თბილისში, საბურთალოზე, ღამის საათებში გამოძახების ადგილას მისულ კურიერს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას, ნაცემი 26 წლის კაცის, დავით დვალიშვილის ადვოკატი, ია კვანტალიანი ავრცელებს და ინფორმაციას ფოტოსაც ურთავს.
ამ ფოტოზე დავით დვალიშვილს სახე სისხლიანი აქვს და რამდენიმე ადგილას ნახეთქები.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას ნიშნავს.
რა მოხდა?
ადვოკატის ინფორმაციით, დავით დვალიშვილს, სავარაუდოდ მინიმუმ ხუთკაციანი არასრულწლოვანთა ჯგუფი დაესხა თავს. დავითი კურიერია და შემთხვევა პროდუქტის მიტანის შემდეგ, სადარბაზოდან გამოსვლისას მოხდა.
„ტელეფონი გვაჩვენეო, გინდა თუ არაო, სად რეკავო. მან ანახა ტელეფონი, დაუწყეს დამცირება...დაიწყეს მოკლედ მუქარა, რომ ცემდნენ და შემდგომ წაართვეს ტელეფონი ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს, უღებდნენ ვიდეოს და დამამცირებლად ეპყრობოდნენ.
როგორც გავიგე, ცემის დროსაც კი უღებდნენ ვიდეოს. კეფის არეში მოკიდეს ხელი, ძირს დააგდეს და ასფალტზე ატყმევინეს გამეტებით თავი, კეფაში ურტყამდნენ, თავში ურტყამდნენ, სხვადასხვა სხეულის დაზიანება აქვს მიღებული ჩემს დაცვის ქვეშ ყოფნის“, - ამბობს ადვოკატი.
მისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელები იდენტიფიცირებულნი არიან.
„მუხლის გადაკვალიფიცირებაა საჭირო უფრო მძიმე ბრალდებით, მიყენებული ზიანის სიმძიმის გათვალისწინებით. ინციდენტი ყაზბეგის გამზირზე მოხდა, სადაც ვიდეოკამერები არსებობს“, - ამბობს იაკო კვანტალიანი.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავდამსხმელებს პირველად შეხვდა და ეს სრულიად უმიზეზოდ დაწყებული ძალადობა იყო. ამას გარდა, ადვოკატისთვის ცნობილი ხდება, რომ თავდამსხმელები ძალადობას ტელეფონით იღებდნენ.
ტვ პირველისთვის ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ თვითმხილველები უკვე გამოკითხა. კურიერი ახლა სახლშია და მკურნალობას სახლში განაგრძობს.
ფორუმი