Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ისტორია მეორდება” - რა დაემართა წყალქვეშა ნავ "ტიტანს", რომლის ნამსხვრევებიც “ტიტანიკის” ახლოს იპოვეს


18 ივნისს, ოკეანის ფსკერზე ჩაყვინთვისას წყალქვეშა ნავ "ტიტანში" 5 მგზავრი იმყოფებოდა.
18 ივნისს, ოკეანის ფსკერზე ჩაყვინთვისას წყალქვეშა ნავ "ტიტანში" 5 მგზავრი იმყოფებოდა.

კომპანია OceanGate-მა მისი წყალქვეშა ნავის, “ტიტანის” ეკიპაჟი დაღუპულად გამოაცხადა. ნავი, სავარუდოდ, წნევამ გაჭყლიტა და ნაწილებად დაშალა. ზუსტი მიზეზის დადგენა რთული იქნება. მთავარი ვერსია - ნავის კორპუსს წუნი ჰქონდა.

18 ივნისს, წყალქვეშა ნავი “ტიტანიკის” ფრაგმენტებთან უკვე მესამედ ჩადიოდა. იმისდა მიუხედავად, რომ ეჭვები მისი უსაფრთხოების შესახებ ადრეც არსებობდა.

მსოფლიოში ალბათ ყველაზე ცნობილი ხომალდის, “ტიტანიკის” ფრაგმენტები ატლანტის ოკეანეში, აშშ-ის ნაპირთან, დაახლოებით 4 ათასი მეტრის სიღრმეზე ასვენია. იქამდე “ტიტანი” 2 საათში უნდა ჩასულიყო, მაგრამ ჩაყვნითვიდან დაახლოებით საათსა და 45 წუთში მასთან კავშირი გაწყდა.

22 ივნისს, ოთხდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, აშშ-ის სანაპირო დაცვამ იპოვა ნამსხვრევები, რომელიც, სავარაუდოდ, “ტიტანს” ეკუთვნის. გენერალი ჯონ მაგუერი, რომელიც აშშ-ის სანაპირო დაცვას წარმოადგენს, ვერ აზუსტებს, მოახერხებ თუ არა ოკეანის სიღრმიდან დაღუპულთა ცხედრების ამოყვანას. თუმცა ამბობს, რომ ნამდვილად გააგრძელებენ იმის კვლევას, თუ რა დაემართა “ტიტანს”.

“შევაგროვებთ იმდენ ინფორმაციას, რამდენსაც შევძლებთ” - უთხრა მან გამოცემა “გარდიანს”. მთავარი კითხვა, რომელსაც გამოძიებამ უნდა. იპასუხოს, ჰქონდა თუ არა ტექნიკური წუნი წყალქვენაშა ნავის გარსს.

35 სპილო მხრებზე

ოკეანის ზედაპირზე ატმოსფერული წნევა 100 კილოპასკალს უდრის. რაც უფრო ღრმად ჩადიხართ წყალში, წნევა მით უფრო იზრდება. დაახლოებით 4 ათასი მეტრის სიღრმეზე, იქ სადაც ტიტანიკის ფრაგმენტებია, წნევა 41 ათას კილოპასკალს აჭარბებს.

“წარმოიდგინეთ, როგორია, როდესაც მხრებზე 35 სპილო გყავთ” - ამბობს ანა კარტჰაუსი, “დოიჩე ველეს” სამეცნიერო ჟურნალისტი.

ექსპერტები ამბობენ, რომ ამ წნევის პირობებში, წყალქვეშა ნავის კონტრუქციაში მცირე წუნიც კი დამღუპველია.

აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების თანახად, 18 ივნისსვე, მათმა აკუსტიკურმა სისტემებმა დააფიქსირა სიგნალები, რომელიც შეიძლებოდა წყალქვეშ ნავის გაჭყლეტისა და დაშლის ხმები ყოფილიყო. ისინი ზუსტად იმ ადგილიდან მოდიოდა, სადაც “ტიტანმა” ჩაყვინთა.

“ნიუ-იორკ ტაიმსი" წერს”, რომ მონაცემები მიიღეს საიდუმლო წყალქვეშა სენსორებისგან, რომელთა მიზანიც მტრის წყალქვეშა ნავების აღმოჩენაა. სანაპირო დაცვამ ინფორმაცია ბოლომდე სარწმუნოდ არ მიიჩნია და გადასცა ისინი სანაპირო დაცვას, რომელმაც ნავის ძებნა განაგრძო.

ეჭვები “ტიტანზე”

ანა კარტჰაუსის თქმით, ნავის დიზაინი ეჭვებს თავიდანვე იწვევდა. “როგორც წესი, მსგავსი წყალქვეშა ნავები, მრგვალია ხოლმე. “ტიტანი” კი მოგრძო იყო. ტურისტული დანიშნულებით იყენებდნენ და მასში 5 კაცი უნდა ჩატეულიყო” - ამბობს ის.

გარდა ამისა, საკმარისად არ იყო გამოკვლვეული რამდენად გაუძლებს ამ სიღრმეზე წნევას ნახშირბადის ბოჭკო, მასალა, რომლისგან “ტიტანის” გარსი იყო შექმნილი. უცნობია ისიც, რამდენად იცვითება ის წნევისგან. თანაც, “ტიტანის” უსაფრთხოება მისი შექმნელი კომპანიის, OceanGate-ის გარდა, არავის შეუსწავლია.

2018 წელს ნავის საიმედოობაში ეჭვი შეიტანა, OceanGate-ის საზღვაო ოპერაციების დირექტორმა, დევიდ ლოკრიჯმა.

გამოცემა “ნიუ-იორკ ტაიმსი” წერდა, რომ მას ყველაზე მეტად, “ტიტანის” ილუმინატორში ეპარებოდა ეჭვი. იგი წერდა, რომ 1300 მეტრზე ქვემოთ მან წნევას შეიძლება ვერ გაუძლოს.

1997 წელს ამერიკელმა რეჟისორმა ჯეიმს კემერონმა “ტიტანიკზე” ფილმი გადაიღო და ამისთვის მისი დაღუპვის ადგილას 33-ჯერ ჩაყვინთა. გამოცემა “გარდიანთან” საუბარში, ის პარალელს ხედავს ორ ტრაგედიას შორის. 1912 წელს ტიტანიკის კაპიტანს აისბერგების შესახებ აფრთხილებდნენ, თუმცა მან გემი არ შეანელა. იმისდა მიუხედავად, რომ მთვარე არ ჩანდა და ჩვეულებრივზე მეტად ბნელოდა.

“ისტორია მეორდება. იმავე ადგილას. ერთი ხომალდი მეორის გვერდით ასვენია და თან იმავე წყეული მიზეზით” - თქვა კემერონმა.

"ტიტანიკის" 2208 მგზავრიდან 1508 დაიღუპა. 111 წლის ჩაძირული გემის სანახავად დაღუპული "ტიტანის" ექსპედიციაში 5 მგზავრი იმყოფებოდა. 58 წლის ბრიტანელი მილიარდერი ჰემიშ ჰარდინგი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში სამჯერ მოხვდა. მაგალითად, 2021 წელს - იმისთვის, რომ მარიანის ღრმულის ფსკერზე, 11 ათასი მეტრის სიღრმეზე ჩავიდა და იქ 4 საათი და 15 წუთი გაატარა. 48 წლის პაკისტანელი ბიზნესმენი შახზადა დავუდი, ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. მასთან ერთადაა მისი 19 წლის შვილი, სულემანი. ​61 წლის სტოკტონ რაში, OceanGate-ის დამფუძნებელი. “ნიუ-იორკ ტაიმსი” წერს, რომ მისი ცოლი, ვენდი, “ტიტანიკზე” დაღუპული ორი მგზავრის შთამომავალია. 77 წლის ფრანგი მკვლევარი პოლ-ანრი ნარჟოლე. ეს “ტიტანიკთან” მისი 36-ე ჩასვლა იყო

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG