Accessibility links

ლევან ვასაძის „ლეგიონი“ ბრძოლისთვის ემზადება


ბიზნესმენ ლევან ვასაძის „სახალხო ლეგიონის“ გეგმა ისევ ძალაშია. იმ ვარაუდით, რომ „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში (18-22 ივნისი) ღონისძიებები მაინც ჩატარდება, ვასაძე თავის მომხრეებს სრული მზაობისკენ მოუწოდებს.

მორიგ ვიდეომიმართვაში, რომელიც 18 ივნისს გამოაქვეყნა, „სახალხო ლეგიონის“ ორგანიზატორი განმარტავს, რომ მართალია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად, პატრულირება გადაიდო, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება.

„ჩვენი ბრძოლა გრძელდება. მიუხედავად შუალედური გამარჯვებისა, როდესაც შს სამინისტრომ გადმოდგა ნაბიჯი ხალხისკენ და გამოაცხადა, რომ უკრძალავს ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებს ამ აქციების ჩატარებას, დღეს დილას პრაიდის ორგანიზატორმა გამოაცხადა, რომ მიუხედავად ამისა, ისინი ყველა ღონისძიებას ჩაგვიტარებენ. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება...

ბრძოლა გრძელდება ამ უბედური, მაგათ მიერ დეკლარირებული კვირის ბოლომდე, ანუ 25-მდე და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მომხრეს, რომ იყოს ამ მზადყოფნაში...​“

ლევან ვასაძის თქმით, „სახალხო ლეგიონის“ თავშეყრის ადგილი ისევ ვერის ბაღი იქნება, ის თავადაც აპირებს იქ დგომას და ამასთან, ბიზნესმენი მომხრეებს მოქმედების გეგმასაც შეახსენებს.

  • "არავითარი ცემა და ტყეპა ამ უბედური გრანტიჭამიების და გარყვნილების მქადაგებლების";
  • "უბრალოდ, ვკიდებთ ხელს და გაგვყავს ისინი იქიდან";
  • "თუ პოლიცია დაგვიყენებს კორდონს, ჩვენ მას გავარღვევთ";
  • "არავითარი კომბალი არცერთ გარყვნილს და არცერთ პროპაგანდისტს";
  • "მაგრამ თუ ჩვენ დაგვიწყებენ ცემა-ტყეპას და ხელს შეგვიშლიან წესრიგის დამყარებაში, ჩვენ დავიცავთ ჩვენს თავს".

17 ივნისს, ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განცხადა, რომ ენდობა შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის უწყებას, რომ არ დაუშვებენ პრაიდის ჩატარებას თბილისში. ვასაძე მადლიერებას გამოხატავდა პირადად შს მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, ისინი კმაყოფილი იყვნენ "ღირსების მარშის" შესაძლო გაუქმებით, თუ მოელოდნენ, რომ "თბილისი პრაიდის" ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებებიც დაუქმდებოდა.

სახალხო დამცველთან და „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებთან შინაგან საქმეთა სამინისტროში 17 ივნისს გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უწყება არ იძლევა უსაფრთხოების გარანტიებს „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასატარებლად. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ეს არ შეეხება „თბილი პრაიდის“ ფარგლებში (18-22 ივნისი) დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებიათ.

ლევან ვასაძე ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ „სახალხო ლეგიონის“ წარმომადგენლები თანამშრომლობენ შს სამინისტროსთან დაწყებული გამოძიების ფარგლებში და ამ პროცესზე არ ვრცელდება მათი გეგმა. თუმცა ბიზნესმენი ფიქრობს, რომ გამოკითხვაზე დაბარების პროცესი შესაძლოა „არევისა და შეშინების“ ტაქტიკა იყოს.

„ჩვენს მომხრეებს დაუწყეს დაბარება გამოკითხვებზე და დაკითხვებზე. ესეც რაღაც ტაქტიკაა, ეტყობა, ჩვენი ან არევის ან შეშინების. არ ვიცი. ან შეიძლება (შინაგან საქმეთა) სამინისტრო ვალდებულია, რადგან საქმე აღიძრა, ჩაატაროს ეს გამოძიება და ჩვენ ვთქვით ძალიან მკაფიოდ, რომ ვითანამშრომლებთ მასთან.

გუშინ ერთ-ერთი ჩვენიანის დაკითხვაზე დაბარებისას უკითხავთ - რატომ არ მოვარდა ხალხი, ლევანი ხომ დაგვპირდა, რომ გამოგგლიჯავთო ყველასო?! ხალხო, ნუ აურევთ ერთმანეთში, რაც ძალიან მკაფიოდ ვთქვით. ჩვენ ვთქვით: თუ დაპირისპირება დაიწყო, ჩვენ ვიმოქმედებთ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც გავაჟღერეთ და მანამდე კი, ჩვენ წყნარად და მშვიდად გამოძიებასთან და ჩვენს სახელმწიფოსთან ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ იყოს სიმშვიდე...

ბოლომდე არ ვენდობით, მაგრამ ვხედავთ რაღაცა ნიშნებს, რომ ისინიც (შსს) არ არიან მოსურნე ამ გარყვნილების ზეიმის ჩატარების... ჩვენ არ ჩავატარებინებთ, სახელმწიფოს მხარდაჭერით ან მის გარეშე“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

16 ივნისს, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში გამართულ აქციაზე გამოაცხადა, რომ იქმნება სახალხო ლეგიონი, რომელიც „თბილისი პრაიდის“ გამო ქალაქში პატრულირებას დაიწყებს. ვასაძის თქმით, მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და ტერიტორიიდან გაიყვანენ.

სახალხო ლეგიონის რიგებში 17 ივნისს არაერთი ადამიანი ჩაეწერა. ლეგიონში გაწევრიანებულია ასევე „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი დეპუტატი ემზარ კვიციანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება მიმდინარეობს უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით.

შს სამინისტოში 17 ივნისს გამოკითხვაზე დაბარებული იყო 8 პირი. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, რვავემ დატოვა მთავარი სამმართველოს დიღომში მდებარე შენობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG