„ზოგადად, ასეთ თემებზე საჯარო განცხადების გაკეთება არასწორია. თუ ჩვენ რაიმე გვექნება სათქმელი ელჩთან, ელჩთან ვისაუბრებთ“, - თავდაპირველად ასე უპასუხა მან ჟურნალისტების შეკითხვას 14 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში.
„თქვენ იცით, როგორია ჩვენი მიდგომა: თუ მოქმედებს საერთაშორისო სანქციები, ჩვენ ასეთი სანქციების რეჟიმს ყოველთვის ვუერთდებით ხოლმე. ჩვენ არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, შემდეგ კი დასძინა:
„ეს არის ჩვენი ზოგადი პოლიტიკა, რასაც ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს. დანარჩენი, თუ რაიმე სასაუბრო გვექნება ამა თუ იმ დიპლომატთან, ორმხრივ რეჟიმში მათთან ვისაუბრებთ“, - გაიმეორა პრემიერმა.
„როგორ შეაფასებდით ირანის ელჩის განცხადებებს, - რაკიღა მსგავსი ტიპის კრიტიკას ევროპელი ელჩების მხრიდან, როგორც წესი, „ქართული ოცნების“ მხრიდან მწვავე პასუხები მოჰყვება ხოლმე“ - ასეთი იყო კითხვის ფორმულირება.
ახალი ამერიკული სანქციები
2026 წლის 8 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა ირანის საავიაციო სექტორის მხარდაჭერის გამო 36 კომპანიასა და ორგანიზაციას დაუწესა სანქციები.
მათ შორის არიან კომპანიები, რომლებიც საქართველოს მიმართულებით რეისებს ასრულებენ.
მას შემდეგ, რაც თბილისმა განაცხადა, რომ დაიცავს ამერიკულ სანქციებს, საქართველოში ირანის საელჩომ გამოაქვეყნა შავი ზღვის რეგიონის რუკა, რომელზეც საქართველოს მხოლოდ დასავლეთი ნაწილი, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთი ჩანს, და განაცხადა:
რა თქვა ირანის ელჩმა
„[ეს] არის გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, როგორც ამ ქვეყნის არჩევანს. თუმცა ირანელები იმოგზაურებენ, ნახავენ და შეიცნობენ... და შესაძლოა, სწორედ ამ ახლის არჩევანში ახალი მეგობრობებიც ჩამოყალიბდეს“.
მის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე უკრაინისგან განსხვავებულ ფერშია რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი გამოსახული; რუკაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა, - ყირიმისგან განსხვავებით, ის არაა გამოყოფილად და განსხვავებულ ფერად აღნიშნული.
- იმავე დღეს, 12 სექტემბერს, ირანის საელჩოს გვერდზე ქართულ ენაზე გამოქვეყნდა ცნობა ირანისა და რუსეთის საგარეო მინისტრების მოადგილეების შეხვედრის შესახებ, სათაურით: „ირანისა და რუსეთის მიერ ურთიერთობების განვითარების საერთო მზადყოფნის დადასტურება“.
- ირანის ელჩმა სეიედ ალი მოჯანიმ 13 სექტემბერს კი განაცხადა, რომ „დღევანდელ გლობალურ ეკონომიკაში ერთი ... სავაჭრო მარშრუტის გამორიცხვა ყოველთვის არ ნიშნავს ახალი შესაძლებლობის შექმნას“.
- მისივე შეფასებით, საქართველომ ეს ნაბიჯი „ამერიკის დიდებისთვის“ გადადგა.
- 14 სექტემბერს ელჩმა ალი მოჯანიმ განაცხადა, რომ თბილისის ამ ნაბიჯს, „ეკონომიკურ შედეგებთან ერთად, ადამიანური და სოციალური შედეგებიც აქვს“.
- მან წერილობით მიმოიხილა „ფერეიდნელების მიერ ენისა და იდენტობის შენარჩუნების საკითხი 400 წლის განმავლობაში“ და სანქციებთან საქართველოს შეერთების რისკებს შორის დაასახელა „საქართველოს საზოგადოებასა და საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს შორის სოციალური და ადამიანური კავშირების გაწყვეტა“.
ფორუმი