Accessibility links

კონსული: ბარსელონაში თავშესაფრის მაძიებლები შენობიდან გამოასახლეს. არ ვიცით, რა იქნება


ბარსელონაში, მიტოვებულ სკოლაში შესახლებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ესპანეთისგან თავშესაფარს ითხოვენ, 29 მაისს გამოასახლეს. 11- მა ოჯახმა, მათ შორის არასრულწლოვნებმა, წუხანდელი ღამე ბარსელონაში, ერთ-ერთ ჰოსტელში გაათენეს. ჰოსტელში, ერთი ღამით შესახლება მათ მას შემდეგ შეძლეს, რაც საქმეში ბარსელონაში საქართველოს კონსული ქეთევან გოგოლაშვილი ჩაერთო.

ქეთევან გოგოლაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ესპანეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ბედი ამ ეტაპზე გაურკვეველია, რადგან ესპანეთის ხელისუფლება საკმაოდ ხისტ პოზიციას ფლობს თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ:

„შეიძლება ითქვას, რომ ღია ცის ქვეშ არიან დარჩენილები. ჯამში 37 მოქალაქეზეა ლაპარაკი, მათ შორის 19 არასრულწლოვანია. მათგან უმეტესობა თავშესაფრის მაძიებელია. მათ ინტერვიუები ჩანიშნული აქვთ აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისში. შესაბამისად, ისინი ესპანეთის ტერიტორიას არ ტოვებენ. თუმცა, სად და როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას, ეს ჯერჯერობით გაურკვეველია. როგორც მათ სამართალდამცავებმა აუხსნეს, ისინი უნდა გადამისამართებულიყვნენ საემიგრაციო სამსახურში, საიდანაც მათ თავშესაფრებში გადაანაწილებდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ სამსახურს არანაირად არ ეხება მათი თავშესაფრებში გადანაწილება. დახმარებაზე უარი თქვა წითელმა ჯვარმა და ქალაქის მმართველობამ. როდესაც შევხვდი ქალაქის მმართველობის წარმომადგენლებს, მათ განმიმარტეს, რომ ბარსელონა აღარ იღებს თავშესაფრის მაძიებლებს და ამოწურულია ყოველგვარი ფინანსური რესურსი. შეიძლება ითქვას, რომ ქალაქის მმართველობასთან საკმაოდ მძიმე და არასასიამოვნო საუბრის შემდეგ, ეს ადამიანები ერთი ღამით გადაიყვანეს ჰოსტელში. თუმცა, განგვიმარტეს, რომ ეს არის უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ბარსელონა დათანხმდა ამ ხალხის ერთი ღამით განთავსებაზე. როგორ განვითარდება მოვლენები, ეს უკვე ძალიან ძნელი სათქმელია“.

ქეთევან გოგოლაშვილის თქმით, მისი ჩართულობა ამ პროცესში ქალაქის მმართველობისთვის ერთგვარ გაუგებრობას წარმოადგენს:

„ეს ადამიანები ბარსელონაში ჩამოსულები არიან თავშესაფრის საძიებლად. ჩემი ჩართულობა კი გამოდის, რომ მათ საქმეს უფუჭებს. ყველა მეკითხება, შენ რა უფლება გაქვს, კონსულს, სახელმწიფოს წარმომადგენელს, რომ მოდიხარ და იცავ იმ ხალხის უფლებებს, რომლებიც ამბობენ, რომ მათ ეშინიათ საკუთარი ქვეყნის და სხვა ქვეყანას სთხოვენ თავშესაფარს. შენ კი მოდიხარ და მათ უფლებებზე წარმოთქვამ პრეტენზიებს და ჩვენ, ესპანელებს გვეუბნები, რომ დავიცვათ მათი უფლებები. ე.ი. შენც, ანუ სახელმწიფოც და ეს ხალხიც იტყუება?“

ქეთევან გოგოლაშვილის განმარტებით, გამოსახლებული მოქალაქეების უმეტესობა გასაუბრება ელოდება და შესაბამისად, ითვლება, რომ ამ ეტაპზე, ისინი ქვეყანაში ლეგალურად იმყოფებიან და მათ აქვთ მომლოდინის საბუთი. თუმცა, მისი თქმით, თუკი აქამდე ესპანეთი გასაუბრების მომლოდინეებს აძლევდა გარკვეულ თანხას და დროებით თავშესაფარს, ამჟამად ქვეყანაში მსგავსი პროგრამა აღარ მოქმედებს.

4 აპრილს, ბარსელონაში, მიტოვებული სკოლის შენობაში ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია. სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს საქართველოს 66 მოქალაქე. გარდა ამისა, ადმინისტრაციული წესით, საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის, დააკავეს საქართველოს 41 მოქალაქე.

მოქალაქეების ნაწილი მაშინ აცხადებდა, რომ ბოლო პერიოდში თავშესაფრის მიცემაზე ესპანეთის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს უარს ეუბნება. ისინი ამ ფაქტს ესპანეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს უკავშირებენ, რის შემდეგაც ესპანეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „აბსურდულს“ უწოდებს სხვადასხვა მედიაში გავრცელებულ ცნობას, თითქოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს რაიმე კავშირის ჰქონდეს ბარსელონაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG