Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირმა ნადირაშვილი: არ მიმდინარეობს კონსულტაციები უმცირესობის სტატუსის შესანარჩუნებლად


„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს პარლამენტში უმცირესობის სტატუსის შესანარჩუნებლად.

4 მარტს, მას შემდეგ, რაც უმრავლესობის შემადგენლობიდან კიდევ ორი დეპუტატი გავიდა, „ევროპულმა საქართველომ“ უმცირესობის სტატუსი დაკარგა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ნადირაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აცხადებს, რომ პარტია უმცირესობის სტატუსის გარეშეც მიაღწევს მიზანს:

„რა თქმა უნდა, ეს სტატუსი საპარლამენტო ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, რადგან ის გვაძლევს დამატებით ბერკეტებს, მათ შორის საპარლამენტო გამოსვლების დროს, თუმცა, ახლა უფრო მნიშვნელოვანია ის პროცესები, რომელიც ხდება „ქართულ ოცნებაში“, ეს არის ძალიან მწვავე კრიზისი და კონფლიქტი უმრავლესობის შიგნით და „ევროპული საქართველო“ თავისი სამი ფრაქციით ხელს შეუწყობს ამ კრიზისის გაღრმავებას და ამ სამი ფრაქციით მიაღწევს იმ მთავარ მიზანს, რომელიც მას აქვს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ჩამოშორება ხელისუფლებისგან“.

ირმა ნადირაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამორიცხულია, საკითხი არ დადგეს დღის წესრიგში.

გასულ კვირაში, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე არ გამორიცხავდა "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" უმცირესობის ფორმატში გაერთიანებას საპარლამენტო უმცირესობის დაშლის თავიდან აცილების მიზნით და აცხადებდა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციებიც გაიმართებოდა.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში უმცირესობა 20 დეპუტატისგან შემდგარი “ევროპული საქართველოს“ წევრებით იყო წარმოდგენილი.

საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან დეპუტატების გასვლამდე, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ სულ 14 დეპუტატი იყო. მათ რიგებს ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და 4 მარტს უკვე გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური შეემატნენ. შედეგად, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ 41 დეპუტატი აღმოჩნდა.

ამგვარმა გადაადგილებამ, “ევროპული საქართველოს“ უმცირესობის დაშლა გამოიწვია.

"შესაბამისად, უმცირესობის ლიდერის თანამდებობას კარგავს დავით ბაქრაძე. “ევროპული საქართველო“ სასესიო და საკომიტეტო განხილვებისას, სიტყვით გამოსვლის იმ დამატებით შესაძლებლობას კარგავს, რაც მათ უმცირესობის დროით ჰქონდათ.

ევროპული საქართველო" ამჯერად პარლამენტში წარმოდგენილი იქნება სამი ფრაქციით: "ევროპული საქართველო", "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის" და "ევროპული საქართველო - რეგიონები".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG