Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობამ დაამკვიდრა გამჭვირვალობის ევროპული სტანდარტი, დროა, არასამთავრობოები და დონორებიც გაევროპულდნენ - კობახიძე


პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ „აგენტების კანონის“ მიღება „დონორებსაც დააზღვევს“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ „აგენტების კანონის“ მიღება „დონორებსაც დააზღვევს“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მხარს უჭერს თავისი პოლიტიკური გუნდის, „ქართული ოცნების“ ინიციატივას, ხელახლა, ამჯერად უკვე საბოლოოდ, მიიღოს „აგენტების კანონი“ და აცხადებს, რომ „დროა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორებიც გაევროპულდნენ“.

3 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში პრემიერი კობახიძეც, თანაგუნდელების მსგავსად, „გამჭვირვალობაზე“ საუბრობს და წერს, რომ მისი პრემიერობის პირველივე დღიდან „საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება მყისიერად საჯაროვდება“.

„საქართველოს მთავრობამ უკვე დაამკვიდრა გამჭვირვალობის ევროპული სტანდარტი. ახლა კი დროა, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორებიც გაევროპულდნენ, რაშიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უსათუოდ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

„როდესაც მართალი ხარ და არაფრის გაფუჭება არ გაქვს განზრახული, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის საუკეთესო გზა მანკიერებისა და შეცდომების თავიდან ასარიდებლად. ჩემთვის სწორედ გამჭვირვალობა ნიშნავს ევროპულობას, გაუმჭვირვალობა კი - არაევროპულობას. უკიდურესად არაევროპულია, როდესაც გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს გაურბიხარ და წლიური ფინანსური დეკლარაციის გამოქვეყნებაც კი არ გსურს. ასეთ დროს, აშკარაა, რომ რაღაცას აფუჭებ და ეს რაღაც გაქვს დასამალი“, - წერს იგი.

კობახიძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ახალი კანონი „დონორებს ეფექტურად დააზღვევს მთელი რიგი უხერხულობებისგან, რაც მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების მხრიდან საქართველოში რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებასთან, რევოლუციური პროცესების მხარდაჭერასთან, საარჩევნო ხმების პარალელური დათვლის გაყალბებასთან, ომის პროპაგანდასთან, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებასთან, საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებთან და დეზინფორმაციის ხარჯზე სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების მცდელობასთან არის დაკავშირებული“.

„არაევროპული ძალები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის არმიღებას ლობირებდნენ, ცდილობენ, თავს მოგვახვიონ ორუელისეული აბსურდი, რომ ომი არის მშვიდობა, შენება არის ნგრევა, წინსვლა არის უკუსვლა, ხოლო გაუმჭვირვალობა არის ევროპა. როდესაც ქართულ საზოგადოებას ცხოველების ფერმად განიხილავ და მისთვის ამ მასშტაბის სიცრუის მიყიდვას ცდილობ, აღარ უნდა გიკვირდეს, რომ იმ მწირ ნდობასაც კარგავ, რაც მანამდე გქონდა“, - აცხადებს პრემიერი.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას, - ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.

3 აპრილს ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონის არმიღების მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების, - გამოიყენა ტერმინი „მდიდარი ენჯეოები“, - „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა“.

„ქართულმა ოცნებამ“ 2023 წლის მარტში ვერ შეძლო „უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღება.

  • პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 2023 წლის 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა „რუსულ კანონზე“ და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. საპროტესტო აქციებზე ათობით მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მათ შორის ერთ-ერთმა ცალ თვალში დაკარგა მხედველობა.
  • „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს „რუსული კანონის“ და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
  • საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაეწვია პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეგლამენტის თანახმად, 2023 წლის 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი აღნიშნულ კანონპროექტს და ჩააგდო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG