„შემეხმიანნენ და განმიმარტეს, რომ ტექნიკური ხარვეზი მოხდა და შესაბამისი განჩინებით აღმოფხვრეს“, - ამბობს ის.
ია დარახველიძის სასჯელზე გამოცხადებისთანავე გაჩნდა კითხვები. ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდება სამწლიან პატიმრობას არ ითვალისწინებს. ამ მუხლის შემთხვევაში მინიმალური სასჯელი ოთხი წელია, მაქსიმალური ხუთი.
მას შემდეგ, რაც განმარტება მხარეებმა მოითხოვეს, მათ შორის პროკურორმა ვაჟა თოდუამაც. მოსამართლემ დააზუსტა, რომ შეეშალა.
„ეს არ არის სწორი“, - ამბობს ადვოკატი და ამატებს, რომ „განაჩენში ისეთი არსებითი ცვლილება არ შეიძლება იქნეს შეტანილი, რაც კვალიფიკაციასა და სასჯელის ღონისძიებაზე ახდენს გავლენას“.
მისი აზრით, ამ შეცდომის გამოსწორება შემდგომ ინსტანციებშიც იქნებოდა შესაძლებელი.
ია დარახველიძე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია, ის საქართველოში არ იმყოფება და მასზე პროკურატურა ძებნას გამოაცხადებს. არც ადვოკატისთვის და არც პროკურორისთვის არაა ცნობილი, სად არის მსჯავრდებული ან როგორ შეძლო ქვეყნის დატოვება ბრალდებულმა, რომელიც გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობას ედავებოდნენ.
დღეს, 19 ივნისს, მორიგი განაჩენი გამოცხადდა 4 ოქტომბრის საქმეზე და ია დარახველიძესთან ერთად კიდევ ექვს პირს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, ზაქრო ალბუთაშვილს, კახაბერ მჟავანაძესა და დავით სტურუას მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ამ ეპიზოდს საერთო ჯამში, 15 ბრალდებული ჰყავდა, თუმცა რვა მათგანს - ევა შაშვიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს და დათო ღურწკაიას - საპროცესო შეთანხმება გასულ კვირას გაუფორმდათ.
კიდევ ერთს, ზაქრო ალბუთაშვილს დღეს საპროცესო შეთანხმება უნდა გაჰფორმებოდა 3-წლიანი პირობითი მსჯავრით, თუმცა მან ამაზე უარი თქვა და პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა.
საქმეზე სხვა მსჯავრდადებულები
უფრო ადრე 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე ბრალდებულ პოლიტიკოსებსა და კიდევ ექვს ბრალდებულს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება, 2026 წლის 7 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა.
„4 ოქტომბრის საქმის“ ამ ჯგუფში ბრალდებულები იყვნენ:
- პაატა ბურჭულაძე, საოპერო მომღერალი და პოლიტიკოსი - მიუსაჯეს 7 წლით პატიმრობა;
- პოლიტიკოსები: მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე - 7-7 წლით პატიმრობა;
- თადარიგის პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე - 7 წლით პატიმრობა;
- თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია - 5-5 წლით პატიმრობა.
- ირაკლი შაიშმელაშვილი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი - 2 წლით პატიმრობა; მას პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს - იმყოფება აშშ-ში.
- სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა. ამ დღეს ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
- ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.
ფორუმი