Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირან-ისრაელის კონფლიქტი: ახლო აღმოსავლეთი ამჯერად გადაურჩა დიდ ომს


ჩამოგდებული ირანული ბალისტიკური რაკეტის ნაწილი წითელ ზღვასთან. ისრაელი, 2024 წლის 21 აპრილი
ჩამოგდებული ირანული ბალისტიკური რაკეტის ნაწილი წითელ ზღვასთან. ისრაელი, 2024 წლის 21 აპრილი

19 აპრილს ისპაანში აფეთქების ხმა გაისმა - დრონებით თავდასხმის უკან, დიდი ალბათობით, ისრაელი იყო. ორი დღის შემდეგ, ირანის უზენაესმა ლიდერმა მხოლოდ თავისი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს გადაუხადა მადლობა ერთი კვირით ადრე ისრაელზე განხორციელებული თავდასხმისთვის, 19 აპრილის გამო კი ისრაელს აღარ დამუქრებია.

მდგომარეობა ამ ეტაპზე განმუხტული ჩანს, თუმცა ირანის თავდასხმამ და ისრაელის პასუხმა ამ ორი ქვეყნის მრავალწლიანი კონფლიქტის პარადიგმა შეცვალა.

გავიხსენოთ

რა მოხდა ერთი კვირის წინ?

14 აპრილს ირანმა ისრაელს ერთ ღამეში ესროლა 170 დრონი, 120 ბალისტიკური და 30 ფრთოსანი რაკეტა. თუმცა ისრაელისთვის, განსაკუთრებით ბოლო თვეების განუწყვეტელი დაძაბულობის ფონზე, ეს განსაკუთრებული გამოწვევა არ ყოფილა - გარიჟრაჟამდე მთავრობამ მოქალაქეებს აცნობა, რომ შეეძლოთ, ბომბსაფრები დაეტოვებინათ. მალევე გაიხსნა ქვეყნის საჰაერო სივრცეც.

ირანის ნასროლი დრონებიდან ისრაელის ტერიტორიამდე არცერთს არ მიუღწევია, ისრაელის საზღვრის გადაკვეთამდე ჩამოაგდეს 25 ფრთოსანი რაკეტაც, ბალისტიკური რაკეტების უმრავლესობას კი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა მარტივად გაუმკლავდა. ისრაელის მთავრობა იუწყება, რომ წარმატებით ჩამოაგდეს ირანის ნასროლი იარაღის 99%.

შესაბამისად, ირანულ თავდასხმას დიდი მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავდა 7 წლის ისრაელელი გოგონა, რომელსაც ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევი მოხვდა და მცირედით დაზიანდა ნევატიმის სამხედრო ბაზა, რომელმაც მუშაობა ჩვეულებრივად განაგრძო.

მცირე ზიანი მოულოდნელი არ ყოფილა იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელისთვის ირანული თავდასხმა მოულოდნელი საერთოდ არ ყოფილა - მათ უკვე რამდენიმე საათით ადრე იცოდნენ ამის შესახებ. შედეგად, მათ, ამერიკელებს, ბრიტანელებს, ფრანგებსა და იორდანიელებს საკმარისი დრო ჰქონდათ, რომ საფრთხე გაენეიტრალებინათ.

ირანელები საკუთარი ქმედებით უკმაყოფილონი მაინც არ ჩანან. „საქმე მოგვარებულად შეიძლება ჩაითვალოს“, - წერია ირანის გაეროს მისიის განცხადებაში, რომელიც 14 აპრილს, თბილისის დროით ღამის ორ საათზე გამოქვეყნდა, როცა ისრაელი და მისი მოკავშირეები ირანულ რაკეტებს ყრიდნენ.

რატომ დაესხა თავს ირანი ისრაელს?

ისრაელისა და ირანის მტრობას ხანგრძლივი ისტორია აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, 2023 წლის 7 ოქტომბერი ახალი ეტაპის დასაწყისი აღმოჩნდა.

ოქტომბრიდან მოყოლებული, პალესტინელების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, ირანის საჯარო მხარდაჭერით, ირანის მოკავშირე დაჯგუფებები ისრაელის და აშშ-ის ობიექტებს თავს ესხმიან.

მაგალითისთვის, იემენელმა ჰუთებმა წითელ ზღვაში კომერციული გემები ამოიღეს მიზანში და მსოფლიო ვაჭრობას აფერხებენ.

ლიბანური ჰეზბოლა კი თითქმის ყოველდღე ბომბავს ისრაელს, რის გამოც 80 ათასამდე ისრაელელს მოუხდა საცხოვრებლის დატოვება, თუმცა ომის გაჩაღებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. საპასუხოდ, ისრაელის პასუხიც მოზომილია.

სხვანაირადაა საქმე სირიის შემთხვევაში, სადაც მრავალწლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი ზედმეტად დასუსტებულია საიმისოდ, რომ ისრაელს პასუხი გასცეს, ირანის მოკავშირე ადგილობრივ დაჯგუფებებს კი ჰეზბოლას მსგავსი შეიარაღება არ გააჩნიათ.

ოქტომბრის შემდეგ, ისრაელმა სირიის ტერიტორიაზე ათეულობით თავდასხმა განახორციელა. დეკემბრის ბოლოს, მათ დამასკში ირანელი გენერალი მოკლეს, იანვარში კი - ხუთი ირანელი ოფიცერი, მათ შორის იყო ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი სირიაში.

კულმინაცია კი პირველი აპრილის თავდასხმა აღმოჩნდა. ისრაელმა სირიის დედაქალაქში ირანის საელჩოს ტერიტორია დაბომბა, რასაც ირანის ბრიგადის გენერალი, მოჰამად რეზა ზაჰედი და კიდევ ექვსი ირანელი ემსხვერპლა.

2020 წლის იანვარში ყუდსის ძალების სარდალი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ, ირანს ასეთი მაღალი რანგის ფიგურა არ დაუკარგავს. შესაბამისად, ირანელები ამგვარ მოვლენას უპასუხოდ ვერ დატოვებდნენ.

„ჩვენს საკონსულოზე თავდასხმა ჩვენს მიწაზე თავდასხმას უდრის“, - განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ცხრა აპრილს და პირობა დადო, რომ ისრაელი დაისჯებოდა.

პარადიგმის ცვლილება

ერთი შეხედვით, შეიძლება, ირანის თავდასხმა წარუმატებლობად მოინათლოს იმ ფონზე, რომ მას ისრაელისთვის ხილვადი ზიანი არ მიუყენებია და ნასროლი რაკეტებისა და დრონების უმრავლესობა ჰაერში გაანადგურეს.

თუმცა დამკვირვებლები თვლიან, რომ მსხვერპლი ირანის მიზანი სულაც არ ყოფილა.

„მართლაც, ირანს ისრაელისთვის სერიოზული ტკივილის მიყენება რომ ნდომოდა, უფრო დიდი დოზით გამოიყენებდა სწრაფად მფრინავ მაღალი სიზუსტის ბალისტიკურ რაკეტებს, მისცემდა რა ისრაელს ნაკლებ დროს მომზადებისა და პასუხისათვის.

გარდა ამისა, ოპერაციაში ჩართავდა თავისი რეგიონული მოკავშირეების მნიშვნელოვან საბრძოლო ძალას, განსაკუთრებით ქმედითუნარიან ჰეზბოლას და გამოიწვევდა მრავალფრონტიან კონფლიქტს“, - წერენ ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის, ჩეთემ ჰაუსის მკვლევრები, სანამ ვაქილი და ბილალ სააბი.

ირანის თავდასხმა გამორჩეული სხვა რამით იყო - მრავალწლიანი დაპირისპირების განმავლობაში, ირანმა ისრაელს პირველად შეუტია საკუთარი ტერიტორიიდან - აქამდე მხოლოდ მოკავშირე დაჯგუფებებს ეყრდნობოდა.

„ისრაელი და ირანი წინააღმდეგობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ, სადაც ერთმანეთის ტერიტორიაზე შეტევის მიტანა ახალ ნორმად არის ქცეული“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან აღმოსავლეთმცოდნე ემილ ავდალიანი.

საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის ირანის პროგრამის დირექტორის, ალი ვაეზის თანახმად, პარადიგმის ცვლილების უკან „კომპრომისების მოწინააღმდეგეები“ დგანან, რომლებიც რეჟიმის შიგნით „აღმავალ გზაზე არიან“ და პირდაპირი თავდასხმისგან თავშეკავება სისუსტის გამოვლინებად მიაჩნიათ:

„მათ უბიძგეს მთავრობას მეტი რისკისა და კონფრონტაციაზე წასვლისკენ“.

ემილ ავდალიანი კი დასძენს, რომ 14 თებერვლის თავდასხმით, „თეირანმა მოახერხა პრესტიჟის შენარჩუნება თავის მოკავშირეების თვალში, მან ასევე სიმპათია დაიმსახურა არაბული ქვეყნებისგან“.

თუმცა პირდაპირ კონფრონტაციას ირანისთვის თავისი გეოპოლიტიკური ფასი ჰქონდა. პირდაპირი თავდასხმით, ირანმა ისრაელი ღაზაში მიმდინარე ომის გამო წარმოშობილი მზარდი საერთაშორისო იზოლაციიდან გამოიყვანა.

ისრაელს არა მხოლოდ დასავლურმა სახელმწიფოებმა გამოუცხადეს მხარდაჭერა, არამედ ირანული ბომბების ჩამოყრაში არაბულმა ქვეყნებმაც მიიღეს მონაწილეობა - იორდანიამ უშუალოდ, ხოლო საუდის არაბეთმა ირიბად, სადაზვერვო ინფორმაციის უზრუნველყოფით.

პასუხის პასუხი: “ყველაზე ნაკლებად სარისკო ვარიანტი”

„თუ ირანი თავისი ტერიტორიიდან შემოგვიტევს, ისრაელი პასუხს გასცემს და ირანს დაესხმება თავს“, - დაწერა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა, 10 აპრილს, ირანის თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე და პოსტზე აიათოლა ალი ხამენეი მონიშნა.

ირანის შემდეგ ისრაელელი მაღალჩინოსნები არ მალავდნენ, რომ ირანის თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებდნენ. თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია იუწყებოდა, მთავრობა პირველ დღეებში ვერ შეთანხმდა, რა სახის პასუხი გაეცა ირანისთვის.

ისრაელის მე-12 არხის ცნობით, ისრაელის საგანგებო საომარი კაბინეტის წევრი, ბენი განცი ირანისთვის პასუხის გაცემას ჯერ კიდევ მაშინ მოითხოვდა, როცა ირანული დრონები და რაკეტები ჰაერში იყო, თუმცა მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ შეეწინააღმდეგა.

16 აპრილს კი ბენი განცმა თქვა, რომ „ისრაელი სტრატეგიული სიბრძნიდან გამომდინარე იმოქმედებს და [ირანს] პასუხს გასცემს ისეთ დროს, ადგილას და ისეთი ფორმით, როგორსაც თვითონ აირჩევს“.

ამ განცხადებიდან სამ დღეში, 19 აპრილს, აიათოლა ალი ხამენეის 85-ე დაბადების დღეზე ირანის სიდიდით მეორე ქალაქში, ისპაანში, აფეთქების ხმა გაისმა.

ირანელების განცხადებით, მათ ისპაანთან სამი დრონი ჩამოაგდეს.

როგორც ამერიკული მედია და მთავრობის წარმომადგენლები მოგვიანებით აცხადებდნენ, თავდასხმის მიღმა ისრაელი იდგა, თუმცა ისრაელს მომხდარზე ოფიციალურად არ აუღია პასუხისმგებლობა.

19 აპრილამდე დამკვირვებლები მსჯელობდნენ, გაბედავდა თუ არა ისრაელი, პირდაპირ ირანის ტერიტორიას დასხმოდა თავს. საბოლოო ჯამში, ასეც აღმოჩნდა და მეტიც, გამოყენებული დრონების სახეობა იმაზე მიუთითებს, რომ თავდასხმა უშუალოდ ირანის ტერიტორიიდან განხორციელდა - მათ შორ მანძილზე ფრენა არ შეუძლიათ.

ამისდა მიუხედავად, ისრაელში დაფუძნებული კვლევითი ინსტიტუტის, ეროვნული უსაფრთხოებების სწავლებების უფროსმა მკვლევარმა, რაზ ზიმტმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ისრაელმა ყველაზე ნაკლებად სარისკო ვარიანტი აირჩია საპასუხოდ.

იგივე უთხრა რადიო თავისუფლების სპარსულ სამსახურს ფარზინ ნადიმიმ, ვაშინგტონის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა - თუ ამ თავდასხმის უკან მართლაც ისრაელი დგას, მაშინ ისე განახორციელეს, რომ რაც შეიძლება დაბალი ყოფილიყო ირანის პასუხის რისკიო.

რაზ ზიმტმა კი დასძინა, რომ ისრაელის მხრიდან პასუხისმგებლობის არაღება სწორედ შემდგომი ესკალაციის რისკის შემცირებას ემსახურებოდა:

„თუ ისრაელი მომხდარზე პასუხისმგებლობას აიღებს, რისი ტენდენციაც ზოგჯერ ჩანს ისრაელელ პოლიტიკოსებში, მაშინ შეუძლებელი არ იქნება, მაგრამ გართულდება, რომ ირანმა პასუხი არ გასცეს“.

მართლაც, დრონებით თავდასხმის შემდეგ ირანის მთავრობის წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერსს“ უთხრა, რომ ისინი ამ ეტაპზე ისრაელისთვის პასუხის გაცემას არ აპირებდნენ.

21 აპრილს, ისრაელის სავარაუდო თავდასხმიდან ორ დღეში კი, თავად აიათოლამ ირანის შეიარაღებულ ძალებს ისრაელზე 14 აპრილს განხორციელებული თავდასხმისთვის გადაუხადა მადლობა. დამკვირვებლების შეფასებით, ის ფაქტი, რომ ირანის უზენაესი ლიდერი 19 აპრილის გამო ისრაელს პასუხით აღარ დამუქრებია, სწორედ ესკალაციის შემცირებულ რისკზე მიუთითებს.

„ამ მომენტისთვის აშშ-მა მოახერხა ახლო აღმოსავლეთში დიდი ომის თავიდან აცილება. თუმცა ამის გაკეთება სულ უფრო გაძნელდება“, - თქვა რადიო თავისუფლებასთან ემილ ავდალიანმა.

XS
SM
MD
LG