Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას წერენ სოციალურ მედიაში ვანო მერაბიშვილზე მას შემდეგ, რაც მან საპატიმრო დატოვა


საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დატოვა სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულება, სადაც 6 წელი და 9 თვე გაატარა.

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა (უმუშევართა აღრიცხვის და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების დროს 5,2 მლნ ლარის გაფლანგვა; კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება) და ამომრჩევლის მოსყიდვის (2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა) ბრალდებით.

ვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გამოსვლას ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

"მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით, შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები,რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო,არამედ იმიტომ,როგორც ვანომ თქვა,ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება."-წერს მიხეილ სააკაშვილი.

ევროპარლამენტარი, სანდრა კალნიეტე Twitter-ზე ეხმაურება ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას და ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გამოსვლა საქართველოში მაღალი პოლიტიკური დაძაბულობის პერიოდში ხდება და აფრთხილებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ 2020 წელს არჩევნებში გამარჯვება ნებისმიერ ფასად, წესების დარღვევა და ოპოზიციის დევნა გავლენას იქონიებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე.

პოლონელი პოლიტიკოსი, პოლონეთის სეიმის წევრი, მალგოჟატა გოშევსკა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას კარგ ამბავს უწოდებს და მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რომელიც წესების ერთგულებისთვის იხდიდა სასჯელს. "გამოვიდა ციხიდან არა იმიტომ, რომ საქართველოში რაიმე კარგი მოხდა, არამედ იმიტომ, რომ სასჯელის ვადა ამოიწურა" - წერს იგი.

გიორგი ვაშაძე, პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერი ამბობს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება და სჯერა, რომ ათასობით ახალი თაობის პატრიოტთან ერთად ვანო მერაბიშვილი თავის როლს შეასრულებს ამ ბრძოლაში.

"ივანიშვილის 8 წლიანი მმართველობის ფონზე კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა ის ძალისხმევა, წარმატება და პროგრესი, რასაც 2003 წლიდან 2012 წლამდე საქართველომ მიაღწია." - წერს გიორგი ვაშაძე.

პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის მთავარი დამსახურება ის იყო, რომ საქართველოს პოლიცია მოქალაქის სამსახურში ჩადგა და ამისთვის მრავალი წლით ციხეში ჩასვეს, რაც ამ ხელისუფლების ისეთი სირცხვილია, რომელსაც ვერ ჩამოირეცხავს.

"ეს არის პოლიტიკური წესრიგი, სადაც სიმართლის და წარსულის რეფლექსირების პრაქტიკა არ არსებობს. ყველაფერი შეიძლება გადაიწეროს, გაყალბდეს და დავიწყებას მიეცეს. ეს ელიტები მოაჯდნენ ჩვენს რესურსებს, საჯარო სივრცეს, მედია-აპარატებს და ყველაფერს აკეთებენ აკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის" - წერს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, თამთა მიქელაძე, რომელიც თვლის, რომ "ამ ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი საგანგებო მდგომარეობის და მათ შორის არჩევანის გაკეთების გარდუვალობის გადალახვა იქნება ჩვენი საზოგადების მორალური გამარჯვება და რეალურად ახალი მომავლის დაბადების საფუძველი."

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი მიიჩნევს, რომ "სანამ პოლიტიკოს არ ექნება შიში, იმისა რომ კონკრეტული ქმედების გამო ის შეიძლება სამუდამოდ ან ძალიან დიდი ხნით გაირიყოს პოლიტიკური ველიდან, მანამდე არც იმათ, არც ამათ და არც მომავლებს არ ექნებათ მიზეზი იმის თუ რატომ უნდა შეიკავონ თავი, რატომ არ უნდა ჩაიდინონ ის რისი ხოშიც აქვს მას, მის "ლიდერს" ,"პარტიას"!"

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, ვახუშტი მენაბდე მიიჩნებს, რომ "ქართული ოცნება" მხოლოდ იმის გამო უნდა განადგურდეს პოლიტიკურად, რომ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლა მოვლენად აქციეს.

"მერაბიშვილი გამოვიდა. ჯერ გისოსის კარი არ გაჯახუნებულა და უკვე „ახალ“ პოლიტიკურ ლიდერად აქციეს. კაცი, რომელიც არაადამიანური სისტემის მთავარი სახე და „ხერხემალი“ იყო, დღეს სამართლიანობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ სურთ წარმოაჩინონ. წარმოდგენაც ძნელია როგორ არ სცემენ პატივს ქართველ ხალხს ვინც ამას აკეთებს. ვანო მერაბიშვილი 2004-დან 2012 წლამდე შს მინისტრი იყო და მის სახელს უკავშირდება აქციების ყველაზე სასტიკი დარბევა, პოლიციური ტერორი, თვალთვალი და არაადამიანური ოპერაციები. " - წერს მენაბდე.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, მამუკა გამყრელიძე თვლის, რომ ვანო მერაბიშვილმა "ვაჟკაცურად, ჩუმად და გაუტეხელად გადაიტანა განსაცდელი და დაბრუნდა იქ, იმ ქვეყანაში, რის შენებაშიც მასაც მიუძღვის უზარმაზარი წვლილი" და იმედს იტოვებს, რომ "გადადებს დასვენებას და მოგზაურობას და ამ წლებში დაგროვილ ენერგიას და სიბრძნეს კვლავ საქართველოს მოახმარს. "

ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას გამოეხმაურა ანა დოლიძეც:

[სტატია განახლებადია]

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG