Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია კივა - უკრაინელი ნაციონალისტობიდან პუტინის მადიდებელ რენეგატობამდე


ილია კივა
ილია კივა

6 დეკემბერს მოსკოვის ოლქში მოკლული იპოვეს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, „ვერხოვნა რადის“ ყოფილი დეპუტატი ილია კივა, რომელსაც შეიძლება ეწოდოს თანამედროვე უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და წინააღმდეგობრივი ფიგურა.

ულტრანაციონალისტური „მემარჯვენე სექტორის“ ყოფილმა წევრმა და უკრაინის პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც თავის დროზე საჯაროდ უჭერდა მხარს რუსულენოვანი მოსახლეობის „იძულებით უკრაინიზაციას“ და „რუსული სამყაროს“ მოტრფიალეთა განადგურებას, 4-5 წლის წინ სრული მეტამორფოზი განიცადა და რუსეთისა და პუტინის თავგადაკლულ მომხრე რუს პროპაგანდისტად იქცა.

„უკრაინსკაია პრავდის“ წყაროები ირწმუნებიან, რომ კივას სიკვდილის უკან დგას უკრაინის უშიშროების სამსახური. ასეა თუ არა, ეს დანამდვილებით არავინ იცის. უკრაინაში ზოგადი კომენტარებით და მინიშნებებით შემოიფარგლებიან.

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კივა აღარ არის. და ასეთი ბედი მოელის უკრაინის სხვა მოღალატეებსაც“, - განაცხადა უკრაინის ნაციონალურ ტელეეთერში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა.

პოლიტიკოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე.

„ვერხოვნა რადის“ ყოფილი დეპუტატი შეჭრამდე რეგულარულად მონაწილეობდა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის გადაცემებში. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, გამოდიოდა ორი ქვეყნის გაერთიანების იდეით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უწოდებდა „დიად მმართველს“ და იმეორებდა, რომ „უკრაინელები, ბელარუსები, რუსები ერთი ხალხია“.


ილია კივას აზარტი ბრძოლის ველზე

1977 წლის 2 ივნისს პოლტავაში დაბადებული ილია კივა, რომელიც 31 წლის ასაკში პოლტავის ოლქის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამმართველოს ედგა სათავეში, 2011 წელს კორუფციული დანაშაულის გამო განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა, მაგრამ შედარებით მსუბუქ სასჯელს დასჯერდა. ფულის გამოძალვის საქმეზე სასამართლომ მას 10 000 გრივნის გადახდა შეუფარდა და ერთი წლით აუკრძალა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავება.

შემამსუბუქებელ გარემოებებს შორის სასამართლომ აღნიშნა, რომ კივა არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი, აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა ტვინის დახურული ტრავმული დაზიანებების გამო, რის გამოც იგი ვითომცდა პოლტავის რეგიონულ კლინიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც მკურნალობდა.

თავად ილია კივა კატეგორიულად უარყოფდა ჯანმრთელობის პრობლემებს. მხოლოდ 2019 წლის 28 ნოემბერს აღიარა მან ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ჯანმრთელობის პრობლემები მართლაც ჰქონდა. ეს იყო ეპილეფსია, რომელიც 2011 წელს გამოუვლინდა ციხეში ყოფნისას, მაგრამ ამტკიცებდა, რომ 2012-2013 წლებში დაავადებისგან განიკურნა. ამასთან, დადიოდა ხმებიც, რომ კივამ იყიდა ჯანმრთელობის ცნობა.

ილია კივას სასჯელის მოხდისგან საბოლოოდ გათავისუფლება დაემთხვა უკრაინის „ღირსების რევოლუციას“ - 2013 წლის ბოლოს და 2014 წლის დასაწყისში კიევის ცენტრში განვითარებულ მოვლენებს, რასაც პრორუსი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობა და ქვეყნის ხელისუფლების სათავეში პროევროპული და ეროვნული ძალების მოსვლა მოჰყვა.

ამ დროს ილია კივამ გაიცნო „მემარჯვენე სექტორის“ ლიდერი, დმიტრო იაროში და მალე ამ ულტრამემარჯვენე მოძრაობის ერთ-ერთი რეგიონული ლიდერიც გახდა.

2014 წლის ზაფხულში, აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების შეიარაღებული ამბოხების შემდეგ კივა სათავეში ჩაუდგა საპატრულო პოლიციის რიგებში შექმნილ მოხალისეთა ბატალიონ „პოლტავშჩინას“ და დონბასში გაემგზავრა საომრად.

მაგრამ შექმნიდან ორ თვეში ბატალიონი „პოლტავშჩინა“ დაიშალა. ამის მიზეზად თავად კივა ასახელებდა პირადი შემადგენლობის გამოუცდელობას. სამხედრო გამოცდილება არც თავად არ გააჩნდა, მაგრამ ტრაბახობდა, რომ ბრძოლის დროს არაერთი მტერი გაანადგურა.
ცნობილი ჟურნალისტის, დმიტრი გორდონის შეკითხვაზე, თუ რას განიცდიდა ხალხის დახოცვის დროს, კივამ უპასუხა: „აზარტს“.

2014 წლის 10 დეკემბერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის ბრძანებით, ილია კივა შინაგან საქმეთა სამინისტროს დონეცკის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა. დიდი ხნის განმავლობაში მას არც იქ უმუშავია, თუმცა სკანდალური გამოთქმით კი გაითქვა სახელი. იგი გამოვიდა მოწოდებით, რომ ცეცხლი გაეხსნათ ავტობუსებისთვის, რომლებშიც „სეპარატისტები“ და დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში მიმავალი „მოგზაურები“ იმყოფებოდნენ.

2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის მაისამდე კივა, ისევ და ისევ არსენ ავაკოვის მფარველობით, უკრაინის ეროვნული პოლიციის ნარკოდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. ამ თანამდებობაზე ყოფნისას, კივამ გაზეთ „ნოვაია ვრემიასთან“ აღიარა, რომ თავადაც აქვს გასინჯული ნარკოტიკები: „მე სხვადასხვა ცხოვრებით ვიცხოვრე. მე ვიცი, რა არის ბალახი (ასე უწოდებენ მარიხუანას - რედ), შემიძლია გიამბოთ იმაზეც, თუ როგორ მოქმედებს კოკაინი“, - თქვა ილია კივამ.

ხატია დეკანოიძე: "ილია კივა მოვხსენი თანამდებობიდან და პოლიციიდან გავაგდე"

მაგრამ ჯერ კიდევ მაშინ, როცა უკრაინის პოლიტიკურ ისტებლიშმენტსა და სამართალდამცველ სტრუქტურებში გავლენიანი მფარველები ჰყავდა, „მემარჯვენე სექტორის“ ლიდერ დმიტრო იაროშისა და შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვის სახით, ილია კივა არაკომპეტენტურობის და პოლიციელის ეთიკისათვის შეუფერებელი საქციელის გამო პოლიციის რიგებიდან დაითხოვა ხატია დეკანოიძემ, 2015-2016 წლებში უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა.

„პოლიციაში როცა მივედი, დავიწყე კრიმინალური პოლიციის თანამშრომელთა ატესტაცია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული კომისიის მიერ თანამშრომლების შეფასება ხდებოდა კორუფციის, კომპეტენციის, ფსიქოლოგიური მდგომარეობის თვალსაზრისით. ილია კივამ საჯარო პროტესტი გამოუცხადა საატესტაციო კომისიას და როდესაც კომისიაზე დაიბარეს, განაცხადა, რომ არ გავივლი ატესტაციასო. მაშინ მე დავიბარე და ვუთხარი, რას ჰქვია არ გახვალ ატესტაციაზე-მეთქი? მან კვლავ უარი თქვა და მაშინ მე მოვხსენი თანამდებობიდან და გავაგდე. ავაკოვი [შინაგან საქმეთა მინისტრი] არ აგდებდა, ხელს არ აწერდა მის დათხოვნას. მაგრამ დიდი ზეწოლის შედეგად ეს კაცი [ილია კივა] რაღაცნაირად მოვიშორე, მაგრამ არსენ ავაკოვმა შემდეგ სამინისტროში გადაიყვანა“, - იხსენებს რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურთან ინტერვიუში ხატია დეკანოიძე, რომელსაც თავის დროზე არც კივას მეტამორფოზი გაჰკვირვებია.

დეკანოიძის მიერ ხსენებული დაპირისპირების შემდეგ ილია კივა ერთხანს კვლავ მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში. ჯერ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწე, შემდეგ კი როგორც სამინისტროს შიდა პროფკავშირების თავმჯდომარე. და ამ პოსტებზე მუშაობის დროსაც კვლავ გამოირჩეოდა შოვინისტური შინაარსის სკანდალური განცხადებებით.

ასე მაგალითად, 2016 წელს, უკრაინულ ტელეარხ „მეხუთე არხის“ ეთერში ილია კივა დონბასის მცხოვრებთა იძულებითი უკრაინიზაციის იდეით გამოვიდა. უნდა გასწავლოთ [უკრაინის] სიყვარული. თუ თქვენ არ შეიყვარებთ უკრაინას, ჩვენ გაიძულებთ უკრაინის სიყვარულს“, - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა.

ილია კივა შინაგან საქმეთა სტრუქტურებში რჩებოდა, ვიდრე საბოლოოდ არ დაადგა პოლიტიკოსის გზას: 2019 წელს ჯერ „უკრაინის სოციალისტური პარტიის“ სახელით მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლის პირველ ტურში ხმათა მხოლოდ 0.3% მიიღო. მაგრამ იმავე წელს დატოვა „სოციალისტური პარტიის“ რიგები და პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა–სიცოცხლისთვის“ სიით მოხვდა უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში, სადაც სკანდალების მოყვარული ყოფილი პოლიციელი არაერთხელ აღმოჩნდა მედიის ყურადღების ცენტრში უკვე თავისი პრორუსული განცხადებებით.

„პუტინის მისია წმინდაა, თავად კი ღმერთის მიერაა მოვლენილი“

პარტიის შეცვლასთან ერთად, ილია კივას შეხედულებების შეცვლაც დაიწყო. სულ მალე კვალიც კი აღარ დარჩა იმ მგზნებარე უკრაინელი პატრიოტისგან, რომელიც „რუსული სამყაროს“ ამოძირკვას მოითხოვდა. პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა–სიცოცხლისთვის“ ლიდერმა ვიქტორ მედვედჩუკმა „ბი-ბი-სისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ კივა „ბევრ რამეს მიხვდა“ და დარწმუნდა, რომ მოსკოვის გარეშე ჩვენ ვერ მოვიტანთ მშვიდობას და საჭიროა დონეცკთან და ლუგანსკთან საუბარი“.

ილია კივას მიერ ვლადიმირ პუტინის პოზიტიურად ხსენება 2020 წლის ოქტომბრით თარიღდება. ტელეგრამის არხში ის წერდა, რომ პუტინი და მედვედჩუკი, სავარაუდოდ, შეთანხმდნენ, რომ უკრაინას მიაწოდონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა. „ეს არის საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ხალხისადმი პატრიოტიზმი და არა ხმის ჩახლეჩამდე ყვირილი და "ვიშივანკებით" (ტრადიციული უკრაინული ნაქარგი მაისურები. - რედ.) ქვეყნის ძარცვა“, - წერდა ილია კივა.

2021 წლის ოქტომბერში კივამ ვლადიმირ პუტინს დაბადების დღე მიულოცა და მას „ჯანმრთელობა, ძალა და ღვთის კურთხევა“ უსურვა. უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდეც მან არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი უნდა გაერთიანდნენ.

2022 წლის 30 იანვარს კივამ დატოვა უკრაინა და ესპანეთში გადავიდა, იქიდან კი - მოსკოვში. 14 თებერვალს მან ტელეგრამში დაწერა, ჩვენ მალე გავიგებთ, თუ როგორ მიულოცავს პუტინს ზელენსკი დაგვიანებით დაბადების დღესო.

21 თებერვალს კი კივა, კრემლთან უნისონში, „უკრაინის მიერ რუსულენოვანი მოსახლეობის გენოციდის შესახებ“ ლაპარაკობდა და ვარაუდობდა, რომ „მალე ქვეყნის მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთი შეძლებს, დახმარებისთვის და ხსნისთვის“ ვლადიმირ პუტინს მიმართოსო.

რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყების შემდეგ, კივა რეგულარულად ჩნდებოდა რუსულ პროპაგანდისტულ ტოქშოუებში და სიტყვებს არ იშურებდა პუტინის შესამკობად. ამ ქებაში ის, ცნობილ რუს პროპაგანდისტებსაც კი აჭარბებდა.

„პუტინის მისია წმინდაა, თავად კი ღმერთის მიერაა მოვლენილი“, - განაცხადა ერთხელ ილია კივამ, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის „ტერორისტი“ უწოდა და მისდამი სიძულვილით შეპყრობილმა, კრემლს უკრაინაზე ბირთვული დარტყმის განხორციელებაც კი სთხოვა.

მისი ამ გამონათქვამების გამო საპარლამენტო პარტიამ „ოპოზიციური პლატფორმა–სიცოცხლისთვის“ 2022 წლის 26 თებერვალს ილია კივა გარიცხა თავისი რიგებიდან. ხოლო იმავე წლის მარტში მას ჩამოერთვა „ვერხოვნა რადის“ დეპუტატის მანდატი. მიმდინარე წლის ნოემბრის შუა რიცხვებში ლვოვის სასამართლომ კივა დამნაშავედ ცნო სახელმწიფო ღალატში და დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წელი.

"მოღალატეები არავის უყვარს!"

2023 წლის 6 დეკემბერს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული ილია კივას გვამი მოსკოვის მახლობლად, ოდინცოვოს რაიონის სოფელ სუპონევოში ერთ-ერთ სასტუმროში აღმოაჩინეს. სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა.


ილია კივას მკვლელობის ამბავს საკმაოდ ცივად გამოეხმაურნენ მისი კოლეგა რუსი პროპაგანდისტები. „თავისიანს უცხოთა შორის/ უცხოს თავისიანთა შორის, როგორც წესი, თავისიანები იშორებენ. უცხოებს, როგორც წესი, იგი არ ადარდებთ“, - წერს თავის ტელეგრამის არხში კრემლთან დაახლოებული მარგარიტა სიმონიანი.

ცნობილი რუსი „სამხედრო კორესპონდენტი“ ალექსანდრ კოციც მსგავს სტილში გამოეხმაურა ილია კივას მოკვლას. „მიუხედავად ბევრი მცდელობისა, იგი რუსეთში ვერ გახდა თავისიანი. მეტისმეტად ტოქსიკური იყო მისი წარსული“, - წერს კოცი.

უკრაინაში ილია კივას „ტოქსიკური წარსულის“ მიმართ დამოკიდებულება ბევრად უფრო რადიკალურია.

„მოღალატეები არავის უყვარს. მათ (რუსეთში) კარგად ესმოდათ კივას მატერიალური დაინტერესება. მათ ასევე მშვენივრად ესმოდათ, რომ თუ ვინმე მეტს გადაუხდიდა, ის კვლავ იყვირებდა: "დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!" უბრალოდ, უკრაინა პატრიოტიზმისთვის ფულს არ იხდის: პატრიოტი ან ხარ, ან - არა“, - განაცხადა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის დილის ეთერში ერთ დროს ილია კივას თანამოაზრემ, ბორისლავ ბერიოზამ, „მემარჯვენე სექტორის“ წევრმა და „ვერხოვნა რადის“ დეპუტატმა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG