Accessibility links

ივანა ბურსიკოვა: მინდა ჩეხებმა დაინახონ, როგორ ცხოვრობენ ქართველები


2018 წლის 11 თვის მონაცემებით, 44 პროცენტით იმატა ჩეხეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რიცხვმა. მთელი მატება, ალბათ, ვერა, მაგრამ მისი ნაწილი მაინც იქნება საქართველოს მეგობართა ასოციაციის მუშაობის შედეგი. ჩვენ ვესაუბრეთ ჩეხეთში 2015 წლიდან მოქმედი ამ ორგანიზაციის თანადამფუძნებელს, ივანა ბურსიკოვას, რომელმაც რადიო თავისუფლების პრაღის სტუდიაში ილაპარაკა ასაოციაციის მიზნებსა და ჩეხი ტურისტების თვალით დანახულ საქართველოზე.

ივანა ბურსიკოვა: 10 წელია, ვმუშაობ საქართველოში. ჩემმა მომცრო არასამთავრობო ორგანიზაციამ 2008 წელს დაიწყო იქ მუშაობა, ოსეთში ომის შემდეგ. ჩეხეთიდან იგზავნებოდა დახმარება, განვითარებისთვის დახმარება და რაც უფრო ხშირად ჩავდიოდი საქართველოში, მით უფრო მიყვარდებოდა ეს ქვეყანა. დღემდე მახსოვს, თბილისში პირველად რომ ჩავედი. ცოტა მეშინოდა. რა მომელოდა, არ ვიცოდი. მაშინ, 10 წლის წინ, ეს სხვა ქვეყანა იყო. მას შემდეგ ძალიან შეიცვალა!

ამ სამი წლის წინ შევქმენით „საქართველოს მეგობართა კლუბი“ და ჩემს მეგობართან ერთად ვცდილობ ჩეხებსა და სხვებსაც ვაჩვენო საქართველო, ნამდვილი საქართველო. არაფრის შელამაზება არ მინდა! მაგრამ მინდა ჩეხებმა დაინახონ, როგორ ცხოვრობენ ქართველები, რა ძნელია მათთვის ზოგჯერ ცხოვრება და მაინც რამდენად მომხიბვლელი და ფანტასტიკურია მათი ცხოვრება. ჩეხებს ვაჩვენებ, რასაკვირველია, მთას, ვაჩვენებ ბარს, თუ ვინმეს ზღვის სანაპიროს ნახვა უნდა - კი ბატონო, რატომაც არა. მაგრამ ჩემთვის მთავარია ადამიანები, მათი ცხოვრება და ქართველების ხასიათი. ეს ისეთი რამაა, რომ, ჩემი აზრით, ყველას უნდა უყვარდეს.

ჩვენთვის მთები ყველაზე საინტერესოა

კობა ლიკლიკაძე: სანამ სხვა ასპექტებზე გადავიდოდეთ, შეგიძლიათ გვითხრათ, საქართველოში ყველაზე მეტად რა მოსწონთ ჩეხებს, საქართველოს მეგობრებს? მთები, კულტურული მემკვიდრეობა, მუზეუმები თუ რა?

ივანა ბურსიკოვა: ვცდილობ პატარა ჯგუფები ჩავიყვანო ხოლმე - 5-6 კაცი. ჩვეულებრივ, ერთ მანქანაში ვეტევით, ზოგჯერ ორი მანქანა გვჭირდება. ვცდილობ ამ ხალხს ზოგადი წარმოდგენა შეექმნას - ნახოს მთებიც, დაბლობებიც, ისტორიული ძეგლებიც. ხალხი ხომ სხვადასხვანაირია! მაგალითად, ზოგს არ მოსწონს ეკლესიები - მესამე ეკლესიის ნახვის მერე მეუბნებიან, გეხვეწებით, საკმარისია, მეტი არ გვინდაო (იცინის). მაგრამ მარტო კავკასიონი რომ ავიღოთ, ყველა ხეობა განსხვავებულია. ხევსურეთში წახვალ, როშკაში, - იქ განიერი ხეობაა, ფანტასტიკური, უამრავი ყვავილით. სხვაგან ისეთ ვიწრო, ღრმა ხეობაში აღმოჩნდები, რომ შეგეშინდება. მოკლედ, იმდენი რამეა სანახავი...

მართალია, მთები ჩვენთვის, ალბათ, მართლაც ყველაზე საინტერესოა, მაგრამ ყოველთვის გული მწყდება, რომ ხალხს მეტი დრო არა აქვს. ყველა რასაც ნახულობს, არის: თბილისი, დავით გარეჯი, მცხეთა, ზოგჯერ გორიც, ყაზბეგი ან რომელიმე სხვა მთიანი რეგიონი. არადა, საქართველოში არის მიმალული ადგილები, რომლებიც დაუჯერებლად ლამაზია.

კობა ლიკლიკაძე: თუ არის თქვენ შორის, ასე ვთქვათ, გავლენიანი ხალხიც - დავუშვათ, ჟურნალისტები, ვინც საქართველოში მოგზაურობს ხოლმე?

ივანა ბურსიკოვა: ზოგჯერ კი, რასაკვირველია! არიან ხოლმე ბიზნესმენები, ჟურნალისტები. ჟურნალისტი ტომაშ კუჩერა ძალიან დაინტერესებულია საქართველოთი, კარგად არის ხოლმე ინფორმირებული, როცა წერს სტატიებს საქართველოში ვითარების შესახებ.

საქართველოში ნაგავი ყრია ყველგან

კობა ლიკლიკაძე: თქვენ უკვე ახსენეთ სხვა მხარეები, სხვა ფერებიც - და მგონი, ვხვდები, რას გულისხმობთ. არსებობს საფრთხეები, რომლებიც ტურისტების სიჭარბეს მოაქვს - საქართველოში კი, უკვე წლებია, იზრდება და იზრდება ტურისტების რიცხვი. ყველაზე მეტად რა არ მოგწონთ, როცა საქართველოში მოგზაურობთ თქვენს კოლეგებსა და მეგობრებთან ერთად?

ივანა ბურსიკოვა: „რასაკვირველია, ყველა ვშიშობთ, რომ საქართველოს სილამაზე გაქრება ფულის ზეწოლით. ეს სხვა ქვეყანაში მინახავს და, შესაძლოა, გარდაუვალი იყოს... (6:34) ამჟამად, ჩემი აზრით, მთავარი პრობლემები, რომელთაც საქართველოში მოგზაურობისას ვხედავთ, არის ნარჩენების გატანა-გადაყრა და წყლის დაბინძურება. ეს დიდ პრობლემად რჩება. საქართველო დიდ ნაბიჯებს დგამს მდგომარეობის გამოსასწორებლად, მაგრამ, რასაკვირველია, ის ევროკავშირის წევრი არ არის. ჩვენს ქვეყანას კი ძალიან დაეხმარა ევროკავშირი - დღეს ჩეხეთში თითქმის ყველა სოფელს აქვს წყლის გამწმენდი სისტემა დაბინძურებული წყლის გასაწმენდად. როცა საქართველოში ვლაპარაკობ ხოლმე ასეთ სისტემაზე, ყველას ჰგონია, რომ სასმელი წყლის გაწმენდას ვგულისხმობ, მაგრამ არა! საქმე ეხება დაბინძურებულ წყალს, კანალიზაციას. ევროპაში პრაქტიკულად გადავჭერით ნარჩენების სეპარაციისა და გატანა-გადაყრის პრობლემა. და როცა საქართველოში ტურისტად ჩადიხარ, დიდ პრობლემად აღიქვამ, როცა, მაგალითად, ხედავ, რომ ნაგავი ყრია ყველგან, რომ ადამიანებს ეს დიდად არ ადარდებთ.

...და მესამე, რასაც ვახსენებდი, არის დამოკიდებულება პროფილაქტიკური სამუშაოების მიმართ. დგას შენობა, მაგრამ მას არავინ არემონტებს. მიყვარს სახლები თბილისში, ხის სახლები, მაგრამ მათ არ ღებავენ და ამიტომ ხე ფუჭდება. პატარა პროფილაქტიკური სამუშაოებითაც კი ბევრს შეიძლება მიაღწიო, მაგრამ ქართველებს ეს სისხლში არა აქვთ. მათ ბევრი კარგი თვისება აქვთ, მაგრამ ეს არა... (იცინის)

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG