რადიო თავისუფლება: ბატონო დავით, წინანდლის ფესტივალი უკვე მერვედ ტარდება. კარგი მომენტია იმის შესაფასებლად რა იყო ჩანაფიქრი და რად იქცა ის დღეს?
დავით საყვარელიძე: თავიდანვე თამამი იდეა გვქონდა - საქართველოში ისეთი ადგილის შექმნა, რომელიც მსოფლიოს უმაღლესი დონის მუსიკოსებს მოიზიდავდა და, რაც მთავარია, ჩვენ გვინდოდა, რომ ისინი უბრალოდ კი არ ჩამოსულიყვნენ, შეესრულებინათ თავიანთ რეპერტუარი და უკან წასულიყვნენ, არამედ წინანდალი უნდა გამხდარიყო ადგილი, სადაც შედგებოდა მუსიკალური პროცესი, დამყარებული ხანგრძლივ თანამშრომლობაზე.
მოუსმინეთ მონაწილეთა ინტერვიუებსა და მუსიკალურ ფრაგმენტებს:
ამ პოდკასტში მოისმენთ წლევანდელი ფესტივალის პროგრამაში შესულ ნაწარმოებებსა და მუსიკას, რომელიც მისი მონაწილეების შემოქმედებასა და ინტერვიუში წამოჭრილ თემებს უკავშირდება.
გამოყენებულია ფრაგმენტები ნაწარმოებებიდან:
პაბლო დე სარასატე - „ბოშური ჰანგები“
გუსტავ მალერი - სიმფონია №2
ჟორჟ ბიზე - „კარმენის ტრაგედია“, პიტერ ბრუკის ვერსია
ლეონარდ ბერნსტაინი - „ცეკვები ვესტსაიდური ისტორიიდან“
იან სიბელიუსი - კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის.
რადიო თავისუფლება: და რატომ შეირჩა მაინცდამაინც წინანდალი?
დავით საყვარელიძე: წინანდალი ისტორიულად ყოველთვის იყო ხელოვნების ეპიცენტრი, დიდი, ცნობილი ადამიანების თავშეყრის ადგილი.
მე-19 საუკუნის ცნობილი ფრანგული სალონური კულტურის მსგავსად, ჭავჭავაძეების მამულში ყველაფერი პოეზიას, მუსიკას, ზოგადად ხელოვნებას უკავშირდებოდა. ამიტომ ეს ადგილი ყველაზე უკეთ შეესაბამებოდა ჩვენს ჩანაფიქრს.
მამულის რესტავრაციის შემდეგ ყოველ წელს ჩამოგვყავდა რომელიმე ძალიან ცნობილი ჯგუფი ან მუსიკოსი. რესტავრაციის დასრულების შემდეგ, გახსნაზე იყო გიდონ კრემერი (მსოფლიო დონის ცნობილი ლატვიელი კლასიკური მევიოლინე და დირიჟორი) თავის ორკესტრ „Kremerata Baltica“-სთან ერთად.
შეასრულეს გია ყანჩელის სიმფონიური ნაწარმოები - „ღამის ლოცვები“ და ამან განსაზღვრა კიდეც ჩვენი მომავალი. იმ საღამომ საბოლოოდ დაგვარწმუნა იმაში, რომ ეს შესანიშნავი ბაღი, ეს ადგილი იდეალური იყო მუსიკისთვის.
სულ მალე, მე-19 საუკუნის ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე ამფითეატრის მსგავსი სცენა გავმართეთ, სადაც შესანიშნავი აკუსტიკა და, მოკლედ, ამის შემდეგ გადაწყდა კიდეც ფესტივალის დაარსების ამბავი.
წინანდლის ფესტივალი არ არის მხოლოდ ის 10 დღე, როდესაც მსმენელი მოდის წარმოდგენაზე… აი, მაგალითად საქართველოში უკვე ჩამოფრინდნენ ახალგაზრდები, პანკავკასიური ორკესტრის წევრები, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში სწავლობენ, მეცადინეობენ, რეპეტიციები აქვთ. მათთვის, სპეციალურად ჩამოვიყვანეთ ძალიან ცნობილი მევიოლინეები, სხვადასხვა ორკესტრების კონცერტმაისტერები.
ასე რომ წინანდალი უფრო საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრია, ვიდრე უბრალოდ ფესტივალი. სწორედ ამ პროცესმა მიიზიდა და დღემდე იზიდავს იგი ვარსკვლავებს, დიდ მუსიკოსებს.
რადიო თავისუფლება: ძირითადად ეს განასხვავებს წინანდლის ფესტივალს კლასიკური მუსიკის სხვა დიდი ფესტივალებისგან?
დავით საყვარელიძე: ფესტივალებზე იწვევენ ვარსკვლავს, რომელიც ჩამოდის, უკრავს, მონაწილეობს კონცერტში და მერე, უკან ბრუნდება. წინანდლის ფესტივალის მონაწილეებს კი შეუძლიათ დარჩნენ და საგანმანათლებლო პროექტებში მიიღონ მონაწილეობა, შეხვდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ კოლეგებს, ამას ემატებიან ახალგაზრდა თაობის ორკესტრანტები, რომლებიც იქვე ცხოვრობენ.
ამჯერად მაგალითად, პინხას ცუკერმანი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მევიოლინე, სპეციალურად უკრაინელი ახალგაზრდებისთვის ჩაატარებს მასტერკლასებს. ჩვენ, ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებით ომის შემდეგ, ძალიან ვეხმარებით უკრაინელ მუსიკოსებს, ყოველ წელს ჩამოგვყავს თორმეტამდე მუსიკოსი მაინც. პინხას ცუკერმანი ახლაც სწორედ მათთვის ჩაატარებს მასტერკლასს, თუმცა იგი ღია იქნება ნებისმიერი სხვა მსურველისათვის.
რადიო თავისუფლება: პანკავკასიური ორკესტრი აერთიანებს ახალგაზრდა მუსიკოსებს იმ ქვეყნებიდან, რომელთა შორის ურთიერთობებიც, რბილად რომ ვთქვათ, ყოველთვის მარტივი არ არის, ამის გამო ხომ არ გართულდა ამგვარი ორკესტრის თავდაპირველი იდეის შენარჩუნება?
დავით საყვარელიძე: იცით რა, პირიქით! თავიდან, როცა დავიწყეთ, ხუთი-ექვსი ქვეყანა მონაწილეობდა, ახლა კი უკვე ცხრა ქვეყნიდან გვყავს ახალგაზრდები (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, უკრაინა, მოლდოვა, უზბეკეთი).
და რას გულისხმობს ეს მოწვევა? მთელი წლის განმავლობაში, ცხრა ქვეყანაში, სხვადასხვა ქალაქებში ვატარებთ მოსმენებს.
გვაქვს ურთიერთობა ამ ქალაქების სასწავლო დაწესებულებებთან, კონსერვატორიებთან, მათ ხელმძღვანელობასა და უშუალოდ ახალგაზრდა მუსიკოსებთან, ამა თუ იმ ქალაქში ახალგაზრდულ ორკესტრებთან და მათ ხელმძღვანელობასთან.
შემდეგ მათ ჩამოყვანისთვის ვთანამშრომლობთ ამ ქვეყნების საელჩოებთან. ჩვენთან ჩამოდიან თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან…
ევროპელი მუსიკოსებისთვის ეს, ფაქტობრივად, ერთადერთი ადგილია, სადაც ეცნობიან რეგიონს და ხედავენ, რა ხდება კავკასიაში, შავი ზღვისა და ჩვენს ახლო სამეზობლო ქვეყნებში.
წინანდალი ასევე კარგი ადგილია დასავლელი მუსიკისმცოდნეებისა და კრიტიკოსებისთვის საიმისოდ, რომ გაეცნონ მათთვის უცნობი ქვეყნების მუსიკალურ ცხოვრებას, დაამყარონ კავშირები, აღმოაჩინონ ახალ-ახალი ტალანტები. ჩვენი ფესტივალი, ფაქტობრივად, მთელი რეგიონის სარკეა.
გამონაკლისია რუსეთი, რომელთანაც ურთიერთობა არ გვაქვს. მართალია ძალიან კარგი მუსიკოსები ჰყავთ, მაგრამ ჩვენ ამ ქვეყანასთან ოფიციალური ურთიერთობა არ გვაქვს, მათთან თანამშრომლობა გამორიცხულია.
რადიო თავისუფლება: თუმცა, ბატონო დავით, რუსული სახელები მაინც არის პროგრამაში - სოროკოვი, მალოფეევი...
დავით საყვარელიძე: მალოფეევმა რუსეთი ათი წლის წინ, ძალიან ახალგაზრდამ, დატოვა, მისი ოჯახი შვეიცარიაში გადავიდა, იქ ცხოვრობს.
რადიო თავისუფლება: სოროკოვიც ასეთივე შემთხვევაა, არა?
დავით საყვარელიძე: დიახ! ყველა, ვისაც ჩვენ ვიწვევთ ასეა... ეს საკმაოდ დელიკატური თემაა, რომლის შესახებაც დიპლომატიურად გვიწევს საუბარი. სხვათა შორის, ძალიან ბევრს უნდა ჩამოსვლა და ჩვენ უარს ვეუბნებით, რადგან ვერ ჩამოვიყვანთ ისეთ არტისტებს, რომლებიც მხარს უჭერენ [უკრაინაში რუსეთის] ომს. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.
რადიო თავისუფლება: დღევანდელ გადმოსახედიდან, რას თვლით ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვრად?
დავით საყვარელიძე: ჩვენ ფესტივალს ნელ-ნელა ვაპარებთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, სხვადასხვა ვოკალურ ციკლს, და ამ შემთხვევაში საუბარია საოპერო მიმართულებაზე. თუ დააკვირდებით, პროგრამა გაცილებით უფრო მდიდარია.
ცალკე გამოვყოფდი მალერის მეორე სიმფონიას, რომლის ვოკალური ნაწილი საკმაოდ მრავალფეროვანია. გვაქვს ასევე რამდენიმე კონცერტი და, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, პროგრამაში გვაქვს საოპერო სპექტაკლი, რომელსაც ნაწილობრივ დადგმა ვუწოდეთ და აი რატომ:
მე ვმუშაობდი პიტერ ბრუკთან და დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთან. დიდი რეჟისორის ასი წლის იუბილეზე გვინდოდა დაგვედგა მისი ცნობილი სპექტაკლი „კარმენის ტრაგედია“, რომელიც პირველად 1981 წელს, პარიზში, Théâtre des Bouffes du Nord-ის სცენაზე დაიდგა.
ფესტივალის სპექტაკლში ძალიან დიდი ვარსკვლავები მონაწილეობენ: ანიტა რაჭველიშვილი, ნიკოლოზ ლაგვილავა, მიშა შეშაბერიძე - ჩვენი გამორჩეული, ძალიან ძლიერი ტენორი და ასევე ახალგაზრდა მომღერალი ანა ფალავანდიშვილი, რომელიც პირველად იქნება ჩვენთან.
ასე რომ, ნელ-ნელა გვინდა, ეს ძალიან რთული ჟანრიც შემოვაპაროთ.
მომავალში, სავარაუდოდ, აკადემიური სასწავლო პროცესიც დაემატება ფესტივალს. წელს პროგრამაშია თბილისის საოპერო გუნდი, რომელიც მალერის მეორე სიმფონიას 9 სექტემბერს შესრულებს. ცხრა სექტემბერი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დღე იქნება ფესტივალისთვის.
რადიო თავისუფლება: რატომ შეარჩიეთ “აღდგომა“, მალერის მეორე სიმფონია ფესტივალისთვის?! და საერთოდ, როგორ დგება, ზოგადად, ფესტივალის პროგრამა?
დავით საყვარელიძე: იცით, რა არის? ჩვენ ვიწყებთ კონცეფციით და შემდგომ იდეასა და კონცეფციაზე, როგორც ნაძვის ხეზე სათამაშოები, ისე ეწყობა რეპერტუარი.
წელს ჩვენი მთავარი ინსპირაციის წყარო იყო ჯანანდრეა ნოზედა (ცნობილი იტალიელი მაესტრო, ვაშინგტონის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი -რ.თ.). რვა წლის წინ, სწორედ ამ სიმფონიით გაიხსნა წინანდლის ფესტივალი და ახლა ჩვენს წინაშე დიდი გამოწვევა დგას - მოახერხებენ თუ არა ახალგაზრდა მუსიკოსები თავი გაართვან ამ დიდი ნაწარმოების შესრულებას?!
თუკი ჩვენი ორკესტრი, რვა განვლილი სეზონის შემდეგ შეძლებს ამ დიდი ნაწარმოების ისე შესრულებას, როგორც ეს ჩვენ ყველას ძალიან გვინდა, მაშინ უკვე თამამად დავიწყებთ ახალ ეტაპს ჩვენი ფესტივალის ცხოვრებაში. ერთგვარ უფლებას მოვიპოვებთ კლასიკური მუსიკის განათლებული მსმენელისგან, რომ გაისად უფრო რთული, უფრო ღრმა, ინტელექტუალური და დახვეწილი რეპერტუარი შევთავაზოთ.
რადიო თავისუფლება: პროგრამაში მონაწილეობენ ქართველი მუსიკოსები და ქართული მუსიკა. რა პრინციპით ააგეთ ფესტივალის ქართული ხაზი?
დავით საყვარელიძე: აი, ნახეთ: თავიდანვე ჩვენი იდეა იყო, რომ ის ახალგაზრდა მუსიკოსები, რომლებიც მონაწილეობდნენ ფესტივალის შექმნაში, გაჰყოლოდნენ მას და ფესტივალის მეგობარი მუსიკოსები გამხდარიყვნენ.
აი, მაგალითად, გიორგი გიგაშვილი, ჩვენთან ერთად გაიზარდა, ფაქტობრივად, ერთად ავიდგით ფეხი და შემდგომ უკვე მას საერთაშორისო ასპარეზი ელოდა , ასე იყო ცოტნე ზედგინიძის შემთხვევაშიც, მანაც აქ, წინანდალში დაიწყო და ახლა საერთაშორისო ვარსკვლავია.
ჩვენ მოგვიწია ცარიელი ადგილიდან დაწყება, თავის გამოჩენა და დამკვიდრება ადვილი არ იყო, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და ახლა უკვე მოვდივართ ჩვენს თაობასთან ერთად და ეს არის წინანდლის თაობა… ნელ-ნელა კიდევ ძალიან ბევრი გვემატება - ავიღოთ თუნდაც ლიზა ბათიაშვილის ახალგაზრდა მუსიკოსების ფონდი, ერთობლივ პროექტს ვაკეთებთ მათთან. ფაქტობრივად, ახალგაზრდების ხელშეწყობის ჩვენეულმა იდეამ მიაღებინა ლიზას ფონდის შექმნის გადაწყვეტილება. მოკლედ, ყველაფერი ერთგვარი ჯაჭვია.
წელს გვაქვს განსაკუთრებული, დამოუკიდებელი პროექტი - მთელს საქართველოში 13-დან 21 წლამდე ახალგაზრდა მუსიკოსებს შევარჩევთ.
არ მინდა ბოლომდე გავცე ჩვენი კონფიდენციალური ინფორმაცია, მომავალ წელს დიდი ორკესტრის ჩამოყვანის თაობაზე, მაგრამ ერთს კი ვიტყვი, რომ თუ მატერიალური რესურსების საკითხებს მოვაგვარებთ, მაშინ უსათუოდ ვაჩუქებთ ქართველ მსმენელს მუსიკის ნამდვილი ფეიერვერკის საღამოს.
რადიო თავისუფლება: ბატონო დავით, ბილეთები მთლიანად როცა არ იყიდება, ეს პრობლემაა?
დავით საყვარელიძე: იცით, რა არის? ახლა მაგალითად, 36 კონცერტი გვექნება და 36 კონცერტიდან 70 პროცენტი რომ გავყიდოთ, უკვე ძალიან კარგია... ისე, რომ იცოდეთ, ჩვენი ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხები, ფაქტობრივად, სახელმწიფო ორკესტრის წლიური ბიუჯეტია.
რასაკვირველია, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ყველა კონცერტზე ბილეთების 100 პროცენტი გაიყიდება, ან კი რომელ Staatsoper-ს (ვენის, ბერლინის, ბავარიის სახელმწიფო ოპერები) აქვს მსგავსი გაყიდვები? რასაკვირველია, ეს ჩვენი მსმენელის შესაძლებლობებიდანაც გამომდინარეობს, სიშორეც ფაქტორია, ზოგი საერთოდ ვერ ახერხებს წინანდალში ჩამოსვლას…
მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენი ფასები დემოკრატიულია, იგივე ფასებია, რაც სხვა ფესტივალებზე.
თუმცა დღეს უკვე ყველგან ნელ-ნელა ძვირდება ბილეთები. ჩვენთან კი ფასის გაზრდა არ გამოდის, თუნდაც იმიტომ, რომ კლასიკური მუსიკის მოყვარულებს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ასეთი შესაძლებლობები არ აქვთ.
ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს კერძო ფესტივალია, მას სახელმწიფოსთან არანაირი კავშირი არ აქვს, სახელმწიფო დაფინანსება არ გვაქვს - ერთი კაპიკიც კი. ყველაფერი დამოკიდებულია კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე, ფონდების მოძიებასა და საერთაშორისო კავშირებზე.
რადიო თავისუფლება: რა გსურთ, რომ ადამიანმა ფესტივალის დასრულების შემდეგ წინანდლიდან თან წაიღოს, კარგად შესრულებული მუსიკის შესახებ მოგონებების გარდა?
დავით საყვარელიძე: მინდა, რომ წინანდალმა ისეთი ემოციური ფონი შექმნას, რომლის გამოც ადამიანს შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ექნება გამდიდრებული, უფრო საინტერესო ცხოვრება.
პოდკასტში გამოყენებულია ფრაგმენტები შემდეგი ნაწარმოებებიდან:
პაბლო დე სარასატე - „ბოშური ჰანგები“
გუსტავ მალერი - სიმფონია №2
ჟორჟ ბიზე - „კარმენის ტრაგედია“, პიტერ ბრუკის ვერსია
ლეონარდ ბერნსტაინი - „ცეკვები ვესტსაიდური ისტორიიდან“
იან სიბელიუსი - კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის.
ფორუმი