Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველაფერი ვანოს შესახებ


შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერ -მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში 6 წელი და 9 თვე გაატარა.

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა (უმუშევართა აღრიცხვის და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების დროს 5,2 მლნ ლარის გაფლანგვა; კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება) და ამომრჩევლის მოსყიდვის (2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა) ბრალდებით, მოგვიანებით ასევე ბრალი წაუყენეს ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, 2011 წლის 26 მაისის აქციის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების გამო.

2014 წელს სასამართლომ ყველა ამ საქმეებზე დამნაშვედ სცნო.

ინციდენტი საკანში

2013 წლის დეკემბერში პატიმარმა ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ 14 დეკემბერს, ღამის საათებში საკნიდან გაიყვანეს და მაშინდელ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან მიიყვანეს.

  • საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პასუხად განაცხადა, რომ აღძრა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, მაგრამ საკნიდან ვანო მერაბიშვილის გაყვანის ფაქტი არ დადასტურდა.
  • 2016 წლის 14 ივნისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან კავშირში მე-18 მუხლი დაირღვა. ადამიანის უფლებათა სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა გამოყენებულ იქნა მასზე ზეწოლის მექანიზმად სხვა საქმეებთან დაკავშირებით, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ზურაბ ჟვანიას საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან.

ვანო მერაბიშვილს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივმა საბჭომ ორჯერ უთხრა უარი ვადამდე პირობით გათავისუფლებაზე. საბჭომ მიიჩნია, რომ არ მომხდარა მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის რესოციალიზაცია და არ შეცვლილა მისი დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულის მიმართ, მაგალითად კი მოტანილი იქნა გარემოებები: მსჯავრდებულმა მერაბიშვილმა არ დაწერა საშობაო თემასთან დაკავშირებით წერილი (ესსე), არ მიიღო მონაწილეობა ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“, არ მიიღო მონაწილეობა ხელოვნების კონკურსსა და სპორტულ შეჯიბრებებში.

ვანო მერაბიშვილმა საზოგადოებრივი აქტივობა დაიწყო 1995 წელს, როცა დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია“.

  • 1999 წლის 31 ოქტომბერს ვანო მერაბიშვილი, „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ სიით, აირჩიეს საქართველოს პარლამენტში, სადაც 2000 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობდა ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტს.
  • ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ კარიერაში საეტაპო მნიშვნელობის აღმოჩნდა 2001 წელი, როცა „ვაშინგტონ პოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკრიტიკა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მმართველობა. ინტერვიუმ აშკარა გახადა განხეთქილება მმართველი პარტიის ე.წ. რეტროგრად და რეფორმატორ ნაწილებს შორის.
  • 2001 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ახალი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა საქართველოსთვის“, რომლის ბირთვი შეადგინეს რეფორმატორებად ცნობილმა დეპუტატებმა - მიხეილ სააკაშვილმა, კობა დავითაშვილმა, ვანო მერაბიშვილმა და ლადო ჭიპაშვილმა.
  • 2002-2004 წლებში ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანია.

2004 წლის 26 იანვარს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილს ნიშნავს უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე, რომელიც მანამდე თედო ჯაფარიძეს ეკავა.

  • 2004 წლის ივნისში ვანო მერაბიშვილს ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე აწინაურებს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია. ვანო მერაბიშვილი ინარჩუნებს უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს და პარალელურად იკავებს უშიშროების მინისტრის თანამდებობას.
  • 2004 წლის დეკემბრიდან (2012 წლამდე) ვანო მერაბიშვილი პოლიციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის (მოგვიანებით შს) მინისტრია.
  • 2005 წლის იანვრიდან თბილისის ყველა უბანში მუშაობას იწყებს ავტო და ქვეითი პატრულის ჯგუფები, რომელთა პასუხისმგებლობის სფეროებს ვანო მერაბიშვილი ასე განსაზღვრავს: საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა; მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა; დანაშაულის აღკვეთა; ადამიანის უფლებების დაცვა.

2005 წლის 3 თებერვალს ვანო მერაბიშვილმა აუწყა საზოგადოებას პრემიერ-მინისტრ, ზურაბ ჟვანიას დაღუპვა: „ეს იყო უბედური შემთხვევა. პრემიერ-მინისტრი გაზის გაჟონვის შედეგად მოიწამლა“.


2006 წლის 28 იანვარს, მოკლული იპოვეს „გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი. 6 მარტს შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროს ოთხი თანამშრომელი - გია ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე გაჩავა და მიხეილ ბიბილური - გირგვლიანის საქმის გამო დააპატიმრეს, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილები. საქმეში ასევე ფიგურირებდნენ ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე დათა ახალაია, შსს-ს გენინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე და შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან გურამ დონაძე.

  • 2007 წლის 7 ნოემბერს, დილის 08.00 სთ სამართალდამცავებმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია დაშალეს და რამდენიმე პირი დააკავეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მოტივით. პოლიციამ აქციის დასაშლელად გამოიყენა ცრემლსადენი აირი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური თოფები და წყლის ჭავლი.
  • შს სამინისტრომ, რომელსაც ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა, გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი და ვიდეომასალა, რომელიც საშუალებას აძლევდა ხელისუფლებას განეცხადებინა, რომ ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი რუსეთის დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობდა.
  • 7 ნოემბერს, ღამით, ნიღბიანმა სამართალდამცავებმა ტელეკომპანია „იმედი“ დაარბიეს, ტელევიზიის პერსონალი შენობიდან გამოყარეს და აპარატურა გაანადგურეს.

”ორი გვამი მჭირდება. მომიტანეთ ეს ორი გვამი. ვსო. პრემია დიდია”, - ეს სიტყვები ვანო მერაბიშვილმა 2009 წლის 5 იანვარს,მუხროვანის ჯავშანსატანკო ბატალიონში წამოწყებულ ამბოხთან დაკავშირებული სპეცოპერაციის დაგეგმვისას წარმოთქვა. მუხროვანის საქმეზე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 20-მდე პირს, ერთი კი სპეცოპერაციის დროს იქნა მოკლული.

2011 წლის 26 მაისის შს სამინისტროს სპეციალურმა რაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა„სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე. 2014 წლის 27 თებერვალს ამ საქმეზე ვანო მერაბიშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ამნისტიის კანონის საფუძველზე, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა პატიმრობა 4 წლითა და 6 თვის ვადით.

  • 2011 წლის ოქტომბერში კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იცნობს მერაბიშვილს „როგორც კარგ მენეჯერს, კარგ ორგანიზატორსა და ბევრი დადებითი თვისებების მქონე პიროვნებას“.
  • 2012 წლის 30 ივნისს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშნა.
  • 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ვანო მერაბიშვილმა დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელიც 2012 წლის 25 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა დაიკავა.

2013 წლის 21 მაისს ვანო მერაბიშვილი დააკავეს და ბრალი წაუყენეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის მუხლებით.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG