Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვადროკოპტერით გადარჩენილი სიცოცხლე


ქალი, რომელიც კვადროკოპტერმა გადაარჩინა, ომამდე დონეცკის ოლქში ცხოვრობდა. ომის დაწყებიდან მალევე ქმართან ერთად კიევიდან მანქანით გაეშურა ბახმუტისკენ, რათა ქმრის მშობლები სამშვიდობოს გამოეყვანათ.
ქალი, რომელიც კვადროკოპტერმა გადაარჩინა, ომამდე დონეცკის ოლქში ცხოვრობდა. ომის დაწყებიდან მალევე ქმართან ერთად კიევიდან მანქანით გაეშურა ბახმუტისკენ, რათა ქმრის მშობლები სამშვიდობოს გამოეყვანათ.

2022 წლის ბოლოს, უკრაინელმა კინორეჟისორმა, ლიუბომირ ლევიცკიმ, გადაიღო დოკუმენტური ფილმი სათაურით „გამომყევი“, („Иди за мной"), რომელშიც დრონის საშუალებით რუსი სამხედროების ალყიდან უკრაინელი ცოლ-ქმრის გადარჩენის ამბავია მოთხრობილი.

ეს ისტორია 2022 წლის ზაფხულში მოხდა ქალაქ იზიუმთან, რომელიც იმხანად ჯერ კიდევ რუსეთის არმიას ჰქონდა ოკუპირებული.

ქალს, რომელიც კვადროკოპტერმა გადაარჩინა, ვალერია პონომარიოვა ჰქვია. ომამდე იგი დონეცკის ოლქში ცხოვრობდა. ომის დაწყებიდან მალევე ქმართან ერთად კიევიდან მანქანით გაეშურა ბახმუტისკენ, რათა ქმრის მშობლები სამშვიდობოს გამოეყვანათ.

წამოვდექი და ავტეხე ყვირილი: „მიშველეთ!“

მეუღლეებს არ ჰქონდათ არც მობილური კავშირი და არც ნავიგატორი. როგორც ვალერია იხსენებს, ის და მისი ქმარი დანიშნულების ადგილისკენ ნაცნობი მარშრუტით გადაადგილდებოდნენ.

მაგრამ ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმთან, მათ ავტომანქანას ცეცხლი რუსმა სამხედროებმა გაუხსნეს. სროლის დროს ვალერიას ქმარი მძიმედ დაიჭრა.

„მე დავიწყე ნივთების ამოლაგება და ჯინსებით და სვიტერებით, ქმრის ჭრილობების გადახვევა, რათა როგორმე სისხლდენა შემეჩერებინა. მხოლოდ შემდეგ დავინახე, რომ მისთვის ტყვია თავში მოურტყამთ. ქმარმა გრძნობა დაკარგა, შემდეგ გონს მოეგო. მეკითხებოდა, თუ სად ვიყავით და რა მოხდა“, - ჰყვება პონომარიოვა.

ვალერიამ, როგორც იხსენებს, არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა ტყვიების წვიმის ქვეშ და საით გაქცეულიყო. მათ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ იმაზე, თუ სად იყო იმ არეალში უკრაინელი თუ რუსი სამხედროების პოზიციები.

უეცრად იმ ადგილის ახლოს, სადაც მათ ცეცხლს უშენდნენ, უკრაინელი სამხედროების კვადროკოპტერი მოფრინდა. მისი საშუალებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა დაინახეს, რომ რუსი სამხედროები ცოლ-ქმრის დაცხრილული მანქანისკენ მიემართებოდნენ. უკრაინელი სამხედროები შეეცადნენ, დისტანციურად დახმარებოდნენ და სამშვიდობოს გაეყვანათ საფრთხეში ჩავარდნილი ცოლ-ქმარი, რადგან ინტენსიური სროლების გამო, გზით მანქანამდე მიახლოება სამხედროებისთვისაც ძალიან საშიში იყო.

„მოფრინდა კვადროკოპტერი, ის რაღაცას მიჩვენებდა, მაგრამ ვერ მივხვდი - რას. მე ანდრეისკენ ვიშვერდი თითს, წამოვდექი და ავტეხე ყვირილი: „მიშველეთ!“ შემდეგ კოპტერი უკან გაფრინდა, გავიდა ორიოდე წუთი და ის უკან მოფრინდა უკრაინულ ენაზე გაკეთებული წარწერით: „გამომყევი!“, - ჰყვება ვალერია.

რუსებს ანდრეი უკვე მკვდარი ეგონათ და თხრილში გადააგდეს

უკრაინელი ქალი მიენდო მფრინავ ობიექტს და კოპტერს უკან გაჰყვა იმ იმედით, რომ ტექნიკის დახმარებით დაჭრილ ქმარს დახმარებას აღმოუჩენდა. სანამ მიდიოდა, მის ირგვლივ ყველაფერი ზანზარებდა აფეთქებებისგან. მაგრამ დრონის ოპერატორმა ისე შეძლო ტყვიების წვიმიდან ვალერიას გაყვანა, რომ გზებზე დადებული ნაღმებისთვისაც აევლო გვერდი. რამდენიმე წუთში ვალერიამ უკრაინელი ჯარისკაცების დაცულ პოზიციებამდე მიაღწია.

ამ დროს რუსი სამხედროები უკვე მიუახლოვდნენ მის ქმარს - ანდრეის. სისხლის დაკარგვის გამო მამაკაცი უგონოდ იყო და სწორედ ამან იხსნა: რუსებს უკვე მკვდარი ეგონათ და გზის მახლობლად, თხრილში გადააგდეს. იქ ვალერიას ქმარი ერთ დღე-ღამეზე მეტხანს იმყოფებოდა.

„სიცივემ და წვიმის წვეთებმა გონზე მომიყვანეს. დავინახე ტყვიებით დაცხრილული ჩემი მანქანა და იქითკენ გავხოხდი. გადმოვყარე საბარგულიდან ყველაფერი, ჩავწექი საბარგულში და ვიწექი. რამდენი ხანი ვიწექი, აღარ მახსოვს“, - ამბობს ანდრეი ბოგომაზი.

იგი იხსენებს, რომ როდესაც ცოტათი გონზე მოვიდა, იმ მიმართულებით გახოხდა, საიდანაც მოვიდა და საღამოს მოახერხა უკრაინელი სამხედროების პოზიციებამდე მისვლა. იქ იგი ექიმებს ჩააბარეს სამკურნალოდ, რაც ძალიან დიდხანს გაგრძელდა.

„ჯერ ნაკერებიც არ მოუხსნიათ, თავში ფირფიტა ჩამიდეს. სხვა ნამსხვრევები არ ამოუღიათ, რათა ღრმად არ გავეჭერით. რაც ახლოს აღმოჩნდებოდა, იმას იღებდნენ“, - ჰყვება ანდრეი.

„დღეს მე ადამიანი მოვკალი“

გასული წლის შემოდგომაზე, როდესაც ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქი იზიუმი და მისი გარეუბნები ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს, უკრაინელმა პოლიციელებმა იპოვეს ცოლ-ქმრის დაცხრილული მანქანა. ის პირდაპირ შუაგზაზე იდგა.

„დაცხრილულ სამოქალაქო ავტომანქანას დონეცკის ნომრები ჰქონდა. ყველაფერი ჰქონდა გამოცლილი, ანუ ოკუპანტებმა ჯერ ცეცხლი გაუხსნეს და შემდეგ დაათვალიერეს, თუ რა მიჰქონდათ და გაძარცვეს. აი, ამ ფანჯარას ტყვიების ნახვრეტები აქვს. ცხადია, რომ პირდაპირ ისროდნენ“, - ამბობენ ვიდეოზე გამომძიებლები.

მათ შეძლეს აღედგინათ ამ ისტორიის დეტალები. უკრაინელი გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ სამოქალაქო ავტომობილს, რომლითაც ოჯახური წყვილი გადაადგილდებოდა, ცეცხლი 26 წლის მოსკოველმა, რუსეთის არმიის მოტომსროლელი ასეულის მეთაურმა, უფროსმა ლეიტენანტმა, კლიმ კარჟაევმა გაუხსნა.

უკრაინის პოლიციამ გადაიტაცა რუსი სამხედროსა და მისი ცოლის სატელეფონო საუბარი, რომელიც უკრაინელი წყვილის მანქანის ჩაცხრილვის დღეს გაიმართა.

„დღეს მე ადამიანები, ადამიანი მოვკალი“, - აღიარებს ამ საუბარში სამხედრო.

„შენ მოკალი? ვინ? ხოხოლი?“ - ეკითხება ცოლი.

„აბა, რა ვიცი. მოკლედ, მოდიოდა მანქანა, მე კი დავუშვი ბე-ემ-პედან (ჯავშანმანქანიდან), დავაყარე. ქალი გადარჩა, კაცი - არა“, - უპასუხებს სამხედრო.

უკრაინაში კარჟაევზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მკვლელობის განზრახვის მუხლით, რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„საზღვარგარეთ ჩვენი კოლეგები ვალდებული არიან დააპატიმრონ ეს პირი და ჩვენი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს გადმოსცენ. ანუ ჩვენ გადმოგვცენ შემდგომ გამოსაძიებლად“, - ამბობს ხარკოვის ოლქის პროკურორი, ოლექსანდრ ფილჩაკოვი.

როგორც ზემოთ ითქვა, უკრაინის კინორეჟისორმა ლიუბომირ ლევიცკიმ, ამ ისტორიაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. მასში, კერძოდ, ნათქვამია, რომ სამაშველო ოპერაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების 93-ე ბრიგადის („ხოლოდნი იარის“) მებრძოლებმა განახორციელეს.

ბრიგადას შეიარაღებაში აქვს და წარმატებულად იყენებს არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ სამამულო წარმოების დრონებს სადაზვერვო და შეტევითი ამოცანებს განსახორციელებლად.

  • ფრონტის საჭიროებებიდან გამომდინარე 27 იანვარს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა უპილოტო საფრენი აპარატების პროექტის „დრონების არმიის“ შექმნის შესახებ განაცხადა.
  • ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში შეიქმნა უპილოტო საფრენი აპარატების პირველი სამი დამრტყმელი ასეული.
  • აღსანიშნავია, რომ 93-ე ბრიგადა არის უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძველი და დიდი საბრძოლო ტრადიციების მქონე სამხედრო ქვედანაყოფი, რომელიც ამჟამად დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის დაცვის წინა ხაზზე იმყოფება.
  • საბრძოლო მოქმედებების გარდა უკრაინის არმიის 93-ე ბრიგადა მონაწილეობდა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში - სიერა-ლეონეში, ლიბერიასა და ლიბიაში.
  • პრორუსულად განწყობილი დონეცკელი სეპარატისტების შეიარაღებული ამბოხების შემდეგ, 93-ე ბრიგადის მებრძოლები 2014 წლის მაისიდან - 2015 წლის იანვრამდე დონეცკის საერთაშორისო აეროპორტს იცავდნენ. ამ საბრძოლო ამოცანის შესრულების გამო, ამ ბრიგადისა და სხვა ქვედანაყოფების უკრაინელ მებრძოლებს მედიამ „კიბორგები“ უწოდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG