Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისეთ რამეს დავეჯახეთ, რომლის ფორმულაც არაა. ყველამ თავისი წილი უნდა შეკვეცოს - მეიჯარემ იჯარა და ჩემნაირმა მეწარმეებმა - მოგების მარჟა“


კონსტანტინე რუხაძეს რადიო თავისუფლების აუდიტორია სამოქალაქო აქტივისტად იცნობს. ის ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ თანამშრომელია და მისი საქმიანობა უკავშირდებოდა ზიანის შემცირებისა და ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამებს, უფლებადაცვით საქმიანობას.

ბოლო ხანს შექმნილმა ვითარებამ აიძულა თავის ჩვეულ საქმიანობაში პაუზა აეღო და მცირე, საოჯახო ბიზნესით დაკავდა. ყოველი დილა საბითუმო ბაზრით იწყება, სადაც მაღაზიისთვის ხილ-ბოსტნეულს იღებს. ვიდრე გაყიდვას შეუდგება, თავის ფეისბუკის გვერდზე წერს დილის ამბებს: რა პროდუქტი რამდენი ღირს? რომელს რა უპირატესობა აქვს? რა არის ამა თუ იმ პროდუქტის გონივრული საცალო ფასი? ზოგან საბითუმო ბაზარში ურიკებით მომსახურების ფასის გაძვირებაზე ჩივის, ზოგჯერ კი დისტრიბუციის შეზღუდვაზე:

„როცა დაიწყო ეს სიტუაცია, საგანგებო მდგომარეობა და ჩემს თვალწინ ხდებოდა ძალიან ბევრ პროდუქციაზე სპეკულაციურად ფასების გაზრდა, ხელოვნურად ძვირდებოდა ყველაფერი და გადავწყვიტე, ჩემი ფეისბუკმეგობრებისთვის მიმეწოდებინა სწორი ინფორმაცია, რომ მათ დანახარჯები არ გაზრდოდათ. ახლა ყოველდღიური დანახარჯი შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეკონომიკის სრულად აღდგენამდე გრძელვადიანი პერიოდი იქნება, ვიდრე ადამიანები შეძლებენ სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას. ამიტომ დანაზოგი, რომელიც მათ აქვთ, უნდა იხარჯებოდეს რაციონალურად“.

კონსტანტინე რუხაძე ყოველ ჯერზე, როცა საბითუმო პუნქტში მივა და პროდუქციის სახეობებს, ხარისხსა და ფასებს გაეცნობა, ინფორმაციას თავის ფეისბუკის გვერდზე წერს და სავარაუდო საცალო ფასებსაც უთითებს ამა თუ იმ ხილსა თუ ბოსტნეულზე. ასე იყო სამშაბათს დილითაც. ამჯერად მას რადიო თავისუფლების ეთერით ჰქონდა საშუალება, ეს ინფორმაცია გაეზიარებინა საზოგადოებისთვის:

„დღეს დილით დეფიციტური პროდუქტი იყო ქართული მარწყვი. როგორც ჩანს, და ასე განმარტეს იქ მყოფმა მეწარმეებმა, ვერ მოხერხდა წვიმიანობის გამო მოკრეფა. თუმცა, საბითუმო ფასი არ იყო გაზრდილი. ეს დღეებია მარწყვი მერყეობს 8-დან 10 ლარს შორის, ხარისხიდან გამომდინარე. შესაბამისად, მისი საცალო ფასი 15 ლარზე ზევით არანაირად არ უნდა იყოს. როცა შევძელით, მაგალითად, 8 ლარში აგვეღო, მაღაზიაში ვყიდდით 9,9-ში. ეს არ არის კომერციული ფასი და ვერავის მოვთხოვ, რომ ასე გააკეთოს. ეს უფრო სოციალური ფასი იყო, რადგან ახალი პროდუქტი იყო და გვინდოდა მომხმარებლებს ცოტა მაინც შეეძინათ და მიეტანათ სახლში, თორემ იდეაში მარწყვის სტანდარტული ფასი არის 12-15 ლარი. ბაზარზე ცარიელი ადგილი არ რჩება და ის მყარად აქვს დაკავებული თურქულ მარწყვს, რომლის საბითუმო ფასი გაცილებით დაბალია - 7-8 ლარი. ხარისხიანი მარწყვია. შეიძლება გემოვნური თვისებებით ჩამოუვარდებოდეს ჩვენს მარწყვს, მაგრამ საღია.

იმედი მაქვს, გაიზრდება ქართული მაწყვის კრეფა, ბაზარზე მეტი შემოვა, აისახება ფასებზე და ისეთივე კარტელური გარიგება არ მოხდება, როგორიც იყო კიტრზე. აი, „დეზერტირების ბაზარზე“ „პარაზიტების ბაზარი“ რომ ვთქვი, ჩემი აღშფოთება გამოიწვია კიტრმა და როგორც მივადევნე თვალი, ეს იყო პირდაპირი გარიგება: თურქული კიტრი იყო შემორჩენილი და მისი ფასი რომ არ დაცემულიყო, ხელოვნურად მოხდა ქართული კიტრის შეჩერება (დასაწყობება). დღეს კიტრმა ცოტათი დაიკლო. საბითუმო ფასი იყო 2.2-2.4 ლარი, რაც საშუალებას მისცემს მეწარმეებს, 3 ლარის ფარგლებში გაყიდონ კიტრი და ეს ტენდენცია გაგრძელდება, რადგან უკვე დაიწყება გრუნტის კიტრის შემოსვლა.

ასევე ქვევით არის წამოსული ახალი კარტოფილი. დიდი ზომის კარტოფილის საბითუმო ფასი იყო 2 ლარი და 3 ლარზე ძვირი არ უნდა ღირდეს საცალო ქსელში. მცირე ზომის კი 3.5-ზე ძვირი არ უნდა ღირდეს.

დღეს ბაზარზე არის სამნაირი კარტოფილი: ეგვიპტური, რომელიც ვიზუალურად მშვენიერია, თუმცა მისი გემოვნური თვისებები არის სადაო (მე, მაგალითად, მომწონს); არის აზერბაიჯანული კარტოფილი, რომელიც ასევე კარგია და არის ჩვენი, ქართული კარტოფილი. მათ შორის კონკურენცია არის ძალიან მცირე. ქართულმა კარტოფილმა დაიკლო ბოლო დროს და საბითუმო ფასი 1.8-ზე ჩამოვიდა, როცა ეგვიპტური და აზერბაიჯანული 2 ლარი ღირს. ასე რომ, საცალო ფასი 2.5-ზე მეტი არ უნდა იყოს და ამაზე მეტი მომხმარებელმა არ უნდა გადაიხადოს.

დღეს რაც გაიაფდა, იყო ბადრიჯანი, რომლის საბითუმო ფასი ჩამოვიდა 2 ლარზე. შესაბამისად, საცალო ფასი 3.5-დან უნდა ჩამოვიდეს სადღაც 2.8-3 ლარამდე. სამწუხაროდ, არანაირი ცვლილებები არ ეხება ჯერჯერობით ხილს. შეიძლება, ბიზნესისთვის არასწორია, მაგრამ ზოგჯერ ისეთი შინაგანი პროტესტი მაქვს ხოლმე, რაღაც პროდუქციას საერთოდ არ ვიღებ. დღეს, მაგალითად, მწვანე ვაშლის ასაღები ფასი იყო 5 ლარი, რომელიც გუშინ ღირდა 4 ლარი. ახალი მანქანააო, მაგრამ ვხედავ, რომ მანქანის ნომრები იგივეა. ვერც დაიცლებოდა ერთ დღეში. მოთხოვნა არის, მიყვებიან მყიდველები ფასის ზრდას, მაგრამ საბოლოოდ ეს ჩვენს ოჯახებს აწვება.

ვაშლები არის გაძვირებული და 5.5-6 ლარიც იქნება ნებისმიერი სახეობის ვაშლი. ქართულმა ვაშლმა დათმო პოზიციები და ყველაზე მეტად ბაზარზე არის კეხურა, რომელიც შედარებით იაფია და 3 ლარზე მეტი მაღაზიაში არ უნდა ღირდეს.

კიდევ რაც არის კარგი, გაიაფდა ნიორი. ქართული ნიორი შემოვიდა უკვე და მისი საბითუმო ფასი იყო 3.5-4 ლარი და ამიტომ 6-7 ლარზე მეტი არ უნდა იყოს მაღაზიებში, რასაც მოჰყვა ძველი ნიორის ფასის კლებაც. დღეს საბითუმო ფასი იყო 17-18 ლარი, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, 22-25 ლარში იყიდოს.

კარგი ტენდენციაა ის, რომ ყველმა დაიწყო გაიაფება. ძალიან ბევრი მოვაჭრეა და მყიდველი - შედარებით ცოტა.

კარგი იმერული ყველი 13 ლარზე ძვირი არ უნდა ღირდეს. სულგუნს ცოტა უჭირს ქვევით ჩამოსვლა და 17 ლარი არის სულგუნის კარგი ფასი ბაზარში“.

მეწარმის რუტინამ და ბაზრის პროცესებზე ინტენსიურმა დაკვირვებამ კონსტანტინე რუხაძეს კარგად აჩვენა, როგორ ვნებს ეკონომიკურ პროცესს ხელოვნური ჩარევები:

„ეკონომიკას არ უყვარს არანაირი ხელოვნურობა. თუკი რაიმეს ერთ მხარეს მიაწვები, რომ შეამცირო, ის აუცილებლად მეორე მხარეს გამოიბერება. ეკონომიკაზე ხელოვნური ზეწოლა, რა თქმა უნდა, არ არის შედეგის მომტანი. სხვა არის კიდევ არაპატიოსანი ეკონომიკური საქმიანობა, რაც ყველგან არის. ადამიანები ხშირად ცდილობენ, რომ მოითბონ ხელი.

ნათქვამია, რომ კრიზისი ავლენს ახალ შესაძლებლობებს. ვფიქრობ, ჩვენთვის ეს უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ სწორად დაიგეგმოს ინფრასტრუქტურა, რა სჭირდება ქვეყანას“.

ეკონომიკის არაერთი ექსპერტი ვარაუდობდა, რომ ტურიზმის მომსახურე სექტორიდან (სასტუმროები, კაფეები, რესტორნები) ბაზარზე მოთხოვნის მკვეთრი შემცირება ფასებსაც დაეტყობოდა და შემცირდებოდა კიდეც. თუმცა, ჯერჯერობით, ბაზარს მსგავსი არაფერი ეტყობა. კონსტანტინე რუხაძე საინტერესო დაკვირვებას გვიზიარებს:

„მეც იგივე მოლოდინი მქონდა, მაგრამ მოთხოვნა რომ არის შემცირებული, შესაბამისად, რეალიზაციაც არის დაკლებული. ადამიანს პროდუქტი რომ გამოჰქონდა ბაზარზე, მაგალითად, ერთი ტონა, რომელზეც ათთეთრიანი ფასნამატის შემთხვევაში, 100 ლარი დარჩებოდა. ახლა, როცა ხედავს, რომ ბრუნვა არ არის, ცდილობს ცოტაში მოიგოს მაქსიმალური თანხა. ის ტონას ვეღარ გაყიდის, გაყიდის 500 კილოს და ფიქრობს - მოდი, მოვიგებ იმდენს, რაც ტონაში უნდა მომეგო“.

„დილის საუბრების“ სტუმრის აზრით, სახელმწიფოს უნდა უზრუნველეყო, რომ შეზღუდვების დაწესება უფრო გათვლადი და უკეთესად ორგანიზებული ყოფილიყო. ადამიანები, ვინც პროდუქციას აწარმოებს და, მათ შორის, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები, მოწეული მოსავლის დალპობის შიშით იძულებული არ უნდა გაეხადათ, რომ კაპიკებში მიეყიდათ იგივე კიტრი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული დისტრიბუტორისთვის:

„ეს არის სახელმწიფოს ყველაზე დიდი მინუსი, რომ ადამიანებს არ დაანახა მომავალი. ბაზრის დაკეტვები ძალიან ქაოსურად მოხდა. ხალხი გახდა იძულებული, „ჯიბე“ იქნებოდა თუ „კაპიუშონი“, მიეყიდათ თავიანთი პროდუქცია...“.

კონსტანტინე რუხაძის თქმით, ბოლო ხანს იმატა მაღაზიიდან პროდუქტის ნისიად წაღების შემთხვევებმა. ადრე ვინც არ სარგებლობდა ნისიით, ახლა სარგებლობს. ადრე თუ მთელი თავი სულგუნი მიჰქონდა ვიღაცას, ახლა ნახევარი მიაქვს:

„რეალურად, ან ფინანსები შეუმცირდათ, ან დაიწყეს თავიანთი ხარჯების შეზღუდვა, რადგან არ იციან რა იქნება.

...ისეთ რამეს დავეჯახეთ, რომლის ფორმულა არ არსებობს, მაგრამ ყველამ თავისი წილი უნდა შეკვეცოს. მეიჯარემ თავისი იჯარა უნდა შეკვეცოს და ჩემნაირმა მეწარმეებმა თავისი მოგების მარჟა. კონსოლიდაცია და ერთმანეთზე ზრუნვა მნიშვნელოვანია.

ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის, რომ მოხდეს რესურსების დაზოგვა, რადგან არ ვიცით, რა გველოდება. უნდა იყოს შინაგანი მზაობა. ბევრ რამეზე უარის თქმა მოგვიწევს. საკვებზე უარს ვერ ვიტყვით და არ უნდა მოხდეს აქაც გადახარჯვა“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG