Accessibility links

ინგუშეთში ოჯახისთვის „სირცხვილის ჩამოსარეცხად“ ძმამ და მოკლა


ინგუშეთის ქალაქ მაგასში ძმამ მოკლა და, 33 წლის ლიზა ევლოევა (ქორწინებამდე მოგუშკოვა), რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა მკერდის არეში სამი გამჭოლი ჭრილობით. პოლიციის განყოფილებაში მივიდა 37 წლის მაგომედბაშირ მოგუშკოვი, რომელმაც თქვა, რომ დის სისხლით ოჯახს სირცხვილი ჩამორეცხა. როგორც „კავკაზ-რეალიი“ წერს, მოგუშკოვი სამი თვით დააპატიმრეს.

რა „სირცხვილზეა“ ლაპარაკი

7 თებერვლის ღამით პოლიცია შეიჭრა ინგუშეთის დედაქალაქ ნაზრანის ერთ სახლში, რათა ძებნილი ისა ალტემიროვი დაეპატიმრებინა.

ალტემიროვი ეჭვმიტანილია შანტაჟსა და გამოძალვაში. გამოძიების ვერსიით, ისამ, თავის უფროს ძმა ხასანთან ერთად, შექმნა ბანდა, რომლის მონაწილეები აცდუნებდნენ ადგილობრივ დაქორწინებულ ქალებს, შემდეგ მათ ვიდეოზე იღებდნენ და აშანტაჟებდნენ: ფულს სთხოვდნენ იმისთვის, რომ ვიდეო ქსელში არ გავრცელებულიყო.

თუ ქალი, უბრალოდ, ქუჩაში გაივლის ახალგაზრდა კაცთან ერთად, ან ახალგაზრდა კაცი ჩაუვლის მას და ვინმეს რამის ეჭვი გაუჩნდება და ოჯახს ამცნობს, ეს უკვე საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს განაჩენისთვის...
იულია ანტონოვა


როცა პოლიცია ბინაში შეიჭრა, ისა ალტემიროვი ფანჯრიდან გადახტა. ინგუშეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, „მიღებული დაზიანებების შედეგად ის ინგუშეთის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა“.

პოლიცია ბინაში ამავე დროს ოპერატიულ გადაღებას აწარმოებდა. ეჭვმიტანილ ალტემიროვთან ერთად იქ იმყოფებოდა ქურდობისთვის ძებნილი პირი და ორი ახალგაზრდა ქალი. ერთ-ერთი მათგანი ლიზა ევლოევა-მოგუშკოვა იყო. ის პოლიციის მიერ გადაღებულ კადრებში მოხვდა - მან თავისი გვარი დაასახელა.

მეორე დღეს ვიდეო ინგუშეთის სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ვინ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, არაა ცნობილი. რუსეთის „კომსომოლსკაია პრავდა“ წერდა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო, რომელიც ფართო განხილვის თემად იქცა რეგიონალურ ჯგუფებში. იმავე საღამოს ძმამ მოკლა ლიზა.

კიდევ მეტი „ღირსების მკვლელობა“ მოხდება

რა ჩათვალა ძმამ ოჯახის სირცხვილად, არ არის დადგენილი, თუმცა, როგორც ამ ფენომენის, „ღირსების მკვლელობის“, ექსპერტები ამბობენ, ასეთი მკვლელობის საბაბი შეიძლება გახდეს ნებისმიერი საქციელი, რომელსაც კაცი ამორალურად მიიჩნევს, მათ შორის ქალის ორ უცნობ კაცთან ერთად ბინაში ყოფნა. „თუ ქალი, უბრალოდ, ქუჩაში გაივლის ახალგაზრდა კაცთან ერთად, ან ახალგაზრდა კაცი ჩაუვლის მას და ვინმეს რამის ეჭვი გაუჩნდება და ოჯახს ამცნობს, ეს უკვე საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს განაჩენისთვის“, ამბობს იულია ანტონოვა, „ღირსების მკვლელობის“ შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორი. არავის არ სურს ამ საქმეზე კომენტარის გაკეთება, არც საზოგადო მოღვაწეებს და ადამიანის უფლებების დამცველებს“, წერდა „კავკაზ.რეალიი“. „გაგვიგეთ, ჩვენ აქ ვცხოვრობთ, ყველა ყველას იცნობს, პატარა რესპუბლიკაა. პოლიცია თვითონ გაარკვევსო“, თქვა ერთმა აქტივისტმა.

ქალთა ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაციის ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, „კავკაზ.რეალიის“ კორესპონდენტს უთხრა, რომ ალტემიროვის ბანდის მოქმედების შედეგად „ღირსების მკვლელობები“ კიდევ მოხდება: "არის ინფორმაცია, რომ სამი ქალი, რომლებიც ალტემიროვის ბანდის მსხვერპლი გახდნენ, მოკლეს. ცხადია, უფრო იოლია ქალებთან ანგარიშსწორება, ვიდრე ალტემიროვის ბანდის წევრებისგან პასუხის მოთხოვნა. მათ უკან ხომ ბატალხაჯინელები დგანან. პოლიცია ამ საქმეების გმოძიებას არ დაიწყებს“.

„ბატალხაჯინელები“ რელიგიურ ძმობას ეწოდება. მათზე ამბობენ, რომ მტკიცედ შეკრული დაჯგუფებაა, რომელიც საკუთარ ინტერესებს იცავს, არსებული კანონებისა და ინგუშების ადათ-წესების მოშველიებით. ზუსტი რაოდენობა წევრებისა, უცნობია, მაგრამ ფიქრობენ, რომ ხუთი ათასამდე ინგუში კაცი უნდა იყოს მასში გაერთიანებული. ძმობასთან აკავშირებენ ადგილობრივი ცენტრ „ე“-ს ხელმძღვანელის, იბრაგიმ ელჯარკიევის, მკვლელობას.

ისა ალტემიროვი პოლიციას დაპატიმრებული ჰყავდა, მაგრამ შარშან, ოქტომბერში, როცა რაიონულ სასამართლოში გადაჰყავდათ, მოახერხა გაქცევა. ხალხში ამბობენ, რომ მას სწორედ „ბატალხაჯინელები“ დაეხმარნენ, იმ საძმოს წევრები, რომელშიც ორივე ძმაა გაერთიანებული.

„ღირსების“ მოტივით მკვლელობა ინგუშეთში ჩვეულებრივი ამბავია, წერს „კავკაზ.რეალიი“. ამ შემთხვევებზე ინფორმაციას მალავენ. კავკასიის საკითხთა გამომძიებელს, საიდა სირაჟუდინოვას, მოჰყავს რამდენიმე მაგალითი: ადგილობრივ მცხოვრებს, რომელმაც თავისი და მოკლა, სუნჯის სასამართლომ შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა; ბიძა, რომელიც თავის დისშვილს, ახალგაზრდა ქალს, გაუსწორდა, ერთი წლით ჩასვეს საპატიმროში; მამას, რომელმაც თავისი ქალიშვილი დაახრჩო, რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG