Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

live კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვა - განახლებადი

2026 წლის 22 მარტს კრძალავენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. ილია მეორე გარდაიცვალა 17 მარტს. იგი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იკავებდა საპატრიარქო ტახტს.

უახლესი ცნობები

10:31

სამებასთან შეკრებილი ჟურნალისტების კითხვაზე, „რა გზავნილია რუსეთის პატრიარქის გადაწყვეტილება, საქართველოში ბელარუსის ეგზარქოსი გამოეშვა“, „სცადა თუ არა, რომ ამ ფორმით თავი აერიდებინა მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრას“, მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა განაცხადა:

„[რუსეთის პატრიარქი კირილე] რატომ ჩამოვიდოდა? კითხვა ასე უნდა დავსვათ. საქართველოს ეკლესიას და სახელმწიფოს პრობლემები აქვს რუსეთის მიზეზით. აფხაზეთში და ოსეთში რომელი საპატრიარქოს იურისდიქცია ვრცელდება? საქართველოსი?“ - განაცხადა მეუფე ზენონმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე კი თქვა:

„საქართველოს ეკლესია ახლა ვერანაირ პროცესში ვერ მიიღებს მონაწილეობას. სად აქვს მას რესურსი, რომ მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის ურთიერთობა დაალაგოს?!“

09:12

რადიო თავისუფლების პირდაპირი ეთერი:

წირვა-ლოცვა სამების ტაძარში, გადასვენება და დაკრძალვა - ყველა ცერემონიას ჩვენს პირდაპირ ეთერში ნახავთ.

სტუდიაში სასულიერო პირებთან და სხვა სტუმრებთან ერთად ვსაუბრობთ როგორც ცერემონიულ ნაწილზე ასევე ილია მეორის ისტორიულ მნიშვნელობაზე.

პირდაპირ ეთერს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, ნასტასია არაბული უძღვება.

09:11

სამების საკათედრო ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა დასვენებული, წირვა დაიწყო.

ღვთისმსახურებას აღასრულებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო(მუჯირი) სინოდის წევრებთან ერთად.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 12:15 საათზე სამების საკათედრო ტაძარში მივა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი, რომელიც მიტროპოლიტ შიოსა და სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წესის აგების მსახურებას.

15:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სამების ტაძრიდან გამოასვენებენ. სიონის ტაძრამდე, სადაც ილია მეორეს დაკრძალავენ, ფეხით მსვლელობა იქნება.

09:05

სამების საკათედრო ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა დასვენებული, წირვაზე დასწრებას მრევლის ნაწილი შეძლებს.

მანამდე ცნობილი იყო, რომ დღეს ტაძრის ტერიტორია ჩაიკეტებოდა და შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვებით იქნებოდა შესაძლებელი.

„იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სამებაში ამ სამგლოვიარო დღებში, მოხერხდა და წირვის დროს იქნება დატოვებული ერთი მცირე კორიდორი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც უწყვეტად კვლავ შეეძლება მრევლს შემოსვლა და პატივის მიგება პატრიარქისთვის” - უთხრა დღეს მედიას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG