Accessibility links

კიბოს მკურნალობის ახალი უნივერსალური მეთოდი?


BBC-ის ცნობით მეცნიერებმა შესაძლოა ყველა ტიპის ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის მეთოდს მიაკვლიეს. კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევრების ჯგუფმა ლაბორატორიული ცდებისას პროსტატის, მკერდის, ფილტვების და სხვა მრავალი კიბოს განადგურების მეთოდი აღმოაჩინეს.

დასკვნები, რომლებიც გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალ Nature Immunology- ში. ჯერჯერობით პაციენტებზე ჩატარებულ ცდებს არ ეყრდნობა, მაგრამ მკვლევრები მიუთითებენ "უზარმაზარ პოტენციალზე".

ექსპერტებმა BBC-ის უთხრეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა, შედეგები იმედის მომცემია.

მაინც რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა?

მეცნიერებმა ადამიანის იმუნური სისტემის ახალი შესაძლებლობა აღმოაჩინეს, რომელიც T უჯრედს უკავშირდება.

იმუნური სისტემა არის ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი თავდაცვითი ზღუდე, რომელიც ინფექციის შეჭრაზე რეაგირებს, მაგრამ იმუნური სისტემა ასევე უტევს კიბოს უჯრედებსაც. მეცნიერები ეძებდნენ სიმსივნეებზე იმუნური სისტემის„ბუნებრივი“ შეტევის "არაკონვენციურ" და ჯერ კიდევ აღმოუჩენელ გზებს, როდესაც მათ ადამიანის სისხლში T-უჯრედი აღმოაჩინეს.

ეს არის იმუნური უჯრედი, რომელსაც შეუძლია სხეულის „სკანირება“, რათა შეაფასოს, ემუქრება თუ არა ორგანიზმს საფრთხე, რომლის აღმოფხვრაცაა საჭირო.

სიახლე ისაა, რომ T-უჯრედს, რომლის შესახებაც კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევრები საუბრობენ, შეუძლია შეუტიოს მრავალი სახეობის კიბოს.

”ყველა პაციენტის მკურნალობის შანსი გვაქვს ” - უთხრა პროფესორმა ენდრიუ სიუველმა BBC- ს. ”ადრე არავის სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო.”- დასძინა მან.

მისი აზრით, ჩნდება კიბოს მკურნალობის უნივესალური შესაძლებლობა, როდესაც ერთი, კონკრეტული ტიპის T უჯრედი მოსახლეობაში გავრცელებული სხვადასხვა ტიპის კიბოს განადგურებას შეძლებს.

როგორ ებრძვის T უჯრედი კიბოს

T უჯრედებს ზედაპირზე"რეცეპტორები"აქვთ, რაც მათ ქიმიურ დონეზე „ხედვის“ საშუალებას აძლევს. კარდიფის ჯგუფმა აღმოაჩინა კონკრეტული T უჯრედი და მისი რეცეპტორი, რომელმაც ლაბორატორიულ პირობებში მიაგნო ფართო სპექტრის სიმსივნური უჯრედებს და გაანადგურა ისინი.მათ შორის ფილტვის, კანის, სისხლის, მსხვილი ნაწლავის, მკერდის, ძვლის, პროსტატის, საკვერცხეების, თირკმელებისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს უჯრედების ჩათვლით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანმრთელი ქსოვილები ხელუხლებელი დატოვა.

მეცნიერები ჯერ კიდევ სწავლობენ ზუსტად როგორ ხდება ეს. ამ კონკრეტული T უჯრედის რეცეპტორი ურთიერთქმედებს მოლეკულასთან, რომელსაც ეწოდება MR1, რომელიც ადამიანის სხეულის ყველა უჯრედის ზედაპირზეა. ფიქრობენ, რომ MR1 ერთგვარ სიგნალს აძლევს იმუნურ სისტემას, როდესაც სიმსივნურ უჯრედში მეტაბოლიზმის დარღვევა ხდება.

”ჩვენ პირველი ვართ, ვინც აღწერს როგორ აღმოაჩენს T- უჯრედი MR1-ს სიმსივნურ უჯრედებში - ეს მანამდე არ გაკეთებულა.“ - უთხრა BBC- ს მკვლევარმა გარი დოლტონმა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

კიბოს T უჯრედებით თერაპია უკვე არსებობს და კიბოს იმუნოთერაპიის განვითარება ერთ -ერთი ყველაზე იმედისმომცემი მიმართულებაა ამ სფეროში. მაგრამ აქამდე არსებული იმუნო-პრეპარატები მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ავთვისებიანი სიმსივნეების, ძირითადად სისხლის დაავადებების მკურნალობის შესაძლებლობას იძლეოდა. ახალი აღმოჩენა მეცნიერებს კიბოს “უნივერსალური” მკურნალობის იმედს აძლევს.

კიბოს იმუნთერაპიის პოტენციალი იზრდება

კლინიკური ონკოლოგი მამუკა ხვედელიძე ამბობს, რომ აღმოჩენა კიბოს იმუნოთერაპიის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს T ლიმფოციტების კლონი, რომელსაც აქვს უნარი, შერჩევითად დააზიანოს სიმსივნური უჯრედები და არ შეეხოს ნორმალურ, საღ ან სხვა დაავადებებით დაზიანებულ უჯრედებს. შესაბამისად დადასტურდა, რომ მოცემულ ლიმფოციტებს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს კიბოს უჯრედებთან ბრძოლის თვალსაზრისით.

„თუმცა ჯერჯერობით ძალიან ადრეა საუბარი რამდენად ეფექტური იქნება ამ უჯრედების გამოყენება პაციენტებში, ვინაიდან პაციენტებამდე და კლინიკურ კვლევებამდე მთელი რიგი ექსპერიმენტების ჩატარებაა საჭირო, რათა დავრწმუნდეთ, რომ მოცემული უჯრედების გამოყენება უსაფრთხო დაეფექტურია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG