Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვალიფიციური მედპერსონალის ნაკლებობა და მოშლილი ინფრასტრუქტურა - ახალციხის სოფლების გასაჭირი


რამდენად ხელმისაწვდომია სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვა, ახალციხის რამდენ სოფელში ფუნქციონირებს ამბულატორია და რას ითხოვენ სოფლის ექიმები? კვალიფიციური მედპერსონალის ნაკლებობა და მოშლილი ინფრასტრუქტურა - ხელისუფლების პასუხი და ადგილობრივთა პრობლემები.

ახალციხეში წყრუთის თემი სამ სოფელს აერთიანებს - წყრუთს, წირასა და მიქელწმინდას. იმის გამო, რომ სამედიცინო პუნქტი წირასა და მახლობელ სოფლებში არ ფუნქციონირებს, ადგილობრივები, რომლებსაც წნევის გაზომვა ან ექიმის მიერ დანიშნული ნემსის გაკეთება შეუძლიათ, ხშირად წყრუთსა და მიქელწმინდაში თანასოფლელების დასახმარებლად ფეხით დადიან. ქართველები, ბერძნები და სომხებით დასახლებულ მიქელწმინდაში ფირნიში არ დგას, რის გამოც მოხუცების ამარა დარჩენილ დასახლებას ზოგჯერ სასწრაფოც ვერ აგნებს. სოფლის მოსახლეობის პრობლემების ჩამონათვალს ბოლო არ უჩანს, თუმცა სამ მთავარ საკითხად მაინც უგზოობას, უწყლობასა და ამბულატორიის უქონლობას ასახელებენ. მოხუცების სოფელი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

,,სასწრაფო ძნელად ამოდის. რამდენჯერ ყოფილა,

გამოუძახიათსასწრაფო და წყრუთში გადასულან, ვერ პოულობენ სოფელს. რამდენი პრობლემაა, მაგრამ გზა, წყალი და ერთი ამბულატორია რა გახდა?“ - ამბობს ელმირა მერაბიშვილი.

,არც ექიმი გვყავს, არც ექთანი, არც ამბულატორია. მართალია, ბევრნი არ ვართ, მაგრამ ჩვენც ხომ გვინდა სიცოცხლე?“ - წუხს 80 წლის ევა გერასიმიდი.

სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, სოფლის ექიმსეკრძალება: ფორმა № IV-100ა-ს, მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ცნობების გაცემა. დანარჩენ შემთხვევაში პროგრამა ყველა იმ სერვისს ითვალისწინებს, რომლითაც კლინიკაში მისული ნებისმიერი მოქალაქე სარგებლობს. ლიანა ზედგინიძე სოფლების - აწყურისა და თისელის - მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ამბობს, რომ ექიმთა სიმცირის გამო ზოგიერთ სოფელში მოსახლეობას პირველად მომსახურებას ექთნები უწევენ, ტრანსპორტირება კი სოფლის ექიმებისთვის მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

,,ჭირს, რომ არ არის ამბულატორია და სოფლის ექიმები ოჯახებიდან ემსახურებიან პაციენტებს. ჭირს ისიც, რომ არ არის ტრანსპორტი და, თუ არის, სოფლიდან გამოდის დილით და შუადღით უკან ბრუნდება, რაც ქალაქში მცხოვრები ექიმისთვის ძალიან ძნელია“, - ამბობს ლია ზედგინიძე.

კვალიფიციური მედპერსონალის ნაკლებობისა და მოშლილი ინფრასტრუქტურის გამო, წყრუთის თემის მსგავსად, პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემა მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც აწუხებთ. ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემა ორი მიმართულებით უნდა მოგვარდეს. სოფლებში უნდა მოწესრიგდეს ამბულატორიები და გაიზარდოს კვალიფიციურ ექიმთა რაოდენობა. მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა მელიქიძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამა „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ გეგმის მიხედვით ხორციელდება.

,,2020 წელს იგეგმება რეაბილიტაციაც და ახლის აშენებაც. წირაში შევარჩევთ ისეთ ლოკაციას, რომ ორივე სოფელმა ისარგებლოს. ექიმების რაოდენობა მცირეა ჩვენს მუნიციპალიტეტში, მაგრამ თითო სოფელში რომ თითო ექიმი იყოს, წარმოუდგენელია ამ ეტაპზე. ამიტომ ვფიქრობთ, გრაფიკი დავაწესოთ და მოსახლეობას ეცოდინება დრო, როდის მიაკითხოს ექიმს“, - აცხადებს ზაზა მელიქიძე.

2019 წელს აშენდა 7 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 არსებულ ამბულატორიას. ახალციხის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის 45 სოფლიდან ამბულატორია მხოლოდ 15 სოფელშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG