Accessibility links

21-20 ივნისი: 4 დაკავებული - რამდენს დაიჭერენ კიდევ?


20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ 4 პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს, გამოძიება მათ სისხლის სამართლის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფური მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს და კანონის თანახმად 4-დან 6-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

დაკავებულები არიან:

  • 1987 წელს დაბადებული ზურაბ ბუდაღაშვილი,
  • 1980 წელს დაბადებული კახაბერ კუპრეიშვილი
  • 1994 წელს დაბადებული ცოტნე სოსელია
  • 1974 წელს დაბადებული ბესიკ თამლიანი.

ზურაბ ბუდაღაშვილის დედა მაგული გობეჯიშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორთან დგას და უსამართლობის გრძნობის გამო აქციებს გამართვას აპირებს და ადვოკატის მომსახურებაზე უარს ამბობს. მის შვილს ბრალი 4 ივლისს წაუყენეს. მაგული გობეჯიშვილი დეტალურად ყვება, როგორ მივიდა ზურა აქციაზე და ის რაც, შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს არის გაგრძელება, იმისა, რაც მანამდე ხდებოდა და შსს-ს არ უჩვენებია.

ზურაბ ბუდაღაშვილის დედა შვილის დაკავების დეტალებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:23 0:00

„ზურა აქციაზე შემთხვევით მოხვდა. მისი მეგობარი მიდიოდა და გაჰყვა. როცა მივიდა აქციაზე, ნახა რომ მის გვერდით გოგონა წაიქცა და ტკივილისგან ტიროდა და წიოდა. ზურამ გამოსტაცა პოლიციელებს ხელიდან ხელკეტი და ფარის წართმევას რომ უპირებდა და ვერ ართმევდა, მაგიტომ არტყავს იმ ხელკეტს ფარზე. თუ დააკვირდებით დაინახავთ, რომ ზურა ფარს არტყამს და არავინ დაუზიანებია და დაუზარალებია. ჩემი შვილი დაზარალდა. ორი ტყვია აქვს ნასროლი. ჩვენ არ მოგვითხოვია პასუხი ამაზე. გავჩუმდით და გვერდზე გავდექით", - ამბობს მაგული გობეჯიშვილი.

მისი თქმით ზურა, 4 ივლისის საღამოს დააკავეს სახლთან.

შვილისთვის ბრალის წაყენებას წინასწარი დაკავების იზოლატორთან ელოდებოდა ბესიკ თამლიანის დედა რუსუდან თამლიანიც. ის ამბობს, რომ მისი შვილი არც ერთი პარტიის წევრი არ არის. აქციაზე კი მისი ქცევა სამართალდამცავთა მოქმედებებმა გამოიწვია.

ზურაბ ბუდაღაშვილის დედა შვილის დაკავების დეტალებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:06:24 0:00

„როცა დაინახა რომ ქალებს ხელი ჰკრეს და შადრევანში ჩაყარეს,უკითხავს - „რას შვებით ქალებს როგორ ექცევითო“ და აუქნია ხელ. ამის ხელი არავის მოხვედრია, ვიდეოში არ ჩანს, რომ ამის მოქნეული ხელი ვინმეს მოხვდა, მერე იმათმა ხელკეტი ჩაარტყეს, თვალი ჰქონდა დაშავებული და თავზე ჰქონდა ჰემატომა, რომ გაბრაზდა ფარს ჰკრა ხელი, თორემ არც სპეცრაზმელისთვის აქვს ხელი მოკიდებული დ არც არავისთვის. მერე ფეხი დაუდეს წააქციეს, იძალადეს ჩემს შვილზე, შემოახიეს შარვალი, ზედა ტანი და წაათრიეს ავტობუსში და მერე დაგვირეკეს, რომ თქვენი შვილი დაკავებულია“,- ყვება რუსუდან თამლიანი.

ბესიკ თამლიანი აქციაზევე დააკავეს 13-დღიანი სასჯელი სააპელაციო სასმართლომ დაკავებიდან მეოთხე დღეს მოუხსნა და გაათავისუფლა. დაახლოებით 1 კვირის წინ ბესიკ თამლიანს მთავარი პროკურატურიდან დაურეკეს და გამოკითხვაზე მისვლა სთხოვეს.

„გამომძიებელი ბექა კოპალიანმა გვითხრა, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ხომ არ ჰქონდა ადგილი ამას ვიძიებთო და იქნებ მოხვიდეთ და მისცეთ ჩვენებაო. არც ადვოკატი აგვიყვანია. იმდენი ადამიანია დასახიჩრებული, თვალებდათხრილი, გვეგონა მართლა იძიებდნენ ამ პოლიციელების დანაშაულს.3 საათი და 40 წუთი მიდიოდა დაკითხვა, მერე იმ კოპალიანსაც დავურეკე, რა ხდება, შვილო, მანდ ჩემი შვილია შემოსული და არაფერი დანაშაული ამ ბიჭს არ აქვს, გარდა იმისა, რომ არანორმალურად უყვარს თავისი ქვეყანა - მეთქი და ადვოკატი ხომ არ მოვიყვანო -მეთქი. არა, ქალბატონო, არავინ არ არის საჭიროო, კარგად მშვიდად მიდის ყველაფერიო, ჩვენ ვიძიებთო პოლიციელების მხრიდან გადაცდომას და იმაში მეხმარება თქვენი შვილიო და კადრები უნდა ვანახოთ ვინმე ხომ არ იცნო ამ კადრებშიო“,- ყველა რუსუდან თამლიანი.

ბესიკ თამლიანი საცხოვრებელ სახლთან მდებარე, ხის საამქროში დააკავეს, სადაც ის მუშაობს.

"ქმედება, რომელიც კადრებში ჩანს, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს. ამ ქმედებისთვის თამლიანმა პასუხი ადმინისტრაციული წესით უკვე აგო“,- ამბობს მისი ადვოკატი ვახტანგ იაშვილი და დასძენს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

"დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს, იმიტომ, რომ მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რომელიც შეიძლება დაკვალიფიცირდეს 225-ე ან მსგავსი მუხლებით. ჩვენ ვნახეთ კადრები. იქ ჩანს, რომ ხელებით ურტყამს სპეცრაზმელის ფარს ორჯერ ან სამჯერ. თუმცა ამ ქმედებისთვის პატიმრობაში იმყოფებოდა და პასუხი აგო ადმინისტრაციული წესით და მაშინ ეს არ დაკვალიფიცირდა სისხლის სამართლებრივად და მეორე - იმთავითვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ქმედება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და აქედან გამომდინარე, ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა, რა მტკიცებულებაც არ უნდა წარმოადგინონ და ვერც წარმოადგენენ“ - ამბობს ვახტანგ იაშვილი.

20-21 ივნისის აქციის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს კახაბერ კუპრეიშვილი და ცოტნე სოსელია.

დაკავებულთა დისკრედიტაციის მცდელობა?

დაკავებულთა დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ მათი ოჯახის წევრები დაადვოკატები ინფორმაციას, რომელიც მედიით ვრცელდება და რომლის თანახმადაც დაკავებულთაგან 2 ადრე ნასამართლევია, ორს კი რუსეთთან აქვს კავშირი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ცოტნე სოსელია წარსულში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის იყო დაკავებული,- მისი ადვოკატი გიორგი ყიფშიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ცოტნე სოსელია არასოდეს ყოფილა ნასამართლევი და მსგავსი ინფორმაციის გავრცელება „სრული მარაზმია“. მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

ზურაბ ბუდაღაშვილი წარსულში ნასამართლევია. ინფორმაციას მისი დედა ადასტურებს, ის შარშან დააკავეს ჯგუფურ ჩხუბში მონაწილეობისთვის. ის 2008 წელსაც იყო დაკავებული.

რაც შეეხება ბესიკ თამლიანსა და კახაბერ კუპრეიშვილს, მათ თითქოს რუსეთთან კავშირში ამხელენ. ბესიკ თამლიანის დედის განცხადებით, ის მართლაც 24 წლის განმავლობაში ხაბაროვსკში ცხოვრობდა, თუმცა, წლებია საქართველოში ცხოვრობს და თავს ხელოსნობით ირჩენს. კახაბერ კუპრეიშვილს კი მოსკოვში მოგზაურობას უხსენებენ 23 -დან 25 ივნისამდე, რაც ასევე არ დასტურდება.

რა შთაბეჭდილებას ტოვებს გამოძიება

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე, რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ სტუმრობისას ამბობდა, რომ ჯერ შსს და პროკურატურა მხოლოდ „სახელმწიფოს წინააღმდეგ“ მიმართული დანაშაულის გამოძიებითაა დაკავებული და „არავინ საკუთარი რიგებიდან, არც პოლიტიკურად და არც სამართლებრივად მიუცია პასუხისგებაში. სამართალდამცავი ორგანოები - პროკურატურა და შსს ჩაერთვნენ კიდევ ერთხელ იმ თამაშში, რომელსაც წლებია ვუყურებდით. ისინი იქცნენ პოლიტიკურ ინსტრუმენტად ხელისუფლების ხელში“.

​გიორგი მშვენიერაძე მის ხელთ არსებული ინფორმაციით ამბობს, რომ „იგეგმება ათჯერ მეტი ადამიანის დაკავება, რაც იქნება ასევე კატასტროფული შეცდომა. ხელისუფლებამ შეიძლება აწარმოოს გამოძიება ამ საქმეზე, მაგრამ ვერანაირ აუცილებლობას ვერ ვხედავ ახლა, ამ წუთას ეს ადამიანები საპატიმრო დაწესებულებებში აღმოჩნდნენ იმიტომ, რომ ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც არც თუ მსუბუქ სიტუაციას“.

„დღეს, რასაც ვხედავთ, არის შერჩევითი სამართალი. სახელმწიფო ცდილობს მთელი ბრალი დემონსტრანტებზე გადაიტანოს და თავის შეცდომებსა და დანაშაულზე რეაგირება არ აქვს, - ამბობს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და 4 პირის დაკავებას ეხმაურება.

20-21 ივნისის აქციის საქმის გამოძიება

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გამოძიება ასევე დაწყებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე. თუმცა, ამ მიმართულებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო ორგანოს ეჭვმიტანილები და ბრალდებულები გამოვლენილი არ ჰყავს.

„გამოძიების ფარგლებში, აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე პასუხისგებაშია მიცემული ნიკანორ მელია, რომელსაც პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარუდგინა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულს შეუფარდა გირაო და დაუწესა მთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის ელექტრონული მონიტორინგი, რაც ელექტროსამაჯურის ტარების ვალდებულებას გულისხმობს“, - იტყობინება შს სამინისტრო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გია ბარამიძეც გამოიკითხებიან სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე.

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ხელმძღვანელი ირაკლი ოქრუაშვილი საზღვარგარეთ იმყოფება და უახლოესი 2 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს გამოძიების კითხვებს უპასუხოს. ამის მიუხედავად, საჭიროების შემთხვევაში, იგი მზად არის საქართველოში დაბრუნებამდე გამოძიებას დისტანციურად გასცეს პასუხები. ასეთ ვითარებაშიც, მისი მთავარი მოთხოვნაა, რომ გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გაიმართოს.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგი უგულავა გერმანიაში გაფრინდა აეროპორტში ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ ამ საქმის „გამოძიების მიმართ ნდობა, ბუნებრივია, ნულოვანია“.

„300-მდე ადამიანი დაიჭირა პოლიციამ, მათ შორის ვიღაცები ასევე ჩხუბობდნენ იქ გამწარებისგან და ისინი ან ადმინისტრაციულით, ან საბოლოო ჯამში, მთლიანად გამოუშვეს. მაშინ ლოგიკა სად არის? ახლა იჭერენ ადამიანებს იმისთვის, რომ უბრალოდ შეუქმნან ილუზია ხალხს, გაამყარონ სახელმწიფო გადატრიალების თითიდან გამოწოვილი ვერსია“,- ამბობს გიგი უგულავა.

შსს: გამოძიება გრძელდება

შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესი და ”შესაბამისი მტკიცებულებებისა და სასამართლო განჩინების მოპოვებისთანავე, ეტაპობრივად გაგრძელდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG