Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იძულებითი კანიბალიზმი - ფილმ „თოვლის საზოგადოების“ რეალური ისტორია


კადრი ფილმიდან „თოვლის საზოგადოება“
კადრი ფილმიდან „თოვლის საზოგადოება“

ესპანური ფილმი „თოვლის საზოგადოება“ ანდებში თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე გვიყვება. მაშინ ათამდე ადამიანმა დაახლოებით ორი თვე მთებში გაატარა.

ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. ყველა გმირს თავისი პროტოტიპი ჰყავს და ამბავიც თითქმის დოკუმენტური სიზუსტით არის აღდგენილი.

ნასტაიაშჩაია ვრემიაგვიყვება იმ ადამიანებზე, რომლებიც 50 წელზე მეტი ხნის წინ მომხდარი კატასტროფის შედეგად მსოფლიოში გახდნენ ცნობილები.

1972 წლის 13 ოქტომბერს ურუგვაის ჩარტერული თვითმფრინავი, 40 მგზავრით და ეკიპაჟის 5 წევრით, არგენტინიდან ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოსკენ გაფრინდა. მგზავრების უმეტესობა სტუდენტები იყვნენ - რაგბის კლუბის „Old Christians“-ის მოთამაშეები, ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოდან. ჩილეში ნათესავებთან, მეგობრებთან და ნაცნობებთან ერთად მიფრინავდნენ, სულ რამდენიმე დღით.

ეკიპაჟის შეცდომის გამო, თვითმფრინავი ანდების მთებს შეეჯახა. ნამსხვრევებს რამდენიმე დღე უშედეგოდ ეძებდნენ. მსგავს ავიაკატასტროფაში გადარჩენის შანსი მინიმალური იყო, ამიტომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ძიება ზაფხულამდე შეწყდა.

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 16 მგზავრმა ორი თვის განმავლობაში, საჭმლისა და ზამთრის ტანსაცმლის გარეშე გაძლო - 3570 მეტრის სიმაღლეზე, ცრემლების ხეობაში, რომელიც არგენტინისა და ჩილის საზღვარზე, ანდებს მიუყვება. იქ ღამე ტემპერატურა მინუს ცამეტ გრადუსამდე ჩამოდიოდა.

გადარჩენილები იძულებულები იყვნენ, თავი დაღუპულების ცხედრებით გამოეკვებათ, მათ შორის მეგობრებისა და ნაცნობების. საბოლოოდ, ორმა ურუგვაელმა - 19 წლის რობერტო კანესამ და 23 წლის ნანდო პარადომ - აღჭურვილობის გარეშე ათი დღე, მთებში, 60 კილომეტრი გაიარა და დახმარება ითხოვა.

ნანდო და რობერტო ვერტმფრენის მოსვლამდე
ნანდო და რობერტო ვერტმფრენის მოსვლამდე

1972 წლის 23 დეკემბერს გადარჩენილები ჩილეში გადაიყვანეს. მათ მთის ავადმყოფობის დიაგნოზი დაუსვეს, ასევე აღმოაჩნდათ: გაუწყლოვნება, გამოფიტვა, სურავანდი და შეუხორცებელი მოტეხილობები. ბევრს თავისი წონის ნახევარი დაეკარგა. დაუძლურებულები ძლივსღა დადიოდნენ და ლაპარაკობდნენ.

„ანდებში მომხდარი სასწაულის“ შესახებ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ორი ათეული წიგნი დაიწერა. გადაიღეს ოთხი მხატვრული ფილმი. როდესაც „თოვლის საზოგადოებაზე“ მუშაობდნენ, ფილმის გადაღებაში კატასტროფას გადარჩენილებიც მონაწილეობდნენ, მსახიობებთან და რეჟისორებთან ურთიერთობენ, ეპიზოდურ როლებშიც კი გადაიღეს.

ამ ამბის ყველა ეკრანიზაცია მგზავრების გადარჩენით მთავრდებოდა. მაგრამ როგორ დაბრუნდნენ სახლში ორთვიანი იძულებითი კანიბალიზმის შემდეგ? მერე რა მოხდა მათ ცხოვრებაში? 16 გადარჩენილი მგზავრიდან 14 დღემდე ცოცხალია. ორი, უკვე მოხუცებული, კიბოთი გარდაიცვალა.

გადარჩენილების პრესკონფერენცია

გადარჩენილები ხეობიდან ვერტმფრენებით გამოიყვანეს, 22 დეკემბერს ყველაზე დაუძლურებულები, მეორე დღეს კი სხვებიც. დარჩენილებთან ღამე რამდენიმე მაშველმა გაათია. მათ თავზარი დაეცათ, როდესაც თვითმფრინავის ნაწილთან ადამიანის სხეულების ნარჩენები იპოვეს, დაღრღნილი. რამდენიმე დღის შემდეგ მედია წერდა, რომ გადარჩენილები კანიბალიზმით იყვნენ დაკავებულები. გავრცელდა ჭორები, რომ მათ არა მხოლოდ დაღუპულები შეჭამეს, ცოცხლებიც დახოცეს შესაჭმელად.

მალევე, 28 დეკემბერს, გადარჩენილებმა პრესკონფერენცია გამართეს და მოყვნენ, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან მერვე დღეს, შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ, დაღუპულების ცხედრების ჭამა დაიწყეს.

ჩვენ გაგვახსენდა იესო, რომელმაც საიდუმლო სერობაზე მოციქულებს თავისი სისხლი და ხორცი გაუზიარა. ვიფიქრეთ, რომ იგივე უნდა გაგვეკეთებინა. აგვეღო ეს სისხლი და ხორცი. და ეს ზიარება ჩვენ გადარჩენაში დაგვეხმარა“, - განუმარტა შეკრებილებს 25 წლის ალფრედო დელგადომ.

კადრი პრესკონფერენციიდან
კადრი პრესკონფერენციიდან

როდესაც ურუგვაელები ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, მათ უკვე აღარანაირი საჭმელი აღარ გააჩნდათ. რადიოთი მოისმინეს, რომ თვითმფრინავს აღარ ეძებდნენ. ან უნდა დახოცილიყვნენ ან ის უნდა გაეკეთებინათ, რაც სრულიად წარმოუდგენელი ჩანდა.

ცხედრებს უფროსები ანაწევრებდნენ (ისინი, ვინც 24 წელზე მეტის იყვნენ) ბიძაშვილები: ადოლფო, ედუარდო და დანიელ სტრაუჩები. მათ ეხმარებოდა სამედიცინო ფაკულტეტის 19 წლის სტუდენტი რობერტო კანესა.

ჩვენ ოთხმა შუშის ნამტვრევებითა და სამართებლით გავჭერით გვამის ტანსაცმელი. ვცდილობდით სახეზე არ შეგვეხედა“, - წერს კანესა წიგნში „უნდა მეცოცხლა“. ცხედრებს გასალღობად მზეზე ტოვებდნენ, მერე დიდ ნაჭრებს აჭრიდნენ, ანაწევრებდნენ და გამოსაშრობად ისევ მზეზე აწყობდნენ. შემდეგ ჭამდნენ.

ადოლფო, ედუარდო ფა დანიელ სტრაუჩები მსახიობებთან, რომლებიც ფილმში მათ როლებს ასრულებენ
ადოლფო, ედუარდო ფა დანიელ სტრაუჩები მსახიობებთან, რომლებიც ფილმში მათ როლებს ასრულებენ

შეთანხმდნენ, სამი ცხედრისთვის ხელი არ უნდა ეხლოთ: ლილიანა ლავინასთვის, რომელიც ავიაკატასტროფიდან რამდენიმე დღეში ზვავმა ჩაიტანა და ერთ-ერთი გადარჩენილის, ნანდო პარადოს დისა და დედისთვის. დედას ევგენია დოლგაი ერქვა. ის უკრაინელი ემიგრანტი იყო, ჯერ კიდევ ყმაწვილობაში, ოჯახთან ერთად, მეორე მსოფლიო ომს ევროპაში გამოჰქცეოდა.

წინასწარ შეთანხმდნენ იმაზეც, რომ თუ რომელიმე გადარჩენილი დაიღუპებოდა, სხვებს მისი ჭამის ნებართვა ჰქონდათ.

პრესკონფერენციის შემდეგ გადარჩენილებს ერთ-ერთი დაღუპულის, 18 წლის კარლოს ვალეტას მამა ელიოს ვალეტა გამოექომაგა: დღეს რაც დადასტურდა ეს ჩემთვის თავიდანვე ცხადი იყო. როგორც ექიმმა ვიცოდი, რომ ორ თვეზე მეტი ასეთ მდგომარეობაში, რამე გაბედული გადაწყვეტილების გარეშე, ადამიანი ვერ გაატანს. დღეს უკვე ზუსტად ვიცი, იქ რაც მოხდა. ღმერთს მადლობა, რომ 45 ადამიანიდან ყველა არ დაიხოცა, რომ 16 ისევ ოჯახს დაუბრუნდა. არ შემიძლია ყველა მშობლის ნაცვლად ვილაპარაკო, მაგრამ ვიცი, რომ ყველანი ასე ვფიქრობთ. ყველანი აბსოლუტურად ვეთანხმებით იმას, რაც გადარჩენილებმა გააკეთეს“.

ახალგაზრდებს გამოექომაგა მონტევიდეოს მაშინდელი ეპისკოპოსიც, მონსენიორი ანდრეს რუბიო: არ შეიძლება განვსაჯოთ ადამიანი, რომელსაც იმედი გადაეწურა და თავის გადასარჩენად რაც შეეძლო, ის გააკეთა“.

მოგვიანებით გადარჩენილებმა აღიარეს, რომ ევაკუაციის შემდეგ, ჩილესა და ურუგვაის ხელისუფლებების წარმომადგენლები არწმუნებდნენ, ჯობს კანიბალიზმზე არ ილაპარაკოთო.

საძმო სასაფლაო ანდებში

ხელისუფლებამ და ნათესავებმა გადაწყვიტეს დაღუპულები მთებში, შემთხვევის ადგილას დაემარხათ. 1973 წლის 18 იანვარს მოხალისე მაშველებმა ცხედრების ნაშთები საძმო სასაფლაოზე დაკრძალეს და ზედ რკინის ჯვარი დააყენეს.

საძმო სასაფლაო ანდებში
საძმო სასაფლაო ანდებში

მოგვიანებით იქ მივიდა ერთ-ერთი დაღუპულის - 22 წლის რაფაელ ეჩავარენის მამა, რომელსაც ცხედრის გადასვენების ნებას არ აძლევდნენ. მანამდე ჩილელ მღვდელს (მან დაღუპულებს წესი აუგო) მოელაპარაკა, ის ტომარა დაენიშნა, რომელშიც რაფაელის ცხედარი იდო. საფლავი გათხარა და გვამი არალეგალურად გადმოიტანა. პოლიციამ დააკავა, თუმცა, მერე მაინც გაუშვეს და ნებაც დართეს შვილი მონტევიდეოში, საგვარეულო სასაფლაოზე დაეკრძალა.

ავიაკატასტროფას გადარჩენილები რომ არ დაიხოცნენ, ეს უმეტესად რობერტო კანესისა და ნანდო პარადოს დამსახურება იყო. სწორედ მათ შეძლეს მთები გადაელახათ და დახმარება ეთხოვათ.

თავის წიგნში „უნდა მეცოცხლა“ კანესა მონტევიდეოში დაბრუნების პირველ დღეებს ასე აღწერს: პირველ დღეს 50-70 მეტრი გავიარე. გული ისე მიცემდა, რომ თავბრუ დამეხვა. ძალიან ბევრი მეძინა, თითქოს თვეებისა და წლების უძინარი ვყოფილიყავი. ბევრს ვჭამდი, მხოლოდ ცხელ საკვებს. ყველაზე მეტად ის მიხაროდა, რომ ღრმად ვისუნთქავდი ჟანგბადს, რომელიც ანდებში მაკლდა“.

რობერტო კანესა, ბავშვთა კარდიოლოგი, 2020 წელი.
რობერტო კანესა, ბავშვთა კარდიოლოგი, 2020 წელი.

1973 წლის თებერვალში კანესა სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლას დაუბრუნდა. პირველი გამოცდა ანატომიაში, სადაც გვამები უნდა გაეკვეთა, მისთვის ნამდვილი განსაცდელი აღმოჩნდა. ყველაფერი ანდებს ახსენებდა. კურსელები ცნობისმოყვარეობით შეჰყურებდნენ. საბოლოდ უნივერსიტეტები დაამთავრა და ბავშვთა ცნობილი კარდიოლოგი გახდა. 1994 წელს ურუგვაის პრეზიდენტადაც კი იყარა კენჭი, თუმცა ხმების მხოლოდ 0,08% მიიღო. ამის შემდეგ პოლიტიკაში აღარ დაბრუნებულა.

ნანდო პარადომ ავიაკატასტროფაში დედა და და დაკარგა, შემდეგ კი კანესოსთან ერთად ათობით კილომეტრი იარა მთებში. მონტევიდეოში დაბრუნებული ინჟინერიის ფაკულტეტს შეეშვა და თავი მოტოსპორტს მოუძღვნა. მერე ურუგვაის ტელევიზიაში გადავიდა, სადაც 1980 წლიდან მიჰყავს პროგრამა „თავბრუსხვევა“, საავტომობილო სპორტზე. წიგნი მანაც დაწერა: „სასწაული ანდებში“.

ნანდო პარადო
ნანდო პარადო

პარადო ბევრს მოგზაურობს, კითხულობს ლექციებს ლიდერობასა და ადამიანის უნარებზე გადარჩეს ექსტრემალურ ვითარებაში. ინტერვიუებში ხშირად წყენით ამბობს, რომ გადარჩენილები საზღვარგარეთ უფრო პოპულარულები არიან, ვიდრე საკუთარ სამშობლოში. მისი და სხვა გადარჩენილების აზრით, ურუგვაიში მათ მხოლოდ ცნობადობა მოიპოვეს, ხალხის სიყვარული კი არა, რადგან შეძლებული ოჯახების შვილები იყვნენ და მონტევიდეოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ უბანში ცხოვრობდნენ.

ბოლოს გადარჩენილები თითქმის სრული შემადგენლობით 2012 წელს გამოჩნდნენ, მაშინ თექვსმეტივე ცოცხალი იყო. ტელევიზიის სტუდიაში ისიც ილაპარაკეს, თუ როგორ უყვებოდნენ ამ ამბავს თავიანთ შვილებსა და შვილიშვილებს. კითხვები კანიბალიზმთან დაკავშირებით მთელი ცხოვრება თან სდევდათ, მათ შორის სრულიად მოულოდნელ სიტუაციაშიც კი. ედუარდო სტრაუჩი, რომელიც მხატვარი და არქიტექტორი გახდა, ჰყვება:

- ერთხელ, როდესაც ჩემი გოგო 5-6 წლის იყო, ზამთარში გამათბობელთან ვიჯექი და გაზეთს ვკითხულობდი. ის ხალიჩაზე თამაშობდა. უცებ თავი ასწია და შემომხედა: „მამიკო, ადამიანის ხორცს როგორი გემო აქვს?“ ეს პირველად მოხდა, როდესაც ამ ამბავზე მკითხა. მერე კი თამაში განაგრძო.

- და რა უპასუხეთ?

- ვუპასუხე, რომ ისეთივე გემო აქვს, როგორიც ყველა სხვა ხორცს.

„თოვლის საზოგადოების“ გამოსვლასთან ერთად ცნობილი გახდა, რომ დაიწყეს მუშაობა წიგნის „სასწაული ანდებში“ ეკრანიზაციაზეც. ამჯერად ფილმი არა უშუალოდ გადარჩენილებზე, არამედ მათ ნათესავებზე იქნება - უმეტესად დედებზე, რომლებიც 72 დღის განმავლობაში არ იჯერებდნენ, რომ მათი შვილები დაიღუპნენ. ფილმის სახელწოდებაა „ანდების ჯვარცმა“ და მასში მთავარ როლს ნატალია ორეირო ითამაშებს.

XS
SM
MD
LG