Accessibility links

გალაკტიონის „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Exegi Monumentum („ძეგლი ავაგე“) გთავაზობთ საუბარს გალაკტიონის გენიალური წიგნის, „არტისტული ყვავილების“, რომელსაც წელს 100 წლისთავი შეუსრულდა, კიდევ ერთ მთავარ ლექსზე, რომელსაც ეწოდება „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“. შესაძლოა, გალაკტიონისთვის უცნობი იყო, რომ მართლა არსებობს „ქვიშაში ვარდის“ ფიზიკური ფენომენი, უდაბნოში შემთხვევით მოხვედრილი სითხე ამოზრდის თაბაშირის ფირფიტებს, რომელსაც ვარდის ფურცლების სტრუქტურა აქვთ. „უდაბნოს ვარდი“ მშვენიერი მეტაფორაა გალაკტიონის პოეზიისთვის, რომელიც მართლა ამოიზარდა როგორც განუმეორებელი მოვლენა იმდროინდელი ეპიგონური ქართული პოეზიის უდაბნოში. ლექსი იწყება ღვთისმშობლისადმი მიმართვით. ქრისტიანულ სიმბოლიკაში მზე ჩვეულებრივ, მამა ღმერთს მიემართება, მაგრამ გალაკტიონმა ქართული წარმართული ტრადიციისამებრ, ეს ღვთაება, დედას, ამ შემთხვევაში, ღვთისმშობელს დაუბრუნა. მის პოეზიაში ეს ტრადიციულია („მზეო თიბათვისა...“) რატომაა დანტე ალიგიერისგან განსხვავებით, ჯოჯოხეთში დარჩენილი გალაკტიონი, რატომ არ მოხდება სასიკვდილო სარეცელზე მისთვის ზიარება, როგორ იქცევა ქრისტიანობის უმთავრესი სიმბოლო ანტიკურობის მუზად, რა წამებისგან იბადება პოეზია, რა არის სიტუაციური მეტაფორა, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG