Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრეისერ „მოსკვას“ დაღუპვის შემდეგ დარჩენილი კითხვები


კრეისერ „მოსკვაზე“ 500-მდე მეზღვაური იმყოფებოდა. მისი ჩაძირვიდან ერთი წლის თავზეც კი ზუსტად არ არის ცნობილი, რამდენი მათგანი დაიღუპა.
კრეისერ „მოსკვაზე“ 500-მდე მეზღვაური იმყოფებოდა. მისი ჩაძირვიდან ერთი წლის თავზეც კი ზუსტად არ არის ცნობილი, რამდენი მათგანი დაიღუპა.

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 14 აპრილს საბრძოლო მოქმედების შედეგად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, კრეისერი „მოსკვა“ ჩაიძირა. ეს იყო შოკი რუსეთისთვის და დიდი წარმატება უკრაინისთვის.

რუსეთის მიერ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომის ორი თვის განმავლობაში „მოსკვას“ ჩაძირვა რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან დანაკარგად ითვლება. როგორც ადამიანური, ასევე აღჭურვილობის თვალსაზრისით. ხომალდზე 500-მდე მეზღვაური იმყოფებოდა. ამ მოვლენიდან ერთი წლის თავზეც კი ზუსტად არ არის ცნობილი, რამდენი მათგანი დაიღუპა.

ზოგიერთი მშობელი რისხვას ვერ მალავს იმის გამო, რომ თავის დროზე კრეისერის მეთაურობა მათ შვილების შესახებ სიმართლეს უმალავდა, ახლა კი მათი გულების მოგებას ორდენებით და დაპირებული ფულადი კომპენსაციით ცდილობს.

„გადარჩენის იმედი ძალიან მცირეა“

კრეისერი „მოსკვა“, რომელსაც თავდაპირველად „სლავა“ ერქვა და ექსპლუატაციაში 1983 წლიდან გაუშვეს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანად ითვლებოდა.

13 აპრილს, ღამით, ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ ტელეგრამარხით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შავი ზღვის უკრაინელმა დამცველებმა რუსული გემი „მოსკვა“ სერიოზულად დააზიანეს რაკეტა „ნეპტუნით“. იმავე ღამით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სარაკეტო კრეისერზე ხანძრის შედეგად მოხდა საბრძოლო მასალების დეტონაცია, გემი სერიოზულად დაზიანდა, ეკიპაჟი კი სრულად ევაკუირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი მითითებული არ ყოფილა.

როგორც შემდგომ გაირკვა, კრეისერ „მოსკვაზე“ რამდენიმე ათეული წვევამდელიც გადიოდა სამხედრო სამსახურს.

მათ შორის, ურალელი ნიკიტა სირომიასოვი, რომელიც 2021 წლის ზაფხულში გაიწვიეს ჯარში. სასწავლო შეკრების გავლის შემდეგ, იგი განაწილებით ჯერ რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში, შემდეგ კი კრეისერ „მოსკვაზე“ მოხვდა. სწორედ იქ ჩააკითხა გასული წლის იანვარში მეზღვაურს დედამ, ოლგა დუბინინამ, რომელმაც, როგორც აღმოჩნდა, ბოლოჯერ ნახა თავისი შვილი.

„მას დაბადების დღე 12 იანვარს აქვს, მაგრამ მე ცოტა გვიან, 18-ში ჩავედი. უამრავი გემრიელობები ჩავუტანე. მითხრა, წვრთნებზე მივდივარ და ვეღარ დაგიკავშირდებიო. იანვარში ვნახე და მერე ცოცხალი აღარ მინახავს. ერთადერთი, მარტში გადმომირეკა, მაგრამ არა თავისი ნომრიდან. მინდოდა გამეგო, როგორ იყო საქმე. „საერთოდ ნურაფერს ნუ მკითხავ, იმის თქმაც არ შემიძლია, თუ სად ვიმყოფები“, - მიპასუხა მან. „მაგრამ სევასტოპოლში დაბრუნდი?“, - შევეკითხე. „არ შემიძლია გითხრა. საერთოდ ნუ მეკითხები ამის შესახებ“. არცერთი შეკითხვა არ დამისვაო, - მითხრა. ცხადია, ავღელდი. ვფიქრობდი, რა ხდება-მეთქი. რადგან სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე (ასე უწოდებს რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომს - რედ.) შევიტყვე, რომ კრეისერი „მოსკვა“ არ იღებდა იქ მიმდინარე ოპერაციაში მონაწილეობას. მოგვიანებით მედიის საშუალებით „ზმეინის“ (კუნძული შავ ზღვაში, რომლის ასაღებად რუსებმა 13 მესაზღვრე მოკლეს-რ.თ.) შესახებ შევიტყვე“, - ყვება ოლგა დუბინინა.

როდესაც სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, კრეისერი „მოსკვა“ მონაწილეობდა კუნძულ ზმეინის ხელში ჩაგდებაში. მაშინ ეს ხომალდი მთელი დანარჩენი ფლოტის და მისი სარდლობის მთავარი საფარველის როლს თამაშობდა.

„მაშინ ეს ყველაფერი სერიოზულად არ მიმიღია. ვფიქრობდი, დიახ, დიდი გემია, წავიდნენ, გაისროლეს, რაღაც ოპერაცია ჩაატარეს... მშვიდად ვიყავი, რადგან ის ადამიანები მამშვიდებდნენ, ვინც იქ მსახურობენ. 2022 წლის 3 მარტს ბოლოჯერ გავიგონე მისი ხმა. ეს იყო ჩვენი ბოლო ზარი. 14-ში ადრე დილით კი წავიკითხე, რომ კრეისერს ხანძარი გაუჩნდა“, - იხსენებს ოლგა დუბინინა.

13 აპრილს, გვიან საღამოს, კრეისერმა „მოსკვამ“ სიგნალი SOS-ი გამოუშვა, ხოლო შავი ზღვის ფლოტი იწყებს ხომალდის, შემდეგ კი ეკიპაჟის გადარჩენის ოპერაციას. მოგვიანებით ამერიკული მედია დაწერს, რომ უკრაინულმა შეიარაღებულმა ძალებმა, ოდესიდან 150 კილომეტრში მდებარე კრეისერ „მოსკვას“ ორი ფრთოსანი რაკეტა „ნეპტუნი“ ესროლეს ამერიკელი პარტნიორების მიწოდებული კოორდინატების გამოყენებით. აშშ-ის ოფიციალური პირები ამ ფაქტს უარყოფენ. რაკეტების მოხვედრის შემდეგ კრეისერზე დაიწყო საბრძოლო მასალების დეტონაცია და ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

„ამბობდნენ, რომ ხანძარი ლოკალიზებულია და ყველა ევაკუირებულია. რაკი ამბობენ, შენც თითქოს მშვიდდები. ვფიქრობდი, რომ ევაკუირებულია და ბავშვი ნებისმიერ შემთხვევაში დარეკავდა. 14 რიცხვია, არ არის ზარი, 15 - არ არის. რაღაცნაირი შფოთვა დამეუფლა. დავიწყე ძებნა ინტერნეტში, რომელიღაც შტაბში დავრეკე. არსად არავინ არაფერი იცოდა, არავინ არავითარ ტელეფონს არ მაძლევდა. და უკვე 16 რიცხვში გადავწყვიტე ჰოსპიტალში დარეკვა. იქ ადეკვატური გოგონა აღმოჩნდა, გაგებით მომეკიდა. გვარების მიხედვით ნახა და მითხრა, თქვენი შვილი მოყვანილ დაჭრილთა შორის არ არისო. მაგრამ არის ტელეფონის ნომრები, რომლებიც მეთაურობამ დატოვა და მათზე კიდევ შეგიძლია დარეკვაო, - დამარიგა“, - იხსენებს ოლგა დუბინინა.

ერთ-ერთ ნომერზე მას უპასუხეს, რომ მისი შვილი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაში იმყოფება.

„ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. როგორ თუ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შორის-მეთქი. არაფერი მესმოდა. შინაგანად რაღაც ძრწოლა დამეწყო: შფოთვა, პანიკა, ისტერიკა. მეუბნებიან: „გადარჩენის იმედი ძალიან მცირეა. წყლის ტემპერატურა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყოო“. და მეტი არაფერი უთქვამთ. [ვეკითხები] „თქვენ ხომ მეუბნებოდით, რომ ყველა ევაკუირებულია? ესე იგი ყველა არ არის ევაკუირებული?“. [მპასუხებენ]: „დაელოდეთ, კრეისერის მეთაურობა დაგიკავშირდებათ“, - იხსენებს ერთი წლის წინანდელ საუბარს ოლგა დუბინინა.

„ისინი იქ ცოცხლად ამოიწვნენ“

ოფიციალური ინფორმაცია პრაქტიკულად არ ყოფილა. ამბობდნენ, რომ კრეისერი ჩაიძირა, მთელი ეკიპაჟი თითქოს ევაკუირებულია. მაგრამ გამოჩნდნენ დედები და ქვრივები, რომლებსაც მათი ახლობლების სიკვდილი აუწყეს. პრაქტიკულად დეტალების გარეშე.

„შემდეგ ჩვენი სერიოჟას მეთაურმა დარეკა. მითხრა, თითქოს ჩემი სერიოჟა ჯაჭვში მდგარა და მას მეზღვაურები ასე ჯაჭვში მდგარები გამოჰყავდა. ჯაჭვი გაწყდა და სერიოჟა და რამდენიმე ბიჭი იქ დარჩა. მან ვერ შეძლო მათი გამოყვანა. „ეს როგორ? ყველა მეთაური გადარჩა, ხოლო ვადიანი მოსამსახურე ბიჭები იქ დარჩნენ? არის რაიმე შანსი, რომ ბიჭები გადარჩენილიყვნენ-მეთქი, ვკითხე. „ნუ, არის 80%“, - მითხრა. შემდეგ მითხრა, რომ 99%-ია შანსი. რაღაცნაირად სულ თავს არიდებდა პასუხს. ისინი ჩვენ ისე გველაპარაკებიან, თითქოს უნდათ, გვითხრან: „რა იყო, რას ჩამოგტირით ცხვირ-პირიო?“ - იხსენებს მეზღვაურ სერგეი გრუდინინის დედა, თამარა გრუდინინა.

იმ დროისთვის რუსეთმა ოფიციალურად აღიარა უკრაინის წინააღმდეგ ომში ვადიანი სამსახურის ჯარისკაცების მონაწილეობა, მაგრამ გენერალმა იგორ კონაშენკოვმა (რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი - რედ.) მოსახლეობას უპატაკა, ყველა წვევამდელი „სპეცოპერაციის ჩატარების ზონიდან“ გამოყვანილიაო. ამ დროს კი გაირკვა, რომ კრეისერ „მოსკვაზე“ ასობით თუ არა, ათობით ვადიანი წვევამდელი იმყოფებოდა. მათი მშობლები სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის შტაბში გაემგზავრნენ.

„მე მიმიპატიჟა მესამე რანგის კაპიტანმა. მან სრულიად განსხვავებული ისტორიის მოყოლა დამიწყო. მანამდე მითხრეს, რომ ჩემი შვილი დაიხრჩო. 18 რიცხვში კი ეს მესამე რანგის კაპიტანი უკვე იმას მიყვება, თუ როგორ გაიგუდა იგი ხანძრის ჩაქრობისას. ტიროდა კიდეც. ჩემ წინ იდგა, ცრემლები ჩამოსდიოდა, მას იქ საუკეთესო მეგობარი დაეღუპა. მან ეს ყველაფერი, როგორც კინო, ისე მომიყვა. მე ეს გულზე არ მომხვდა და არ დავუჯერე. ასეც ვუთხარი: თქვენი არ მჯერა-მეთქი“, - იხსენებს ოლგა დუბინინა.

2022 წლის 16 აპრილს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამწყობრო პლაცზე მდგარი კრეისერ „მოსკვას“ ეკიპაჟის ვიდეო გამოაქვეყნა. ხმა ჩაწეულია. არ ისმის, როგორ ახსენებენ მეთაურს გამოცხადებულთა რაოდენობას. უცნობია ვიდეოგადაღების თარიღიც. თითქოს ვიდეო ახალი უნდა იყოს. გამოსახულებით შეიძლება იმის დადგენა, რომ პლაცზე 200-მდე მეზღვაურია. ვიდეოში ჩანს სერგეი გრუდინინიც, რომლის მშობლებს უკვე გამოუცხადეს, რომ მათ შვილი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ვიდეო ძველია.

„ეგ ორდენი შეგიძლიათ ერთ ადგილას გაიკეთოთ“

მეზღვაურთა მშობლები ამბობენ, რომ „მოსკვას“ მეთაურობა ცდილობდა დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მშობლებზე ფსიქოლოგური ზემოქმედების მოხდენას. ცდილობდნენ მშობლები დაეყოლიებინათ შეგუებოდნენ ბედს და მიეღოთ სახელმწიფოს მიერ ეკიპაჟის დაღუპულ წევრთათვის დადგენილი ჯილდოები და ფულადი კომპენსაციები.

„როცა შტაბში შევედი, მათ დამიწყეს: „აი, თქვენი შვილი ასეთი გმირია. ასეთი მაგარია. მაგრამ უგზო-უკვლოდ არის დაკარგული, იმედი უკვე აღარ გვაქვს. ჩვენ მას დავაჯილდოებთ, ორდენს მივანიჭებთო. მე მესმის, რომ ამ მომენტში ბევრს (მშობელს) ნერვები ვერ უძლებდა, ისინი იწყებდნენ ტირილს, ეწყებოდათ ისტერიკა. მე კი მათ პირდაპირ ვუთხარი: „შეგიძლიათ ეს ორდენი ერთ ადგილას გაირჭოთ-მეთქი“. ასე უხეშად ველაპარაკებოდი“, - ამბობს ოლგა დუბინინა, რომელიც შავი ზღვის ფლოტის მეთაურებისგან კვლავ მოითხოვს თავისი შვილის დაღუპვის დამადასტურებელ ცნობას და უარს ამბობს ხელი მოაწეროს აღიარებას მისი დაღუპულად ცნობის შესახებ, რის შემდეგაც გარკვეულ თანხას მიიღებს.

„ისინი წვალობდნენ. მიყვებოდნენ ისტორიას იმის შესახებ, რომ ჩემი შვილი გემბანიდან გადავარდა, ხრახნებმა გადაჭრეს. შემდეგ კი მოიგონეს ვერსია, რომ 27-ვე კაცი, ვინც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ყველა ერთ ოთახში აღმოჩნდა, კარი ჩაიჭედა და ისინი იქ ცოცხლად ამოიწვნენ. დაგვპირდნენ საძიებო სამუშაოებს, მყვინთავების წყალში ჩაშვებას, ცდილობდნენ ჩაებარებინათ ანგარიში, რომ აპარატით ჩავიდნენ ზღვის ფსკერზე, კრეისერზე. აპარატით შემოუარეს მთელ ხომალდს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. არცერთი ნეშტი. ძებნა უშედეგო აღმოჩნდა“, - ჰყვება ოლგა დუბინინა.

მას და ტატიანას დღემდე სჯერათ, რომ მათი შვილები ცოცხლები არიან.

„ჩვენ არ ვიცით, სინამდვილეში რა მოხდა იქ. პირველი ხუთი დღის განმავლობაში, ბიჭები, როგორც ერთი, ისე ყველა, ერთსა და იმავეს იმეორებდა, თითქოს წინასწარ დაწერილს კითხულობდნენ. ცხადი იყო, რომ მათ უთხრეს, „ასე და ასე ილაპარაკეთო“. ანუ ეს იყო რაღაც შედგენილი ტექსტი. მაგრამ მანამდე, ვისთანაც შევძელით გასაუბრება, ვიცოდით, რომ იქ რაღაც სხვა მოხდა. ამიტომ ვიმედოვნებ, 99,9%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი შვილი ცოცხალია“, - აცხადებს ოლგა დუბინინა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ აქამდე ოფიციალურად დაადასტურა კრეისერ „მოსკვას“ სამი ჯარისკაცის დაღუპვა, რომლებიც მანამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ.

ფლაგმან სამხედრო გემზე გაჩენილი ხანძრისა და მისი ჩაძირვის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 27 მეზღვაური.

თითქმის ყველა მათგანის მშობელმა მოაწერა ხელი ქაღალდს შვილის დაღუპულად აღიარების შესახებ. მათთვის კომპენსაცია 130 000 დოლარს შეადგენს. მაგრამ რამდენიმე ოჯახმა ამ თანხის მიღებაზე უარი განაცხადა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG