Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დამიბრუნეთ სახლში მამიკო!“ - კუნძულ ზმეინის დამცველთა ნაწილის ბედი ისევ გაურკვეველია


ფოტო არქივიდან: კუნძული ზმეინი
ფოტო არქივიდან: კუნძული ზმეინი

უკრაინის პარლამენტის რწმუნებულმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, დმიტრო ლუბინეცმა, წინა კვირაში დაადასტურა რუსების მიერ კუნძულ ზმეინიზე დაკავებული 30 უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირის ტყვეობიდან გათავისუფლება. თუმცა ეს მოხდა არა ერთბაშად, არამედ ტყვეთა გაცვლის სხვადასხვა ეტაპზე.

ამასთან, როგორც უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „გრატის“ მიერ ჩატარებულ გამოძიებაშია ნათქვამი, რუსეთის ტყვეობაში ამჟამად კუნძულ ზმეინიზე დატყვევებული დაახლოებით 48 სამხედრო მოსამსახურე უნდა იმყოფებოდეს.

8 ნოემბერს, ტყვეობაში მყოფ მოსამსახურეთა ნათესავებთან შეხვედრაზე უკრაინელმა ომბუდსმენმა პირობა დადო, რომ ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს რუსეთის ტყვეობაში დარჩენილი სამხედროების უკან დასაბრუნებლად, მათ შორის იმ მესაზღვრეებისა, რომლებმაც რუსეთის ინტერვენციის პირველ დღეებში მთელი მსოფლიო აალაპარაკეს მათთან დანებების ულტიმატუმით მისული რუსული გემის მისამართით ნათქვამი ერთი წინადადებით: „რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ხ...“

მესაზღვრეები, რომლებიც დახოცილები ეგონათ, ტყვეობაში აღმოჩნდნენ

უკრაინის მომცრო კუნძულ ზმეინიზე მყოფ უკრაინელ სამხედროთა შესახებ მოზრდილი დრამა შეიძლება დაიწეროს.

უკრაინის სამხედროებმა კუნძულ ზმენიზე უკრაინის დროშა აღმართეს. 7 ივლისი, 2022 წ.
უკრაინის სამხედროებმა კუნძულ ზმენიზე უკრაინის დროშა აღმართეს. 7 ივლისი, 2022 წ.

24 თებერვალს უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ცნობა, რომ დილით ზმეინის ორი უცხო ობიექტი მოუახლოვდა და იქ დისლოცირებული სამხედრო-სასაზღვრო დანაყოფისგან დანებება მოითხოვეს. ამის დასტურად სასაზღვრო სამსახურმა მაშინ სათანადო აუდიოჩანაწერიც გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მოგვიანებით მესაზღვრეებსა და კუნძულზე მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებს შორის კავშირი გაწყდა.

ამას მოჰყვა უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშჩენკოს განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კუნძულზე საარტილერიო დარტყმის შედეგად 13 უკრაინელი მესაზღვრე დაიღუპა.

უკრაინელი მოხელის სიტყვებით, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინელ მესაზღვრეებს ოკუპანტებმა შესთავაზეს ჩაბარებულიყვნენ, მაგრამ პასუხად უარი მიიღეს.

„მე რუსეთის სამხედრო გემი ვარ. გთავაზობთ დაყაროთ იარაღი და სისხლისღვრისა და გაუმართლებელი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, დაგვნებდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიბომბებით“.

უკრაინული მხარის მიერ მოწოდებულ აუდიოჩანაწერში, ამ განცხადებას მოსდევდა პასუხი: „რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ხ...“

მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კუნძულ ზმეინიზე დაიღუპა ყველა ის მესაზღვრე, რომლებიც მას იცავდნენ.

„ჩვენს კუნძულ ზმეინიზე ყველა მესაზღვრე დაიღუპა, ისინი კუნძულს ბოლო წუთამდე იცავდნენ. არ დანებდნენ. მათ სიკვდილის შემდეგ უკრაინის გმირის წოდება მიენიჭებათ. მარადიული ხსოვნა მათ, ვინც უკრაინისთვის სიცოცხლე გაწირა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ არავინ დაღუპულა და რომ ხსენებული 13 მესაზღვრის გარდა რუსეთის ტყვეობაში იმყოფება უკრაინელთა უფრო დიდი ჯგუფი - საზღვაო ქვეითები, სამხედრო ინფრასტრუქტურის მოსამსახურე სამოქალაქო პერსონალი და იმ ხომალდის, „საფირეს“, ეკიპაჟი, რომელიც უკრაინის სარდლობამ კუნძულზე მყოფთა საევაკუაციოდ გაგზავნა.

დაღუპულად გამოცხადებული უკრაინელი მესაზღვრეები რუსეთის პროპაგანდისტული ტელეარხებით ნაჩვენებ სიუჟეტებში ნათესავებმა ამოიცნეს. გაირკვა, რომ კუნძულ ზმეინიზე ტყვედ აყვანილი სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი რუსებმა ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში გადაიყვანეს.

„ჩვენ ყველანი ამოვიცანით. ყველანი ცოცხლები იყვნენ. დაჭრილიც კი არ ყოფილა მათ შორის. ერთ ბიჭს ჰქონდა მხოლოდ ფეხი ნაღრძობი. ჩანდა, თუ როგორ გადმოჰყავთ ისინი გემიდან და სხდებიან ავტობუსში“, - უთხრა თებერვალში დაპატიმრებული ერთ-ერთი უკრაინელი მესაზღვრის ცოლმა სვიტლანა კრივიცკამ საინფორმაციო სააგენტო „გრატის“.

სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში უკრაინელ სამხედროთა ნათესავები ჰყვებიან, რომ რუსეთის საპატიმროში ჯერჯერობით კვლავ რჩება ზმეინის კუნძულზე რუსეთის რეიდის შედეგად დაპატიმრებული 48 სამხედრო მოსამსახურე, რომელთა მიმართ საზოგადოების ყურადღებას არაჯეროვანს უწოდებს ერთ-ერთი უკრაინელი საზღვაო ქვეითის ქალიშვილი.

„უკრაინაში ლამის ყველას აცვია მაისური და მანქანაზე მიკრული აქვს ეტიკეტი იმ ცნობილი ფრაზით რუსეთის გემის შესახებ. მაგრამ მე ჯერჯერობით კვლავ ვხვდები ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ კუნძულზე იყო მხოლოდ 13 ადამიანი და ისინი ან ყველანი დაიღუპნენ, ან ყველანი უკვე გაცვალეს“, - ამბობს რუსეთის ტყვეობაში მყოფი ერთ-ერთი უკრაინელი საზღვაო ქვეითის, ალექსანდრ ლუნგუს 21 წლის ქალიშვილი, ლიუბოვ ლუნგუ.

რუსებმა უკრაინელი მღვდლებიც ტყვედ აიყვანეს

ზმეინის დამცველთა ისტორიას კიდევ ერთი გაგრძელება აქვს.

28 თებერვალს, მიღებული ცნობის საფუძველზე, რომ შესაძლოა კუნძულ ზმეინიზე ყოფილიყვნენ დაჭრილები და დაღუპულები, დახმარების აღმოსაჩენად, როგორც ზემოთ ითქვა, უკრაინის სარდლობამ გაგზავნა სამოქალაქო გემი, რომელზეც ორი სასულიერო პირი იმყოფებოდა. ადგილზე ჩასული მღვდლები რუსულმა მხარემ დააკავა.

მათ შორის იყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, ვასილი ვიროზუბი, რომელიც იხსენებს, რომ ეკიპაჟის დატყვევებული წევრები პოლიციის კუთვნილ კატარღაზე აიყვანეს და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ჰაუპტვახტში მოათავსეს.

„და დაიწყო დაკითხვა, დაკითხვა, დაკითხვა. დღეში სამი თუ ოთხი დაკითხვა ტარდებოდა“, - იხსენებს სასულიერო პირი.

ხომალდ „საფირეს“ ეკიპაჟის წევრებმა სევასტოპოლში 11 დღე დაჰყვეს. 12 მარტს ვასილი ვიროზუბი, მასთან ერთად კიდევ ორი უკრაინელი მღვდელი და ექიმი, სხვა შენობაში გადაიყვანეს, სადაც ისინი რამდენიმე ათეულ უკრაინელ ჯარისკაცთან ერთად მოათავსეს.

იქიდან კი ყველა უკრაინელი პატიმარი, ვოროზუბის თანახმად, 200-მდე ადამიანი, სამხედრო თვითმფრინავ ილ-76-ით რუსეთის სასაზღვრო რეგიონ ბელგოროდში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ბანაკში წაიყვანეს. იქ უკრაინელმა ტყვეებმა ერთი კვირა დაჰყვეს და შემდეგ ქალაქ სტარი ოსკოლის წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს.

ამის შემდეგ რამდენიმე კვირა დასჭირდა იმას, ვიდრე რუსეთი ზმეინიზე დატყვევებულთა პირველ ნაკადს გაათავისუფლებდა ორ ქვეყანას შორის მომხდარ ტყვეთა გაცვლის ფარგლებში. მათ შორის იყვნენ ეკიპაჟ „საფირეს“ წევრები და ზმეინის სანავიგაციო შუქურას დირექტორი სერჰიუ რილსკი, რომელიც ვარაუდობს, რომ რუსეთმა უკრაინას გადასცა დაახლოებით 30 ტყვე, მეტწილად სამოქალაქო პერსონალი.

მაგრამ გაცვლილ ტყვეთა შორის არ იყვნენ ეკიპაჟის თანმხლები მღვდლები და ექიმი, რომლებიც მოგვიანებით, აპრილში გაცვალეს. მაგრამ მღვდელი ვასილ ვიროზუბი მხოლოდ მაისში, პატიმრობაში ყოფნის 68-ე დღეს გაათავისუფლეს.

აფეთქებები კუნძულ ზმეინიზე. 30 ივნისი, 2022 წ.
აფეთქებები კუნძულ ზმეინიზე. 30 ივნისი, 2022 წ.

„გამაგრდით და დამელოდეთ!“

19 აპრილს დაბრუნდა შინ ზმეინის მესაზღვრეთა რაზმის მეთაური, კაპიტანი ბოჰდან ჰოსტსკი, რომელმაც განაცხადა, რომ მისი 19 თანამებრძოლი დღემდე რუსეთის პატიმრობაში რჩება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „გრატი“ წერს, დღისთვის ზმეინის 48 დამცველის ნათესავები კვლავ ელოდებიან თავიანთი ახლობლების რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებას.

თანაც, ამ რვათვიანი პატიმრობის განმავლობაში უკრაინელ სამხედრო ტყვეთა უდიდესი უმრავლესობა დიდი გაჭირვებით თუ ახერხებს ოჯახებთან დაკავშირებას.

ცოტა ხნის წინ რუსეთის ტყვეობაში მყოფი ერთ-ერთი უკრაინელი საზღვაო ქვეითის, ალექსანდრ ლუნგუს ქალიშვილს, ლიუბოვ ლუნგუს რუსეთის ტყვეობაში მყოფი მამის გამოგზავნილი წერილი გადასცეს.

„მამა თავის ხელით გვწერდა, რამაც ძალიან გაგვახარა. ამბობდა, რომ მას არაფერი არ უჭირს. გამაგრდით და დამელოდეთო, - გვწერდა“, - ამბობს ლიუბოვ ლუნგუ, რომელიც გაკვირვებით კითხულობს, თუ რატომ არ ათავისუფლებს რუსეთი მამამისს. და მას ეს შეკითხვა უკრაინის ხელისუფლების მიმართაც აქვს.

საზოგადოებისათვის საკუთარი ახლობლების ტყვეობაში ყოფნა კიდევ ერთხელ რომ შეეხსენებინათ, ზმეინის დამცველთა ახლობლებმა ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელით საჯარო ვიდეომიმართვა გაავრცელეს, რომელშიც ტყვედ მყოფ სამხედროთა შვილები მამების შინ დაბრუნებას ითხოვენ.

„მე საშა ვარ. მამის სახელი მქვია, რომელიც ზმეინის კუნძულზე იყო. გთხოვთ, დამიბრუნეთ სახლში მამიკო“, - წერს ვიდეომიმართვაში ალექსანდრ ლუნგუს უმცროსი შვილი, რომელსაც ვიდეომიმართვაში მამის ფოტოსურათი უჭირავს.

ზმეინის დამცველთა ნათესავებს 8 ნოემბერს შეხვდა ადამიანის უფლებათა საკითხებში უკრაინის პარლამენტის რწმუნებული დმიტრო ლუბინეცი, რომელმაც სხვათა შორის აღნიშნა რომ ზმეინის დამცველთა გათავისუფლების საკითხი რუსეთის მხრიდან სიძნელეს აწყდება. „ვინადან სწორედ ზმეინიზე მყოფი სამხედროები გახდნენ ამ ომის ლეგენდა. მათ მიიღეს ბრძოლა იმ დროს, როდესაც ბევრი დეზორიენტირებული იყო“, - წერს უკრაინის ომბუდსმენი თავის ფეისბუკის გვერდზე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG