Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“კარი ჩაკეტილი დახვდათ” - რატომ ვერ გადაარჩინეს თერჯოლაში მოკლული ქალი ყოფილი ქმრის თავდასხმას


მაღაზია, სადაც ქალზე თავდასხმა მოხდა
მაღაზია, სადაც ქალზე თავდასხმა მოხდა

თერჯოლის ცენტრში ერთ-ერთი დიდი მაღაზიის ვიტრინები ჩამსხვრეულია, ტერიტორიას ისევ პოლიციის ყვითელი ლენტი აკრავს. ჯერ კიდევ 25 ნოემბრის დილამდე აქ გამოძიება მიმდინარეობდა. გუშინ, საღამოს ამ მაღაზიაში 37 წლის მენეჯერს თამილა ლილუაშვილს ყოფილმა ქმარმა, სავარაუდოდ, ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მანამდე კი ოთახში შესასვლელი კარი ჩაკეტა. ქალზე თავდასხმისას კაცი თავადაც მძიმედ დაშავდა.

„მოკლა! კვდება! დაგვეხმარეთ! შველას ითხოვდნენ გოგოები… მთელი კორპუსი ჩავცვივდით. ცეცხლმოკიდებული კაცი ძირს იწვა და მის დახმარებას ცდილობდნენ. მერე მარკეტის ვიტრინები ჩაამსხვრიეს, მთელი კორპუსი კვამლში იყო გახვეული, მეზობლები ქალის დახმარებას ცდილობდნენ, მაგრამ მარკეტში მდებარე ოთახში, სადაც ლეილა იყო, კარი ჩაკეტილი დახვდათ და გაუჭირდათ გამოყვანა”, - იხსენებს ნინო შავიძე, რომელიც იმ კორპუსში ცხოვრობს, რომლის პირველ სართულზეცაა მარკეტი. სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს ჯერ აფეთქებასავით ხმა შემოესმა, მერე კი ყვირილი.

ნინო შავიძე
ნინო შავიძე

“[თამილა] რომ გამოიყვანეს, უკვე გარდაცვლილი იყო, სხეულის დამწვრობით და კვამლით, სავარაუდოდ… სასწრაფო და სახანძრო მალევე მოვიდნენ, ძალიან დიდი დაკვამლიანება იყო, კორპუსის მცხოვრებთა ევაკუაცია მოახდინეს… ისედაც ყველანი ძირს ვიყავით“, – ამბობს ნინო შავიძე.

იგი მაღაზიის თანამშრომლებზე დაყრდნობით გვიყვება, რომ მარკეტში შესვლისას კაცს, რომელმაც თქვა, რომ ყოფილ ცოლთან უნდოდა ლაპარაკი, ხელში პოლიეთილენის პარკი ეჭირა. თამილა ლილუაშვილის სამუშაო ოთახში რა მოხდა, ზუსტად არავინ იცის. ცეცხლის გაჩენის შემდეგ მარკეტის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ კაცს პარკში იოლად აალებადი ნივთიერება ჰქონდა.

თამილა ლილუაშვილის მშობლების სახლი
თამილა ლილუაშვილის მშობლების სახლი

თამილა ლილუაშვილის ცხედარი ახლა მშობლების სახლში თერჯოლაშია დასვენებული.

„დეტალები არ ვიცით. ვიცით, რომ გარდაცვლილია ქალი, ესეც არის უბედური და ისიც უბედურია, და რაღა გითხრათ?! შემაკავებელი ორდერი იყო ყოფილ ქმარზე გამოწერილი, რადგან ოჯახი იყო დანგრეული და მანამდე უნდა დააკავონ მოძალადე, ვიდრე მსგავსი უბედურება მოხდება, ახლა რაღა აზრი აქვს?!“ – გვითხრა გარდაცვლილი ქალის მშობლების ახლობელმა და მათი სახელით გადმოგვცა, რომ ახლა ოჯახს მომხდარზე საუბარი არ შეუძლია.

თამილა ლილუაშვილის თანამშრომლები ამბობენ, რომ ის ქმარს, რომელიც მასზე ფიზიკურად ძალადობდა, დაახლოებით წელიწადზე მეტია გაეყარა და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად სოფელ ბანოჯაში გადავიდა. ქალის თანამშრომლები ჰყვებიან, რომ მას შემდეგ, რაც თამილა ლილუაშვილის ქმარს შემაკავებელი ორდერის ვადა გაუვიდა, მან ყოფილ ცოლს სამსახურში მიაკითხა.

„…აკითხავდა, შერიგებას სთხოვდა, თამილა უარზე იყო, შემდეგ ემუქრებოდა და მარკეტის თანამშრომლებსაც ემუქრებოდა და შეასრულა კიდეც...“

ყოფილ ცოლზე თავდამსხმელი 41 წლის ლევან ზვიადაძე ახლა ქუთაისის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა. მას, სავარაუდოდ, სხეულის 70 % დამწვარი აქვს.

ნარგიზ ზვიადაძე
ნარგიზ ზვიადაძე

„ცოტა ნასვამი იყო და წამოწოლილი დავტოვე, ფეხი ჰქონდა ლურსმანზე ნატკენი და აფთიაქში წამალზე მე წავედი. არ ვიცოდი, თერჯოლაში თუ აპირებდა წასვლას“, - იხსენებს გუშინდელ საღამოს ლევან ზვიადაძის დედა ნარგიზ ზვიადაძე. „შერიგებას სთხოვდა… ჩემს შვილს, როცა ნასვამია, ფიცხი ხასიათი აქვს, შელაპარაკებაც ამის გამო მოსდიოდათ და დაშორდნენ“, - ამბობს ნარგიზ ზვიადაძე და ადასტურებს რომ ლევან ზვიადაძეს შემაკავებელი ორდერი იმის გამო გამოუწერეს, რომ იგი ყოფილ ცოლს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ სახლში და სამსახურში სისტემატურად აკითხავდა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას იძიებს. ეს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა – 109 –ე მუხლია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG