Accessibility links

იოანე ნათლისმცემლის შვიდი გამოსახულება


ევროპელი ფერმწერებისთვის ნათლისღება ყოველთვის საინტერესო სიუჟეტი იყო, ამიტომ ამ თემაზე უამრავი ნახატია შექმნილი.

რადიო თავისუფლება გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს, რომელიც ნათლისღებასა და იოანე ნათლისმცემლის გამოსახულებასთან არის დაკავშირებული.

იორდანე, როგორც ადამიანი

რივენა, იტალია. ეს მოზაიკა მე-5-მე-6 საუკუნეებით თარიღდება და ერთ-ერთი უძველესია. მასზე გამოსახულია მაცხოვარი, იოანე ნათლისმცემელი და... მდინარე იორდანე. იორდანეს, როგორც პერსონის, დახატვა ხატწერაში მიღებული პრაქტიკაა.

ქრისტე და დრაკონი

ამ ხატზე კი იორდანე მდინარეში წამოწოლილი კაცუნას სახით არის წარმოდგენილი.

ნათლისღების ზოგ ხატზე გამოისახება ასევე ურჩხული, რომელზეც ქრისტე დგას, ნიშნად იმისა, რომ მან ბოროტება დათრგუნა. სხვადასხვა ხატზე ურჩხული გამოსახულია გველეშაპის, დრაკონის ან გველების სახით.

ორი ბავშვი

ნათლისმცემელი ჩანს კრანახის ნახატებშიც. ლუკას კრანახი უფროსი რელიგიურ თემებს ხშირად ეხებოდა და ამ კონკრეტული ნახატის რამდენიმე ვერსია აქვს შექმნილი.

მას ასევე დახატული აქვს ნათლისმცემლის ქადაგება და სალომე, რომელსაც წინასწარმეტყველის მოკვეთილი თავი უჭირავს.

ნახატი, რომელზეც იოანე და იესო არიან გამოსახული, 1540 წელს შეიქმნა და შვეიცარიაში, ბერნის მუზეუმში, ინახება.

ქრისტე და რომი

ნახატი სიქსტეს კაპელაზე, რომელიც ქრისტეს ნათლობას ასახავს, შესრულებულია რენესანსის ეპოქის იტალიელი მხატვრის, პიერო პერუჯინოს მიერ. ნახატზე გამოსახულია მაცხოვარი, იოანე ნათლისმცემელი, იქვე ორი ანგელოზი სამოსით ხელში და ხალხი. ქალაქი, რომელიც უკანა ფონზე მოჩანს, რომის ანალოგიაა - დახატულია რომის კოშკი, პანთეონი და კოლოსეუმი.

ბლუმარტის ნახატი

ისევ ქრისტეს ნათლობა, ამჯერად აბრაამ ბლუმარტის შესრულებით - 1602 წელი. ნახატი ინახება კანადის ეროვნულ გალერეაში. ნახატზე წინა პლანზე მეორეხარისხოვანი პერსონაჟები არიან წარმოდგენილი, თავად ქრისტესა და ნათლისმცემლის ფიგურები კი მოშორებით მოჩანს.

იოანეს ღიმილი

ლეონარდო და ვინჩის იოანე ნათლისმცემელი არაერთხელ ჰყავს დახატული.

ამ სურათზე ნათლისმცემლის ტყვეობაა გამოსახული და წინასწარმეტყველის ღიმილი ხელოვნებათმცოდნეებს მონა ლიზას ღიმილს ახსენებს.

არის ვერსია, რომ ეს ლეონარდოს ბოლო ნახატია. ინახება ლუვრში.

ორი Vergine delle rocce

ისევ ლეონარდო და ვინჩი, „ღვთისმშობელი კლდეებთან“ (Vergine delle rocce) - ლეონარდოს ამ ნახატის ორი ვერსია აქვს შექმნილი. ერთი მათგანი ლონდონში, მეორე კი პარიზში ინახება. აქ გამოსახულები არიან პატარა მაცხოვარი და იოანე, მარიამსა და ანგელოზთან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG