Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მოგვიწევს წლები გავატაროთ სახიფათო ქვეყნის გვერდით" - ინტერვიუ ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩსთან


ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი
ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი

“იქცევა თუ არა უკეთეს რუსეთზე ოცნებები რეალობად - ეს დღეს გარკვეულწილად არა რუსეთში, არამედ უკრაინაში წყდება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა. ვაჟა თავბერიძე პრეზიდენტ რინკევიჩსს მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდა.

ნავალნის სიკვდილი ერთობ სიმბოლური დასასრულია მთელი ეპოქისა, როდესაც სხვა რუსეთის პერსპექტივა რეალური იყო...

რადიო თავისუფლება: დავიწყოთ კითხვით ნავალნის სიკვდილზე - რამდენად დიდი დარტყმაა ეს სხვა, უკეთეს რუსეთზე მოიმედეებისთვის? ისეთ რუსეთზე, რომელიც კიდევ ერთხელ მისცემდა შანსს დემოკრატიას?

პრეზიდენტი რინკევიჩსი: ვფიქრობ, თავად ის ფაქტი, რომ ბატონი პუტინის ყველა ოპონენტი ან ციხეშია, ან მკვდარი, ან კიდევ საზღვარგარეთს აფარებს თავს, მოწმობს იმას, რომ ამ ეტაპისთვის ძნელია დაინახო ძალა, რომელიც რამეს შეცვლის რუსეთში. მომავალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნავალნის სიკვდილი ერთობ სიმბოლური დასასრულია მთელი ეპოქისა, როდესაც სხვა რუსეთის პერსპექტივა რეალური იყო. შეიძლება, როგორც პოლიტიკოსს, ეთანხმებოდე ან არ ეთანხმებოდე, მაგრამ ფაქტია, რომ ნავალნი იყო დღევანდელი რეჟიმის რეალური ალტერნატივა და ამისთვის საკუთარი სიცოცხლით ზღო.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია, ჩვეულ დაგმობებსა და შეშფოთებებს თუ არ ჩავთვლით?

პრეზიდენტი რინკევიჩსი: უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი - დასავლური სამყაროს შეშფოთებები, ჩვენი ვიშვიში - რომ ძალიან ცუდი რამ მოხდა - კრემლს საერთოდ არ ადარდებს. ბატონ პუტინს თავისი მიზნები აქვს. ერთ-ერთი უპირველესი მათ შორის სახლში, საშინაო ფრონტზე ნებისმიერი წინააღმდეგობის ჩახშობაა. პარალელურად ცდილობს წარმატებას მიაღწიოს და საკუთარი მიზნები რეალობად აქციოს როგორც საგარეო-პოლიტიკურ ასპარეზზე, ასევე ბრძოლის ველზე უკრაინაში. ამიტომ ვთვლი, რომ ერთადერთი ჯეროვანი პასუხი ჩვენი მხრიდან უნდა იყოს უკრაინისთვის დახმარების გაზრდა, მეტი შეიარაღების მიწოდება უკრაინისათვის. ვიხილავთ თუ არა უკეთეს რუსეთს, იქცევა თუ არა უკეთეს რუსეთზე ოცნებები რეალობად - ეს დღეს გარკვეულწილად არა რუსეთში, არამედ უკრაინაში წყდება. თუ უკრაინა მოახერხებს ამ ომიდან გამარჯვებული გამოვიდეს - და აქვე ვიტყვი, რომ ძალიან მცდარი მგონია ფრაზა: დავეხმარებით უკრაინას, სანამდეც დასჭირდება. ამის ნაცვლად უნდა ვამბობდეთ: დავეხმარებით უკრაინას გამარჯვებამდე! მიუხედავად ყველა იმ პრობლემისა, რომლის წინაშეც ახლა აღმოვჩნდით: დაფინანსება, უკრაინის თემით გადაღლა, ეს უნდა იყოს მსოფლიო ლიდერების მთავარი გზავნილი: უკრაინას დავეხმარებით, გამარჯვებამდე! უკრაინის გამარჯვება კი რუსეთში ცვლილებებსაც მოასწავებს - შესაძლოა, არცთუ ისე პოზიტიურს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ერთადერთი შანსია რუსეთში რამის შესაცვლელად. ამიტომ იმის ნაცვლად, რომ დავკმაყოფილდეთ სანქციების დაწესებით მოსამართლეზე, პროკურორსა თუ ციხის უფროსზე, სადაც ნავალნი იმყოფებოდა - თავისთავად ცხადია, ამ ხალხმაც პასუხი უნდა აგოს, - მაგრამ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და უკრაინის დახმარება უფრო დიდი შემართებით უნდა გავაძლიეროთ.

ძალიან მცდარი მგონია ფრაზა: დავეხმარებით უკრაინას, სანამდეც დასჭირდება. ამის ნაცვლად უნდა ვამბობდეთ: დავეხმარებით უკრაინას გამარჯვებამდე!..

ინტერვიუს დაწყებამდე 2008 წლის გაკვეთილზე ვსაუბრობდით, რუსეთის შეჭრაზე საქართველოში. ახლა ყველა გაიძახის: მაშინ რომ უფრო გონივრულად მოვქცეულიყავით, შესაძლოა დღევანდელი ომი - ომი ევროპაში - არც არასდროს დაწყებულიყოო. მე ასე არ ვთვლი. უნდა გავიაზროთ, რომ რუსეთი 16 წელზე მეტია, აგრესორ ქვეყნად იქცა და შეჩერებას არ აპირებს. ნავალნის სიკვდილმა კი კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ უნდა გავაგრძელოთ რუსეთთან ბრძოლა, ყველა გზით, რაც ძალგვიძს. და ვიცოდეთ, რომ უკრაინა დღეს უბრალოდ ჩვენთვის კი არ იბრძვის, არამედ იბრძვის ჩვენ მაგივრადაც.

რადიო თავისუფლება: კიევში ვიზიტისას, პრეზიდენტ ზელენსკის აღუთქვით, რომ ლატვია უკრაინის გვერდში იქნებოდა გამარჯვებამდე. მინდა გკითხოთ, როგორ გამოიყურება დღეს ეს გამარჯვება? გამარჯვება, რომელიც მისაღები იქნებოდა უკრაინისთვის და უფრო ფართო გაგებით, დასავლეთისთვისაც?

პრეზიდენტი რინკევიჩსი: ვფიქრობ, ამ კითხვას ძალიან მარტივი პასუხი აქვს. მაგრამ ამ პასუხის რეალობად ქცევა კი ნამდვილად არ არის ადვილი. უკრაინის პრეზიდენტმა წარმოგვიდგინა თავისი „მშვიდობის ფორმულა“ - რომ უკრაინამ უნდა დაიბრუნოს კონტროლი იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში შედის.

რადიო თავისუფლება: და როგორ წარმოგიდგენიათ, პუტინი ოდესმე დაეთანხმება ამას?

პრეზიდენტი რინკევიჩსი: სწორედ ესაა ის ძალიან რთული ნაწილი, რომელიც ზემოთ ვახსენე - თქმა, რა უნდა გაკეთდეს, ადვილია, გაკეთება - ძნელი. ჩვენ საკმარისს არ ვაკეთებთ. მაგრამ მგონი ეს უკვე გავიაზრეთ - უნდა გავაძლიეროთ თავდაცვის ინდუსტრია. ასევე, სავარაუდოდ წელსვე ვიხილავთ უკრაინისთვის უფრო თანამედროვე იარაღის მიწოდებას. ერთადერთი გზა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე დაფიქრდეს, დაფიქრდეს მოლაპარაკებებზე, არის ის, რომ რუსეთს დაანახვო - წინ ვეღარ წავლენ, უკან იხევენ, საშინაო ფრონტზე პრობლემები აქვთ - რეჟიმი საფრთხეშია. და აქ თუ აპირებთ, მკითხოთ, როდის მოხდება ეს, პასუხის გაცემა გამიჭირდება.

წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ ჩემი მანდატის განმავლობაში ან რუსეთში ჩავიდე, ან რუს მაღალჩინოსანს ვუმასპინძლო, არ მგონია, ეს მოხდეს...

რადიო თავისუფლება: ამას არ გკითხავთ, გკითხავთ იმას, მზადაა თუ არა დასავლეთი ამისთვის, თავისი წილი საქმის გასაკეთებლად.

პრეზიდენტი რინკევიჩსი: გვაქვს 2008 წლის მაგალითი. გვაქვს 2014 წლის მაგალითი - ყირიმისა და დონბასისა, და უამრავი სხვა ძირგამომთხრელი საქმიანობის, რასაც რუსეთი ეწევა, თუნდაც ავიღოთ მათი ჩარევა ჩვენს არჩევნებში 2016-17 წლებში. ვხედავთ, როგორ ცდილობს კრემლი, დააშინოს მოლდოვა. მაგრამ არის სირთულეებიც: პირველი - ჩვენ, ლიდერებს გვიწევს, ეს ყველაფერი სწორად მივიტანოთ ამომრჩევლამდე, რომელთა ნაწილიც უკვე გადაიღალა განუწყვეტელი ომით, ვინც, ტელევიზორში თუ ისევ უკრაინის ამბები ხვდება, უკვე სხვა არხზე რთავს. მეორე - უკიდურესად რთული სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, რაც თავის წილ ყურადღებას და კონცენტრაციას ითხოვს გლობალური სამყაროსგან. და ამავდროულად ისიც ვიცით, რომ თუ რუსეთთან ზავით დამთავრდა ყველაფერი, ისინი ამ პაუზას უბრალოდ უკეთ მოსამზადებლად გამოიყენებენ. მერე კი გიწევს, გულწრფელად უთხრა შენს ხალხს, რომ ყველანაირი სცენარისთვის უნდა ვემზადოთ. ზედმეტ პესიმიზმში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ მართლაც მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის, მათ შორის ჩვენთან, სახლში. ეს ნიშნავს სამოქალაქო დაცვის სისტემის რეფორმირებას უკრაინაში მიღებული გამოცდილების მიხედვით: თავდაცვის ხარჯების გაზრდა, ბალტიის თავდაცვის ხაზის შექმნა. უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი.

რადიო თავისუფლება: სწორედ ამაზე მინდოდა მეკითხა: ახლახან სკანდინავიის ქვეყნებმა, დანიამ და შვედეთმა, საკუთარ მოსახლეობას გამოუცხადეს, რომ რეალური იყო სცენარი, სადაც სამ-ხუთ წელში რუსეთი მათ თავს დაესხმოდა, ან ნატოს რომელიმე სხვა წევრზე მიიტანდა იერიშს. თქვენ რომ მოგიწიოთ რიგის ცენტრში გამოსვლა და ამის თქმა ლატვიის მოსახლეობისთვის, როგორ ფიქრობთ, რა რეაქცია ექნებოდათ? როგორ მიიღებდნენ ამ ამბავს?

პრეზიდენტი რინკევიჩსი: იცით, ზოგი ის „აღმოჩენა“, რომლებზეც დასავლეთის დედაქალაქებიდან გვესმის ხოლმე, ჩვენთვის ახალს არაფერს წარმოადგენს, ძველი ამბავია. ვიცოდით, რომ რუსეთი სულ უფრო თავგასული ხდებოდა, ვხედავდით, რა ხდებოდა საქართველოში, უკრაინაში... ვნახეთ, რა მოხდა ჩვენს მეზობელ ბელარუსში 2021 წელს. ჩემთვის ამაში ახალი არაფერია. მაგრამ, ამავდროულად, როგორმე უნდა მივიტანოთ ჩვენს მოსახლეობამდე ის აუცილებლობა, რომ მეტი უნდა დავხარჯოთ უსაფრთხოებაზე, თავდაცვა იქნება ეს თუ შიდა უსაფრთხოება. მეტი უნდა ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებთან... ასე რომ, ალბათ ჩვენთვის ეს ყველაფერი ცოტა უფრო სხვანაირად ჟღერს, ვიდრე ზოგი სხვა ქვეყნისთვის, სადაც ორიოდე წლის წინ მსგავსი რამ ყოვლად წარმოუდგენელი ეგონათ. გეტყოდნენ - ეს შეუძლებელიაო. ახლა ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ უკვე გავცდით პრობლემის აღიარების ფაზას, და დროა, ამ პრობლემას მოვუაროთ, პრობლემის გადაჭრის გზა კი თავდაცვის ინდუსტრიის და თავდაცვის ხარჯების გაზრდაა.

რუსეთის მთელი ისტორია სავსეა ტალღებით, როდესაც ისინი დასავლეთისკენ ტრიალდებიან, უნდათ, დასავლეთს დაემგვანონ და საბოლოოდ, ბოლომდე მაინც ვერ ახერხებენ...

რადიო თავისუფლება: რუსეთის ცნობილ „პასპორტიზაციის“ ტაქტიკაზე მინდა გკითხოთ, და „რუსეთის მოქალაქეების დაცვის“ მანევრზე, რასაც კრემლი ასე წარმატებით იყენებს თავისი სამხედრო აგრესიის გასამართლებლად. არ გეშინიათ რაიმე მსგავსის ლატვიაში, იმის გათვალისწინებით, თუ რა მრავალრიცხოვანი რუსულენოვანი უმცირესობა გყავთ?

პრეზიდენტი რინკევიჩსი: შიდა უსაფრთხოების გამოწვევებს მართლაც ძალიან სერიოზულად ვუდგებით და ამიტომაც შესაბამისი საკანონდებლო გადაწყვეტილებები მივიღეთ - გავამკაცრეთ შემოწმების პროცესი. ამავდროულად, ვესაუბრებით იმ ხალხს, ვინც ლატვიაში ცხოვრობს, მაგრამ ლატვიურად არ საუბრობს. თუ გამოკითხვებს შეხედავთ, ძალიან საინტერესო სურათს დაინახავთ: მათი 25 პროცენტი უკრაინას უჭერს მხარს, 25 - ბატონ პუტინს, დანარჩენი კი ან პასუხს გაურბის, ან ამბობს, რომ დაბნეულები არიან, ვერ გადაუწყვეტიათ. მგონია, რომ ჩვენი მხრიდან ჭკვიანური იქნება, თუ გავარკვევთ, მაინც რამდენად დაბნეულები არიან და რატომ გაურბიან ამ კითხვაზე პასუხს.

რადიო თავისუფლება: ზოგადად როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთთან თანაცხოვრება, მომავალში? მაგალითად, რამდენად რეალურია, რომ მოსკოვში მოგიწიოთ ჩასვლა? და როგორ ფიქრობთ, რა დახვედრას უნდა ელოდოთ?

პრეზიდენტი რინკევიჩსი: წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ ჩემი მანდატის განმავლობაში ან რუსეთში ჩავიდე, ან რუს მაღალჩინოსანს ვუმასპინძლო, არ მგონია, ეს მოხდეს. ეს ერთი. მეორე: არ მჯერა, რომ თუნდაც ყველაზე იდეალური სცენარის შემთხვევაში, ვიხილავთ რუსეთის კურსის რადიკალურ ცვლილებას დემოკრატიისკენ, ადამიანის უფლებებისკენ, კანონის უზენაესობისკენ... რუსეთის მთელი ისტორია სავსეა ტალღებით, როდესაც ისინი დასავლეთისკენ ტრიალდებიან, უნდათ, დასავლეთს დაემგვანონ და საბოლოოდ, ბოლომდე მაინც ვერ ახერხებენ...

რუსეთი გარიგებას მხოლოდ მაშინ სცემს პატივს, თუ რუსეთში ფიქრობენ, რომ ეს აწყობთ, მათ ინტერესებშია. როგორც კი ასე აღარ არის, ისინი სიტყვას ტეხენ - იქნება ეს უკრაინა, საქართველო, თუ ნებისმიერი სხვა საერთაშორისო შეთანხმება...

რადიო თავისუფლება: ტალღების მთავარი თვისებაც ესაა, არა? მიქცევა, შემდეგ მოქცევა...

პრეზიდენტი: დიახ. ახლა იმ ტალღას ვხედავთ, რომელიც რუსეთს მთლიანად გარიყავს დასავლური ცივილიზაციიდან. მაგრამ ეს ტალღაც დამთავრდება, და მოქცევა დაიწყება. საქმე ისაა, რა მოხდება მანამდე და მე აი, რა მაფიქრებს: თუ რუსეთი ჩათვლის, რომ გაიმარჯვა, ისინი ისევ ცდიან ბედს. თუ ჩათვალეს, რომ დამარცხდნენ, საწადელი ვერ აისრულეს, მაგრამ დღევანდელმა რეჟიმმა ძალაუფლება შეინარჩუნა, ეს მათთვის დამამცირებელი იქნება, ამიტომ ცოტა ხნით შეჩერდებიან, ძალების მოსაკრებად, და შემდეგ ამ შეცდომის გამოსწორებას ეცდებიან. ამიტომ, მოგვწონს თუ არა, მოგვიწევს, წლები, შესაძლოა, ათწლეულებიც კი გავატაროთ ძალიან არაპროგნოზირებადი, სახიფათო ქვეყნის გვერდით - ცივი ომის წლებს წააგავს ცოტათი ეს ყველაფერი. და პარალელურად, რჩება ხალხი, ქვეყნები, სადაც თვლიან, რომ თუ რუსებს სათანადოდ მიუდგები, მაშინ შეიძლება მათთან საქმის გაჩარხვა, რაიმე გარიგების დადება. მე ამის არ მჯერა. რასაც ვხედავ, არის ის, რომ რუსეთი გარიგებას მხოლოდ მაშინ სცემს პატივს, თუ რუსეთში თვლიან, რომ ეს აწყობთ, მათ ინტერესებშია. როგორც კი ასე აღარ არის, ისინი სიტყვას ტეხენ - იქნება ეს უკრაინა, საქართველო თუ ნებისმიერი სხვა საერთაშორისო შეთანხმება, რასაც ხელი მოაწერეს ბოლო 30 წლის განმავლობაში.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG