Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანაშაული და სასჯელი


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებსაც თავისი ბედი აქვთ“) გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უდიდეს შედევრზე, ფიოდორ დოსტოევსკის "დანაშაულსა და სასჯელზე“. როგორც ერთხელ იხუმრა კენტერბერის არქიეპისკოპოსმა, რუსი მწერლის ამ წიგნის არწაკითხვა დანაშაულია და წაკითხვა – სასჯელი. ამ გასაოცარი წიგნით იწყება დოსტოევსკის შემოქმედების ბოლო, ე.წ. „ხუთწიგნეულის“ პერიოდი. თავდაპირველად მწერალმა დაწერა რომანი „ლოთები“, რომელშიც მარმელადოვის ისტორია იყო გადმოცემული. შემდეგ მას დაუწერია ახალი რომანი პირველ პირში, მთავარ გმირს ვასილი, ვასია ან ვასიუკი რქმევია. შემდეგ ეს ორი რომანი შეურწყამს, თხრობა მესამე პირში გადაუტანია, დაუსრულებია და… გაუნადგურებია. ამის შემდეგ რეკორდულად მოკლე დროში დაიწერა ახალი რომანი, პირველი ორის საფუძველზე, მაგრამ სრულიად ახალი კონცეფციით. მთავარი დოსტოევსკისთვის იყო როდიონ რასკოლნიკოვის მოტივი. ჯერ ეს იყო ჩვეულებრივი მოტივი – შურისძიება, შემდეგ უფრო რთული – ერთი დანაშაულის ხარჯზე დიდი და ბედნიერი სამყაროს აშენება და ბოლოს, გრანდიოზული –​ ნაპოლეონური იდეა: სამყარო იყოფა ზეკაცებად და მწერებად, როდიონი დანაშაულს ჩაიდენს როგორც ზეკაცი და აღმოაჩენს, რომ უბრალო მწერია, დანაშაულთან ერთად ცხოვრება არ შეუძლია. როგორ გადარჩა როდიონის სული, რა შეუძლია წუმპეში ჩავარდნილ ადამიანს, რომელ ამერიკაში წავიდა სვიდრიგაილოვი, რას ნიშნავს ორეულების თემა დოსტოევსკისთან – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG