სახელმწიფო ღალატი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი უმძიმესი მუხლია. ის ითვალისწინებს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ზოგიერთ შემთხვევაში კი უვადო პატიმრობასაც.
ამ თემაზე ბოლო ცნობილი საქმე ორიოდე კვირის წინ იაროსლავის საოლქო სასამართლოში შევიდა. ბრალდების ვერსიით, 48 წლის მამაკაცი 2024 წლის ოქტომბრიდან „სისტემატურად დადიოდა მემორიალურ სასაფლაოზე, სადაც ფარულად ფოტოებსა და ვიდეოებს იღებდა რუსი სამხედროების საფლავებზე“. პროცესი დახურული იყო, როგორც ეს ხდება ხოლმე, როდესაც სასამართლო სახელმწიფოს ღალატს ეხება.
ივნისის ბოლოს ანალოგიურ საქმეზე ტომსკის ოლქში რამდენიმე ადგილობრივი დააკავეს. უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, ისინი აგროვებდნენ ინფორმაციას რუს სამხედროებზე, მათ შორის დაღუპულებზე, და ამისთვის გასამრჯელოს იღებდნენ - 20 ათას რუბლს 100 ფოტოსთვის.
კიდევ ორი მსგავსი საქმე აღიძრა სვერდლოვსკის ოლქში. ივნისში, ერთი კვირის ინტერვალით, იქ ორი ახალგაზრდა ქალი დააკავეს. ორივეს სახელმწიფო ღალატის მუხლით გასამართლება ემუქრება. ძალოვანი უწყებების ვერსიით, ერთ-ერთი მათგანი „კურატორს თითო ფოტოს 80 რუბლად უგზავნიდა“.
ამ დაკავებების შემდეგ ეკატერინბურგში სასაფლაოებზე კონტროლი გაამკაცრეს. უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ეს იმისთვის კეთდება, რომ „ადამიანებმა, რომლებიც რეკრუტერების გავლენის ქვეშ იმყოფებიან, გააცნობიერონ - ეს დანაშაულია, რომლისთვისაც შეიძლება რეალური სასჯელი დაეკისროთ“.
ვინ არიან დამკვეთები?
დაღუპული რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაციის მთავარი დამკვეთები ძირითადად თაღლითები არიან. როდესაც დაღუპულთა მონაცემებს მოიპოვებენ, ისინი ნათესავებს უკავშირდებიან და ცდილობენ დაარწმუნონ, რომ მათი ახლობელი სინამდვილეში ცოცხალია და უკრაინაში ტყვედ იმყოფება. შემდეგ მის „დაბრუნებაში“ ფულს ითხოვენ.
ასეთი თაღლითური ქოლ-ცენტრები შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში მდებარეობდეს - უკრაინაშიც და რუსეთშიც. ისინი სარგებლობენ ქაოსით, რომელიც დაღუპულთა ცხედრების გადმოსვენებისას იქმნება. როცა დნმ-ის ექსპერტიზა არ ჩატარებულა ვინაობის იდენტიფიცირება რთულია.
რუს სამართალდამცველებს თაღლითური ქსელების გამოვლენა და შეჩერება უჭირთ. უფრო იმ ადამიანებზე არიან გადართულნი, რომლებიც - შეგნებულად თუ შეუგნებლად - მათთან თანამშრომლობენ. უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ამტკიცებს, რომ ბრალდებულები საფლავებს უკრაინელი „კურატორების“ დავალებით იღებდნენ.
რისკი მოხალისეებისთვის
ამ ვითარებაში შეიძლება საფრთხე შეექმნათ მოხალისეებიც, რომლებიც დამოუკიდებელ გამომძიებლებს, მაგალითად „მედიაზონას“ უკრაინაში დაღუპული სამხედროების დათვლასა და მონაცემთა ბაზების შედგენაში ეხმარებიან. ისინი ფოტოებისთვის ფულს არ იღებენ, მაგრამ მაინც შეიძლება სახელმწიფო ღალატის, „არასასურველ ორგანიზაციასთან“ თანამშრომლობის ან „უცხოეთის აგენტთან“ კავშირის ბრალი წაუყენონ.
„მედიაზონას“ რედაქტორი დმიტრი ტრეშჩანინი არ გამორიცხავს, რომ საფლავების ფოტოებისა და ვიდეოების გამო აღძრული საქმეებმა ხელისუფლებას მსხვერპლის რეალური მასშტაბის დამალვის საშუალებას მისცეს.
„ნასტოიაშჩეე ვრემია“: ხელისუფლება ცდილობს შეაჩეროს ადამიანები, რომლებიც რუსი სამხედროების საფლავებს ფოტოებს უღებენ. რატომ?
დმიტრი ტრეშჩანინი: ადრე სასაფლაოზე მისვლა და საფლავების გადაღება ყველას შეეძლო. სწორედ ასე იქცეოდა ჩვენი ბევრი მოხალისე. დაღუპულთა სახელობით სიას ვადგენთ და სასაფლაოები ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყარო იყო. აქამდე არასდროს მომხდარა, ასეთი ქმედება სახელმწიფო ღალატად შეერაცხათ.
სავარაუდოდ, ეს პრაქტიკა 2025 წლის ბოლოს ან 2026 წლის დასაწყისში დაიწყო. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ხელისუფლების რეაქცია დაგვიანებული იყო. რა თქმა უნდა, ისინი ყოველთვის ცდილობდნენ, უკრაინაში დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია შეეზღუდათ, მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე სამხედრო სასაფლაოს ეხებოდა. ჩვეულებრივი სასაფლაოების კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია - იქ ადამიანები ნათესავების საფლავებზე დადიან.
ამავდროულად გაჩნდა საკმაოდ დიდი ბიზნესი, რომელიც უკრაინაში დაღუპულთა ოჯახების მოტყუებაზეა აგებული. მიზეზი გასაგებია - ბევრმა ოჯახმა უკვე მიიღო კომპენსაცია და ეს საკმაოდ დიდი თანხაა. ამის შემდეგ იწყება ზარები და თაღლითობა.
„მედიაზონაშიც“ არაერთხელ სცადეს ჩვენი მოქრთამვა. პირადად მწერდნენ და დაღუპულთა სახელების სანაცვლოდ ფულს მთავაზობდნენ. სხვათა შორის, იმაზე ნაკლებს, ვიდრე რუსეთში მცხოვრებთ - დაახლოებით 10 ცენტს თითო ჩანაწერში.
სქემა მარტივია: თუ ინფორმაცია დაღუპულის შესახებ ჯერ საჯარო არ არის, ეს ნიშნავს, რომ ის კონკურენტებსაც არ აქვთ. ისინი ამ მონაცემებს იღებენ, შემდეგ ნათესავებს უკავშირდებიან და უყვებიან, თითქოს ადამიანი ტყვეობაშია ან სხვა მსგავს ისტორიას იგონებენ. მიზანი ფულის მიღებაა.
„ნასტოიაშჩეე ვრემია“: გამოდის, რომ ამ თაღლითების გამო საფრთხე მოხალისეებსაც ემუქრებათ?
დმიტრი ტრეშჩანინი: დიახ. ყველაზე მეტად ის გვაშფოთებს, რომ ადამიანები, რომლებიც გამომძიებლებისთვის საფლავების გადასაღებად დადიან, შეიძლება საშინლად მკაცრი სასჯელის წინაშე აღმოჩნდნენ.
მათ ხშირად ეუბნებიან, რომ ფოტოები „მედიაზონისთვის“ სჭირდებათ. ერთმა ბოტში მოგვწერა, ფოტო გამოგიგზავნეთ, გადამიხადეთო. მაგრამ ჩვენ არასოდეს ვიხდით ფულს ასეთი მასალებისთვის.
ჩვენ გვესმის, რომ ასეთი ადამიანი უზარმაზარი საფრთხის ქვეშაა - ამ ფოტოებისთვის შეიძლება 12-დან 20 წლამდე პატიმრობა მიუსაჯონ. არასოდეს დავაყენებდით ვინმეს ასეთ საფრთხის წინ რამდენიმე ფოტოს გამო.
„ნასტოიაშჩეე ვრემია“: თქვენი ნათქვამიდან ცხადია, რომ არსებობს ერთგვარი უზარმაზარი თაღლითური ინდუსტრია, რომელიც უკრაინაში დაღუპული სამხედროების მონაცემებით ნათესავებს ფულს სძალავს. მაგრამ იმ საქმეებში, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რუსეთი ხშირად აცხადებს, რომ ეს ადამიანები ამ მონაცემებს „უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით“ ან უკრაინელი თაღლითების მითითებით აგროვებდნენ. გაქვთ რაიმე ინფორმაცია ვინ აგროვებს ამ მონაცემებს?
დმიტრი ტრეშჩანინი: ადრე ეს ძირითადად რუსული ბიზნესი იყო, ომის დაწყების შემდეგ კი დიდი ნაწილი უკრაინაში გადავიდა. სავარაუდოდ, ეს საერთაშორისო ქსელებია, რადგან თაღლითური ზარები არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ჩეხეთში, ლატვიასა და ლიეტუვაშიც ფიქსირდება. ამიტომ იმის მტკიცება, რომ ყველა ასეთი თაღლითი აუცილებლად უკრაინელია, შეუძლებელია.
რუსეთის სპეცსამსახურები წინასწარ ვარაუდობენ, რომ თაღლითები უკრაინელები არიან და ამის დასამტკიცებლად დიდ ძალისხმევასაც არ ხარჯავენ. თუ მიმოწერაში ჩანს „კურატორი“, აცხადებენ, რომ ის უკრაინიდანაა. მტკიცებულებად კი საქმეს ხშირად „ეფესბეს“ თანამშრომლის ცნობას ურთავენ.
იგივე ეხება ფულსაც. თანხა შეიძლება კრიპტოვალუტით ან თუნდაც რუსული ანგარიშიდან იყოს გადარიცხული, მაგრამ სასამართლოსთვის ეს გადამწყვეტი არ არის. ხშირად საკმარისია მიმოწერა, ტელეფონში აღმოჩენილი ფოტოები და მობილური ანძების მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ ადამიანი მართლაც იმყოფებოდა სასაფლაოზე. დღევანდელ რუსეთში ეს შეიძლება საკმარისი იყოს საქმის სახელმწიფოს ღალატის მუხლით აღსაძრავად.
უფრო მეტიც, „სახელმწიფო ღალატის“ საქმეები ოპერატიული თანამშრომლებისთვის ძალიან მოსახერხებელია. ზოგჯერ არც კი არის აუცილებელი, რომ თაღლითური ქსელი რეალურად არსებობდეს. ადამიანს აძლევ დავალებას, შემდეგ კი აცხადებ, რომ დანაშაული გახსენი. მსგავსი პროვოკაციების მაგალითები სხვა საქმეებშიც არაერთხელ გვინახავს.
ფორუმი