Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთს რკინიგზის აღდგენას ტყუილად ჰპირდებოდნენ


თელავი
თელავი

კახეთის რეგიონში, გასული საუკუნის 90-იან წლებიდან განადგურებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენაზე ლაპარაკი „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე დაიწყო. 2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში, თელავში საარჩევნო კამპანიის დროს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ასეთი რამ განაცხადა: „კახეთისათვის რკინიგზის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ჩვენ ამ საქმესაც მივხედავთ და კახეთს ნორმალური ცხოვრების საშუალებას დავუბრუნებთ“.

გადმოწერა

ამ განცხადებიდან 4 წლის შემდეგ, 2016 წლის ოქტომბერში, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“, GRASS-ის მიერ შექმნილი ფაქტ-მეტრი წერდა, რომ დაპირება ბიძინა ივანიშვილს თელავში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე შეახსენეს და პასუხად მიიღეს: „არაფერი არ გაკეთებულა რკინიგზის მიმართულებით? მე კიდევ ვიცი, რომ ბევრი სამუშაოები მიდის...“

თელავი
თელავი

კიდევ დაახლოებით ორი წლის შემდეგ, 2018 წლის მარტში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კახეთში ყოფნისას ასეთი რამ თქვა: „ტურიზმი რკინიგზის გარეშე არის წარმოუდგენელი. კახეთის მიმართულებით ჩვენ გვაქვს რკინიგზა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე განადგურებული და სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეს რკინიგზა აღდგეს“.

ამ განცხადებიდან დაახლოებით სამ თვეში გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.

თელავი
თელავი

მას შემდეგ რკინიგზის აღდგენაზე რამდენჯერმე ილაპარაკა სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის რეგიონში, ირაკლი ქადაგიშვილმა და საჯარო განცხადებებს დეტალებიც შესძინა. მაგალითად, ის, რომ რკინიგზა „აზიის განვითარების ბანკის“ ჩართულობით აღდგებოდა და პროექტი მზად იქნებოდა 2019 წელს.

2020 წლის თებერვალში ირაკლი ქადაგიშვილი გვეუბნება, რომ ადრინდელი განცხადებები პერსპექტივას ეხებოდა, ეკონომიკურმა გათვლამ სხვა სურათი აჩვენა და კახეთში რკინიგზის აღდგენა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

ირაკლი ქადაგიშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი

სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, სხვადასხვა უწყებასთან, მათ შორის „საქართველოს რკინიგზასთან“ ბევრი და აქტიურად იმსჯელეს და ვერ დაადგინეს პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობა: „არანაირი ეკონომიკური გათვლით დღეს არ ხერხდება რკინიგზის თემის აქტუალიზაცია. ამიტომ, ამ ეტაპზე რაიმე ხელშესახები სიახლე რკინიგზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით არ არის“.

შეკითხვას, რას ეფუძნებოდა ადრინდელი განცხადებები და რატომ გააჩინეს მოლოდინი? ირაკლი ქადაგიშვილმა უპასუხა: „ამ განცხადებით იყო გამჟღავნებული პერსპექტივა, ხედვა, რა არის კარგი და მნიშვნელოვანი, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ეტაპობრივი განხორციელების პირობები. ამ ეტაპზე არის ეს“.

კახეთში თითქმის მთლიანად მოშლილი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენის იდეას თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდა „ლეიბორისტული პარტიის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკა ვარდოშვილი.

თელავი
თელავი

ნიკა ვარდოშვილი სახელმწიფო რწმუნებულს ურჩევს, საჯარო განცხადებებამდე საკითხები საფუძვლიანად შეისწავლოს: „ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებები არის აქტივობები აქტივობებისთვის. რა თქმა უნდა, კახეთს რომ რკინიგზა ჰქონდეს, ტვირთბრუნვისთვის და ეკონომიკისთვის ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ეს დაკავშირებულია ძალიან დიდ თანხებთან. ბიძინა ივანიშვილს როდესაც 2012 წლის მერე ახსენებდნენ დანაპირებებს, ას ქარხანაზე და სხვაზე, იძახდა დაპირებები გადაჭარბებული იყო და წამოგვცდაო. აი, ამას მახსენებს დღეს კახეთის გუბერნატორის განცხადება, რომ თურმე, შეუსწავლიათ და მომგებიანი არ ყოფილა ეს პროექტი“.

თელავი
თელავი

კახეთის რკინიგზის ხაზი გურჯაანის, თელავის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს და კაჭრეთის სადგურებს აერთიანებს. თბილისიდან კახეთისკენ და პირიქით, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისამდე აქტიურად მოძრაობდნენ როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო მატარებლები. კახელები სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას ოც წელზე მეტია ითხოვენ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG