Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობა ნადირაძე - ფინანსისტი


კვირა, 17 ივნისი

დიდი ხნის ჩაძინებული არც ვიყავი, რომ დილაუთენია მტრედების საკმაოდ ხმაურიანმა ღუღუნმა გამაღვიძა და აღარც მიცდია ძილის გაგრძელება. ლეპტოპი მოვიმარჯვე და ფეისბუქში 14 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებული ინფორმაციების გაცნობას შევუდექი.

არა მგონია, სადმე კიდევ უფრო მეტად უყვარდეთ სხვადასხვა ნიშნით ღირსშესანიშნავი დღეების აღნიშვნა, ვიდრე ჩვენთან. საქართველოში. ჰოდა, კიდეც აღვნიშნავთ ერთს - საკუთარ, ეროვნულ დონეზე 14 ივნისს და, დამატებით, ორ საერთაშორისო დონეზე დაწესებულ დღეს - 3 დეკემბერსა და 6 მაისს.

ასეთი დღეების დაწესებასა და აღნიშვნას, ალბათ, აზრი აქვს, რათა როგორც სახელმწიფომ, ისე საზოგადოებამ მრავალმხრივ გაიაზროს, თუ რა ეტაპზე ვართ შშმ პირთა უფლებების განვითარების მხრივ, რა დაბრკოლებები, ხარვეზები, საჭიროებები და შესაძლებლობები გვაქვს; შევადაროთ შედეგები თანამედროვე სტანდარტებს, წარმატებულ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობასა და გამოცდილებას.

მაგალითად, 2017 წლის 3 დეკემბერს გაერომ შშმ პირთა უფლებების პრიორიტეტად გამოაცხადა ცვლილებების განხორციელება, მიმართული მდგრადი ინკლუზიური საზოგადოების შექმნაზე. ჩვენთან კი ამ დღეს, ტრადიციულად, ქვეყნის მასშტაბით რესურსები იხარჯება შშმ პირთა მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მოტივით გამართულ ღონისძიებებსა და ვიღაცების პიარ-ზე.

შშმ პირთა სათემო და ადამიანის უფლებებზე მომუშავე watchdog-ორგანიზაციებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მწვავე განცხადებები გააკეთეს და გაავრცელეს ერთობლივი მიმართვა შშმ პირებისთვის არარსებული რეაბილიტაცია/აბილიტაციის სერვისების ამოქმედებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, შშმ საკითხებზე მომუშავე სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების გაერთიანებებმა კი სოლიდარობის აქციები გამართეს და მოითხოვეს შშმ პირთა უფლებების კონვენციის განსახორციელებლად ეროვნული მექანიზმის ამოქმედება, რაც ასევე, უკვე მე-4 წელია, გამოწვევად რჩება სახელმწიფოსთვის.

მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ დღეს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის წევრ სახელმწიფოთა კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა ეკა სხილაძე, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე. მან კონფერენციის მონაწილეებს მოახსენა საქართველოში მცხოვრებ შშმ პირთა უფლებრივ მდომარეობაზე და ხაზი გაუსვა კონვენციის განხორციელების ინსტიტუციური მექანიზმების გაუმართაობას.

გასულ წლებში 14 ივნისს მთავრობის ფეისბუქზე ქვეყნდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება მოახერხა სახელმწიფომ შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მიმართვის ტექსტს ყოველ მომდევნო წელს, წინა წლების მსგავსად, უძღოდა სლოგანი - „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“. წლევანდელ 14 ივნისს, მთავრობისთვის სხვა მწვავე გამოწვევების ფონზე, მიღწევებიც გვაქვს: სახელმწიფო აღარ უარყოფს, რომ ქვეყანაში „შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს“, რასაც ემატება არასისტემური, კანტიკუნტად განხორციელებული ეპიზოდური და სპონტანური შშმ პირთა უფლებების მხარდამჭერი აქტივობები.

ორშაბათი, 18 ივნისი

მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ჩანიშნულია შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა. საბჭოს წევრები სახალხო დამცველის აპარატთან ერთობლივად ვადგენთ განსახილველ საკითხთა დღის წესრიგს. საბჭოს შეხვედრებს შორის ინტერვალებში საბჭოს მოწვეული წევრები აქტიურად ვცვლით ინფორმაციას, ვამზადებთ საკითხებს შეხვედრაზე განსახილველად.

საბჭოს ახალი შემადგენლობა გასული წლის ნოემბრიდან ამოქმედდა და 2 წლის განმავლობაში საბჭოს განახლებული შემადგენლობის დამტკიცებამდე წევრებს შესაძლებლობა გვექნება ჩართული ვიყოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც მოიცავს შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ქვეყანაში არსებული ბარიერების ადეკვატურად შშმ პირთა თემი არ გამოირჩევა სამოქალაქო აქტივიზმის მაღალი ქმედითობით. სფეროში მომუშავე სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები კი ხშირად ცდილობენ ჩაანაცვლონ შშმ პირები და საკუთარი ინტერესები „გაყიდონ“ თემის ინტერესად. სახელმწიფოც, უკვე მრავალი წელია, დაკავებულია ფასადურობის საქმიანი ინსტალაციითა და არხეინად განაგრძობს „ნარჩენობითი“ პრინციპით განხორციელებული სახელმწიფო პროგრამებით შშმ პირთა უფლებების გაუტკივრებას.

საქართველოს პარლამენტმა 2013 წელს მოახდინა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება, იგი 2014 აპრილის თვიდან ამოქმედდა. ამავე კონვენციით სახელმწიფოს განესაზღვრა ვალდებულება დაესახელებინა კონვენციის პოპულარიზაციისა და განხორციელების ეროვნული მექანიზმი. ასეთ მექანიზმად საქართველოს მთავრობის მიერ დასახელდა საქართველოს სახალხო დამცველი.

„არაფერი ჩვენ შესახებ ჩვენ გარეშე“ - ამ დევიზით ჩაერთნენ კონვენციის მომზადების პროცესში შშმ პირები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ეს დოკუმენტი, სხვა მის ანალოგიებთან შედარებით, განხორციელების თვალსაზრისით, ქმნის ყველაზე ეფექტურ მექანიზმს. მეც იმედი მაქვს, მიუხედავად არსებული პირობებისა, ქართველი შშმ პირებიც გავხდებით ამ დოკუმენტის რეალური მოსარგებლეები.

შეხვედრა საღამოს 15 საათზეა ჩანიშნული. ტაქსის ვიძახებ და მივეშურები თავისუფლების მოედნისკენ, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, სადაც სახალხო დამცველმა ოთახი დაიქირავა შეხვედრისთვის. შედარებით ძვირი „სიამოვნებაა“ ამ კლასის სასტუმროებში შეხვედრების გამართვა, მაგრამ სხვა რა გზაა? ომბუდსმენის ოფისი, გარდა იმისა, რომ შშმ პირებისთვის მიუწვდომელია მსგავს შეხვედრებზე დასასწრებად, ავარიულ მდგომარეობაშია, რაც საფრთხეს უქმნის როგორც აპარატის თანამშრომლებს, ისე ოფისის ვიზიტორებს, რომლებიც, ცხადია, სარელაქსაციო მიზნებით არ სტუმრობენ მას.

შეხვედრა, როგორც ყოველთვის, იმაზე მეტხანს გრძელდება, ვიდრე დაგეგმილი იყო. მომხსენებელს ცვლის მომდევნო მომხსენებელი. ვსაუბრობთ გასულ შეხვედრებზე დასმული საკითხების განხორციელების შედეგებზე, საკითხებზე, რომლებიც შეეხება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ უშუალოდ შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, ვმსჯელობთ ასევე სხვა მნიშვნელოვანი პროგრამების შეფასებისა და მონიტორინგის შესაძლებლობებზე, სხვადასხვა კატეგორიის შშმ პირთა მიერ დოკუმენტის გაცნობისა და ხელმოწერის ალტერნატიული წესების საკანონმდებლო რეგულაციებსა და რეკომენდაციების მომზადებაზე, ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა გასაჯაროება არაა მიზანშეწონილი, რათა აპარატს ხელი არ შეეშალოს თავის საქმიანობაში.

მიხარია, როცა ვაცნობიერებ, რომ „შეხვედრა შეხვედრისათვის“ მონაწილე არ ვარ, რომ შეხვედრის მონაწილეთა დამოკიდებულება აუცილებლად მოიტანს პოზიტიურ შედეგებს.

სადღაც შვიდის ნახევრისთვის მთავრდება შეხვედრა, ისევ ვიძახებ ტაქსის და მივდივარ ბავშვობის მეგობართან შეთანხმებულ შეხვედრაზე. დღეს „ცოტას“ დავლევ.

სამშაბათი, 19 ივნისი

50 წელს გადავაბიჯე და მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ბავშვობის მეგობართან ერთად „ცოტა“ დავლიე, ნაბახუსევს, როგორც ყოველთვის, არ შეუწუხებივარ.

მეუღლე და შვილი, გიორგი, სამსახურში წასასვლელად ემზადებიან. მოძრაობაში, რამდენიმე წინადადებას ვცვლით ერთმანეთში. სახლში ვრჩებით მე და დედაჩემი, რომელსაც აივანზე ხმაურით მომლოდინე მტრედებისთვის გააქვს საკვები, მე კი ჩუმად ველოდები მორიგ ფინჯან ყავას.

სახლიდან იშვიათად მიწევს გასვლა. ადრე, როცა საკუთარი ავტო მყავდა, უფრო ხშირად კი არადა, ყოველდღე მიწევდა გარეთ გასვლა. დაახლოებით ბოლო 7 წელია ავტო აღარ მყავს და ჩემმა საგარეო ვიზიტებმაც თანმიმდევრულად იკლო, რაც ჩემს ანატომიურ კონფიგურაციაზეც მკვეთრად აისახა - ჭარბი წონა და ა.შ.

სამოქალაქო აქტივიზმის მხრივ, გარდა ზემოხსენებული საბჭოსი, ეპიზოდურად ვერთვები სხვადასხვა პროექტებში, ვატარებ ტრენინგებს, ვამზადებ ანგარიშებს, ვეწევი ბუღალტრულ პრაქტიკას, ასევე დისტანციურად დასაქმებული ვარ იუსტიციის სამინისტროს ქვემდებარე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ამ სფეროშიც მონიტორინგით ვარ დაკავებული, ვაკვირდები უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოების პროცესს 21 რეგიონში, ვაგროვებ საჭირო სააღრიცხვო მონაცემებს და შესაბამის სამსახურს ინფორმაციას ვაწვდი რეაგირებისთვის.

დღესაც ბევრი საქმეა მოსასწრები: გადასახედია ახალი მეილები, მოსამზადებელია პასუხები, გადასახედი და მოსამზადებელია პირველადი ფინანსური დოკუმენტები, სხვადასხვა ფეისბუქჯგუფებისთვის - კომენტარები.

სადღაც შუადღისკენ საბაჟო ტერმინალიდან მირეკავს ეტლით მოსარგებლე მეგობარი, რომელსაც სთხოვენ იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადახდას. ის მიხსნის, რომ საზღვარგარეთიდან შეიძინა ეტლის ბორბლები, რომლის იმპორტზეც გადასახადი არ ეკუთვნის, მებაჟემ კი, სავარაუდოდ, არასწორად ამოიკითხა დასახელება საქონლის თანმხლებ დოკუმენტებში და გაატარა როგორც სპორტული ინვენტარი. მომიწია სათანადო დოკუმენტების გადაგზავნა მეილზე მეგობართან, ცხელ ხაზზე შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვა. ამასობაში, სავარაუდოდ, საბაჟოს თანამშრომლები გაერკვნენ სიტუაციაში, ინციდენტი ამოიწურა და ეტლის ბორბლები დატოვეს საბაჟო გადასახადის გადახდის გარეშე.

საღამოსკენ ერთმანეთის მიყოლებით ბრუნდებიან მეუღლე, რომელიც ერთ-ერთ სკოლაში ქიმიის მასწავლებელია, და გიორგი. გიორგიც სკოლიდან ჩართული იყო სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობებში, თსუ-ში სწავლების პერიოდში მუშაობდა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მონიტორად, ამ წლიდან სტაჟირებას გადის ქალაქის პროკურატურაში. გიორგი საკმაოდ გვიან ბრუნდება სამსახურიდან, თუმცა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყოველთვის ვახერხებთ ერთმანეთის ამბების მოკითხვას.

ოთხშაბათი, 20 ივნისი

ისე მოხდა, რომ სადღაც 2005-2006 წლიდან დღემდე საქმიანი ურთიერთობა ძირითადად ჩემზე მინიმუმ 8-10 წლით უმცროსი ასაკის ახალგაზრდებთან მიწევს და ეს ციფრი წლებთან ერთად მატულობს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამავე ასაკის ადამიანებთან მიხდება სამსახურს გარეთ ურთიერთობა, მათ შორის ბევრთან მეგობრულიც. მე მგონი, ძალიან გამიმართლა.

პარასკევს შეხვედრა დაიგეგმა ერთ-ერთ შშმ პირთა არასამთავრობო ორგანიზაციაში. იგეგმება კვლევის განხორციელება, რომლის მიზანიცაა ქვეყნის მაშტაბით შეფასდეს შშმ პირთა ჩართულობის შესაძლებლობები და არსებული სერვისები. საჭიროა შესაბამისი სამიზნე ჯგუფებისთვის კითხვარების გადახედვა. დღის დიდ ნაწილს წაიღებს ასევე რუტინული სამუშაო.

შუა კვირაა. ერთმანეთს ენაცლება სარალიძე-მაჩალიკაშვილთან, ნარკო- პოლიტიკასთან, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები. მინდა დრო გამოვზოგო, რათა თვალყური მივადევნო პარლამენტში მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების პროცესს.

შეუძლებელია ადამიანი გულგრილი დარჩე სარალიძე-მაჩალიკაშვილის ტრაგედიის მიმართ. ამის პარალელურად უნებლიეთ ფიქრობ იმ ადამიანებზე, შშმ ბავშვებსა და მოზარდებზე, რომლებიც სახელმწიფოს უმოქმედობისა და საზოგადოების გულგრილობის გამო იღებენ ჭრილობებს, რომლებიც, სიმძიმის თვალსაზრისით. ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება.

დიახ, ამის მიზეზიც საზოგადოების დამოკიდებულება, სახელმწიფო ინსტიტუტების კომპეტენცია, გაუმართავი და არაკოორდინირებული მოქმედება, კორუფციის გაზრდილი რისკებია.

დღეს პარლამენტში ყოველივე ამის ნათელი მაგალითი იყო თუნდაც ის, რომ ქვეყანაში, სადაც შშმ პირებისთვის არ მოქმედებს რეაბილიტაცია/აბილიტაციის არანაირი სახელმწიფო პროგრამა, პოლემიკა ამოიწურა ერთი კატეგორიის შშმ პირთა სოციალური პაკეტის 20 ლარით გაზრდის შესაძლებლობის განხილვით მომდევნო ორი წლის პერესპექტივაში.

ხუთშაბათი, 21 ივნისი

დილიდან ისევ რუტინული საქმით დავკავდი. მთელი დღის განმავლობაშ ერთ-ერთი პროექტისთვის პროექტის დირექტორთან ერთად ვარჩევდით შესაძენ ტექნიკას: ლეპტოპებს, ფოტოკამერებს, პრინტერებს და ა.შ.

მას შემდეგ, რაც დავასრულე შესყიდვების პროცედურები, მზადება დავიწყე მკვლევართან ინტერვიუსთვის. როგორც წესი, მსგავს შეხვედრებს აქვე, ჩემს სახლთან ახლოს მდებარე ღია კაფეში ვგეგმავ ხოლმე.

სახლიდან გასვლამდე მეილზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე იუსტიციის სახლიდან. გამოცხადდა ვაკანსიები. იუსტიციის სახლი დაიქირავებს შესაბამის ექსპერტებს, რათა უფრო მეტად მისაწვდომი გახადოს არსებული სერვისები სხვადასხვა კატეგორიის შშმ პირებისთის.

საღამოხანს დაწყებული ინტერვიუ მკვლევართან კარგა ხანს გაგრძელდა. ორივე მხარე კმაყოფილი დავრჩით. ინტერესით ველოდები, როგორ აისახება ეს კვლევაზე.

მკვლევარი რომ გავისტუმრე, მეუღლისგან მესიჯი მივიღე - სახლში ბრუნდებოდა. დრო ვიხელთე და ყავაზე დავპატიჟე. სახლს მიღმა სხვა გემო აქვს ყავასაც და საუბარსაც.

პარასკევი, 22 ივნისი

მთელი დღე ოფისში გავატარე. გარდა იმისა, რომ ახალ პროექტზე ვიმუშავეთ, დიდი ხნის უნახავი მეგობრებიც მოვინახულე. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელებს ყველა აქტიურად ვიყენებთ, მთავარი სასაუბრო თემა მაინც ჩვენს საქმიანობას უკავშირდება.

გადავწყვიტეთ შაბათს ქალაქგარეთ, ბუნებაში გავიდეთ. კვირის ბოლო მშვენიერი გამოვიდა. შინ მეგობრის მანქანით დავბრუნდი და საჭესთან ჯდომაც გავიხსენე, ვიგრძენი, რომ საკმაოდ მომნატრებია. შინ შორი გზით დაბრუნება ვარჩიე. ხვალ მეტ დროს გავატარებ საჭესთან.

შაბათი, 23 ივნისი

ამინდი ხელს გვიწყობს, არაჩვეულებრივი დღეა ქალაქგარეთ სამოგზაუროდ. იმედია, ადრე დავბრუნდები და მოვასწრებ შთაბეჭდილებების დღიურში ჩაწერას.

ვიმოგზაურეთ რაჭაში. სამოთხეა, ბუნებაც და ადამიანებიც - ერთნაირად ლამაზი როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად, მიუხედავად არსებული პრობლემებისა. სოფელი დაცლილია ახალგაზრდობისგან. ადგილობრივებთან სასაუბრო თემა იგივეა, რაც მთელ ქვეყანაში. დანარჩენი შთაბეჭილებების დღიურში გადმოტანას ვეღარ ვასწრებ.

კობა ნადირაძის თავისუფლების დღიურები
please wait

No media source currently available

0:00 0:13:49 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG