Accessibility links

ივო ინჯევი: რუსეთის "მეხუთე კოლონა" ბულგარეთში ძალიან გავლენიანია


საბჭოთა არმიის ძეგლებიდან, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპაში გაჩნდა, სოფიაში 1954 წელს აგებული მონუმენტი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია: ბევრჯერ შეხებია მას ხელოვანებისა თუ ვანდალების ხელი. ბულგარელთა ნაწილი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში მოითხოვდა მის დემონტაჟს და მოითხოვს ახლაც. დემონტაჟს ემხრობა ცნობილი პუბლიცისტი, რუსეთის გავლენაზე წიგნების ავტორი ივო ინჯევიც.

ივო ინჯევი: პირველ ყოვლისა, ეს მონუმენტი არის სიმბოლო რუსული იმპერიალიზმისა. ადრე ის საბჭოთა იყო, დღეს კი რუსულად იქცა, რადგან რუსეთის საელჩო ბულგარეთში გამძვინვარებული იცავს ამ ძეგლს. იცით? ბულგარეთმა შეძლო ყველა კომუნისტური სიმბოლოს დემონტაჟი, - გიორგი დიმიტროვის, "ბულგარელი სტალინის" მავზოლეუმის დემონტაჟიც კი, - მაგრამ არ ეძლევა ამ საბჭოთა მონუმენტის მოშორების უფლება. ეს წარმოადგენს მოსკოვის მკაფიო კონცეფციას. კრემლის თანახმად, ბულგარეთს არა აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება წითელი არმიის მონუმენტებთან დაკავშირებით. სხვათა შორის, ამ ძეგლს აწერია "საბჭოთა არმიაო", არადა, საბჭოთა არმია აქ მხოლოდ 1946 წელს გამოჩნდა.

კობა ლიკლიკაძე: ნიშნავს თუ არა ეს, რომ მოსკოვი უკარნახებს ბულგარეთის მთავრობას, რა გააკეთოს და რა - არა? ქვეყანას, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრია?

ივო ინჯევი: სამწუხაროდ, კი. ისინი გაუთავებლად უგზავნიან საპროტესტო ნოტებს ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, როგორც კი რომელიმე ბულგარელი გააკეთებს მონუმენტზე წარწერას "ოკუპანტები", რაც ისტორიული თვალსაზრისით აბსოლუტური სიმართლეა. მაგრამ ბულგარეთის პროკურატურა და ბულგარეთის ხელისუფლება იწყებენ ხოლმე იმ ადამიანების სამართლებრივ დევნას, რომლებიც აქ სიმართლეს წერენ. სხვათა შორის, ეს მონუმენტი საკმაოდ აჭრელებული იყო 1993 წლამდე, ანუ სამი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ბულგარეთი გათავისუფლდა საბჭოთა ყაიდის კომუნიზმისგან. ბულგარელებს შეეძლოთ დაეწერათ მონუმენტზე სხვადასხვა მოწოდებები, ეს თავისუფლება ჰქონდათ ადამიანებს და ეს ქმედება არ ისჯებოდა. მაგრამ მოხდა ის, რომ საბჭოთა კავშირმა, რომელიც რუსეთის ფედერაციად იქცა, რაღაც მომენტში გადაწყვიტა მუშტი დაერტყა მაგიდაზე და ეთქვა: კმარა! ამის შემდეგ ბულგარეთის ხელისუფლებამ ძეგლი გაწმინდა.

კობა ლიკლიკაძე: ბულგარეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, უკვე მეთხუთმეტე წელია, და ასევე გაერთიანებულია ევროკავშირში. რატომ არის ამ ქოლგის ქვეშ მყოფი ქვეყანა ასე უმწეო რუსეთის პროპაგანდის წინაშე?

ივო ინჯევი: ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი შეკითხვაა. ამ თემაზე ხშირად ვწერ ხოლმე. უბრალოდ, აბსურდია, რომ ჩვენს პრემიერ-მინისტრს ან პრეზიდენტს, როდესაც რუსეთში ჩადიან, პუტინი ეუბნება ხოლმე, რომ ხელი არ უნდა ახლონ საბჭოთა მონუმენტებს, ისინი კი არასოდეს უწევენ წინააღმდეგობას და არ ამბობენ „არას“. მათ ძალიან კარგად იციან ისიც, რომ რუსეთის "მეხუთე კოლონა" ბულგარეთში ძალიან გავლენიანია - მის ხელშია მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, შეუძლია საკუთარი ძალების დარაზმვა.

კობა ლიკლიკაძე: თქვენ ახსენეთ „მეხუთე კოლონა“. ვინ არის ეს ხალხი, უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ?

ივო ინჯევი: ესენი არიან ბულგარელები, რომლებსაც თავი მოაქვთ ბულგარელ პატრიოტებად და ვინაიდან ბულგარელი პატრიოტები არიან, ძალიან უყვართ ეს უცხო ქვეყანა, რაც, ჩემი ვარაუდით, ამ თვალსაზრისით, გამონაკლისია მთელი მსოფლიოს მასშტაბით - როცა ხარ ნაციონალისტი, მაგრამ პირველ ადგილზე აყენებ სხვა ქვეყნის მიმართ სიყვარულს.

კობა ლიკლიკაძე: როგორ დაახასიათებდით რუსეთის მარლმადიდებელი ეკლესიის გავლენას ბულგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რომლებსაც, როგორც ცნობილია, მჭიდრო ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან?

ივო ინჯევი: დიახ, რა თქმა უნდა. ეს აშკარაა! ძალიან სპეციფიკური თემაა, მაგრამ ვხედავთ, რომ ბულგარეთის ეკლესია რუსეთის მხარეს დგას უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხში. მრავალ სხვა საერთაშორისო საკითხშიც, რომელიც მართლმადიდებლობას უკავშირდება, ბულგარეთის ეკლესია რუსეთის ეკლესიის მხარეს იჭერს. ხშირად მომყავს ხოლმე რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის სიტყვები, საგარეო საქმეთა მინისტრ გირსს რომ უთხრა: "ბულგარეთში ფულით უნდა იმოქმედოო". და ეს არის ის, რასაც რუსეთი აკეთებს საუკუნე-ნახევარია - ყიდულობს ადამიანებს, ყიდულობს პოლიტიკოსებს, ყიდულობს მედიის წარმომადგენლებს, ყიდულობს გავლენის მომხდენ აგენტებს და ტვინებს ურეცხავს ადამიანებს იმით, თითქოს მე-19 საუკუნის რუსეთ-თურქეთის ომი იყო ის მთავარი მოვლენა, რომლისთვისაც ჩვენ სამუდამოდ მადლიერი უნდა ვიყოთ.

კობა ლიკლიკაძე: ბულგარეთი ოფიციალურად მხარს უჭერს ევროკავშირის, დასავლეთის მიერ უკრაინის ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და, ამასთან, როგორც ამბობთ, მოსკოვის გავლენას განიცდის. როგორ ახსნიდით ამ ორ მოვლენას შორის კავშირს?

ივო ინჯევი: ეს არის ჩვენი ლიდერების ფარისევლობა. ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ისინი ერთ ენაზე ლაპარაკობენ დასავლელ მოკავშირეებთან და სრულიად სხვა ენაზე - რუსებსა და პრორუსულად განწყობილ ადამიანებთან. ეს არის ჩვენი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის, სახელგანთქმული დაბალანსების პოლიტიკა, რითაც ის ძალიან ამაყობს. მე კი, როგორც პოლიტიკური კომენტატორი, პრინციპულად მნიშვნელოვნად მივიჩნევ იმას, რომ ბულგარეთი იქცეოდეს, როგორც ორი კლუბის სრულფასოვანი წევრი. ჩვენ მიგვიღეს მსოფლიოში უძლიერეს და უმდიდრეს ორ კლუბში - ევროკავშირსა და ნატოში - და, ჩემი აზრით, გვმართებს ამის შესაბამისად ვიქცეოდეთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG