Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა თორდია: მოსამართლემ თქვა, ვხედავ დევნის ნიშნებს, თქვენ გეკუთვნით პოლიტიკური თავშესაფარი


ლაშა თორდია
ლაშა თორდია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში წასულ ლაშა თორდიას ამერიკის საემიგრაციო სასამართლომ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. ამ გადაწყვეტილებას ლაშა თორდია 4 წელი ელოდა.

საქმე კი უკავშირდება ლაშა თორდიაზე, 2017 წელს, ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძისა და ფინანსური პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, მიხეილ ჩოხელის თავდასხმას.

ამ საქმეზე, რომელიც წლები გაგრძელდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2021 წლის 2 თებერვალს გამოიტანა. ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულს, მიხეილ ჩოხელს კი 5-ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

რადიო თავისუფლება: ბატონო ლაშა, რას ნიშნავს პოლიტიკური დევნილის სტატუსი, რომელიც თქვენ მიიღეთ და რას შეცვლის ეს თქვენთვის?

ლაშა თორდია: ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ აღიარა ჩემ მიერ წარდგენილი, ოთარ ფარცხალაძის (ყოფილი პროკურორი) საქმესთან დაკავშირებული არგუმენტები. თავშესაფრის მონიჭების შემდგომ, მე უკვე მიცავს ამერიკის სახელმწიფო. სასამართლომ ფაქტობრივად თქვა, რომ მსგავსი მართლმსაჯულების პროცესი, რაც საქართველოში განხორციელდა, ყველა ნორმალური ქვეყნის ნორმალური მოსამართლისთვის აღიქმება ისე, როგორც აღიქვა ამ მოსამართლემ.

ინტერვიუ ლაშა თორდიასთან
please wait

No media source currently available

0:00 0:02:26 0:00

რადიო თავისუფლება: როგორი იყო მოლოდინის ეს 4 წელი თქვენთვის აშშ-ში?

ლაშა თორდია: ამერიკის შეერთებული შტატები გაძლევს ყველანაირ პირობას იმისათვის, რომ შენ შენი ლეგალური საქმიანობით იმ პერიოდამდე მიაღწიო, სანამ სახელმწიფოსგან შენს მომავალ სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო პასუხი გექნება. მანამდე შენ გეძლევა სამუშაო უფლება, რის გარეშეც უბრალოდ ვერაფერს გააკეთებ, მაგრამ, ცხადია, გიწევს ყველაფრის თავიდან დაწყება. მე, მაგალითად, არც დანაზოგი მქონია, რომ აქ ხანგრძლივად მეცხოვრა და არც რაიმე ბიზნესი. ფაქტობრივად, აქ ცხოვრებას იწყებ თავიდან ისე, როგორც მე გავაკეთე და რეალურად, პირველი ორი წელი იყო ძალიან მძიმე პერიოდი. მერე ნელ-ნელა ეს ყველაფერი უფრო სტაბილური გახდა. თუ რეალური მიზეზები გაქვს, რითიც საემიგრაციო სასამართლოს მიმართავ, ისინი უკვე მსჯელობენ და იღებენ გადაწყვეტილებას.

რადიო თავისუფლება: ამერიკის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პრინციპულად რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის?

ლაშა თორდია: საქართველოში ინსტიტუციები დღემდე ვერ ჩამოყალიბდნენ ისე, რომ ადამიანი დაიცვან მაშინ, როცა მასზე სხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანი ძალადობს. პირიქით ხდება ხოლმე, ეს ინსტიტუციები გამოიყენება ამ ადამიანის საწინააღმდეგოდ და ეს მექანიზმი ირთვება მაშინ, როცა ეს მმართველ პოლიტიკურ ძალას სჭირდება. ამ ფონზე, ჩემთვის ეს გადაწყვეტილება, ცხადია, რომ არის პრინციპული იმიტომ, რომ რაზეც მე ვსაუბრობდი - თავდასხმა, კორუფციული სქემა, გამოძიების ისე წარმართვა, რომ არავინ დამნაშავე არ გამოვლენილიყო, მოსამართლემ თავადაც ნახა და მითხრა, დიახ, თქვენ გეკუთვნით პოლიტიკური თავშესაფარი, რადგან მე ვხედავ დევნის ნიშნებს.

რადიო თავისუფლება: სადამდე შეიძლება გქონდეთ პოლიტიკური დევნილის სტატუსი?

ლაშა თორდია: სანამ საქართველოში არ დავბრუნდები.

რადიო თავისუფლება: ფიქრობთ დაბრუნებაზე?

ლაშა თორდია: დღეს ამაზე ნამდვილად ვერ ვფიქრობ, რადგან ჩემი შვილიც უკვე აქ დადის სკოლაში. ჩემი მეუღლეც აქ არის. მე ოჯახთან ერთად წამოვედი, რადგან იყო რისკი, რომ ჩემი ოჯახის წევრებსაც დაემუქრებოდათ გარკვეული საფრთხე. ამიტომ ახლა არ ვფიქრობ წამოსვლაზე. რომც ჩამოვიდე, ვიცი, რომ მნიშვნელოვან წარმატებას ახლა ვერ მივაღწევ, რადგან საქართველოში ჯერ არაფერი შეცვლილა, ისევ ის ადამიანები არიან და მანდ ჩამოსვლით არ მგონია რაიმე კარგს მივაღწიო, თუ არა იმას, რომ ისევ შარში გავეხვე ამ ადამიანების მეოხებით.

რადიო თავისუფლება: გული გწყდებათ, რომ თქვენი პროფესიით წინ ვერ წახვედით და შეგეცვალათ გეგმები?

ლაშა თორდია: რა თქმა უნდა, ასეთ დროს ადამიანი ფიქრობს, რატომ უნდა მომხდარიყო ასე. იმაზეც გეფიქრება, რომ შეიძლებოდა შენი ცხოვრება სულ სხვანაირად წარმართულიყო. პოლიტიკაში გაგეგრძელებინა კარიერა ან თუნდაც ძირითადი პროფესიით წასულიყავი... აქ 39 წლის ვიყავი, როცა ჩამოვედი და, როგორც ვთქვი, ყველაფერი თავიდან დავიწყე. ცხადია, საქართველოში, ჩემს მეგობრებთან და მშობლებთან ერთად ყოფნა ჯობს, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა.

რით დაისჯება პროკურორი ფარცხალაძე თორდიას ცემისთვის?
please wait

No media source currently available

0:00 0:03:07 0:00

რადიო თავისუფლება: რა შემთხვევაში შეიცვლით აზრს დაბრუნებაზე?

ლაშა თორდია: მაქვს ხოლმე მომენტები, როცა ვფიქრობ, ხომ არ ჩავიდე-მეთქი და მივიღო პროცესებში მონაწილეობა, მაგრამ მერე მაინც ჩნდება გარემოებები, რაც გაკავებს. და ამერიკაც გაძლევს შანსს, რომ გაიუმჯობესო ცხოვრება თუ შენც მონდომებული ხარ. მეც მინდა, ჩემს შვილს მივცე ეს შანსი, რომ მას ჰქონდეს თვითრეალიზების შესაძლებლობა, რაც საქართველოში, შესაძლოა, უბრალოდ ვიღაცის გამო ვერ მოახერხოს. მე არ მინდა მას ჰქონდეს ისეთი მომავალი, როცა ვითარდება, იზრდება და იმის გამო, რომ ვიღაცას აქვს კორუფციული სქემა, რომელსაც ის წინ აღუდგება, ამ მიზეზით მისი ცხოვრება იმ ქვეყანაში დასრულდეს.

ქვეყნის ყოფილი მთავარი აუდიტორი დღეს თავისი პროფესიით აღარ მუშაობს, მას აშშ-ში საკუთარი გადამზიდავი კომპანია აქვს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG