Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

81 წლის შემდეგ ისევ საქართველოში - ლევ რისკინის ორი ომი


ლევ რისკინი ცოლთან და შვილთან ერთად
ლევ რისკინი ცოლთან და შვილთან ერთად

​​​​​​​2022 წლის შემოდგომას პეტერბურგელმა ლევ რისკინმა რუსეთი ცოლთან, ქალიშვილთან და სიძესთან ერთად დატოვა და ისრაელში გაემგზავრა. როცა ისრაელშიც ომი დაიწყო, გადაწყვიტეს იქიდანაც წამოსულიყვნენ. ახალი თავშესაფარი მათ საქართველოში იპოვეს.

უკვე მეორედ. 1941 წელსაც 6 წლის ლევი, მისი და და დედა საქართველომ შეიფარა. ისინი აქ მაშინ ევაკუაციის შედეგად მოხვდნენ. 81 წლის შემდეგ ლევ რისკინი ისევ საქართველოს მიწაზე აღმოჩნდა.

„ვინც დარჩა, ყველა დახვრიტეს“

პატარა, ორსართულიანი სახლი ისანში, მყუდრო ეზოთი. ფანჯრიდან მთები მოჩანს. ლევ რისკინი თბილისში ბოლოს 81 წლის წინ იყო. მას შემდგ მთელი ცხოვრება გავიდა. ახლა ისევ აქ არის, ისევ ომის გამო.

„1941 წლის ზაფხულში, მშობლებთან ერთად ევპატორიაში [ქალაქი უკრაინაში - რ.თ.] ბებია-ბაბუასთან ვისვენებდი. ომმა იქ მოგვისწრო. მამა ადრე გავაცილეთ ლენინგრადში, ფრონტზე იქიდან წავიდა. ჩვენ ევაკუაციით საქართველოში წამოვედით. შემდეგ გავიგეთ, რომ ჩვენი ნათესავები, ვინც ევპატორიაში დარჩნენ, გერმანელებმა აღდგომისსწორზე დახვრიტეს. ვერავინ გადარჩა. მეორე ბაბუა და ბებია ლენინგრადში დაიხოცნენ, ბლოკადა ვერ გადაიტანეს“, - ჰყვება ლევი.

რაც მაშინ გადაიტანა, ხეირიანად არც ახსოვს. მაგრამ ყველაფერი, რაც რისკინების თავს ხდებოდა, საგულდაგულოდაა „დოკუმენტირებული“. 70 წლის დედამ რებეკა რისკინამ მოგონებების წიგნი დაწერა „ჩემი ცხოვრება“. მასში ომზე, ევაკუაციასა და ლენინგრადში დაბრუნებაზე ჰყვება. ბავშვების განცდებსაც დეტალურად აღწერს.

„ძნელია ამ მოგონებების გადაკითხვა. მენანება, რომ ჩემ გარდა მას არავინ წაიკითხავს. ჩემს ოჯახს ეს არ აინტერესებს. რძლის შვილიშვილი ომის შემდეგ დაიბადა, ჩემი ქალიშვილი გარდაიცვალა. ვაჟიშვილს უკვე ავიწყდება რაღაცები. მე რომ არ ვიქნები, ამ ჩანაწერებს ალბათ დაწვავენ“, - წერდა რებეკა თავისი დღიურის ბოლო გვერდებზე. მაგრამ მისი ხელნაწერი პეტერბურგში რუდუნებით ინახება, ოჯახის რელიკვიაა.

რისკინები ისრაელში 2022 წლის 29 სექტემბერს გაფრინდნენ. ნეთანიაში ოჯახმა მხოლოდ წელი იცხოვრა. როდესაც ისრაელს ჰამასი დაესხა თავს და ღაზის სექტორში ომი დაიწყო, რისკინებმა წასვლა გადაწყვიტეს.

„რა თქმა უნდა, ჩვენამდე ჭურვები არ მოფრენილა, სირენაც თითქმის არ ჩაურთავთ. მაგრამ მშობლებს თავიანთი ბავშვობა გაახსენდათ, დაბომბვებით და ევაკუაციით და ძალიან აღელდნენ. შეგვეცოდნენ და გადავწყვიტეთ, დროებით წამოვსულიყავით. ასე აღმოვჩნდით საქართველოში“, - ამბობს ვიქტორია, ლევის ქალიშვილი.

ლევ რისკინი თბილისში, 2023 წელი
ლევ რისკინი თბილისში, 2023 წელი

თბილისში რისკინები 21 ოქტომბერს ჩამოფრინდნენ. ლევს სიარული უჭირს, ყავარჯნებს ეყრდნობა. მაინც შეძლო და ცოლთან ერთად ქალაქი ასე თუ ისე შეისწავლა. ბევრი თანამემამულეც იპოვა, ასევე ომს გამოქცეული. თბილისში პირველად 1941 წელს მოხვდა, ისიც გავლით, იმავე დღეს კახეთში გაემგზავრნენ.

„თბილი ადგილი დედამიწაზე“

ევპატორიიდან ევაკუაციის შემდეგ ოჯახმა თითქმის ნახევარი წელი კრასნოდარის მხარეში იცხოვრა. მაგრამ გერმანელები როსტოვს უახლოვდებოდნენ და ყველა, ვინც კი ევაკუირებული იყო, იქაურობას უნდა გასცლოდა. 1941 წლის დეკემბერში ისევ აიბარგნენ და სატვირთო ვაგონით, რომელიც ძლივს თბებოდა, საქართველოსკენ მიმავალ უსაშველოდ გრძელ გზას დაადგნენ. ეს მძიმე დღეები რებეკა რისკინას ასე აქვს აღწერილი.

„ამ სატვირთო ვაგონში 18 დღე ვიცხოვრეთ. მატარებელი ნელა მიდიოდა, ჩერდებოდა და მერე ისევ მოულოდნელად დაიძვრებოდა ხოლმე. ერთხელ რომელიღაც სადგურზე ჩამოვედი, იქნებ, რამე საჭმელი ვიპოვო-მეთქი და უცაბედად მატარებელი წავიდა. ახლა ძნელი წარმოსადგენია, როგორ მივსდევდი მას, სად ვიპოვე ძალა, რომ ბოლო ვაგონს, რომელიც უკვე კარგა შორს გასცდენოდა პლატფორმას, ჩავბღაუჭებოდი. ისე მაღლა იყო, სანამ ავძვერი, ფეხები სულ დამეკაწრა, მუხლები ჩავიმტვრიე. კიდევ კარგი, ხალხმა ხელი გამომიწოდა და აძრომაში დამეხმარა. ეს ბოლო ვაგონი იყო, ბავშვები კი წინაში დარჩნენ. სანამ მატარებელი ისევ არ გაჩერდა იქამდე ვერ მივაღწიე. როდესაც ბოლოს და ბოლოს ჩემს შვილებამდე მივედი, ისინი არაადამიანური ხმით ყვიროდნენ და ტიროდნენ, მეც მათთან ერთად“.

თბილისიდან რისკინები თავიანთი მარშრუტის ბოლო პუნქტისკენ გაემგზავრნენ: საქართველოს სსრ, კახეთი, ველისციხის სადგური. ეს იყო „თბილი ადგილი დედამიწაზე“, რომელმაც ისინი დაღუპვას გადაარჩინა.

რებეკა რისკინა მოგონებებში წერს, რომ ქართველები მათ ძალიან თბილად შეხვდნენ, როგორც შეეძლოთ, შევიწროვდნენ, რომ საკუთარ ჭერქვეშ მიეღოთ. მაგრამ ცხოვრება მაინც ძალიან რთული იყო. სხვა ევაკუირებულ, ხუთსულიან ოჯახთან ერთად ერთ ოთახში იყვნენ.

ოჯახს არსებობისთვის არანაირი სახსარი არ გააჩნდა. 500 რუბლის ღირებულების ვაუჩერი (ამ თანხას მებრძოლები სამამულო ომის წლებში ნათესავებს უგზავნიდნენ) და რასაც საჯარისო მაღაზიებში გასცემდნენ - სულ ეს იყო, ანუ ახალი მეზობლებისთვის საკუთარი შვილების ლუკმა უნდა გაეყო, „სხვაგვარად არ გამოდიოდა“.

რებეკა შვილებთან ერთად
რებეკა შვილებთან ერთად

რებეკას გოგონას ელეონორას გზაში ფილტვების ანთება დაემართა, ამიტომ, როდესაც საქართველოში ჩამოვიდნენ, ერთი თვე საავადმყოფოში გაატარეს. ამ დროს ისწავლა რამდენიმე ქართული სიტყვაც, რომ ადგილობრივებისგან ავადმყოფი ბავშვისთვის სანოვაგის ყიდვა შესძლებოდა: „კვერცხი“, „მაწონი“, „ყველი“, „პური“, „ფული“, „ტკივა“. მისი ბიჭიც სწავლობდა ახალ ენას ქართველი ბავშვებისგან. დედას და დას საავადმყოფოში რომ აკითხავდა, თან ახალი სიტყვები და გამოთქმებიც „მიჰქონდა“, ერთ მათგანს ახლაც უშეცდომოდ იმეორებს.

„ახალი ჩამოსულები რომ ვიყავით, ადგილობრივი ბიჭები მაჯავრებდნენ, აბა, გაიმეორე, ბაყაყი წყალში ყიყინებსო, - იხსნებს ლევი, - ველისციხეში ორი ოჯახი იყო, ვისთანაც ჩვენ ვცხოვრობდით - კობიაშვილი და ფხაჭიაშვილი. ფხაჭიაშვილებს ორი ბიჭი ჰყავდათ: ბიძინა და კოკო, დაახლოებით ჩემი ტოლები. მახსოვს, მათთან ერთად ბლის ხეებზე დავძვრებოდი. ბიძინასთან ერთად ბაზარშიც მივდიოდი. ცხელოდა, დოქები მიგვქონდა და ხალხს წყალს ვთავაზობდით. „ცივი წყალი!“ - ვყვიროდით. ვინც დალევდა, ხილს გვაძლევდა: ვაშლს, ლეღვს, კიდევ რამეს. ყველაფერი სახლში მიმქონდა“.

თუ როგორ ატარებდა ლევი დროს ქართველ ბავშვებთან, ამაზე მისი დედაც წერს:

„ოთახში ბიჭებმა შემოირბინეს და დიდ, მრგვრალ აუზთან წამიყვანეს. ამ აუზში მწვანე წყალი ესხა და თავკომბალები და ბაყაყები დაცურავდნენ ხოლმე. ახლა კი ბიჭები და მათთან ერთად ჩემი შვილი ცურავდა, თან თავს იწონებდა, წყალზე გაჩერება შემიძლიაო. თავიდან ჩაბეტონებულ კაუჭს იყო მოჭიდებული, მე რომ დამინახა, გაცურა. ელდა მეცა. თავამდე წყალში იყო, მწვანე წყალმცენარეები ფარავდნენ. მიწას მივეყინე, აღარ ვიცოდი რა მექნა, მიმეტყიპა, გამეთათხა თუ გავტრიალებულიყავი. ბიჭები ხითხითებდნენ და ქართულად ჟრიამულობდნენ: „სუფთა წყალი“, „კარგია, ბიჭო“, „არაფერია, არაფერია, დედა“.

ლევ რისკინი თბილისში
ლევ რისკინი თბილისში

რებეკამ შვილებთან ერთად საქართველოში ორი წელი გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატი კარგი იყო, ამინდი - მშვენიერი, ხალხი - გულმოწყალე და სტუმართმოყვარე, ეს ორი წელი მაინც საკმაოდ რთული გამოდგა.

რებეკა წერს, როგორი მღელვარებით ადევნებდა თვალს ახალ ამბებს. ელოდა, როდის გაირღვეოდა ლენინგრადის ბლოკადა, რომ უკან დაბრუნებულიყო.

უკვე დაბრუნებულზე შეიტყო, რომ დედამთილმა და მამამთილმა ბლოკადა ვერ გადაიტანეს. ჯერ მამამთილი გარდაიცვალა, შემდეგ - დედამთილი. ბინა, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, საბედნიეროდ, ისევ ცარიელი იყო, თუმცა, საშინელ მდგომარეობაში.

„გულისფანცქალით მივუახლოვდი ჩემს სახლს - ზვენოგოროდსკის ქუჩა N 24-4. ციოდა, დეკემბერი იყო, ფეხზე კი სანდლები მეცვა. ავუყევი გაშავებულ, მოაჯირმორღვეულ, საფეხურებჩამტვრეულ კიბეს. ჩემს გრძნობებს ვერ ავღწერ. ძნელია! ოთახი დარბეულს ჰგავდა. ყველგან თაგვის ცურცლი ეყარა. ყველაფერი დაეხრათ. ჭერი გაჭვარტლული. კუთხეში პატარა, რკინის ღუმელი იდგა, მილი დიდი ღუმლის კარში შეეყოთ. ბლოკადაში მოხვედრილი საწყალი ხალხი ასე თბებოდა. შუშების ნაცვლად ფანჯრებზე მუყაო აეფარებინათ. კარადა ცარიელი, მხოლოდ ჭუჭყიანი ჩვრებიღა ეყარა, ვირთხების დაძენძილი - ისინიც მშივრები იყვნენ“, - წერს რებეკა.

ლენინგრადელი ბიჭის დაბრუნება

1944 წელს საქართველოს რომ ტოვებდა, ლევ რისკინი ძნელად თუ წარმოიდგენდა, უკან როგორ და როდის ჩამოვიდოდა. ბედმა მწარედ დასცინა, აიძულა, ომს ჯერ პატარა ბიჭი გამოქცეოდა, შემდეგ კი ჭარმაგი. დანარჩენი წლები ლევი არათუ საზღვარგარეთ არ მოგზაურობდა, პეტერბურგის აგარაკსაც არ გასცილებია.

საქართველოში ჩამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ რისკინები „მინივენში“ ჩასხდნენ და ველისციხეში ჩავიდნენ.

მზიანი დღე იყო, მანქანაში ქართული მუსიკა უკრავდა. რიტა, ვისთანაც რისკინები გაჩერდნენ, მათთან ერთად წამოვიდა, სახლის მოძებნაში დაგეხმარებითო.

ვიქტორია რისკინა კახეთში მოგზაურობის ვიდეოს გვაჩვენებს
ვიქტორია რისკინა კახეთში მოგზაურობის ვიდეოს გვაჩვენებს

ველისციხეში მანქანა ცენტრალურ მოედანზე შეჩერდა. მაღაზიასთან რამდენიმე მამაკაცი იდგა, მაგრამ კითხვებზე მხოლოდ მხრები აიჩეჩეს. არავითარ ხაჩიაშვილს ისინი არ იცნობდნენ. აღმოჩნდა, რომ ვიქტორია რისკინა გვარს არასწორად გამოთქვამდა. მამამ გაუსწორა - „ფხაჭიაშვილი“.

- ვიცი, როგორ არა! - მაშინვე გამოეხმაურა მაღალი კაცი, მახო.

- რომელი ბიძინა, მაღალი და გამხდარი? შვიდი წლის წინ მოკვდა, მაგრამ ორი ქალიშვილი დარჩა. მათი სახლი ქვევითაა. ახლა იქით მივდივართ.

ბიძინა ფხაჭიაშვილის შვილები ლალი და ნატო უცებ ვერ მიხვდნენ, მათთან ვინ და რატომ მივიდა, მაგრამ შემდეგ სტუმრები დასხეს და საოჯახო ფოტოების ორი ალბომი გამოიტანეს. შავ-თეთრ თუ ფერად ფოტოებში ლევმა თავისი ბავშვობის მეგობარი ამოიცნო, რომელსაც ცოცხალს ვერ მოუსწრო.

აი, ბიძინა ჯარშია, ცალკე და თანამებრძოლებთან. აგერ, სახლში, ოჯახში. ნატო მორიგ ფოტოს აჩვენებს, მასზე ქალია. „ელიკო“, - ამბობს რისკინი, ამ ქალში მან ოჯახის დიასახლისი და ბიძინას დედა იცნო. ბებიის სახელის გაგონებაზე ნატო იღიმება და თავს უქნევს.

მოგონებები სუფრაზე გრძელდება, სადღეგრძელოებით და სიმღერებით. სიმღერები ლევის დაწერილია. მუსიკა ბავშვობიდან უყვარდა. ამაზე რებეკაც ჰყვება.

„საღამოობით, როდესაც ცუდი განათების გამო საქმე არაფერი გვქონდა (სანათს შუქი არ უვარგოდა და თან ნავთიც უნდა დაგვეზოგა), ლევი რუსულ და ქართულ სიმღერებს მღეროდა. მე და ელიჩკა კი ვუსმენდით და ავყვებოდით ხოლმე. ბავშვობაში ბიჭს ძალიან კარგი სმენა ჰქონდა. რასაც გაიგონებდა, მაშინვე იმახსოვრებდა. ომი რომ არა, მისი ბედი ალბათ სხვაგვარად გადაწყდებოდა, მაგრამ ახლა... საქართველოში რუსული სკოლები არ არსებობდა. ომის შემდეგ სამუსიკო სკოლაში ვერ მოხვდა, თან დროც დაკარგა. ხშირად მსაყვედურობენ, მაგრამ რა უნდა გამეკეთებინა იმ სასტიკ, მშიერ წლებში“.

ცნობილი პოეტების ლექსებზე სიმღერების წერა ჰობად დარჩა.

„სიმღერების წერა ჯერ კიდევ ჯარში დავიწყე, - ამბობს ლევი, - სამსახურში წვეულებებზე ვმღეროდით. ერთხელ, უკვე დიდობაში, შესაძლებლობა მომეცა, დიდების სამუსიკო სკოლაში მოვხვედრილიყავი. მაგრამ მე გიტარის კლასი მინდოდა, ხელები კი უკვე აღარ მემორჩილებოდა. შემდეგ ჩემით ვისწავლე შვიდსიმიან გიტარაზე დაკვრა...“

„გარდაქმნა გვეიმედებოდა“

ეპშტეინების (რებეკას ქალიშვილობის გვარი) ნაწილმა რუსეთი რევოლუციის პირველივე წლებში დატოვა და ისრაელში წავიდა. თავის მოგონებებში რებეკა 1910-იანი წლების ბოლოს იხსენებს, როდესაც ბიძამისი გრიშა, მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო დეიდა სონიასთან გადავიდა. მათი ნივთები ჩემოდნებში ელაგა. რამდენიმე დღის შემდეგ ეს ჩემოდნები წაიღეს. ბოლოს ბიძა და მისი ოჯახი სწორედ ამ დღეს ნახა.

„სევდიანი, ნამტირალევი სახეები, ირგვლივ მათი დატოვებული უამრავი უსარგებლო ნივთი, რომლებიც გვახსენებდნენ, რომ ერთმანეთს დავშორდით. ვიცოდით, რომ მეტად ვეღარ შევხვდებოდით, ვეღარ შევიკრიბებოდით სუფრასთან პასექზე, სედერზე, რომელსაც ებრაული ტრადიციებით ვაწყობდით. მათ გამგზავრებასთან ერთად ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ახლა ძალიან ცუდად მახსოვს, რა როგორ უნდა“.

რისკინები რუსეთიდან წასვლას სსრკ-ის დაშლის შემდეგაც არ გეგმავდნენ, თუმცა მაშინ ეს უკვე ძალიან ადვილი იყო. გორბაჩოვი და გარდაქმნა ეიმედებოდათ.

„ჩვენც და მშობლებსაც მოსალოდნელი ცვლილებები გვიხაროდა, ის, რაც „ახალ სამყაროში“ იბეჭდებოდა, ის, რომ მანდელშტამის ყიდვა იყო შესაძლებელი, - იხსენებს ვიქტორია რისკინა, - კი, იყო ტალონები, თეთრეული ტალონებით, პირსახოცი, ბურღულეული. მაგრამ ეს ყოფითი საკითხები თავისუფლებამ და წიგნებმა გადაფარა”.

2024 წლის 28 იანვარს ლევ რისკინს 90 წელი შეუსრულდება. დაბადების დღეს ის საქართველოში გადაიხდის და აღიარებს, რომ ეს ქვეყანა და ხალხი მისთვის დიდი ხანია მშობლიური გახდა. ორ ომს - მეორე მსოფლიოსა და უკრაინისას, ლევი ერთმანეთს არ ადარებს, მაგრამ მათ მსხვერპლებს როგორც არავინ ისე უთანაგრძნობს.

„ვერ შეადარებ, სხვა ომია. მაგრამ კარგად მესმის მათი, ვინც იძულებულია ამ საშინელების გამო სახლები დატოვოს, ვიღაცის პოლიტიკური თამაშების გამო. ეს ყველა ლტოლვილის ბედისწერაა, გიწევს, რაც გქონდა, ყველაფერი მიატოვო: სახლი, მეგობრები, სამსახური, მშვიდობიანი ყოფა... რომ შემდეგ უბრალოდ არ ინერვიულო საკუთარ თავზე, ბავშვებზე და ჭურვებისგან დამალვა არ მოგიწიოს, - ამბობს ლევი, - აქაც და ისრაელშიც უკრაინიდან ძალიან ბევრი ადამიანია ჩამოსული.

საქართველოში აფხაზეთიდან დევნილები შემხვდნენ. აი, ჩვენი მასპინძელი რიტა, ფხაჭიაშვილების ოჯახის მოძებნაში ვინც დამეხმარა, 16 წლის იძულებული გახდა სოხუმიდან წამოსულიყო. როდესაც ჩვენი ამბავი მოვუყევით, იტირა. თქვა, რომ ისინი, ვინც ომს გამოექცნენ, ერთმანეთს ყოველთვის გაუგებენ. ერთს ვიტყვი, სულ უფრო ხშირად მახსენდება დედა, რომელიც ამბობდა, ნუ იტყვი ცუდია, ღმერთს შეევედრე, უარესი არ იყოსო, და დასძენდა ხოლმე: „ოღონდ ომი ნუ იქნება“...

XS
SM
MD
LG