Accessibility links

site logo site logo

"კომენდანტის საათი" სრულდება. როდემდე? რა შეცვალა?


საპროტესტო აქცია ე.წ. კომენდანტის საათის წინააღმდეგ, თბილისი, 2021 წლის 15 მარტი

1 ივლისიდან ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა, ე. წ. კომენდანტის საათი გაუქმდება. თუმცა, თუ დასჭირდა, სახელმწიფო მას მარტივად აღადგენს. თანაც ისე, რომ ფორმალურად პასუხს ვერავინ მოსთხოვს.

უფლებადამცველები ყურადღებას ამახვილებენ კიდევ ერთი რამეზე - ხელისუფლებამ დღემდე ვერ (ან არ) დაასაბუთა, თუ რაზე დაყრდნობით იღებს ან აუქმებს ამ გადაწყვეტილებას.

მიზეზების ძიებაში, რადიო თავისუფლებამ საქართველოში პანდემიამდე და პანდემიის დროს მოსახლეობის მობილობა გადაამოწმა გუგლის სპეციალური ანგარიშის მეშვეობით. ასევე ვესაუბრეთ მათ, ვინც ფიქრობს, რომ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვამ მენტალური ჯანმრთელობა გაუუარესა.

მუდმივი კონტროლის წნეხი

იმას, თუ რამდენად მძიმე ყოფილა მისთვის „კომენდანტის საათი”, 21 წლის ნანუკა ყიფიანი მაშინღა მიხვდა, როცა მარტის დასაწყისში საქართველოდან წავიდა.

„რომ იტყვიან, ცოტა პენსიონერა ახალგაზრდააო, ისეთი ტიპაჟი ვარ. ამის გამო მეგონა, რომ ღამის საათებში სახლიდან გასვლის აკრძალვას არანაირი ზეგავლენა არ ჰქონია ჩემს ცხოვრებაზე“, - ეუბნება ნანუკა რადიო თავისუფლებას. მან 4 თვის მანძილზე იმუშავა ინგლისურის მასწავლებლად პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქში, სადაც კომენდანტის საათი არ იყო შემოღებული.

ნანუკა ყიფიანი
ნანუკა ყიფიანი

„დიდად ჩემი ცხოვრების წესი და პირობები არ შეცვლილა, მაგრამ დავწყნარდი, იცი? უცბად მივხვდი - თურმე იქამდე მეგონა, რომ ვიღაც თავზე მადგა და ყოველ წამს მიკონტროლებდა”.

პოლონეთში გაიაზრა, რომ საქართველოში მუდმივ შფოთვას, შიშს და პანიკური შეტევების პირას მისვლას, რასაც თავიდან ზოგადად პანდემიას და უმუშევრობას მიაწერდა, სინამდვილეში ყოველდღიურად კომენდანტის საათის მოახლოება იწვევდა. - „სულ გაქცევაზე უნდა იყო, სულ სადღაც არ დაგაგვიანდეს, სულ ეგეთ რეჟიმში უნდა იყო, რო ვაიმე, უნდა მოასწრო ყველაფრის გაკეთება, [დროში] ჩაატიო, ვერ მოდუნდები, ვერ დაწყნარდები. იმიტომ რომ ხარ მოსწრებაზე ყველაფრის”, - გვითხრა ნანუკამ.

მსგავსი განცდები ჰქონდა 26 წლის ასმათ დარბაიძესაც. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა კომენდანტის საათით გამოწვეულმა სტრესმა გაუმწვავა. ამის შესახებ ფსიქოლოგმაც უთხრა და ფსიქიატრმაც.

ასმათ დარბაიძე
ასმათ დარბაიძე

„რომც არ ეთქვათ, თვითონაც შევატყვე, რომ პანიკური შეტევები მარტში დამეწყო და ამის ბრალი იყო”, - ამბობს ასმათი. - „თავიდან ძალიან მშველოდა სეირნობა. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ყოველთვის ვსეირნობ... ვცდილობდი ხოლმე გავსულიყავი 9 საათამდე, მაგრამ მერე სულ უფრო გიჩნდება პროტესტის გრძნობა, რატომ არ შემიძლია, რო გავიდე გარეთ? თავისუფალი ვეღარ ხარ. ფაქტობრივად, შინაპატიმრობასავით იყო”.

ორივე ახალგაზრდას ყველაზე მეტად ის ძაბავდა, რომ დაგვიანების შემთხვევაში 2000-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევდათ, რაც პანდემიის პირობებში მძიმე ტვირთად დააწვებოდათ. ნანუკასა და ასმათის მსგავსად, ე.წ. კომენდანტის საათმა საქართველოში მილიონობით ადამიანს გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდა, მაგრამ...

მობილობას თუ ამცირებს?

თვეების განმავლობაში ჯანდაცვის სფეროსა და ხელისუფლების წარმომადგენლები კრიტიკოსებს უპასუხებდნენ ერთი, მთავარი არგუმენტით: კომენდანტის საათის სარგებელი იმაშია, რომ იგი ამცირებს მოსახლეობის მობილობას, ანუ, წესით, კორონავირუსის გავრცელებასაც.

„ამ ეტაპზე "კომენდანტის საათის" გადაწევის რეკომენდაციას ჩვენი ცენტრი ვერ გასცემს. ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილური არ არის და გაუარესების ტენდენციაა. "კომენდანტის საათის" დროს მთავარი მიზანი არის მობილობის შემცირება. ეს ინფექციის გავრცელების შენელების ერთ-ერთი მთავარი იარაღია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ აპრილის დასაწყისში.

ჯერჯერობით არ არსებობს სამეცნიერო კვლევა, რომელიც 100 %-იანი სიზუსტით დაადასტურებდა, რომ ღამის კომენდანტის საათი ამცირებს ვირუსის გავრცელებას. შესაბამისად, მთელ მსოფლიოში მიღებული საკარანტინო ზომების შემოღება დაშვებას ეფუძნება.

ამ დაშვებას მისდევდნენ საფრანგეთის, ნიდერლანდის, დიდი ბრიტანეთისა და ბევრი სხვა ევროპული ქვეყნის ხელისუფლებებიც. მის შესაძლო მართებულობაზე კი მიუთითებს ბრიტანეთის რამდენიმე უნივერსიტეტის პროფესორებისგან შემდგარი გუნდის კვლევის წინასწარი დოკუმენტი. მეცნიერები აკვირდებოდნენ კორონავირუსის გავრცელებას ევროკავშირის 7 ქვეყანაში და დაასკვნეს, რომ ღამის კომენდანტის საათს შეუძლია ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელი საშუალოდ 13%-ით შეამციროს, თუმცა, ამასთანავე, ავტორები აღნიშნავენ, რომ უჭირთ გამიჯნონ კომენდანტის საათის ზეგავლენა პანდემიაზე რესტორნების დახურვებისა და სხვა შეზღუდვების ზეგავლენისგან.

საქართველოში თუ შეამცირა?

ამ კითხვას მოქალაქეები, პოლიტიკური ოპონენტები, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები სვამენ, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღიათ.

„მნიშვნელოვანია უწყებათაშორისმა საბჭომ დაასაბუთოს და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების შეკავებაზე”, - წერია სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას 2020 წლის ანგარიშში.

კიდევ ერთი ანგარიში, რომელიც ხელისუფლებას მყარი არგუმენტების უქონლობის გამო აკრიტიკებს, არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს ეკუთვნის. მაისის ბოლოს გამოქვეყნებულ ტექსტში მიმოხილულია, თუ რა საფრთხეებს უქმნის საქართველოში მიღებული საკარანტინო ზომები დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს.

ამასთანავე, კვლევის ავტორებს ეჭვი შეაქვთ კომენდანტის საათის ეფექტიანობაში. ერთ-ერთ არგუმენტად დასახელებულია გუგლის მობილობის ანგარიში. „Google-ის მონაცემებით, კომენდანტის საათის მიუხედავად, უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში საქართველოში მოსახლეობის მიერ საცხოვრებელ ადგილას გატარებული დრო მხოლოდ 2 პროცენტით არის გაზრდილი”.

რადიო თავისუფლებამ შეისწავლა გუგლის მობილობის ანგარიში საქართველოზე. პერიოდულად განახლებად დოკუმენტში თავს იყრის მონაცემები იმაზე, თუ როგორ იცვლება მოსახლეობის გადაადგილების ტენდენციები პანდემიის დაწყების შემდეგ.

მოსახლეობამ გაუგო გემო პარკებში სიარულს
მოსახლეობამ გაუგო გემო პარკებში სიარულს

ანგარიშის თანახმად, პირველი ლოკდაუნი მობილობის შემცირების მხრივ ძალიან ეფექტიანი იყო.

სხვა შეზღუდვების კვალდაკვალ, კომენდანტის საათი 2020 წლის 31 მარტს ამოქმედდა (9-დან 6 საათამდე). ამის შემდეგ, 20 აპრილისთვის სახლში გატარებული დროის ოდენობა საქართველოში 60 პროცენტით გაიზარდა. 130-ზე მეტი პროცენტით იკლო დანარჩენ ადგილებში გატარებულმა დრომ.

შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, 2020 წლის მაისის ბოლოს, ადამიანები ქუჩაში გავიდნენ. ზაფხულის პიკურ მონაკვეთში, 9 აგვისტოს, 90%-ით გაიზარდა პარკებში გატარებული დრო. მთელი ზაფხულის განმავლობაში მაღაზიებსა და სახლში ადამიანები, დაახლოებით, იმდენივე ხანს ატარებდნენ, რამდენსაც პანდემიამდე. სამაგიეროდ, სტაბილურად 10 %-ზე ქვემოთ იყო მობილობა რესტორნებსა და კაფე-ბარებში.

ეპიდვითარება სანამ უარესდებოდა, მნიშვნელოვანი ცვლილებები გადაადგილებაში აღარ მომხდარა.

9 ნოემბრიდან კომენდანტის საათი (21:00-05:00) გამოცხადდა ხუთ დიდ ქალაქში, 28 ნოემბერს კი - მთელ ქვეყანაში. სახლში გატარებულმა დრომ ისევ იმატა, მაგრამ პირველი ლოკდაუნის მონაცემებზე ის მაინც გაცილებით ნაკლები იყო. შემცირდა სხვა ადგილებში გატარებული დროც, თუმცა, ისევ და ისევ, არა პირველი ლოკდაუნის ნიშნულებამდე. ეს ტენდენცია 2021 წლის ზამთრის განმავლობაში შენარჩუნდა.

უკანასკნელი 5 კვირის მობილობის ანგარიში
უკანასკნელი 5 კვირის მობილობის ანგარიში

შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება საქართველოში 1 მარტს დაიწყო. ბოლო თვეების სურათი ასეთია: ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ შინ და მეტს გარეთ და საერთო სურათზე კომენდანტის საათი გავლენას ვერ ახდენს. გაზაფხულის ბოლომდე მობილობა პარკებში, მაღაზიებში საგრძნობლად გაიზარდა და რამდენიმე ათეული პროცენტით გასცდა პანდემიამდელ ნიშნულს, სახლში კი მოსახლეობა იმაზე ნაკლებ დროს ატარებს, ვიდრე 2020 წლის იანვარ-თებერვალში. უკანასკნელი 6 კვირის განმავლობაში ეს დრო 7 პროცენტითაა შემცირებული საწყის ნიშნულთან შედარებით.

უკანასკნელი 5 კვირის მობილობის ანგარიში
უკანასკნელი 5 კვირის მობილობის ანგარიში

იმისდა მიუხედავად, რომ ეს რიცხვები, ერთი შეხედვით, მრავლისმეტყველია, გუგლი მაინც მოუწოდებს ყველას, მათ ანალიზს სიფრთხილით მოეკიდოს. კორპორაცია აღნიშნავს: მონაცემთა ანალიზისას გასათვალისწინებელია ის, თუ რამდენად ზუსტია გუგლის მონაცემთა ბაზა ამა თუ იმ ქვეყანაში, როგორია ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, ამინდი და სხვა ფაქტორები.

მეტი ძალაუფლება, ნაკლები ანგარიშვალდებულება

რამდენიმე დღის წინ კრიტიკოსებს ხელისუფლებამ ჯერ იმით უპასუხა, რომ 1 ივლისიდან კომენდანტის საათს გააუქმებს. მერე კი საკარანტინო ზომებისთვის დაწესებულ ჯარიმებზე ამინისტია დააანონსა.

თუმცა ამ გადაწყვეტილების შემდეგაც პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა: რამდენად ეფექტიანია კომენდანტის საათი და რა არითმეტიკა იმალება მისი დაწესების ან გაუქმების მიღმა?

გინდ ამცირებდეს მობილობას, გინდ არა, ლოკდაუნების და, კერძოდ, კომენდანტის საათის პრობლემურობაზე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები პანდემიის დაწყების დღიდანვე ლაპარაკობენ. Human Rights Watch-ის, Amnesty International-ისა და სხვების ანგარიშებში აღნიშნულია, რომ ბევრგან საკარანტინო ზომებით მინიჭებული უფლებამოსილება მმართველებს ეხმარება მოწინააღმდეგეების დადუმებაში.

უფლებადამცველთა კრიტიკის საბაბი საქართველოში შექმნილი ვითარებაც გახდა.

ამასთანავე, ევროპული ქვეყნების უდიდეს ნაწილში კომენდანტის საათის გამოცხადება (და, შესაბამისად, გამოხატვის, გადაადგილებისა და სხვა უფლებების შეზღუდვა) ხელისუფლებას შეუძლია მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რომელიც ყოველ ჯერზე პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. საქართველოში ეს საჭირო აღარაა. 2020 წლის მაისში საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა ცვლილებები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონში. შედეგად, სპეციალური საკარანტინო ღონისძიებების გატარება (და მოქალაქეების რიგი უფლებების შეზღუდვა) მთავრობას ახლა დაუბრკოლებლად შეუძლია. დღეის მდგომარეობით, ამ უფლებამოსილებით იგი, სულ ცოტა, 2022 წლის 1 იანვრამდე ისარგებლებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ პანდემიის პირობებში, პარლამენტისა და სასამართლოს პასიურობის ფონზე, ძალაუფლება სულ უფრო მეტად ექცევა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში, რაც ზღუდავს ადამიანის უფლებებს და კიდევ უფრო ასუსტებს ისედაც მყიფე ქართულ დემოკრატიას.

„ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის” (IDFI-ის) მთავარ იურისტს, გიორგი დავითურს, ყველაზე მეტად ის აღელვებს, რომ ამ მოცემულობაში ირღვევა კონტროლისა და ბალანსის პრინციპი, ანუ სუსტდება მთავრობაზე ზეწოლის ბერკეტები და იზრდება მისი თვითნებობის საფრთხე.

მისი თქმით, მთავრობამ განსაკუთრებული უფლებამოსილება და კონტროლის შესუსტება სათავისოდ უკვე გამოიყენა, მაგალითად, 2020 წლის 8 ნოემბერს, როდესაც ოპოზიციის აქციამდე ერთი დღით ადრე კომენდანტის საათი გამოცხადდა.

„წარმოიდგინეთ, ეს რომ ყოფილიყო საპარლამენტო განხილვა და პარლამენტში დარეგისტრირებულიყო კანონი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებაზე გავრცელდებოდა და ასე დაიწყებოდა მანიფესტაციების შეზღუდვა… ხომ სულ სხვა მოცემულობა გვექნებოდა? - გვეუბნება გიორგი დავითური, - მთელი კონსტიტუციის დანაწილება, მთელი კონსტიტუციური წესები, მთელი ადამიანის უფლებების თავი არსებობს იმის გამო, რომ დაშვება არის, რომ სახელმწიფო არის ბოროტი. სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება - ეს დაყოფა არსებობს იმიტომ, რომ კაცობრიობის ისტორიამ ნახა: ძალაუფლების თავმოყრა ერთი შტოს ხელში გარდაუვლად იწვევს ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევას”.

მთელ საქართველოში ყოველდღიური გადაადგილების შეზღუდვა ღამის საათებში 7 თვეა მოქმედებს.

P.S. 17 ივნისს საქართველოს პარლამენტის საიტზე დარეგისტრირდა „ქართული ოცნების” წევრის, მიხეილ სარჯველაძის, სადეპუტატო კითხვა. დეპუტატი დაინტერესდა, ხელმისაწვდომია თუ არა რაიმე კვლევა, რომელიც გაზომავდა პანდემიის წინააღმდეგ შემოღებული შეზღუდვების ეფექტიანობას. პასუხისთვის მთავრობას 12 დღე აქვს დარჩენილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG