ შვილი“.

ჩვილის ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. ოჯახში კიდევ ორი არასრულწლოვანი ბავშვია. 6 წლის გიორგი და 3 წლია ანა-მარია. ჩვილის დედას, მარიამ გეთიაშვილს, პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, უფროსი შვილები, რომელთა ასაკიც 10 და 7 წელია, უკვე წლებია მინდობით აღზრდაში, გურჯაანში ცხოვრობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG