2026 წლის 17 მარტს, საღამოს ათი საათისთვის, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი.
რა ხდებოდა 17 მარტიდან 22 მარტამდე - ნახეთ ლაივბლოგი აქ:
დღეს, 2026 წლის 22 მარტს დაკრძალავენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს
სამების ტაძარში წირვა 09:00 საათზე დაიწყება
კათოლიკოს-პატრიარქს სამების ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და სიონისკენ ფეხით მსვლელობა დაიწყება
სამების საკათედრო ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა დასვენებული, წირვაზე დასწრებას მრევლის ნაწილი შეძლებს.
მანამდე ცნობილი იყო, რომ დღეს ტაძრის ტერიტორია ჩაიკეტებოდა და შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვებით იქნებოდა შესაძლებელი.
„იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სამებაში ამ სამგლოვიარო დღებში, მოხერხდა და წირვის დროს იქნება დატოვებული ერთი მცირე კორიდორი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც უწყვეტად კვლავ შეეძლება მრევლს შემოსვლა და პატივის მიგება პატრიარქისთვის” - უთხრა დღეს მედიას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
სამების საკათედრო ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა დასვენებული, წირვა დაიწყო.
ღვთისმსახურებას აღასრულებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო(მუჯირი) სინოდის წევრებთან ერთად.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 12:15 საათზე სამების საკათედრო ტაძარში მივა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი, რომელიც მიტროპოლიტ შიოსა და სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წესის აგების მსახურებას.
15:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სამების ტაძრიდან გამოასვენებენ. სიონის ტაძრამდე, სადაც ილია მეორეს დაკრძალავენ, ფეხით მსვლელობა იქნება.
ფორუმი