Accessibility links

ივანა დოლეჟალოვა: ჯარისკაცებს ვეუბნებოდით, „წადით სახლში, ნატაშა გელოდებათ!“


როგორ იწყებოდა „პრაღის გაზაფხული“, რა პროცესები უძღოდა წინ სოციალიზმის დემოკრატიზაციისკენ მიმართულ ალექსანდრ დუბჩეკისეულ მოძრაობას, რომელმაც 50 წლის წინ მთელი ჩეხოსლოვაკია მოიცვა? - ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ივანა დოლეჟალოვა, კინომცოდნე და მთარგმნელი, 1968 წლის „პრაღის გაზაფხულის“ თვითმხილველი.

ივანა დოლეჟალოვა: მაშინ 19 წლის ვიყავი, ჯერ კიდევ მოზარდი, და უდიდესი ინტერესით ვადევნებდი თვალს, რაც ხდებოდა, რადგან ჩემი ასაკის ადამიანისათვის უცებ შესაძლებელი გახდა ესწავლა, რას შეიძლება ნიშნავდეს თავისუფლება. თუმცა წინა წლებიც უნდა გვახსოვდეს - ცვლილებები ჯერ კიდევ 60-იანი წლების პირველ ნახევარში დაიწყო. „პრაღის გაზაფხული“ ერთ დღეში არ მოსულა, ეს ნელი პროცესი იყო

ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ის, რასაც „პრაღის გაზაფხულს“ ვუწოდებთ, 1968 წლის იანვარში დაიწყო და 1968 წლის 21 აგვისტოს იქნა ჩახშობილი, სულ რამდენიმე თვე გამოდის. დიდი დრო არ ყოფილა ყველა დაგეგმილი ცვლილების განსახორციელებლად...
ივანა დოლეჟალოვა

კობა ლიკლიკაძე: რა იყო შთაგონების წყარო დუბჩეკისა და მისი წრისათვის? ხომ არ ყოფილა გარკვეული სიგნალი მოსკოვიდან, რომ თვალს დახუჭავდნენ „ხავერდოვან“ რეფორმებზე?

ივანა დოლეჟალოვა: რაღაც მომენტში საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ ყველაფერი მართლაც ასე გაგრძელდებოდა. ვფიქრობ, დუბჩეკსა და მის წრეს ეგონათ, რომ საბჭოთა კავშირი მათ საქმეს მოიწონებდა, რახან ყველაფერი მონოპოლისტი კომუნისტური პარტიის ჩარჩოებში ხდებოდა. „პრაღის გაზაფხული“ იყო რეფორმისტული მოძრაობა, საკუთრივ, კომუნისტურ პარტიაში. ამიტომ დუბჩეკი, სავარაუდოდ, იმედოვნებდა, რომ მოუწონებდენენ, რასაც აკეთებდა.

კობა ლიკლიკაძე: გულისხმობთ, მოუწონებდა კრემლი? ბრეჟნევი?

ივანა დოლეჟალოვა: დიახ! და რაღაც მომენტში გაიჟღერა ფრაზამ „ეტო ვაშე დელო“ – „ეს თქვენი საქმეაო“, ამ ტიპის რეაქციამ. მაგრამ ვითარება იცვლებოდა...

კობა ლიკლიკაძე: მაგრამ გულუბრყვილობა არ იყო კრემლის ლიდერების ნდობა? კონსტიტუციაც ხომ საკმაოდ დემოკრატიული იყო, მაგრამ არ სრულდებოდა.

ივანა დოლეჟალოვა: კი, შეიძლება გულუბრყვილობაც იყო დუბჩეკის მხრიდან, მაგრამ, როცა უკან იხედები ხოლმე, იოლია კაცის განსჯა. იცით, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ის, რასაც „პრაღის გაზაფხულს“ ვუწოდებთ, 1968 წლის იანვარში დაიწყო და 1968 წლის 21 აგვისტოს იქნა ჩახშობილი, სულ რამდენიმე თვე გამოდის. დიდი დრო არ ყოფილა ყველა დაგეგმილი ცვლილების განსახორციელებლად. გარდა ამისა, პროცესი საკუთარი დინამიკით ვითარდებოდა. იცით, როცა ცენზურას გააუქმებ და ხალხი თავისუფლად გადაადგილებას დაიწყებს, რეფორმისტი კომუნისტების გარდა, ბუნებრივია, სხვებსაც უჩნდებათ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის სურვილი, მათ შორის ხალხს, რომელსაც კომუნისტები გულზე არ ეხატება. და ვფიქრობ, ეს გახდა სახიფათო საბჭოთა კავშირისათვის.

კობა ლიკლიკაძე: არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქუჩებში ბრძოლა იყო. დუბჩეკისა და მისი რეფორმების მომხრეები წინააღმდეგობას უწევდნენ ქვეყანაში შემოჭრილ ჯარებს. ბევრი ადამიანი დაიღუპა.

სრულიად არ ვეთანხმები ჩვენს პრეზიდენტს [მილოშ ზემანს], რომელიც, როგორც ჩანს, ძალიან კეთილგანწყობილია რუსეთის, პუტინის მიმართ. ჩემი აზრით, ის იდეა, თითქოს „ძმური დახმარება“ გაგვიწიეს, რასაც აქ ზოგი კომუნისტი ლიდერისაგან გაიგონებ, არის სრული სიგიჟე და სილის გაწვნა ჩემთვის, ჩვენი თაობისათვის...
ივანა დოლეჟალოვა

ივანა დოლეჟალოვა: როცა შემოვიდნენ, მე პრაღაში მიღებულ ჩემს გამოცდილებაზე შემიძლია გიამბოთ, თუმცა ეს ხდებოდა, რასაკვირველია, ყველგან, სხვა ქალაქებშიც. ხალხი სახტად იყო დარჩენილი, არ სჯეროდა, რომ ასეთი რამ მართლა ხდებოდა. პირველ დღეებში გარეთ რომ გამოვდიოდით, ჯარისკაცებს ველაპარაკებოდით ხოლმე - ვცდილობდით, დაგვეწყო მათთან დისკუსია იმაზე, თუ რატომ იმყოფებიან ჩვენს ქვეყანაში. ეს, რასაკვირველია, სისულელე იყო, გულუბრყვილობა. მაგრამ, როგორც გითხარით, უბრალოდ, ვერ დაგვეჯერებინა, რომ ასეთი რამ ხდებოდა. და, რასაკვირველია, არ გვესმოდა, რომ ჯარისკაცები დარიგებულები იყვნენ: კონტრრევოლუცია უნდა ჩაახშოთ, მეამბოხეები შეიარაღებულები არიანო. არადა, ჩეხებს, რასაკვირველია, იარაღი არ ჰქონიათ. მოკლედ, დასაწყისში - ორი- სამი დღე - ეს უცნაური დისკუსიები მიდიოდა. ახალგაზრდებმა რუსული ვიცოდით, სკოლაში მე-4 კლასიდან გვასწავლიდნენ. ჯარისკაცებს ვეუბნებოდით:„ წადით სახლში, ნატაშა გელოდებათ. ივან! აქ გოგოებს არ უყვარხართო“. ხომ იცით ჩეხური იუმორის ამბავი. მაგრამ მერე ვითარება შეიცვალა: ჯარისკაცებს უკვე თავს ესხმოდნენ, ადგილობრივები მათ აალებად ყუმბარებს ესროდნენ. ისინიც პასუხობდნენ და ძალადობამ იმატა. იყო მსხვერპლი. მერე ეს ტანკები ... წარმოიდგინეთ ტანკები პრაღის ვიწრო ქუჩებში! სახლებს ეჯახებოდნენ, ადამიანს გადაუარეს...

კობა ლიკლიკაძე: წარმომიდგენია. მინახავს ეგ ტანკები საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში. ნატაშა და ივანი დღეს მშვიდად ცხოვრობენ პრაღაში, ჩეხეთი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე უფრო პრომოსკოვურ ქვეყნად ევროკავშირში, ჩეხი პოლიტიკური ლიდერების გამო. ახლა, როცა 50 წლის წინანდელ ამბებზე ვსაუბრობთ, როგორ გგონიათ, რატომ არის მნიშვნელოვანი გვახსოვდეს ის დღეები, მოვლენები, ადამიანები, რომლებმაც ისტორია შექმნეს?

ივანა დოლეჟალოვა: იმიტომ, რომ სრულიად არ ვეთანხმები ჩვენს პრეზიდენტს [მილოშ ზემანს], რომელიც, როგორც ჩანს, ძალიან კეთილგანწყობილია რუსეთის, პუტინის მიმართ. ჩემი აზრით, ის იდეა, თითქოს „ძმური დახმარება“ გაგვიწიეს, რასაც აქ ზოგი კომუნისტი ლიდერისაგან გაიგონებ, არის სრული სიგიჟე და სილის გაწვნა ჩემთვის, ჩვენი თაობისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG