Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ: "თუ გერმანულ მედიცინას სჭირდებოდა მაქსიმალური მობილიზება, ვფიქრობ, ქართულს მეტად სჭირდება"


თამარ ჟამურაშვილი ექიმია, მედიცინის მეცნერებათა დოქტორი. თითქმის 15 წელია, რაც გერმანიაში ცხოვრობს და ახლა ბერლინში, ევროპის წამყვან და ერთ-ერთ ყველაზე დიდ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მუშაობს. შარიტეს ჰოსპიტალში მუშაობს გერმანიის მთავარი ვირუსოლოგი, პროფესორი კრისტიან დროსტენიც, კორონავირუსების სპეციალისტი, გერმანიის ჯანდაცვის მრჩეველი და პანდემიის დროს მოსახლეობის მეგზური ინფორმაციის ზღვაში. რამდენიმე კამპუსისგან შემდგარი კლინიკა 100-მდე სამეცნიერო ინსტიტუტს და დეპარტამენტს აერთიანებს, სადაც 3 700 მეცნიერი და 220 პროფესორი მუშაობს - თამარი ერთ-ერთი მათგანია. თავისი სპეციალობის - პულმონოლოგიის - გამო Covid-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდა.

თამარი გერმანიის გარდა საქართველოზეც ფიქრობს და ამბობს, რომ დრო, როცა მთელი ქვეყნის მოსახლეობა რეკომენდაციებს ასრულებდა და სახლში რჩებოდა, საქართველოს სამედიცინო სექტორის გასაძლიერებლად არ ყოფილა გამოყენებული და თუ შემოდგომისთვის მაინც არ დავიჭერთ თადარიგს, მეორე ჯერზეც გამართლების იმედად მოგვიწევს ყოფნა.

გერმანიის გამოცდილებას კორონავირუსთან ბრძოლაში ყველა ინტერესით უყურებს - დაბალი სიკვდილიანობა, კარგად მომზადებული სამედიცინო სექტორი - რა შრომა და მზაობა დგას ამ მოცემულობის უკან? თქვენი კლინიკის მაგალითზე რომ ვთქვათ, როგორ მოემზადეთ ახალ ვირუსთან შესახვედრად?

გერმანიის შედეგის უკან ძალიან დიდი შრომა და სამედიცინო რესურსის სრული მობილიზება დგას.

იანვრის დასაწყისშივე დაიწყო სტრატეგიის შემუშავება, აქტიური დაკვირვება პანდემიის მიმდინარეობასა და განვითარებაზე. თავიდან, უნდა ვთქვათ, რომ მძვინვარებდა პანდემია, - ვუჰანი, იტალია, ესპანეთი, - გახსოვთ, ალბათ, რა ხდებოდა. ამას ემატებოდა გაურკვევლობა იმის გამო, რომ არ ვიცოდით, რასთან გვქონდა საქმე. ჩინეთმა სხვა ქვეყნების მეცნიერები არ შეუშვა და არც ვირუსის ნიმუში გასცა, რომ კვლევები იანვარშივე დაწყებულიყო. პრინციპში, ჩინეთს შევყურებდით უსუსურად და მის მიერ მოწვდილ ინფორმაციას ვეყრდნობოდით. სანამ ვირუსმა ევროპამდე არ მოაღწია, პრიმიტიული პნევმონიის გამომწვევი გვეგონა, ყველა დანარჩენი სიმპტომი აქაურ პაციენტებზე აღმოვაჩინეთ. ეს იმიტომ მოვყევი, რომ მივხვდეთ, რატომ გააკეთა გერმანიამ ასეთი მაქსიმალური მობილიზება.
მობილიზდა როგორც ამბულატორიული, ისე ჰოსპიტალური სექტორი. ამაში, პირველ რიგში, იგულისხმება უწყვეტ რეჟიმში სემინარები, ტრენინგები, შემდეგ უკვე ვებინარები როგორც ამბულატორიული, ისე კლინიკის ექიმებისთვის, ასევე, რა თქმა უნდა, ექთნებისთვის.

ოჯახის ექიმებმა, რომლებიც აგრძელებდნენ პაციენტების მიღებას, გადააკეთეს პრაქსისები, დაყვეს ზონებად, პაციენტები აღარ ისხდნენ გვერდიგვერდ ერთ პატარა მოსაცდელში ანუ დისტანციის დაცვა შესაძლებელი იყო, გამოიყო ზონები. ერთ ზონაში იყვნენ პაციენტები, ვისაც სიცხე ან ვირუსული ინფექციის სიმპტომები ჰქონდა, მეორეში კი დანარჩენები. მედპერსონალის დასაცავად დაყენდა გამყოფი მინები მაგიდებზე, სავალდებულო გახდა პირბადის ტარება.

გარდა ამისა, შეიქმნა საავადმყოფოებთან არსებული კოვიდ-ცენტრები.

ყველა, უკლებლივ ყველა საავადმყოფო მომზადდა. დავიწყოთ მიმღებიდან. მიმღები დაიყო კოვიდ- და ნონ-კოვიდ ზონებად. შემოსული პაციენტი მაშინვე, სიმპტომების მიხედვით, ან ერთ, ან მეორე ზონაში თავსდებოდა. აქაც დაცული იყო - უფრო სწორად, არის დაცული - ყველა აუცილებელი პირობა. კოვიდ-ზონაში მედპერსონალი სრული ეკიპირებით ხვდება პაციენტს. მიმღებშივე ხდება ყველა საჭირო გამოკვლევის ჩატარება, ფილტვის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩათვლით, და PCR-ტესტის აღების შემდეგ თავსდება პაციენტი ე.წ. გამანაწილებელ განყოფილებაში. ტესტის პასუხი 24 საათში მოდის. თუ ტესტი პოზიტიურია, პაციენტი გადადის კოვიდ-განყოფილებაში, თუ ნეგატიური, - ნონ-კოვიდ განყოფილებაში. თავიდან მხოლოდ სიმპტომურ ან ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს ვუკეთებდით ტესტებს. ეს მითითებები სიტუაციის ცვლილებასთან ერთად თითქმის ყოველ მეორე დღეს იცვლებოდა. ამჟამად უკვე ყველა პაციენტი, რომელიც მიმღებში შემოვა, იტესტება.

ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე გადაიდო ელექტიური ოპერაციები და ინტერვენციები, გათავისუფლდა საწოლები, გადანაწილდა სტაფი. ანუ სხვა სპეციალობებიდან უმცროსი ექიმები, ასევე ექთნები პულმოლოგიისა, ინფექციოლოგიისა და ინტენსიურ განყოფილებებში გადმონაწილდნენ. ეს საწყისი გეგმა იყო. შემდეგ ეტაპებზე, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად დიდი იქნებოდა პაციენტების რაოდენობა და რამდენად მეტი ექიმი დაგვჭირდებოდა, უკვე ყველა სპეციალობის უკლებლივ ყველა ექიმის გადმონაწილებაც იგეგმებოდა და ამაში არა მარტო შინგანი მედიცინის სპეციალობები, არამედ ქირურგები, უროლოგები, ნევროლოგები და ა.შ. იგულისხმება.

ეს, რაც მოგიყევით, კლინიკების შიდა განაწილების ზოგადი გეგმაა. ასეთი მომზადებული კლინიკები ჩაერთნენ ე.წ. „კორონას ქსელში“, ანუ ეტაპებად დაიყვნენ. პირველ ეტაპზე რამდენიმე წამყვანი კლინიკა შეირჩა (ბერლინში ეს შარიტეს სამი ცენტრია), ამ კლინიკების შევსების და გადავსების შემდეგ მეორე ეტაპზე კიდევ რამდენიმე კლინიკა ჩაერთვებოდა და მიიღებდა კოვიდ-პაციენტებს, შემდეგ მესამე ეტაპის კლინიკები და ა.შ. ხუთ ეტაპად განაწილებული გეგმა არსებობს და თუ ესეც არ გვეყოფოდა, ბერლინში ერთ-ერთი შენობის საავადმყოფოდ გადაკეთება დაიგეგმა, რომელშიც გამოფენა-გაყიდვები ეწყობა ხოლმე, და ამით კიდევ 1000 საწოლი დაგვემატებოდა. გარდა ამისა, გამოქვეყნდა ექიმების ვაკანსიები პანდემიის პერიოდში. ანუ პანდემიის დამთავრების შემდეგ ხელშეკრულებაც დამთავრდება.

კიდევ უამრავი დეტალი არსებობს, თუმცა მთავარი მედპერსონალის სწორი და ზუსტი ინფორმირება, დატრენინგება, კარგი მომზადება, კლინიკებს შორის უწყვეტ რეჟიმში ინფორმაციის გაცვლა და ერთურთის დახმარებაა.

შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკა
შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკა

გერმანიას, საქართველოსთან შედარებით, შეუდარებლად მეტი რესურსი აქვს, მაგრამ მაინც არსებობს, ალბათ, გერმანულ გამოცდილებაში ისეთი ელემენტები, რომელიც შეგვიძლია გავიზიაროთ.

ქართული და გერმანული მედიცინა, მართლაც, რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან და არა იმიტომ, რომ გერმანელი ექიმები უფრო ჭკვიანები არიან, არა, უბრალოდ, ძალიან კარგი სამედიცინო სისტემა აქვთ, რომელიც ყველა ექიმს, ვინც მოინდომებს, აძლევს უწყვეტი განათლების და ნებისმიერი მიზნის მიღწევის საშუალებას. მიუხედავად ამისა, მაინც შეიძლებოდა მთელი რიგი დეტალების გათვალისწინება და ქართულ რეალობაზე ადაპტირება, შეიძლებოდა კი არა, აუცილებელიც არის.

პანდემიის დროს გამოჩნდა, რომ სხვაობა დიდია არა მარტო საქართველოსა და გერმანიას შორის, არამედ, მაგალითად, საფრანგეთსა და გერმანიას შორისაც კი.

ორივე ქვეყანას ინფიცირებულების თითქმის ერთნაირი რაოდენობა ჰყავს, მაგრამ საფრანგეთს თითქმის 4-ჯერ მეტი ლეტალობა (ანუ გარდაცვლილი ადამიანები) და 3-ჯერ ნაკლები რეკონვალესცენტები (ანუ გამოჯანმრთელებულები) ჰყავს დღესდღეობით და, შესაბამისად, ბევრად მეტი აქტიური კეისები აქვს და სხვაობა, იცით, რაშია? საფრანგეთის ჰოსპიტალური სისტემა მოუმზადებელი შეხვდა პანდემიას, რესურსების მობილიზება როგორც გერმანიაში, არ მომხდარა. თუკი საფრანგეთის სისტემამ ვერ გაუძლო ამგვარ დატვირთვას, როგორ შეიძლება ქართულ მედიცინას არ გაუჭირდეს.

ჩემი აზრით, გაგვიმართლა, ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთი ცოტა რაოდენობის კრიტიკული შემთხვევები გვქონდა და ჰოსპიტალური სექტორი არ გადაიტვირთა. იმედია, დავინახავთ ამ გამართლებას, დავაფასებთ და შემოდგომისთვის მაინც მოვემზადებით.

ამით კონკრეტულად იმის თქმა მინდა, რომ პირველი ფაზა, რომელიც ეპიდემიოლოგიურ მუშაობას, ინფიცირებულების გამოვლენას, კლასტერების იზოლირებას, ვირუსის გავრცელების ჯაჭვების გაწყვეტას ითვალისწინებს, სანიმუშოდ წარიმართა. სწორი და საჭირო ღონისძიებები იქნა მთავრობის მირ გატარებული, კარგად იმუშავეს ძალოსნურმა სტრუქტურებმა, მაგრამ პარალელურ ფაზაში უნდა მომზადებულიყო ჰოსპიტალური სექტორი, ისევე როგორც გერმანიაში. არც გერმანიამ იცოდა, დასჭირდებოდა თუ არა ყველა ეს რესურსი, მაგრამ იტალიის, ესპანეთის, ჩინეთის შემხედვარემ არაფერი დაინანა საკუთარი მოქალაქეების დასაცავად და, მართლაც, მაქსიმუმი გააკეთა. თუ გერმანულ მედიცინას სჭირდებოდა მაქსიმალური მობილიზება, ვფიქრობ, ქართულს უფრო მეტად სჭირდება. ეს, უბრალოდ, გარისკვა იყო, მედპერსონალის ასეთი ზედაპირული მომზადება და ძალიან გაგვიმართლა. იმის თქმა, რომ არ დაგვჭირდა და ამიტომ არ ჩაერთნენ უფრო მეტი ექიმები პროცესში, ძალიან პრიმიტიული არგუმენტია. მედპერსონალი თუ წინასწარ დატრენინგებული, ინფორმირებული არ არის და ასეთი მოუმზადებელი დგას ინფიცირებული პაციენტის წინაშე ისე, რომარც გეგმა აქვს და არც ის იცის, როგორ მოიქცეს, უკვე ძალიან გვიანია... ამას დღესდღეობით საქართველოში მედპერსონალის ინფიცირების რაოდენობაც მოწმობს და არავინ მითხრას, რომ ეს ცოტაა. ამიტომ, იმედია, შემოდგომას სხვანაირად შევხვდებით.

ფიქრობთ, რომ შემოდგომაზე მეორე მძლავრი ტალღა გარდაუვალია?

კი, ნამდვილად. მძლავრი, არ ვიცი, რამდენად იქნება. ეს დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე და იმაზე, თუ როგორ მოვემზადებით. მაგრამ ზაფხულმა რომ ვირუსის სიძლიერე შეამცირა, ეს ფაქტია. ზაფხულში ვირუსის აღმოფხვრა ვერ მოხდება, ის ჩვენთან რჩება და ვიცით, რომ რესპირატორული ვირუსები შემოდგომის ბოლოს ძლიერდება, ისე როგორც, მაგალითად, H1N1 ვირუსი. ამიტომ ველოდებით, რომ Sars-Cov-2-ის შემთხვევაშიც ასევე იქნება.

როგორ უნდა მოემზადოს საქართველო მეორე ტალღისთვის, თუ ვთანხმდებით იმ მოცემულობაზე, რომ პირველი ტალღისას სამედიცინო სექტორის განსაკუთრებული მომზადება არ მომხდარა?

რასაც მე ახლა გავაჟღერებ, არავითარ შემთხვევაში კრიტიკა არ არის. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რაც კარგად გაკეთდა, მაგრამ, ამავე დროს, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა დავინახოთ და აღმოვფხვრათ ის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ გვაქვს.

აქამდე რაც გაკეთდა, ჰოსპიტალური სექტორის მომზადების გარდა, ბევრი რამ სანიმუშოდ განხორციელდა და ამაზე შედეგებიც მეტყველებს. ვფიქრობ, ბევრი მძიმე და კრიტიკული შემთხვევა რომ არ გვქონდა და ზაფხულში ვირუსის ტალღა რომ შესუსტდა, ესეც დაგვეხმარა. თუმცა შემოდგომაზე ვირუსის ისევ გააქტიურებას ველოდებით და ისევ თუ არ გავრისკავთ და ჰოსპიტალურ სექტორს მოვამზადებთ, ნაკლებად შეგვეშინდება და კომენდანტის საათიც ნაკლებად დაგვჭირდება.

ალბათ, არაფერ განსხვავებულს და ისეთს, რაც ყველასთვის ცნობილი არ არის, არ გავაჟღერებ, თუ გეტყვით, რომ ქართული ჰოსპიტალური სექტორი არ არის ფართომასშტაბანი გავრცელებისთვის მზად. ვიცი რომ ქართველი ექიმები მთელი რიგი ფაქტორების გამო ერიდებიან ამ პრობლემებზე საჯაროდ საუბარს, მაგრამ, საბოლოოდ, სწორედ ისინი იქნებიან, ვინც ამ დარტყმას მიიღებს, ვინც თვითონ დაინფიცირდება, ვისაც მოუწევს გადაწყვიტოს ორი პაციენტიდან რომელი დააინტუბიროს და რომელი არა, ვინც ჩახედავს პაციენტს თვალებში და უსუსურობისა და სიბრაზისგან ცრემლები წამოუვა, ვინც დარეკავს გარდაცვლილების ოჯახის წევრებთან და ეტყვის, რა ვქნა, მეტი გზა არ მქონდაო - ეს სწორედ ის სცენარია, რაც უკვე მოხდა ბევრ ქვეყანაში და ვერც საქართველო იქნება ამისგან დაცული, თუკი არ მოემზადება.

აუცილებელია სასწრაფოდ დაიწყოს ჰოსპიტალების მომზადება და შეიქმნას საყოველთაო სტრუქტურა მთელი საქართველოსთვის, სადაც უკლებლივ ყველა კერძო თუ სახელმწიფო კლინიკა იქნება ჩართული. უნდა გადამზადდეს ყველა ექიმი და ექთანი, რეგულარულად მიმდინარეობდეს სწავლება, ვებინარები და ტრენინგები. რეგულარულში იგულისხმება მინიმუმ კვირაში ერთხელ, თუ მეტი არა; მიეწოდოს მედპერსონალს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ინტენსიური საწოლი და ხელოვნური სუნთქვის აპარატი არსებობს ქვეყანაში, რომელი ინტენსიური განყოფილებაა წამყვანი, ანუ „ცენტრი“, და რომელმა უნდა გადაიბაროს პაციენტები სხვა ინტენსიურიდან დამძიმების შემთხევაში. არსებობდეს კლინიკებს შორის ინფორმაციის და ცოდნის გაცვლა-გამოცვლა და მზაობა ერთმანეთის დახმარების. უნდა შეიქმნას მარეგულირებელი გუნდები ექიმებით, ექთნებით, ჰიგიენისტებით დაკომპლექტებული, რომლებიც ინტენსიურად ივლიან სხვადასხვა კლინიკებში, ადგილზე ჩაატარებენ ტრენინგებს, დააკვირდებიან სამუშაო პროცესს, ადგილზევე გასცემენ რეკომენდაციებს - ყველა კლინიკა ვალდებული იყოს ყველა ჰოსპიტალიზებულ პაციენტს, მიუხედავად სიმპტომებისა, Sars-Cov-2-ის PCR ტესტი ჩაუტაროს და პასუხის მიღებამდე იზოლაციაში ამყოფოს. კლინიკები, რომლებიც ამას ვერ მოახერხებენ, ვწუხვარ, მაგრამ დროებით უნდა დაიკეტოს იმისთვის, რომ საკუთარ პერსონალს და პაციენტებს საფრთხე არ შეუქმნას. ეს ის მინიმუმია, რომლის გარეშეც პანდემიის წარმატებული მართვა არაფერია, თუ არა გამართლება.

თუ ეს ყველაფერი პირველი ტალღის წინ არ გავაკეთეთ, ძნელად წამოსადგენია, რომ მეორე ტალღის მოლოდინმა გაგვაკეთებინოს იმის ფონზე, რომ ყოველდღე ვისმენთ, როგორი გასაოცარი შედეგი აჩვენა საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლაში. შეიძლება არსებობდეს იმედიც, რომ თუ პირველ ტალღას მწირი მზაობით გადავურჩით, მეორესაც ასევე გადავურჩებით.

პირველი ტალღის შემთხვევაში ვთქვით, რომ ძალიან გაგვიმართლა. ეს მიღწევა არა მხოლოდ იმ ღონისძიებების დამსახურებაა, რომლებიც სხვა ქვეყანებშიც აქტიურად გატარდა, გამართლებისაც: მძიმე პაციენტები ცოტა გვყავდა, ზაფხული დაგვემთხვა, ვირუსი შესუსტდა.

რა თქმა უნდა, შეზღუდვები მოქმედებს, მაგრამ მუდმივად ასოციალურად ხომ ვერ ვიცხოვრებთ, ეკონომიკის კრიზისზე რომ აღარაფერი ვთქვათ. შეზღუდვები გათვალისწინებული იყო მხოლოდ საწყისი ეტაპისთვის, იმისთვის, რომ გავრცელება შეგვეზღუდა და მაქსიმალურად მოგვემზადებინა ჰოსპიტალური სექტორი, ანუ შეზღუდვების ინტენსივობა პირდაპირ კავშირშია სამედიცინო რესურსთან.

მოდით, დავფიქრდეთ. რაში გვჭირდება შეზღუდვები, თუ ვამბობთ, რომ უმრავლესობამ უნდა გადაიტანოს ეს ვირუსი, იმისთვის რომ პოპულაციური იმუნიტეტი განვითარდეს? დავინფიცირდეთ ყველა ერთად და ყველას ერთად გამოგვიმუშავდება იმუნიტეტი. რატომ იზოლაცია? პრობლემა მედპერსონალშია. არ გვყავს იმ რაოდენობის ექიმები და ექთნები, არ გვაქვს იმ რაოდენობის საწოლები ჰოსპიტალში, რომ 3 მილიონ პაციენტს ერთდროულად გავუმკლავდეთ. ამიტომ უნდა მოხდეს ვირუსის ეტაპობრივი გავრცელება, ანუ იმ რაოდენობის პაციენტი შეიძლება ერთდროულად დაინფიცირდეს, რა რაოდენობასაც ქვეყნის მედპერსონალი გასწვდება და დახმარებას მოახერხებს.

ხვდებით, ალბათ, რამდენი პაციენტი შეიძლება 2-მილიონიან თბილისში ერთდროულად დაინფიცირდეს, როცა მხოლოდ სამი კლინიკაა ამ სტრუქტურაში ჩართული, მხოლოდ სამი კლინიკაა დატრენინგებული და მხოლოდ სამმა კლინიკამ შეიძლება კოვიდ-პაციენტები მიიღოს. სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც ეშინია მთავრობას შეზღუდვების მოხსნა და არაფერი სხვა.

გაქვთ რაიმე ახსნა, რატომ არის საქართველოში ასე მცირე შემთხვევები და მათგან უმეტესობა მძიმე პაციენტი არ აღმოჩნდა?

მთავარი მიზეზი ის არის, რომ დროულად და სრულფასოვნად მოხდა ყველაფრის იზოლირება და ისიც, რომ გავრცელება გვიან დაიწყო. ჩვენთან იანვარში რომ დაწყებულიყო გავრცელება, როგორც იტალიაში, სავალალო შედეგები გვექნებოდა. გვიან დაიწყო გავრცელება, ისევე როგორც გერმანიაში, ზაფხულიც დაგვემთხვა და ფაქტია, რომ სუსტდება ვირუსის ძალა. ეს ორი მიზეზი მახსენდება. გარდა ამისა, სტატისტიკას თუ გადავხედავთ, გერმანიასა და საქართველოში ინფიცირებულთა 80 % ახალგაზრდა, 70 წლამდეა. იტალიაში, სადაც ასეთი დიდი იყო მსხვერპლი, ინფიცირებულთა 80 პროცენტი 70 წელს გადაცილებული იყო.

თქვენ აღნიშნავთ ხოლმე, რომ მნიშვნელოვანია კოვიდ-პაციენტებისთვის არა მხოლოდ სიცოცხლის შენარჩუნება, არამედ ხარისხიანი სიცოცხლის შენარჩუნება; რა ზიანი შეიძლება მიადგეს ჯანმრთელობას კოვიდის არასწორად, არაფრთხილად მკურნალობით? რა ვიცით კოვიდის შემდეგ შესაძლო გართულებების შესახებ?

ეს არა მხოლოდ კოვიდ-ს, არამედ ყველა პაციენტს ეხება. ეს ჩემი დევიზია და ყოველდღიურად ვცდილობ ასე ვიმუშაო. თუ მე ოდესმე პაციენტი ვიქნები, მენდომება, რომ ექიმმა ჩემში მთლიანი ადამიანი და არა შესაკეთებელი ცალკეული ორგანოები დაინახოს. ამ ფრაზის მნიშვნელობას განსაკუთრებით ინტენსიურ განყოფილებაში ხვდები, როცა ნებისმიერი გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია და შენ მხოლოდ წამები გაქვს ამ გადაწყვეტილებების მისაღებად. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტს, რომელსაც კლინიკიდან გაწერ, სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელება შეეძლოს. ეს ვრცელი თემაა და ამაზე შეგვიძლია სხვა დროს ვისაუბროთ. რაც შეეხება კოვიდის შემდეგ გართულებებს, ჯერჯერობით ბევრი არაფერი ვიცით და ვერც გვეცოდინება, ჩვენი პაციენტები განმეორებით გამოკვლევებზე ჯერ არ მოსულან და იმაზე ლაპარაკი, ტოვებს თუ არა კოვიდ-19 ქრონიკულ გართულებებს, ალბათ, მომდევნო წლებში იქნება შესაძლებელი.

თამარი კოლეგასთან ერთად
თამარი კოლეგასთან ერთად

როდის ელოდებით კოვიდის მქონე პაციენტებს საკონტროლო კვლევებზე?

ოფიციალური პროტოკოლი ჯერ არ არსებობს. დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფორმით გადაიტანს ესა თუ ის პაციენტი CoViD-19-ს. მძიმე პაციენტებს, რომელთაც სუნთქვის მძიმე უკმარისობა ჰქონდათ, ინტენსიურ განყოფილებაში იყვნენ, ხელოვნური ვენტილაცია დასჭირდათ, ალბათ, 2-3 თვეში დავიბარებთ და შემდეგ გამოკვლევებს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით დავგეგმავთ.

რა კვლევებშია ჩართული თქვენი კლინიკა და რომელი მიმდინარე კვლევის შედეგებს ელოდებით განსაკუთრებული ინტერესით?

გერმანიაში კვლევის დაწყება ძალიან დიდ ბიუროკრატიასთან არის დაკავშირებული, მით უმეტეს, როცა კვლევაში ადამიანები არიან ჩართულნი.

დღეს ჩვენს კლინიკაში დაწყებულია რემდესივირის კვლევა, რომელზეც იმედებს ვამყარებთ. ეს კვლევა მიმდინარეობს როგორც მსუბუქ, ისე მძიმე ფორმებში და ამის შედეგებს ველოდებით. ასევე ვიწყებთ კომოსტატის კვლევას, რომელიც პროფესორ დროსტენის საყვარელი პრეპარატია, დიდ იმედებს ამყარებს მასზე. ალბათ, შემოვიტანთ ასევე ტოცილიცუმაბის (ინტერლეიკინ 6-ის რეცეპტორის ბლოკერი) კვლევას.

ვტესტავთ ანტისხეულებსაც. ძალიან დიდი კვლევაა ანტისხეულებზე დაწყებული - ეს კვლევა ფინანსდება 50 მილიონი ევროთი და უკვე 600-ზე მეტი ადამიანია ჩართული, ძირითადად მედპერსონალი, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს კოვიდ-პაციენტებთან. შემდეგი ტესტები გაკეთდება 6 და 12 თვის შემდეგ. დადგინდება, სეროკონვერსია რამდენ ადამიანში მოხდება და განისაზღვრება ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტი. ზოგადად, ბევრი საინტერესო იმუნოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

ველოდები ვაქცინის კვლევებს. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა პათანატომიური შედეგები. თავიდან გერმანიაში კოვიდ-19-ით გარდაცვლილი არ იკვეთებოდა, მედპერსონალის ინფიცირებისგან დაცვის მიზნით. ჰამბურგის საუნივერსიტეტო კლინიკა წავიდა ამის წინააღმდეგ, გაკვეთა ასამდე პაციენტი და იმდენად საინტერესო შედეგები დადო, რომ ახლა უკვე ყველა კლინიკაში დაშვებულია. გაკვეთის შედეგად გავიგეთ, რომ ვირუსის ჩანართები თითქმის ყველა ორგანოსა და ქსოვილში, მათ შორის სისხლძარღვების ენდოთერიუმში, მიოკარდიუმში, თირკმელებში, კუჭ-ნაწლავის ლორწოვანშიც გვხვდება.

თქვენი გამოცდილებით, რა არის ის აპარატურა, მიდგომები, რასაც ეფექტურად იყენებთ და რაც შეიძლება საქართველომ თუნდაც მეორე ტალღისთვის გაითვალისწინოს?

მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უარი თქვას იმ სწრაფ ტესტებზე, რომელიც ექიმებისა და პაციენტების დაბნევის გარდა ვერაფერს აკეთებს. ანტისხეულების გამოსაკვლევად ოქროს სტანდარტი ELISA ტესტია და კარგი იქნება, თუ ეს მეთოდი დაინერგება.

აპარატურას რაც შეეხება, არამარტო, მაგრამ განსაკუთრებით კოვიდ-პაციენტებს სჭირდებათ ე.წ. HighFlow-თერაპია, ანუ დიდი რაოდენობით ჟანგბადის დიდი წნევით მიწოდება. კარგი იქნება, თუ ამ აპარატურით ინტენსიური განყოფილებები მომარაგდება. დაკარგული ფული ნამდვილად არ იქნება, მომავალშიც აუცილებლად გამოგვადგება. ყოველ შემთხვევაში, აქაურ ინტენსიურ განყოფილებებში აქტიურად ვიყენებდით და ვიყენებთ.

ასევე კარგი იქნება, თუ ე.წ. ECMO (ExtraCorporeal Membrane Oxygenation) - ჩვეულებრივ ენაზე, ხელოვნური ფილტვის აპარატებიშემოვა, თუმცა ამ მეთოდს ყოველმხრივ გამართული ინტენსიური მედიცინა, ინტენსიურის კარგად მომზადებული ექიმები და ექთნები სჭირდება და ეს, ალბათ, უფრო მომავლის საქმეა.

საქართველო ზაფხულში ტურისტებისთვის ხსნის კარს და განსაკუთრებით საშიშად გამოიყურება რუსეთიდან შემოსული ტურისტები, ქვეყნიდან, რომელიც სწორ მონაცემებსაც კი არ ავრცელებს ეპიდემიოლოგიური სურათის შესახებ.

მე მესმის, საქართველოს რატომ უნდა იყოს მოწინავეთა შორის და გახსნას საზღვრები, მაგრამ ასეთ სარისკო ნაბიჯს თუ გადავდგამთ, რაც ნამდვილად გაზრდის რისკებს, მაგ შემთხვევაში მაინც უნდა მოვამზადოთ ჰოსპიტალური სექტორი. რაც შეეხეება რუსეთს, იქ მცხოვრებმა ადამიანებმა, ალბათ, წლის ბოლომდე მაინც არ უნდა დატოვონ თავიანთი ქვეყანა და არც ერთ სხვა ქვეყანას არ უნდა ესტუმრონ.

ჯერჯერობით ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით ევროპაშიც ბევრი კითხვა არსებობს - ამბობენ, რომ უნდა არსებობდეს კოვიდ პასპორტი, მაგრამ ბევრი სხვა რამის დაგეგმვაც არის საჭირო. მაგალითად, შემოდის ტურისტი ნეგატიური კოვიდ პასპორტით, რჩება ერთი კვირა, გასვლისას ვუკეთებთ ტესტს და პასუხი არის პოზიტიური, რა ბედი ეწევა ამ ტურისტს? ვის ხარჯზე რჩება, ვინ მკურნალობს, რომელ სასტუმროში დარჩება, ის ბილეთი გაუუქმდება, თუ გადაცვლა შეეძლება - პოზიტიური პასუხით სხვაგან ხომ ვერ გავუშვებთ. ძალიან ბევრი ასეთი დეტალია და სანამ მათზე პასუხი არ გვექნება, მსჯელობა რთულია, მით უმეტეს, რომ კიდევ იქნება ძალიან ბევრი რამ, რასაც ვერ გავითვალისწინებთ და მერე გამოჩნდება. მეც ინტერესით ველოდები, საინტერესო ზაფხული გვექნება.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG