1955 წლის სექტემბერში რობერტ კენედი ცივი ომისთვის უჩვეულო მოგზაურობის ფარგლებში მოსკოვს ეწვია. მომავალი სენატორის თანამგზავრი ამერიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე იყო.
ჩაკეტილ ქვეყანაში 2-თვიანი მოგზაურობისას მათ თარჯიმნობას უწევდა რუსულენოვანი დიპლომატი, აშშ-ის არმიის ყოფილი ოფიცერი, რომლის პოზიციაც თეირანში ამერიკის საელჩოში, მის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) აგენტობას ნიღბავდა - ეს იყო ფრედერიკ ფლოტი.
საბჭოთა კავშირში მოგზაურობამ ამერიკაში კენედის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი გაზარდა - ბობ კენედის კარიერაც მისი უფროსი ძმის, ჯონის მსგავსად სწრაფი აღმავლობის გზაზე იყო.
ყურადღება მიიპყრო ფრედერიკ ფლოტმაც - სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (КГБ) ყურადღება. საბჭოთა საიდუმლო სამსახურმა ფლოტს საიდუმლო კოდური სახელიც მიანიჭა და მომდევნო 20 წელი ყურადღებით ადევნებდა თვალს ფლოტის კარიერას - შესაბამის დროს ელოდა რეკრუტირებისთვის.
1970-იან წლებში КГБ-მ შესაძლოა მიაღწია კიდეც დასახულ ამოცანას.
მოსკოვის მიერ ფლოტის გადაბირების მცდელობის დეტალები КГБ-ს საიდუმლო ხელნაწერი დოკუმენტების კოლექციაში ინახება, რომელიც "მიტროხინის არქივის" სახელითაა ცნობილი.
ეს დოკუმენტები ვასილი მიტროხინის სახელს ატარებს - КГБ-ს ყოფილი არქივარიუსის, რომელმაც წლები შეალია საიდუმლო დოკუმენტაციის ასლების კეთებას და საბოლოოდ ქვეყნიდან 1990-იანი წლების დასაწყისში ბრიტანეთში გაქცევისას, ფარულად გაიტანა.
ხელნაწერი დოკუმენტების რამდენიმე გვერდში დეტალურად არის აღწერილი КГБ-ს კომუნიკაცია და თვალთვალი ამერიკის მოქალაქესთან კოდური სახელწოდებით "დუგლასი". კოდური სახელი დოკუმენტებში რამდენიმეჯერ გვხვდება, თუმცა ნახსენებია ასევე ნამდვილი სახელი "ფლოტი" და ბიოგრაფიული დეტალები, რომლებიც ფლოტის კარიერას ემთხვევა.
ამ დოკუმენტებს შორის ყველაზე საინტერესო და დამაინტრიგებელია ცნობა, რომ 1974 წლის ივნისში КГБ-მ ფლოტს უყიდა ავიაბილეთი ჯაკარტიდან მოსკოვამდე - ფლოტი ამ დროს ინდონეზიაში ამერიკის საელჩოში პოლიტიკური ოფიცრის თანამდებობას იკავებდა. აქვეა ცნობა, რომ КГБ-ს იმდროინდელი უფროსის, იური ანდროპოვის ბრძანებით, ფლოტს 10 ათასი დოლარი გადაუხადეს. დოკუმენტების მიხედვით, 1970-იან წლებში ფლოტმა საბჭოთა დაზვერვის წარმომადგენლებს ვაშინგტონში ყოფნისას სახელმწიფო დეპარტამენტის 100-ზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი გადასცა.
"ეს ძალიან უჩვეულოა, რადგანაც ცივი ომის ამ ეპიზოდის შესახებ აქამდე არავის არაფერი გაუგია", - ამბობს კევინ რიელი - კონტრდაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხების ყოფილი ექსპერტი, რომელმაც პირველმა აღმოაჩინა ფლოტის ამბავი და ის რადიო თავისუფლებას გაუზიარა.
ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ბიძაჩემი საბჭოთა კავშირს ნამდვილ საიდუმლო ცნობებს აწვდიდა".
"ეს ჯაშუშობის უცნობი საქმეა", - ამბობს რიელი, რომელიც ამჟამად ლონდონში, ბრუნელის უნივერსიტეტში დაზვერვისა და საერთაშორისო უსაფრთხოების შესახებ კითხულობს ლექციებს.
"მიტროხინის არქივი" რუსეთიდან გატანის შემდეგ ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურის, MI6-ის განკარგულებაში აღმოჩნდა, რომელმაც დოკუმენტების ნაწილი დაარედაქტირა და ნაწილი საერთოდაც არ გამოაქვეყნა. უცნობია, თუ რატომ არ დამალეს ფლოტის ვინაობა.
ფლოტი საჯარო სამსახურიდან 1978 წელს წავიდა და 2006 წელს გარდაიცვალა.
მისი ნათესავები და მეგობრები ამბობენ, რომ მათ არასდროს გაუგიათ ჯაშუშობის ბრალდების შესახებ. მათი თქმით, აბსურდულია იმის დაშვებაც კი, რომ ფლოტი საბჭოთა ჯაშუში იყო ან ნებისმიერი სხვა ფორმით ფარულად თანამშრომლობა საბჭოთა დაზვერვასთან.
ძმისშვილის, რობერ ფლოტის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის ბიძას ჰქონდა კომუნიკაცია КГБ-სთან, მაღალი ალბათობით, ამას თავისი ზემდგომების ნებართვით აკეთებდა - შესაძლოა საბჭოთა დაზვერვის მიზანმიმართული დეზინფორმირების კამპანიის ფარგლებში.
"ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ბიძაჩემი საბჭოთა კავშირს ნამდვილ საიდუმლო ცნობებს აწვდიდა. წარმომიდგენია, რომ КГБ-ს აწვდიდა არასწორ ცნობებს ან ინფორმაციას, რომელიც არ იქნებოდა საზიანო ამერიკის სახელმწიფო ინტერესებისთვის", - ამბობს რობერტ ფლოტი რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
"ეს სრულად ფრედის ხასიათში იქნებოდა - დაენახა თავისი თავი, როგორც ორმაგი აგენტი", - გვეუბნება რობერტ ფლოტი.
"სრულად წარმოუდგენელია, რომ ფრედი საბჭოთა კავშირს აწვდიდა საიდუმლო ცნობებს შესაბამისი გეგმის გარეშე. ამის უმცირესი შანსიც კი არ არსებობს, მაგრამ თუ საუბარია ცნობებზე, რომლებიც შეცდომაში შეიყვანდა საბჭოთა კავშირს, დააზიანებდა მათ, ეს სრულად დასაშვებია", - ამბობს ჯიმ მეტიქსი, რომელიც სახელმწიფო სამსახურიდან ფლოტის წამოსვლის შემდეგ მისი ბიზნესპარტნიორი იყო.
"კენედიმ არაფერი იცოდა ფლოტის კავშირებზე"
1921 წლის მარტში დაბადებული, სამ ძმას შორის უფროსი ფრედერიკ ფლოტი ჩიკაგოს მახლობლად იზრდებოდა. ფლოტმა განათლება მინესოტაში, კარლტონის კოლეჯში მიიღო, რომელიც დიპლომატების მომზადების ერთ-ერთ საუკეთესო სკოლად მიიჩნეოდა.
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ფლოტი ჯერ იტალიაში მსახურობდა, ხოლო შემდეგ საფრანგეთში, სადაც ნაცისტური ოკუპაციის ბოლო თვეებში წინააღმდეგობის მოძრაობასთან ერთად მუშაობდა. ოჯახში შემონახული ცნობებით, ფლოტმა ამ პერიოდში მაიორის წოდება მიიღო.
ვაშინგტონში, ჯონს ჰოპკინსის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში სწავლის დასრულების შემდეგ ფლოტი სამუშაოდ ჯერ მადრიდში, ხოლო მოგვიანებით პარიზში გაგზავნეს - სასწავლებელი დიპლომატებისა და დაზვერვის ოფიცრების მომზადებით იყო ცნობილი.
სახელმწიფო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ მიცემულ ინტერვიუებში ფლოტი ამბობდა, რომ ფრანგულის გარდა, მას რუსული ენაც ასწავლეს. 1953 წელს ირანში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (СIA) მიერ ორგანიზებული გადატრიალების შემდეგ, ფლოტი თეირანში ამერიკის საელჩოს პოლიტიკური ოფიცრის თანამდებობაზე დანიშნეს.
ფლოტის თქმით, ამ პერიოდში საბჭოთა აგენტები ირანში არეულობის ორგანიზებას ცდილობდნენ. "თეირანში ალბათ იმიტომ გამგზავნეს, რომ რუსული ვიცოდი", - ამბობდა ფრედერიკ ფლოტი.
მომდევნო წლებში ფლოტმა ისწავლა გერმანული, ესპანური, იტალიური და პორტუგალიური ენებიც.
"მიტროხინის არქივში" შენახული დოკუმენტების მიხედვით, ფლოტმა КГБ-ს ყურადღება პირველად სწორედ თეირანში ყოფნისას მიიპყრო, როდესაც მას ეროვნებით ქართველი ქალი დაუკავშირდა და სამსახურის შოვნაში დახმარება სთხოვა. ფლოტის მეშვეობით ქართველი ქალი CIA-ის მიერ დაფინანსებულ, ქართულენოვან რადიოში დაასაქმეს.
სწორედ ამ დროს მიანიჭა საბჭოთა დაზვერვამ კოდური სახელი "დუგლასი". უცნობია, თუ რა კრიტერიუმებით შეარჩიეს სწორედ ეს სახელი.
1955 წლის აგვისტოში, ირანში ამერიკის ელჩის გადაწყვეტილებით, ფლოტი საბჭოთა კავშირში რობერტ კენედისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, უილიამ დაგლასს თანამგზავრად გააყოლეს. ამერიკელი მაღალჩინოსნების მოგზაურობას ვრცლად აშუქებდა ამერიკული პრესა.
"მიტროხინის არქივის" მიხედვით, "ფლოტთან დაახლოების" მიზნით, КГБ-მ მასთან მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი მიაგზავნა, თუმცა ამერიკელმა კონტაქტზე უარი თქვა.
საბჭოთა კავშირიდან დაბრუნების შემდეგ რობერტ კენედი CIA-მ გამოჰკითხა, მათი ინტერესის საგანი საბჭოთა კავშირში მილების გარშემოწერილობა და ბაქოში ნავთობის ჭაბურღილების სიმაღლე იყო.
კენედის გამოკითხვის ოქმი გასულ წელს პრეზიდენტ ტრამპის განკარგულების ფარგლებში გამოქვეყნებულ 64 ათას საიდუმლო დოკუმენტს შორის აღმოჩნდა.
დოკუმენტების მიხედვით, СIA-ს აგენტებმა უფროსებისგან მიიღეს დირექტივა: კენედისთვის არ ეთქვათ არაფერი ფლოტის რეალური სამსახურის შესახებ.
"კენედიმ არაფერი იცის ფლოტის რეალური საქმიანობის შესახებ", - ნათქვამია ერთ-ერთ დოკუმენტზე გაკეთებული მინაწერით.
აგენტი სახელად "დიტა"
მომდევნო წლებში ფრედერიკ ფლოტი იკავებდა სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობას ჟენევასა და ბონში, ხოლო 1960-იანი წლების დასაწყისში ფლოტმა კიდევ ერთხელ იმოგზაურა საბჭოთა კავშირში - ამჯერად ამერიკელი ბიზნესმენის, ლუის კებოტის თანამგზავრის რანგში.
"მიტროხინის არქივში" შემონახული დოკუმენტების მიხედვით, მოგზაურობის ფარგლებში ფლოტი თავს არიდებდა კრიტიკულ გამოთქმებს და კითხვებს, რომლებსაც შესაძლოა გაეჩინათ ეჭვი მის ჯაშუშობასთან დაკავშირებით.
ვიეტნამში ამერიკის ჩართულობის ზრდის პარალელურად ელჩის, ჰენრი კებოტ-ლოდჯის თანაშემწის პოსტზე ფრედერიკ ფლოტი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობდა.
1963 წლის ნოემბერში СIA-ის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების დროს, რომლის ფარგლებშიც დაამხვეს და მოკლეს სამხრეთ ვიეტნამის პრეზიდენტი, ფლოტს დაევალა პრეზიდენტის რძლის და მისი შვილების ქვეყნიდან გაყვანა.
"მიტროხინის არქივის" მიხედვით, 1965 წლიდან ფლოტი СIA-დან სამუშაოდ სახელმწიფო დეპარტამენტში გადაიყვანეს.
აქედან 1 წლის შემდეგ, 1966 წლის ივლისში, ფლოტი მცირეხნიანი მივლინებით ისრაელში გაგზავნეს, სადაც КГБ-მ კიდევ ერთხელ სცადა მისი გადაბირება და ამჯერად მასთან მიავლინა ქალი აგენტი კოდური სახელით "დიტა".
"დიტა მას ახასიათებს, როგორც პროფესიონალ ჯაშუშს. ფლოტს არ უცდია მასთან ურთიერთობების გაღრმავება", - ნათქვამია დოკუმენტში.
ფლოტის ნეკროლოგის მიხედვით, ვიეტნამში მუშაობის დროს ის რჩევებს აძლევდა თავდაცვის მდივანს, რობერ მაკნამარას, გენერალ მაქსველ ტეილორს და პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონსაც.
აეროფლოტის ბილეთი მოსკოვამდე
"მიტროხინის დოკუმენტებში" ფლოტის შესახებ ყველაზე საინტერესო ცნობა ისაა, რომ 1974 წლის ივნისში КГБ-მ უყიდა ავიაბილეთი ჯაკარტიდან მოსკოვის მიმართულებით.
ამ დროისთვის ფლოტი ინდონეზიაში ამერიკის ელჩის, ფრენსის გალბრაიტის პოლიტიკური მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.
ჯაკარტაში ფლოტი რეგულარულ კონტაქტს ინარჩუნებდა საბჭოთა კავშირის რამდენიმე წარმომადგენელთან - ამ ურთიერთობების შესახებ ფლოტი ღიად საუბრობდა სახელმწიფო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ მიცემულ ინტერვიუებში.
"ელჩმა გალბრაიტმა მთხოვა, გადამებარებინა საბჭოთა საელჩოსთან ურთიერთობები. მე ვცდილობდი მცოდნოდა მათი განწყობები, შემენარჩუნებინა კომუნიკაციის არხი", - ამბობდა ფლოტი.
1974 წლის იანვარში ფლოტმა КГБ-ს ოფიცერ "პეტრაკოვს" გაუზიარა ელჩ გალბრაიტის საუბრის დეტალები ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ელჩი და მინისტრი განიხილავდნენ ამერიკელი დიპლომატის ამბავს, რომელსაც ცოტა ხნით ადრე თავს დაესხნენ ლენინგრადში.
ფლოტმა ასევე გადასცა საიდუმლო კომუნიკაციის დეტალები სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტთან დაკავშირებით. "მიტროხინის დოკუმენტების" მიხედვით, ამავე საუბარში ფლოტმა საბჭოთა კავშირში მოგზაურობის სურვილი გამოთქვა, თუმცა დასძინა, რომ ბილეთი ზედმეტად ძვირი იყო.
აქედან ცოტა ხანში КГБ-ს უფროსის, იური ანდროპოვის ბრძანებით, ფლოტს უყიდეს ფრენის ბილეთი ჯაკარტიდან მოსკოვამდე და მოსკოვიდან ნიუ-იორკამდე.
"მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ "დუგლასის" რეკრუტირება საბჭოთა კავშირში მომხდარიყო, მას გადაეცა ბილეთი ჯაკარტიდან მოსკოვამდე და მოსკოვიდან ნიუ-იორკამდე", - ნათქვამია დოკუმენტში.
ანდროპოვის დავალებით, КГБ-ს პირველი განყოფილების უფროსმა ვიქტორ ჩერნიშოვმა გასცა ბრძანება, გადაეხადათ ფლოტისთვის 10 ათასი დოლარი, მის მიერ მანამდე მიწოდებული ინფორმაციის სანაცვლოდ და ასევე 600 რუბლი, მოსკოვში ყოფნისას სახარჯი ფული.
არსებული ცნობებით, ფლოტი მოსკოვში იმყოფებოდა 1974 წლის 17 ივნისიდან 10 ივლისამდე პერიოდში. "მიტროხინის დოკუმენტების" მიხედვით, მოსკოვში ყოფნის პერიოდში ფლოტი შეხვდა ამერიკის საელჩოს თანამშრომლებს და ასევე КГБ-ს პირველი განყოფილების უფროსს, ვიქტორ ჩერნიშოვს. ის ასევე დათანხმდა КГБ-ს აგენტებთან შეხვედრას მას შემდეგ, რაც დაასრულებდა მივლინებას ჯაკარტაში და დაბრუნდებოდა ვაშინგტონში.
საჯარო სივრცეში არ მოიპოვება ცნობები, რომ 1973 წელს ფლოტმა იმოგზაურა საბჭოთა კავშირში.
მომდევნო წელს ფლოტი სამუშაოდ ვაშინგტონში გადაიყვანეს, სადაც საერთაშორისო საზღვაო სამართლის საკითხებზე მუშაობდა.
"მიტროხინის დოკუმენტების" მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში ფლოტმა საბჭოთა დაზვერვას სახელმწიფო დეპარტამენტის კუთვნილი 100-ზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი გადასცა. 1978 წლის მარტში საბჭოთა დაზვერვამ მიიღო ცნობები, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) უთვალთვალებდა ფლოტს და მასთან კონტაქტი გაწყვიტა.
"სიამოვნებით წავიდოდი მოსკოვში, მაგრამ ეს ძალიან ძვირია"
მკვლევრები, რომლებმაც "მიტროხინის არქივი" შეისწავლეს, დოკუმენტებში რამდენიმე შეუსაბამობა აღმოაჩინეს, თუმცა ჯამურად დოკუმენტი ინფორმაციის სანდო წყაროდ მიიჩნევა: მათ შორის მიტროხინის თანამდებობიდან გამომდინარე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ დოკუმენტებში მოცემული ცნობები სხვა, დამოუკიდებელი წყაროებითაც დასტურდება.
"მიტროხინის არქივის" მეშვეობით, СIA-მ და სხვა დასავლურმა საიდუმლო სამსახურებმა КГБ-ს ათობით ინფორმატორი და ე.წ. არალეგალი აგენტი გამოავლინეს.
"მიტროხინის ჩანაწერები ძალიან დეტალურია. ეს დოკუმენტები ძალიან მნიშვნელოვანი იყო კონტრდაზვერვის თვალსაზრისით. მიტროხინის ფაილი КГБ-ს საიდუმლო დოკუმენტების ერთ-ერთი ყველაზე ფასეული კოლექციაა", - ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის ცივი ომის კვლევების პროფესორი მარკ კრამერი.
"თავად ფაქტი, რომ КГБ ასეთი ყურადღებით აკვირდებოდა ფლოტს, მოულოდნელია. თავად ის ფაქტი, რომ ისინი 20 წლის განმავლობაში უთვალთვალებდნენ ფლოტს, იმაზე მეტყველებს, რომ საბჭოთა დაზვერვის მაღალჩინოსნების აზრით, მისი გადაბირება შესაძლებელი იყო", - ამბობს კევინ რიელი.
ექსპერტის შეფასებით, თავად ფაქტი, რომ ამერიკელი დიპლომატი საბჭოთა კოლეგასთან საუბარში მოსკოვში მოგზაურობის სურვილს გამოთქვამს, ჯაშუშობის მზაობაზე მიანიშნებს.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ფლოტის მიერ КГБ-სთვის გადაცემული ცნობები უსარგებლო ინფორმაცია ან მიზანმიმართული დეზინფორმაცია ყოფილიყო, რიელი ამბობს, რომ "ფლოტს ამის დამოუკიდებლად გაკეთება გაუჭირდებოდა". რიელის თქმით, არ არსებობს არანაირი ცნობები, რომ ამის შესახებ ცნობილი იყო სახელმწიფო დეპარტამენტისთვის.
რადიო თავისუფლებამ ინფორმაციის თავისუფლების აქტის ფარგლებში ფრედერიკ ფლოტის კარიერის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა როგორც სახელმწიფო დეპარტამენტისგან, ასევე მთავარი სადაზვერვო სააგენტოსა და გამოძიების ფედერალური ბიუროსგან.
СIA-ს ჯერჯერობით არ უპასუხია კომენტარის თხოვნაზე.
კევინ რიელის თქმით, FBI-სგან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, უთვალთვალებდა თუ არა ბიურო ფლოტს, რაზეც მიიღო პასუხი, რომ ბიუროს არქივებში მსგავსი დოკუმენტაცია არ მოიპოვება.
"წარსულში, როდესაც რუსებს საშინელებებს ვუკეთებდით"
პენსიაზე გასვლის შემდეგ ფლოტი ვაშინგტონში, ვოტერგეიტის ცნობილი სასტუმრო კომპლექსის მახლობლად მდებარე ბინაში ცხოვრობდა. სახელმწიფო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ის კონსულტაციებს უწევდა სანავთობო კომპანიებს, მათ შორის საუდის არაბეთის Aramco-საც.
1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის ბიზნესმენ ჯიმ მეტიქსის პარტნიორი იყო, რომელიც უზბეკეთსა და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ბიზნესის დაწყებას გეგმავდა.
"ერთხელ ფრედს ისეთი რამ წამოსცდა - აი, იმ ეპოქაზე, როცა რუსებს საშინელებებს ვუკეთებდითო", - იხსენებს მატიქსი ინტერვიუში, - "დაახლოებით კი ვხვდებოდი, რა საშინელებებზეც შეიძლებოდა ყოფილიყო საუბარი, მაგრამ თავად მას ფაქტებს ვერაფრით გამოსტყუებდი“.
ფლოტი, რომელიც არასდროს დაქორწინებულა და არც პირდაპირი შთამომავალი არ დარჩა, 2006 წელს გარდაიცვალა. მისი საცხოვრებელი სახლი კი ძმისშვილებმა დაალაგეს, რომლებმაც ფლოტის დიპლომატიური კარიერის განმავლობაში დაგროვილი ნივთები აღმოაჩინეს: იარაღები, სამოვრები, ხალიჩები.
ფლოტის კუთვნილი ტყვიამფრქვევების კოლექცია ოჯახის წევრებმა ვაშინგტონის პოლიციას გადასცეს.
ფლოტის ძმისშვილის, სინტია კარპენტერის თქმით, პირად ნივთებს შორის აღმოაჩინეს რობერტ კენედის მადლიერების წერილიც და ვიეტნამში ყოფილი ელჩის, ჰენრი კებოტ-ლოდჯის მიერ ნაჩუქარი ძვირფასი პალტოც.
ოჯახის წევრები გაკვირვებული დარჩნენ, როდესაც აღმოაჩინეს ფრედერიკ ფლოტის ანგარიში შვეიცარიულ ბანკში, რომლის დახურვასთან დაკავშირებითაც დაუკავშირდნენ.
კარპენტერი ამბობს, რომ გაოცებული დარჩა ფლოტის შესახებ "მიტროხინის არქივში" არსებული ჩანაწერებით.
"ეს ალოგიკურად გამოიყურება", - ამბობს კარპენტერი სამხრეთ კაროლინაში, თავისი სახლიდან მიცემულ ინტერვიუში - "ის ხომ რადიკალური ანტიკომუნისტი იყო. ის რომ ჯაშუშურ საქმიანობაში იყო გარეული, გარკვეულწილად ყოველთვის იგრძნობოდა, მაგრამ უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, რომ ის რუსებზე მუშაობდა."
ფორუმი