Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანდიდატ ქვეყანას ექნება ევროპის ერთიან ბაზარზე წვდომა - რა პირობებით, რას ნიშნავს, სად არის საქართველო

ევროკავშირის დროშები
ევროკავშირის დროშები

ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას ევროკომისია ერთიან ბაზარზე წვდომას სთავაზობს - ჩნდება მეცნიერული კვლევების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დაფინანსების ახალი შესაძლებლობები. თუმცა კანდიდატის სტატუსი სარგებლის მიღებისთვის საკმარისი არ არის. რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანა?

„რადიო თავისუფლება" გაეცნო ვრცელი დოკუმენტის მნიშვნელოვან ასპექტებს. წინასწარი ინფორმაციით, ევროკომისიის ინიციატივა რამდენიმე დღეში უნდა გასაჯაროვდეს, სტრასბურგში, სადაც ევროკომისიის კოლეგიის სხდომაა დაგეგმილი.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მინიჭებული აქვს 9 ქვეყანას: ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, თურქეთი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.

ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში დაგეგმილი ეს ცვლილებები განიხილება როგორც „ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი კეთილდღეობისა და ეკონომიკური ინტეგრაციის სტიმულირებისთვის“. '

ეს არის წვდომის შესაძლებლობა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე - სადაც საქონელი, მომსახურება თუ კაპიტალი თავისუფლად ბრუნავს. ეს შესაძლებლობა ქვეყნებისთვის აქამდე მხოლოდ ბლოკში გაწევრიანების შემდეგ იყო შესაძლებელი.

ცვლილებების ან მათი ნაწილის დასამტკიცებლად აუცილებელია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოების ერთსულოვანი თანხმობა.

წინასწარი ინფორმაციით, დოკუმენტის პროექტზე იმსჯელებენ ევროკავშირის ლიდერები - 15 და 16 ოქტომბერს ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას მიეძღვნება.

რა არის სიახლე?

სტრატეგიული ტექნოლოგიები, ინდუსტრიული ეკოსისტემები, ფინანსური ინტეგრაცია, მიწოდების მდგრადი ჯაჭვები - ევროკომისიის ინიციატივა ითვალისწინებს კანდიდატი ქვეყნების ადრეულ ჩართვას შერჩეულ სექტორებში.

ასევე, გათვალისწინებულია ჩართვა ევროკავშირის მასშტაბურ პროგრამაში - „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) - რომელიც მეცნიერული კვლევების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დაფინანსებას გულისხმობს. აქვეა ერთობლივ ევროპულ მნიშვნელოვან პროექტებში ჩართვის შესაძლებლობებიც.

ამ დოკუმენტში არსებული ზოგიერთი შეთავაზება კანდიდატი და პოტენციური წევრი ქვეყნებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. სხვა საკითხებთან ერთად, ეს შეეხება ევროში ერთიანი გადახდის სივრცესა (SEPA) და როუმინგის ტარიფების გაუქმებას.

ხუთი ქვეყანა - ალბანეთი, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი ოფიციალურად უკვე შეუერთდა SEPA-ს, რაც საკომისიოს გარეშე სწრაფი ანგარიშსწორების შესაძლებლობას გულისხმობს. უკრაინა და მოლდოვა 2026 წლის დასაწყისიდან უკვე სარგებლობენ როუმინგის ტარიფების გაუქმების შეთავაზებით. მომავალ წელს როუმინგის ტარიფების გაუქმება დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანაზე გავრცელდება.

დოკუმენტის თანახმად, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც წინ წასწევს გაწევრიანების მოსამზადებელ პროცესს და დააკმაყოფილებს საერთო ეკონომიკურ და სტრატეგიულ საჭიროებებს.

ვისთვის არის ეს შესაძლებლობა? რა პირობებით?

ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომის ნებართვის მიღება ავტომატურად არ მოხდება და დამოკიდებული იქნება ამა თუ იმ კანდიდატი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე რეფორმების გატარების კუთხით.

„შესაბამისი პროგრესი შესაბამის შესაძლებლობებს მოიტანს“, - ნათქვამია ევროკომისიის დოკუმენტის პროექტში. ტექსტის თანახმად, იგეგმება შესაძლებლობების ეტაპობრივად გაფართოება, თითოეული ქვეყნის მზადყოფნის მიხედვით.

ერთხელ მიღებული წვდომა სამუდამო არ იქნება - პროექტში ჩადებულია უკუსვლის დამზღვევი მექანიზმი, რომელიც ბაზარზე წვდომას შეაჩერებს.

დოკუმენტში არ არის მოცემული ზუსტი კრიტერიუმები, ვადები ან მკაფიოდ განსაზღვრული გარემოებები, რაც შეჩერებას გამოიწვევდა.

ევროპული პოლიტიკის ცენტრის დირექტორის მოადგილე, კორინა სტრატულატი ამბობს, რომ - ევროპული ინტეგრაციის სიკეთეები ბევრად უფრო ხელშესახები გახდება - ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებამდე.

„თუმცა, შეთავაზება ისეთივე მკაფიო უნდა იყოს, როგორც პირობები: რა სახის წვდომას იღებენ კანდიდატები, როდის იღებენ მას და რის საფუძველზე მოხდება შეჩერება. კანდიდატებმა უნდა იცოდნენ, რის შესაძლებლობას მისცემს მათ პირობების შესრულება და არა მხოლოდ ის, თუ რა დაუჯდებათ მათი შეუსრულებლობა“, - აცხადებს ევროპული პოლიტიკის ცენტრის დირექტორი „რადიო თავისუფლებასთან“.

კორინა სტრატულატის თქმით, „ეტაპობრივი ინტეგრაცია უნდა დარჩეს წევრობისკენ მიმავალ გზად და არა მუდმივ მოსაცდელ ოთახად“, - ხაზგასმით აღნიშნავს ის.

შესაბამისობა ევროკავშირის პოლიტიკასთან

წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირი თავის უზარმაზარ ეკონომიკას გაუხსნის კანდიდატ ქვეყნებს იმ პირობით, რომ ისინი თანახმა იქნებიან, გაიზიარონ ევროკავშირის პოზიციები მტრულად განწყობილი სახელმწიფოებთან და კონკურენტებთან მიმართებით.

POLITICO-ს თანახმად, კომისიის გეგმით - კანდიდატი ქვეყნებისთვის შეთავაზებული ეკონომიკური სარგებელი დამოკიდებული იქნება მათ მიერ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიზნების მხარდაჭერაზე, ხოლო ერთიან ბაზარზე წვდომა დამოკიდებული იქნება იმაზე, რომ მათ არ გაუზიარონ საკვანძო ტექნოლოგიები მტრულად განწყობილ სახელმწიფოებსა და სავაჭრო კონკურენტებს.

რას ეფუძნება?

შეთავაზება ეფუძნება ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ყველა კანდიდატ ქვეყანას აქვს გაფორმებული ევროკავშირთან. ბალკანეთის შემთხვევაში ამ დოკუმენტს “სტაბილიზაციისა და ასოცირების შეთანხმება “ [SSP - Stabilisation and Association Agreement] ეწოდება. ეს არის სამართლებრივი ჩარჩო ევროკავშირის ერთიან ბაზართან ეტაპობრივი ინტეგრაციისთვის. ამ ტიპის დოკუმენტი გამიზნულია სავაჭრო ბარიერების აღმოფხვრისთვის, წესებისა და სტანდარტების ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაციისთვის და კანდიდატების ეტაპობრივი ჩართვისთვის ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში.

„ინდუსტრიული და საბაზრო ინტეგრაციის გაღრმავებასთან ერთად, სენსიტიურ სექტორებში მონაწილეობას თან უნდა ახლდეს თანამშრომლობა ინვესტიციების შემოწმების, ექსპორტის კონტროლის, სანქციების იმპლემენტაციისა და სენსიტიური ტექნოლოგიების დაცვის საკითხებში“, - გამოცემა ციტირებს ჩანაწერს ევროკომისიის ახალი დოკუმენტიდან.

ეს დოკუმენტი კანდიდატ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, სრულუფლებიან წევრობამდე ისარგებლონ ინტეგრაციის ეკონომიკური სიკეთეებით.

არის თუ არა ცნობილი ევროკომისიის ახალი წინადადებების შესახებ თბილისისთვის?

რადიო თავისუფლებამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. პასუხი მიღების შემთხვევაში აისახება ამ ტექსტში..

შეძლებს თუ ვერა საქართველო ახალი შეთავაზებით სარგებლობას - ბრიუსელსა და თბილისს შორის გართულებული ურთიერთობების ფონზე, როდესაც ევროინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკა, დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის უფლებების დარღვევა თუ დეზინფორმაციის გავრცელება - ევროკავშირის კრიტიკის მთავარი აქცენტებია.

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წლის ივნისში მოაწერა; ხოლო კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო. თუმცა ამ ეტაპზე შეჩერებულია თანამშრომლობა, გაუქმებულია მაღალი დონის ურთიერთობები, ვიზიტები. დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ევროკავშირში უვიზოდ ჩასვლა აეკრძალათ. ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუწესეს ინდივიდუალური სავიზო შეზღუდვებიც. რისკის ქვეშ არის უვიზო მიმოსვლა.

კიდევ რას გულისხმობს?

ევროკომისიის ახალი დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის ახალი წევრების უფლებები ძველი წევრებისგან განსხვავებული იქნება და ეს, პირველ რიგში - შეეხება ვეტოს უფლებას გადაწყვეტილებების მიღების დროს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი წევრები ვერ დაბლოკავენ ერთსულოვნების საჭიროების მქონე გადაწყვეტილებებს. კონსენსუსის აუცილებლობა კი, გაფართოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, შეიცვლება კვალიფიციური უმრავლესობის [სულ მცირე - 15 წევრი სახელმწიფოს] თანხმობით. პროექტში ამას ეწოდება - „დროებითი ვალდებულება ევროკავშირის საბჭოსა და ევროპულ საბჭოში გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით“.

სპეციალისტების ნაწილი ამ ინიციატივას გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უზრუნველყოფით ხსნიან. სხვადასხვა დროს, მათ შორის - უნგრეთის ყოფილი პოპულისტი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ვეტოს გამოყენებით ბლოკავდა სხვადასხვა მნიშვნელოვან ინიციატივას, რის მოგვარებაზეც ბრიუსელი დროს კარგავდა.

ეს პერსპექტივა უკვე დაგმეს “ქართული ოცნების” ლიდერებმა, რომლებიც ბრიუსელს მუდმივად მწვავე რიტორიკით უპირისპირდებიან.

“გაცხადებულია იდეა, რომ ახალი წევრების მიღების შემთხვევაშიც, ისინი იყვნენ მეორე კლასის წევრები, რომლებსაც ექნებათ ნაკლები უფლებები, ვეტოს უფლება არ ექნებათ და ა.შ, ანუ იქნებიან „მენიუში“. დღეს სამწუხაროდ, ასე უყურებს ბრიუსელი, რომ კანდიდატი ქვეყნები არიან მენიუში, რომელზეც იღებენ გადაწყვეტილებას ისინი, ვინც სხედან მაგიდასთან. ასე უყურებენ ის უსამშობლო საქართველოს მოქალაქეები, რომლების მიზანიც არის, რომ როგორმე აღმოვჩნდეთ მენიუში და ვინ როგორ შეგვახრამუნებს, მაგას უნდა დავაკვირდეთ ჩვენ”, - განაცხადა “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 18 სექტემბერს.

POLITICO-ს თანახმად, ევროკომისიის მიდგომებით, კანდიდატი ქვეყნებიდან - უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთსა და მონტენეგროს შესთავაზებენ „საგზაო რუკებს“ გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად, ხოლო სხვებისთვის პროცესი გაჭიანურდება, რადგან არსებობს ამ ქვეყნების რუსეთთან ან ჩინეთთან ურთიერთობებით გამოწვეული რისკები.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG