„მინდა მკაფიოდ განვმარტო: ეს არ არის ჩემი ნებით მიღებული გადაწყვეტილება. დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება“, - დაწერა მან 22 სექტემბერს ფეისბუკზე.
„ჩემი წასვლა არ არის პროფესიული საქმიანობის წარუმატებლობის ან რაიმე გადაცდომის შედეგი“, - წერს ის 22 სექტემბერს გამოქვეყნებულ პოსტში.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს შეკითხვით, რა გახდა გიორგი სულამანიძის გათავისუფლების საფუძველი. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
„მიზეზი არ წერია“
რადიო თავისუფლებასთან საუბარში გიორგი სულამანიძე ამბობს, რომ 21 აგვისტოს მიიღო ოფიციალური შეტყობინება, რომ ერთ თვეში ხელშეკრულება შეუწყდებოდა, კომპენსაციის სახით კი ერთი თვის ანაზღაურებას მიიღებდა.
„შეტყობინებაში და ბრძანებაში არ ეწერა ორი სიტყვაც მიზეზზე“, - გვითხრა მან.
ის ამას უკავშირებს „პროცესებს, რაც სისტემაში დაახლოებით ერთი წელია მიმდინარეობს“ - „წარმოიდგინეთ, 365 დღის, ერთი კალენდარული წლის განმავლობაში სამი მენეჯმენტი შევიცვალეთ“, - აცხადებს გიორგი სულამანიძე.
ცვლილებები მენეჯმენტში
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბოლო ორწლიან მონაკვეთში სამჯერ შეიცვალა:
- ბესიკ კუსიდი, რომელიც სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2024 წლის 9 აგვისტოს დაინიშნა ხელმძღვანელად;
- 2025 წლის 15 ივლისს დაინიშნა ბესიკ ამირანაშვილი, - რომელმაც ბესიკ კუსიდი შეცვალა;
- 2026 წლის 2 თებერვალს ბესიკ ამირანაშვილი ოთარ ედიშერაშვილმა შეცვალა.
„ამ პერიოდში ორჯერ ჩატარდა რეორგანიზაცია. ძალიან ბევრმა ჩემმა კოლეგამ, რომელთაც მაღალი პროფესიონალიზმი და დიდი გამოცდილება ჰქონდათ, სამწუხაროდ, უხმოდ დატოვა თანამდებობა“, - ამბობს სულამანიძე.
„თავისი ნებით არ დაუტოვებიათ, რა თქმა უნდა“, - აღნიშნა მან, თუმცა სახელების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ გულისხმობს სხვა დაცულ ტერიტორიებში მომხდარ ცვლილებებს.
ჯერჯერობით არ იცის, ვინ შეცვლის მას: „ჯერ არავინ წარუდგენიათ“.
„ინსტიტუციური მეხსიერება ქრება“
შეკითხვაზე, ხომ არ შეიძლება გათავისუფლების მიზეზი პოლიტიკური მოტივი იყოს, გვიპასუხა:
„ვფიქრობ, გამორიცხულია პოლიტიკური მოტივი, რადგან ჩემი ცხოვრების ლაიტმოტივია ხალხის სამსახური და ქვეყნის სამსახური. ჩვენი საქმე ისეთია, რომ აქ პოლიტიკურ [შეხედულებებს] არ აქვს მნიშვნელობა და გამორიცხულია, რომ მაგის გამო ყოფილიყო“.
„ჩემთვის გულდასაწყვეტია, რომ ეს ინსტიტუციური მემკვიდრეობა ქრება, პროფესიონალები ტოვებენ სისტემას და ეს არის გამოწვევა“, - თქვა მან.
„პროფესიონალების ჩამოშორება რისკია“
„ამ გადაწყვეტილებას ვერ განვიხილავ მხოლოდ როგორც ერთი ადამიანის თანამდებობიდან წასვლას. ბოლო ერთ წელიწადში დაცული ტერიტორიების სააგენტოში შეიცვალა სამი მენეჯმენტი და განხორციელდა ორი რეორგანიზაცია. ამ პერიოდში სისტემიდან არაერთი კვალიფიციური და გამოცდილი ადამიანი წავიდა“, - წერს გიორგი სულამანიძე.
„ჩემთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია მართვის ისეთი პრაქტიკის გაძლიერება, რომელიც პროფესიული დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და ადამიანების ღირსების საკითხებს აჩენს“, - აღნიშნავს იგი.
„პროფესიონალების სისტემიდან ჩამოშორება და მათი გამოცდილების დაკარგვა ბუნებისდაცვით სფეროს წლებით უკან დახევის რისკს უქმნის“, - მიიჩნევს ის.
იგი საუბრობს თავისი დირექტორობის პერიოდის მიღწევებზე. კერძოდ: ტერიტორიის ცნობადობის გაზრდასა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდაზე - 2010 წლის 15 117-დან 2019 წელს 59 761-მდე, ასევე, ბიომრავალფეროვნების დაცვის მხრივ არსებულ შედეგებზე, ფოტოხაფანგების წარმატებით გამოყენებასა და ბრაკონიერობის პრევენციაზე.
„მჯერა, რომ დაცული ტერიტორიების სისტემა გაცილებით მეტს იმსახურებს: პროფესიონალიზმზე, სამართლიანობაზე, ღირსებაზე, მეცნიერებასა და ადამიანების პატივისცემაზე დაფუძნებულ მართვას“, - წერს იგი.
„თანამდებობას ვტოვებ, მაგრამ ბუნებისდაცვითი მისიიდან არ მივდივარ“, - ამბობს ის. ჯერ არ იცის, სად განაგრძობს საქმიანობას.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს პრესცენტრს შეკითხვებით:
- რა გახდა გიორგი სულამანიძესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი?
- უკავშირდება თუ არა მისი გათავისუფლება რაიმე პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარვეზს, დარღვევას ან სხვა გადაცდომას?
- ასევე, ვკითხეთ, ვინ შეასრულებს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას?
- პასუხების მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
ფორუმი