Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლადო გამსახურდია: ჩვენი ყველაზე ბოლო ოპერაცია ეს იყო ყირიმში


ლადო გამსახურდია
ლადო გამსახურდია

„ჩვენი ჯილდო, მტერზე გამარჯვებაა. პირადად ჩემთვის კი - სოხუმში დაბრუნება“, - ამბობს უკრაინაში მებრძოლი მოხალისეთა ქვედანაყოფ „კავკასიის ლეგიონის“ მეთაური, ლადო გამსახურდია, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული ოპერაციისთვის მედლით („უკრაინის საკეთილდღეოდ განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის“) დაჯილდოვდა.

ასეთივე ორდენი გადაეცა „კავკასიის ლეგიონის“ სიღრმისეული დაზვერვის უფროსს, უკრაინელ ალექსეი ლიუბინსკის.

ლადო გამსახურდია სწორედ დანაყოფის დაზვერვის უფროსს მიიჩნევს იმ ყველა საიდუმლო ოპერაციის სულის ჩამდგმელად, რომელიც „კავკასიის ლეგიონმა“ მოწინააღმდეგის ზურგში, მათ შორის, ყირიმი-ხერსონის მიმართულებით ჩაატარა.

ალექსეი ლიუბინსკი (მარცხნივ) და ლადო გამსახურდია
ალექსეი ლიუბინსკი (მარცხნივ) და ლადო გამსახურდია

კობა ლიკლიკაძე: მოგესალმებით, ლადო, მინდა ჩვენი საუბარი დავიწყოთ თქვენი სტატუსით. თქვენ წერთ, რომ მოგეცათ უფლება, ნელ-ნელა მოგიყვეთ იმ საიდუმლო დავალებებზე, უკრაინის მთავარ დაზვერვასთან ერთად რომლებსაც ჩავატარებთო. და თუ შეიძლება გვიამბეთ რომელიმე ბოლოს სპეცოპერაციაზე, რომელიც თქვენ ჩაატარეთ. მის დეტალებზეც, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება, მოვისმინოთ თქვენგან.

ლადო გამსახურდია: მოგესალმებით ყველა, მივესალმები მაყურებელს. რაც შეეხება საიდუმლო ოპერაციებს და ბოლოს, ბოლო ჯერ არ არის, კიდევ მიმდინარეობს ოპერაცია... „კავკასიის ლეგიონის“ სადაზვერვო სამსახურის მეთაური მუშაობს ამ ოპერაციებზე და, სხვათა შორის, ის არის უკრაინელი (ალექსეი ლიუბინსკი). და ყველაზე ბოლო ოპერაცია ეს იყო ყირიმში, სადაც გადაიკეტა, ასე ვთქვათ, სარკინიგზო გზა. მსხვერპლი არ იყო, მაგრამ შევაჩერეთ ტექნიკისა და საწვავის მოწოდება.

კობა ლიკლიკაძე: ლადო, თქვენ წერთ: დავალება შესრულებულია მტრის ზურგში. რუსებო, კარგად ვხედავთ თქვენი ტექნიკის გადაადგილებას. ესეც ყირიმში ხდებოდა, ბატონო ლადო?

ლადო გამსახურდია: ხო, ეს [მდინარე] ხერსონის მეორე ნაპირას, ყირიმის მიმართულებაა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კონკრეტულად ვერ ვიტყვი ახლა ადგილებს. მაგრამ ეს ხდებოდა იმ გზებზე, იმ საკვანძო გზებზე, სადაც მოდიოდა ტექნიკა და, ასე ვთქვათ, [ხდებოდა] საწვავით მომარაგება საოკუპაციო ჯარების.

კობა ლიკლიკაძე: ეს საკმაოდ რთული, სახიფათო და სერიოზული ოპერაციაა. თუ აღინიშნა მთავარსარდლობის მიერ თქვენი ეს მონაწილეობა, თუ გყავთ დაჯილდოებულები?

ლადო გამსახურდია: დიახ, გვყავს დაჯილდოებული. ჩვენი სადაზვერვო სამსახურის უფროსი არის დაჯილდოებული. მეც ვარ დაჯილდოებული და ჯილდოები ჯერ კიდევ წინ არის! ასე რომ, ჩვენი ჯილდო არის გამარჯვება მტერზე! და ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო იქნება, როცა დავბრუნდები აფხაზეთში და ვიცხოვრებ ჩემს სახლში.

კობა ლიკლიკაძე: ლადო, ჩვენმა მაყურებლებმა და მსმენელებმა, რა თქმა უნდა, იციან „კავკასიის ლეგიონის“ შესახებ. თქვენთან ჩვენ გვქონდა ინტერვიუ, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ „კავკასიის ლეგიონი“ ეს არის მრავალეროვნული მოხალისეთა ქვედანაყოფი და ვინ არის ქართველების გარდა, რა ეროვნების წარმომადგენლები იბრძვიან თქვენთან ერთად, თქვენ მხარდამხარ?

ლადო გამსახურდია: „კავკასიის ლეგიონი“ არის ცოცხალი ორგანიზმი. როგორც მოდიან [მოხალისეები], რამდენიმე ხნის შემდეგ მიდიან და მერე ისევ ახალი ხალხი შემოდის, გვემატება. დღესდღეობით გვყავს დაღესტნელი და ჩეჩენი. იყო ადრე ოსი... ასე რომ, პრინციპში, მთელი კავკასიიდან გვერთვებიან და არიან. მაგრამ, როგორც ასეთი, ჩვენი დანაყოფი, გადავწყვიტეთ, რომ იყოს ხარისხზე ორიენტირებული და არა რაოდენობაზე. ასე რომ, ჩვენი საქმისთვის ჩვენ გვყოფნის ის რაოდენობა, რაც გვყავს. რაოდენობას ვერ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ ეს არ არის ასი ან მეტი ადამიანი. ეს არის რამდენიმე [ათეული] ადამიანი, რომელიც თავის დავალებას ასრულებს ხარისხიანად.

კობა ლიკლიკაძე: ლადო, ჩვენი საუბრის დროს, ფონზე „კავკასიის ლეგიონის“ ატრიბუტიკის გარდა, ჩანს საბრძოლო შეიარაღებაც, თუ არ მეშლება, აღჭურვილობა. რასთან გვაქვს საქმე? ამას მარტო ჩემი ცნობისმოყვარეობისთვის არ გეკითხებით.

ლადო გამსახურდია: ეს უბრალოდ... ოთახი რომ განახოთ, ყველგან ასეა მოწყობილი და ამ კუთხეში ეს არის ტანკსაწინააღმდეგო [იარაღი], როგორც ეძახიან აქ, „ტროფეინია“.

კობა ლიკლიკაძე: ნადავლია. ნადავლის სახით მოპოვებული.

ლადო გამსახურდია: დიახ, ნადავლის სახით მოპოვებულია და ეს ჩაფხუტებია. ეს სხვათა შორის ასაფეთქებელი ნივთიერებაა , რომელმაც, პრინციპში, ბოლო აფეთქების დროს [იმუშავა],რომელიც რამდენიმე თვის წინ იყო და რაზეც ახლა საუბარი შეგვიძლია... ეს იყო რუსების დაჯავშნილი ავტომანქანა, „ტიგრს“ რომ ეძახიან, რომელიც აფეთქდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

კობა ლიკლიკაძე: პირველი შეკითხვის პასუხად თქვით, რომ საიდუმლო დავალებები და ოპერაციები გრძელდება მტრის ზურგშიო. ამიტომ უნდა გკითხოთ ახლა, - უკვე დღევანდელობაზე გადავიდეთ, - ეს კონტრშეტევის ფაზის შემადგენელი ნაწილია, რაშიც ახლა თქვენ მონაწილეობთ, ლადო?

ლადო გამსახურდია: ეს, როგორც ასეთი, ვერ გეტყვით კონტრშეტევის დასაწყისზე ან რა სახის იქნება ეგ. როგორც მე ვფიქრობ, როგორც მე ვხედავ, ისედაც კომპლექსურად მიმდინარეობს ეს ომი, ეს არ ჩერდება. თუ არ არის, დავუშვათ, ნულოვან წერტილებზე პირდაპირი შეტაკებები, შიგნით პარტიზანული ომები [უწყვეტად] ხდება. ჩვენ ვიცით, რომ კონტრშეტევა უნდა დაიწყოს ყველა ფაზაზე, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ზუსტი დრო და ჩვენ ვერ ვიტყვით, როდის იქნება ეს [კონტრშეტევა].

კობა ლიკლიკაძე: როგორი მოწინააღმდეგე დგას თქვენ წინაშე? როგორია მისი საბრძოლო, მორალური, ფსიქოლოგიური მოტივაცია და პოტენციალი?

ლადო გამსახურდია: მათ მორალურად არ აქვთ ძალა და ისინი მორალურად უკვე დამარცხდნენ იმიტომ, რომ ისინი არიან შეჭრილები სხვის ტერიტორიაზე და უკრაინელებს უფრო მორალური ძალა აქვთ, რადგან ისინი იცავენ თავიანთ სახლებს. და ეს ყველასთვის თვალნათელია, ბევრი რომ არ ვისაუბროთ... როგორც ასეთი, სამხედრო თვალსაზრისით, ისეთი არ აღმოჩნდა რუსული არმია, რაზეც ამბობდნენ: რომ ორ დღეში აიღებდნენ კიევს, დაიჭერდნენ ყველას და ასე შემდეგ. ეს არ მოხდა და ესეც ცალსახად ნათელია, რომ, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, კიევში, უკრაინაში დემოკრატია დგას მყარად, იდგება მყარად. აუცილებლად განთავისუფლდება უკრაინის ტერიტორიები და - ჩვენიც.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG