Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ხელოვნური გაგრძელება არაკონსტიტუციურად გამოცხადდა

სასამართლო მიიჩნევს, რომ „იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ხანგრძლივობა და მისი გამოყენების პირობები პირდაპირ კავშირშია ადამიანის ღირსების პატივისცემასთან“ (საილუსტრაციო ფოტო).
სასამართლო მიიჩნევს, რომ „იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ხანგრძლივობა და მისი გამოყენების პირობები პირდაპირ კავშირშია ადამიანის ღირსების პატივისცემასთან“ (საილუსტრაციო ფოტო).

საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა და მიიჩნია, რომ ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-9 მუხლს (მე-2 ნაწილი), რომლითაც „დაუშვებელია წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“.

საკონსტიტუციო სარჩელით სასამართლოს სახალხო დამცველმა 2023 წლის 22 აგვისტოს მიმართა.

რას დავობდა სახალხო დამცველი?

ომბუდსმენი მიიჩნევდა, რომ ერთი და იმავე დიაგნოზის მქონე პაციენტები განსხვავებულ მდგომარეობაში ექცეოდნენ იმის მიხედვით, თუ რა სამართლებრივი სტატუსი ჰქონდათ:

სპეციალური კომისია არანებაყოფლობითი (როცა მომეტებული საფრთხე არსებობს გარემოსთვის ან საკუთარი თავის მიმართ) მკურნალობის შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობას განიხილავს ყოველთვიურად;

იძულებითი მკურნალობის (როცა სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას) შემთხვევაში კი წელიწადში ერთხელ.

ომბუდსმენი გაუმართლებლად მიიჩნევდა რამდენიმე საკითხს:

  • „[არ შეიძლებოდა, რომ] წარსულში ბრალდებულის სტატუსის არსებობა საფუძვლად დაედოს შესადარებელი სუბიექტების უთანასწორო პირებად განხილვას“;
  • იძულებითი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა ადამიანი „ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ხანგრძლივი პერიოდით დარჩეს და დაექვემდებაროს მძიმე მედიკამენტურ ჩარევას“;
  • აჩენს „სერიოზულ რისკს, რომ პირი იმაზე ხანგრძლივი ვადით დაექვემდებაროს იძულებით მკურნალობას“, ვიდრე ამის საჭიროება არსებობს.

„იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დროს, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა, სახელმწიფოსგან მოითხოვს, რომ ასეთი მკურნალობა განხორციელდეს მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას და საკმარისი, მკაფიო და რეალური საკანონმდებლო გარანტიების პირობებში, რაც უზრუნველყოფს, რომ პირი არ დაექვემდებაროს იძულებით მკურნალობას სათანადო საფუძვლების გარეშე და არ აიტანოს ისეთი სამედიცინო ჩარევა, რომელიც მას ობიექტურად აღარ ესაჭიროება“, - წერია სარჩელში.

სასამართლოს პირველი კოლეგიის მოსამართლეები გიორგი თევდორაშვილი, ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე
სასამართლოს პირველი კოლეგიის მოსამართლეები გიორგი თევდორაშვილი, ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე

სასამართლოს განმარტება

საქმე განიხილა სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაშიც არიან გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი.

სასამართლო მიიჩნევს, რომ „იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ხანგრძლივობა და მისი გამოყენების პირობები პირდაპირ კავშირშია ადამიანის ღირსების პატივისცემასთან“.

„მკურნალობის ხელოვნური, გაუმართლებელი გახანგრძლივება უსაფუძვლოდ ზღუდავს ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას, ისევე, როგორც სხვადასხვა კონსტიტუციური უფლებითა თუ თავისუფლებით სარგებლობას, ეწინააღმდეგება ადამიანის ღირსების დაცვის ფუნდამენტურ პრინციპს და იწვევს მის მიმართ არაადამიანურ ან/და დამამცირებელ მოპყრობას“, - აცხადებს პირველი კოლეგია.

მოსამართლეთა განმარტებით, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საფუძვლების გადამოწმება გაუმართლებელი გახანგრძლივების პრევენციისთვის აუცილებელი პირობაა.

„იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელების საჭიროება, გონივრული ინტერვალებით, რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს ისეთი პროცედურით, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს თვითნებური ჩარევის თავიდან აცილებას“, - მიიჩნევს საკონსტიტუციო სასამართლო და აღნიშნავს, რომ ასეთი ბერკეტი შეიძლება სასამართლოს ჰქონდეს.

გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს სახალხო დამცველის სარჩელი. სადავო შინაარსი არაკონსტიტუციურად გამოცხადდება 2026 წლის პირველი ნოემბრიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG