Accessibility links

logo-print logo-print

კალაძის პაკეტი თუ „გადარჩენის პარკი“ - რა გადაარჩენს თბილისის ბარებსა და კლუბებს?


საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც ასზე მეტ ბარსა და ღამის კლუბს აერთიანებს, მთავრობას მიმართა. თუკი ობიექტების გახსნას ვერ შეძლებენ, ისინი ბარებისა და კლუბების ღია სივრცეში გადატანას ითხოვენ.

„ვერ ვიმუშავებთ იმ პირობებში, თუ მხოლოდ ათი კაცის მიღება შეგვეძლება, რომლებიც ორმეტრიანი დისტანციით იცეკვებენ“, - ამბობს კლუბ „დაისის“ წარმომადგენელი, ქეთევან მესხი. მის ბარს მაგიდები არ აქვს, აქვს სცენა, რომელზეც მუსიკოსები უკრავენ. დანარჩენი სივრცე ცეკვისთვისაა გამოყოფილი. ბარის კლიენტები ადგილობრივებიც არიან და უცხოელებიც.

ორთვიანი საგანგებო მდგომარეობის შემდეგ ბარები და კლუბები, რომლებიც ყოველდღიურ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებული, გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდნენ.

23 მაისს თბილისის მერმა, კახა კალაძემ, განაცხადა, რომ ღამის კლუბების პრობლემები ონლაინგამოკითხვით შეისწავლეს და მათ დახმარებასაც გეგმავენ: „ვაპირებთ გარკვეული პაკეტის შეთავაზებას ამ მიმართულებისთვის“, - თქვა მან.

მერის ამ განცხადებამ შეაშფოთა ღამის ეკონომიკის წარმომადგენლები. ისინი ამბობენ, რომ მათთვის არავის არაფერი უკითხავს, კონსულტაციებში არ მონაწილეობდნენ, ამიტომ შიშობენ, რომ მთავრობა ისეთ წესებს შემოიღებს, რომელთა დაცვა შეუძლებელი იქნება.

„ჩვენ ვითხოვთ კონსულტაციებს და ისეთი პირობების შექმნას, რომ მუშაობა გვიღირდეს. როცა ამბობენ, რომ გათვალისწინებულია ყველაფერი და გახსნის თარიღი იგეგმება, ჩვენ არ ვიცით, ვისთან ჰქონდათ საუბარი და რა არის გათვალისწინებული“, - ამბობს ბარ NUMEBER 8-ის წარმომადგენელი, ზურაბ ჩიტაია.

საინიციატივო ჯგუფი დედაენის ბაღში ჟურნალისტებს შეხვდა და მთავრობას მიმართა. ისინი ითხოვენ გაიდლაინებისა და დირექტივების შემუშავებაში მონაწილეობას; ასევე დახურული ბარების, კლუბებისა და მუსიკალური სივრცეების გახსნის თარიღის დაუყოვნებლივ დადგენას.

ბარებისა და კლუბების მეპატრონეები ამბობენ, რომ ორთვიანი დანაკარგის შემდეგ ფეხზე დასადგომად მინიმუმ ერთწლიანი საშეღავათო პირობებია საჭირო. იმ შემთხვევისთვის, თუ დახურული ობიექტების გახსნის შესაძლებლობა დროულად არ მიეცემათ, ჯგუფის წევრები მთავრობას გამოსავალს სთავაზობენ: „სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ცენტრალურ, მაგრამ გამოუყენებელ ღია სივრცეებში შეიქმნას „გადარჩენის პარკი“, სადაც უკვე არსებული დახურული ბარები თავიანთ ღია ვარიანტს წარმოადგენენ“.

ღამის ეკონომიკის პროექტის განვითარების მენეჯერი სერგი გვარჯალაძე ამბობს, რომ ამ ინიციატივის განხორციელება ნამდვილად უნდა სცადონ, თუმცა უკვე იმასაც ცდილობენ, რომ ღამის ობიექტები რაც შეიძლება მალე გაიხსნას. ამისთვის ჯერ იმ რეკომენდაციების შემუშავებაა საჭირო, რომლებიც უკვე გახსნილმა ღამის კლუბებმა და ბარებმა უნდა გაითვალისწინონ. მისივე მონაცემებით, თბილისში ამ სექტორში ღამის 8 საათიდან 8 საათამდე 700-მდე ადამიანია დასაქმებული.

„ჩვენ დავეყრდნობით საერთაშორისო რეკომენდაციებს და განსაკუთრებით იმ დირექტივებს, რომელთაც ჯანდაცვის სამინისტრო მოგვცემს“, - ამბობს სერგი გვარჯალაძე.

ამასობაში, თითქმის უკვე ჩავარდა სეზონი (აპრილი-ივნისი), რომელიც ღამის ეკონომიკისთვის არის დამახასიათებელი. მეორე სეზონი ამ სფეროში დასაქმებულებისთვის სექტემბრიდან იწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG