Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაცს, რომელზეც გორში პოლიციამ იძალადა, პოლიციელზე ძალადობას ედავებიან - ადვოკატი

კაცი, რომელზეც გორში პოლიციამ იძალადა, დაკავებულია
კაცი, რომელზეც გორში პოლიციამ იძალადა, დაკავებულია

კაცი, რომელზეც გორში, „კომბინატის დასახლებაში“ გადაღებულ კადრებში პოლიცია ძალადობს, დაკავებულია. პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაშვილი მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

„TV პირველის“ ჟურნალისტმა ლოცულაშვილი პოლიციის განყოფილებაში გადაიღო - დაკავებულს სახეზე სავარაუდო ძალადობის კვალი ეტყობა. მისმა ადვოკატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კაცს ედავებიან პოლიციელზე ძალადობას.

„ეს არის ცინიკური. ნაწამები ადამიანი გადმოიყვანეს იზოლატორში... ჩემი მოთხოვნაა პაპუნას წინააღმდეგ შეწყდეს დევნა და გაათავისუფლონ. ნაწამები ადამიანი დააკავეს და გადმოიყვანეს - ეს ეწინააღმდეგება კანონსაც, ადამიანობასაც და გავრცელებულ კადრებსაც. ნაწამები ადამიანი არის იზოლატორში, მწამებლები - გარეთ“, - ამბობს ლაშა ტყეშელაშვილი და მოითხოვს პროკურატურამ საქმე გადააკვალიფიციროს ჯგუფურად წამების მუხლით.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ დაკავებულს ედავებიან პოლიციელზე ძალადობას - სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ან ორიდან ექვს წლამდე პატიმრობით.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურსაც - უწყებაში ამ ეტაპზე ვერ ამბობენ, რა მუხლით არის დაკავებული კაცი, რომელზეც პოლიციამ იძალადა.

რა მოხდა გორში

დღეს, 27 მაისს რეგიონულმა მედიამ, qartli.ge-მ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანდა, როგორ ძალადობდა რამდენიმე პოლიციელი გორში, „კომბინატის დასახლებაში“ კაცზე. ამ კადრების მიხედვით, პოლიცია აკავებს ორ ადამიანს.

ძალადობა პოლიციის მხრიდან

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამართალდამცავები მოქალაქეებზე ძალადობენ. გამოუძიებელი ასეთი საქმეები არაერთია, მათ შორის 2028 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, როცა პოლიცია მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ვიდეოკამერების წინ ძალადობდა.

დღევანდელ შემთხვევაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

გამოხმაურებები

  • სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი „გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს“.
  • „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, მან ნახა გავრცელებული კადრები და „აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და, რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება“.
  • იურისტი, ლონდა თოლორაია, რომელმაც რამდენიმე წელი იმუშავა ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში, დირექტორის პოზიციაზე და შემდეგ იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელმწიფო ინსპექტორი სოციალურ ქსელში წერს, რომ დანაშაულებრივი „საქმეების 99%, რომელზეც პოლიციელის მიმართ დევნა დაწყებულა (დიდი ბრძოლის შემდეგ), ზუსტად ასეთი საქმეები იყო - ვიღაცამ გადაიღო (ფოტო ან ვიდეო) ან ვიღაც მოკვდა“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG