Accessibility links

ლეილა ალიევა: ჩნდება დიდი იმედი, რომ ეს ქვეყანაც შეიძლება შეიცვალოს


ჰაველის სახელობის პრესტიჟული პრემიის მოპოვების შესახებ საპატიმროში შეიტყო აზერბაიჯანელმა უფლებადამცველმა ანარ მამადლიმ 2014 წელს.

ისევე როგორც ოიუბ ტიტიევმა, ჰაველის სახელობის პრესტიჟული პრემიის მოპოვების შესახებ საპატიმროში შეიტყო აზერბაიჯანელმა უფლებადამცველმა ანარ მამადლიმ 2014 წელს. რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ჯილდოები ადამიანებისათვის, ვინც უსამართლობისა და განუკითხაობის წინააღმდეგ იბრძვის? როგორ აისახება საერთაშორისო ინსტიტუტების ზეწოლა დასავლური ფასეულობებისაგან შორს მდგარ რეპრესიულ რეჟიმებზე? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი, ლეილა ალიევა, რომელიც ორი წლის წინ იძულებული გახდა დაეტოვებინა აზერბაიჯანი.

ლეილა ალიევა: ვფიქრობ, რომ ეს არის სიმბოლო, ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო იმ ფასეულობებისა, რომლებიც ღირებულია საერთაშორისო თანამეგობრობისათვის. ადამიანი, როცა მას ასეთ პრემიას ანიჭებენ, აცნობიერებს, რომ მარტო არ არის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აკვირდება იმას, თუ რა ხდება აზერბაიჯანში და რომ მსოფლიოში აფასებენ ადამიანებს, ვინც დემოკრატიისათვის იბრძვის (...) ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როცა თავის დროზე ანარ მამადლის მამას გადაეცა შვილისათვის განკუთვნილი ეს ჯილდო. რა თქმა უნდა, ამ პრემიამ წვლილი შეიტანა მამადლის ციხიდან გათავისუფლებაში".

ჩემი აზრით, მუხთარლის შემთხვევა იყო პირველი და ყველაზე გამორჩეული საქმე, რადგან ეს მოხდა ასეთი უხეში ფორმით, რომელსაც საქართველოდან არავინ მოელოდა. საქართველოს მართლა ბევრი მიიჩნევდა თავისუფლების კუნძულად და სჯეროდათ, რომ ისმათ არ გაწირავდა...
ლეილა ალიევა

კობა ლიკლიკაძე: შეგიძლიათ გვითხრათ ზუსტად, რამდენი უფლებადამცველი, სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი იმყოფება ამჟამად აზერბაიჯანის საპატიმროებში?

ლეილა ალიევა: ჩვეულებრივ, ვრცელდება ხოლმე ინფორმაცია პოლიტიკური პატიმრების მთლიან რაოდენობაზე, რაც მოიცავს ჟურნალისტებსა და ბლოგერებს, პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტივისტებს. ეს მონაცემები ერთმანეთისაგან განსხვავდება, რადგან სხვადასხვა უფლებადამცველი სხვადასხვა კრიტერიუმით ხელმძღვანელობს. როგორც მე ვიცი, რიცხვი მერყეობს 125-სა და 150-ს შორის, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია.

კობა ლიკლიკაძე: ზოგი აზერბაიჯანელი სამოქალაქო აქტივისტი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოღვაწეობას განაგრძობს საქართველოში, რომელიც მათთვის ერთგვარ თავისუფლების კუნძულად ითვლება რეგიონში. თუმცა არ ვიცი, ასეა თუ არა აფგან მუხთარლის გატაცების შემდეგ. მანამდე თუ ყოფილა საქართველოდან აზერბაიჯანელი აქტივისტის გატაცების მცდელობა?

ლეილა ალიევა: ჩემი აზრით, მუხთარლის შემთხვევა იყო პირველი და ყველაზე გამორჩეული საქმე, რადგან ეს მოხდა ასეთი უხეში ფორმით, რომელსაც საქართველოდან არავინ მოელოდა. საქართველოს მართლა ბევრი მიიჩნევდა თავისუფლების კუნძულად და სჯეროდათ, რომ ისმათ არ გაწირავდა. და უცებ ამ ადამიანებმა თავი იგრძნეს დაუცველად. ისინი ჩივიან, რადგან აშკარაა, რომ მათ უთვალთვალებენ. ჩემი აზრით, ამან გამოიწვია აზერბაიჯანელი პოლიტიკური დევნილების გადინება საქართველოდან სხვა ქვეყნებში. ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ აგრძელებს ცხოვრებას და საქმიანობას საქართველოში, რომელიც აზერბაიჯანის უახლოესი ქვეყანაა, მაგრამ აფგან მუხთარლის გატაცების შემდეგ საქართველომ ნამდვილად დაკარგა თავისი რეპუტაცია.

კობა ლიკლიკაძე: რა არის „ფორუმ 2000“-ზე თქვენი ყოფნის მიზანი? რა არის ის მთავარი სათქმელი, რაც გსურთ, რომ მიაწვდინოთ აქ წარმოდგენილ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს?

ძალიან რთულია, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებებისათვის ხალხის ბრძოლას იმ ქვეყანაში, სადაც, როგორც აღვნიშნე, უამრავი ცთუნება არსებობს. აზერბაიჯანის მთავრობას, რომელიც დიდ სიმდიდრეს ფლობს, ყოველთვის ჰქონდა შესაძლებლობა ეყიდა მხარდაჭერა...
ლეილა ალიევა

ლეილა ალიევა: ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აზერბაიჯანის ენერგორესურსების მიმართ არსებული მძლავრი ინტერესების გამო, შესაძლოა, ყრუ კედლებში მოექცეს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიისათვის მიმდინარე ბრძოლა. ასე რომ, ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ყველას გავაგებინოთ, რომ აზერბაიჯანში არსებობენ ადამიანები, რომლებიც განუწყვეტლივ აგრძელებენ ბრძოლას და არსებობს თავდადების განსაცვიფრებელი მაგალითები. გავიხსენოთ თუნდაც ორი სტუდენტი ბიჭი, რომლებმაც გრაფიტით მოხატეს ჰეიდარ ალიევის ძეგლი ბაქოში. მათ ჰქონდათ არჩევანი ხელი მოეწერათ მონანიებისათვის და თავიდან აეცილებინათ 11 წლით პატიმრობა, რაც მიუსაჯეს. დასავლეთში მცხოვრებ პრაგმატულ ადამიანებს არც კი ესმით, თუ როგორ შეიძლება გააკეთო ასეთი არჩევანი. ისინი ამბობენ: უნდა მოეწერათ ხელი, აბა რა, თუ ეს მათ თავისუფლებას მოუტანდაო

კობა ლიკლიკაძე: და რატომ არ ესმით, რა არის ამის მიზეზი, როგორ ფიქრობთ? არცთუ ისე დიდი ხნის წინ ეს ქვეყნებიც ხომ იყვნენ კომუნისტური რეჟიმის ტოტალიტარული წნეხის ქვეშ.

ლეილა ალიევა: არა, ჩემი აზრით, ესმით, მაგრამ ძალიან რთულია, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებებისათვის ხალხის ბრძოლას იმ ქვეყანაში, სადაც, როგორც აღვნიშნე, უამრავი ცთუნება არსებობს. აზერბაიჯანის მთავრობას, რომელიც დიდ სიმდიდრეს ფლობს, ყოველთვის ჰქონდა შესაძლებლობა ეყიდა მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ წარმოადგენს ეს ქვეყანა განსაკუთრებულ შემთხვევას. როდესაც ხედავ ისეთ ხალხს, როგორიც ის ორი ახალგაზრდაა, რომლებმაც უარი თქვეს დიდ სიმდიდრეზე, კარიერასა და პრივილეგიებზე და ციხეში წასვლა არჩიეს,ჩნდება დიდი იმედი, რომ ეს ქვეყანაც შეიძლება შეიცვალოს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG