Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მთავრობამ არა მხოლოდ მომჩივანის უფლებები უნდა აღადგინოს სრულად, არამედ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მსგავსი დარღვევა აღარ განმეორდეს"


ლია მუხაშავრია, ადვოკატი, უფლებადამცველი
ლია მუხაშავრია, ადვოკატი, უფლებადამცველი

ადვოკატი, უფლებადამცველი ლია მუხაშავრია რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ 25 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართული მოსმენა გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თუკი მასში მონაწილეობას მიიღებდნენ საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება და ცოდნა ევროსასამართლოსთან საქმის წარმოების, აგრეთვე სერიოზული შეკითხვები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე:

"უფლებების აღსადგენად, ალბათ, მთელი სიცოცხლე უნდა იბრძოლო"
please wait

No media source currently available

0:00 0:53:36 0:00

„იქ არ ყოფილან მიწვეული არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადაცვითი ორგანიზაციები, მხარეები, რომლებსაც აქვთ სერიოზული შეკითხვები - რატომ არ ხდება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების სრულყოფილი აღსრულება? რომ მიეწვიათ, მაშინ, ეს კომიტეტის სხდომა იქნებოდა გაცილებით საინტერესო და ცოცხალი, შესაბამის დასკვნებს გააკეთებდა და შემუშავდებოდა რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაზე თვალყურის დევნება იქნებოდა მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით“.

ცნობილია, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები პრეცედენტულია. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით, ლია მუხაშავრია განმარტავს:

„მისი გადაწყვეტილების აღსრულება უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება გამოიწვევს ქვეყანაში მნიშვნელოვან ზოგად ცვლილებებს როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკის თვალსაზრისით, რომ მსგავსი აღარ მოხდეს.

მთავრობამ არა მხოლოდ მომჩივანის უფლებები უნდა აღადგინოს სრულად, არამედ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მსგავსი დარღვევა აღარ განმეორდეს.

ამ სტანდარტისგან ძალიან დაშორებულია მთავრობის პრაქტიკა.

გულწრფელად ვიტყვი, რომ კომპენსაციის გადახდაზე შეფერხებები არ გვაქვს ხოლმე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა სხვა ზომა არის გამოყენებული იმისთვის, რომ დარღვევა ქვეყანაში არ განმეორდეს.

მაგალითად, ხელისუფლება ხაზს უსვამდა იმას, რომ იმ 88 გადაწყვეტილებიდან, რომელიც მიმოიხილეს ანგარიშში, 25 ეხებოდა წამების აკრძალვის საკითხს. ეს იმას ნიშნავს, რომ წამების აკრძალვის საკითხი ქვეყანაში სისტემური და ინსტიტუციური პრობლემაა, თორემ 2003 წლიდან 2019 წლამდე ამ რაოდენობის გადაწყვეტილებები მთავრობისთვის დარღვევის დადგენის თვალსაზრისით ევროსასამართლოს არ უნდა მიეღო.

ევროპული სასამართლო დღეს გადატვირთულია, უამრავი საჩივარი შედის, ამიტომ სასამართლომ რეფორმა ჩაატარა და შეიმუშავა ახალი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ხდება საქმეთა გადარჩევა და განხილვა. გასაგები რომ იყოს, მარტივ რამეს ვიტყვი: ვთქვათ, საქართველოდან შევიდა ასი საჩივარი წამების საქმეზე. ამ ასიდან ევროპულმა სასამართლომ განიხილა მხოლოდ 25 და მათი შერჩევა მოხდა სწორედ იმ კრიტერიუმით, რომ ეს საქმეები შეეხებოდა და თავის თავში აღწერდა სისტემურ და ინსტიტუციურ დარღვევებს. ამით არის გამოწვეული ის, რომ ძალიან ბევრ საქმეზე მოდის განუხილველად დატოვების გადაწყვეტილება, რომელიც გადასინჯვას არ ექვემდებარება.

სასამართლო ცდილობს შეარჩიოს და განიხილოს მხოლოდ ის საქმეები, რომლებშიც გამოხატულია ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები.

უნდა ვთქვათ, რომ ევროპული საბჭოს და ევროსასამართლოს თვალთახედვიდან დანახული პრობლემები ბევრად განსხვავდება იმ თვალსაწიერისგან, რომლითაც შეიძლება ვხედავთ უფლებადამცველები, მომჩივნები ან მთავრობა“.

ევროსასამართლოში საქმის წარმოებაში მიღებას, განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას უმრავლეს შემთხვევაში წლები სჭირდება. ლია მუხაშავრია თავის გამოცდილებაზეც ჰყვება:

„ევროსასამართლოში, გადატვირთულობის გამო, გადაწყვეტილებათა გამოტანა ხდება 8, 9, 10 და 11 წლის შემდეგ. უნდა გითხრათ, რომ ამ ბოლო პერიოდში მოვიგე სამი საქმე: შარშან დეკემბერში, ამ წლის იანვარში და ახლა, მაისში. ეს სამი საქმე ჩემთვის გრძელდებოდა 9 და 11 წელი.

ვადა, რომელიც ამ საქმეთა განხილვას სჭირდება, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ, თითქოს, საქართველოს მთავრობას თავისი რვაწლიანი საქმიანობის პროცესში დარღვევები არ ჰქონია და ამიტომ კარგად არის საქმე. ეს ასე არ გახლავთ. დარღვევებზე საჩივრები არის გაგზავნილი, მაგრამ მათი განხილვა მოხდება ძალიან გვიან - მაშინ, როცა შეიძლება ვივარაუდოთ და ვთქვათ, რომ ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში“.

უფლებადამცველი შეგვახსენებს, რომ ევროსასამართლოში საქმის განხილვის ვადებს უნდა დავუმატოთ ეროვნულ დონეზე სასამართლო ინსტანციების გავლის დრო, რაც ხშირად კიდევ რამდენიმე წელს მოითვლის ხოლმე. როცა ლია მუხაშავრია სამართლის მაძიებელ ადამიანებს ევროსასამართლოს პროცედურებს უხსნის, ბევრი უარს ამბობს საქმის გაგრძელებაზე. ზოგიერთი კი აგრძელებს გზას სამართლისკენ. ლია მუხაშავრიას არაერთი შემთხვევა ახსენდება, როცა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამდე მომჩივანი გარდაიცვალა ან მისი ოჯახის წევრი, ვისთვისაც უსამართლობა გაუსაძლისი ტვირთი აღმოჩნდა:

„წლების შემდეგ, გადაწყვეტილება რომ გამოდის, ძალიან ვფრთხილობ ხოლმე, როცა ადამიანებს ვურეკავ, ჩემს კლიენტებს და ვუხსნი, რომ მოვიგეთ, რადგან ამ პერიოდში ხდება ბევრი ცუდი ამბავი“.

ლია მუხაშავრია თვლის, რომ სამართლიანი იქნება, სახელმწიფოს მიერ გადახდილი კომპენსაციების ანაზღაურება, შესაბამისი საქმის წარმოების შედეგად, დაეკისროთ მათ, ვისი ქმედების შედეგადაც მოხვდა საქმე ევროსასამართლოში.

„დილის საუბრების“ სტუმარი შეუსაბამობას ხედავს, ერთი მხრივ, ხელისუფლების მიერ იმის მტკიცებაში, რომ უმძიმესი სისტემური დანაშაულები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ხდებოდა და, მეორე მხრივ, ახლანდელი ხელისუფლების მიერ იმ საქმეებზე სახელმწიფოს მოწადინებასა და დახარჯულ რესურსში დარღვევის დაუდგენლობის მისაღწევად.

იმ მოქალაქეებს კი, ვის მიმართაც სახელმწიფო დაარღვევს რომელიმე ფუნდამენტურ უფლებას - იმ უფლებებს, რომლებიც ასახულია ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციაში:

„მოქალაქეებს უნდა ვუთხრა, რომ ყველა მოგებულმა საქმემ მნიშვნელოვნად განაპირობა ის, რომ შეიცვალა ხელისუფლება 2012 წელს, შეიცვალა კანონმდებლობა, შეიცვალა პრაქტიკა და მართლაც, ის, რომ ციხეებში წამებას აღარ აქვს სისტემური ხასიათი, ეს არის იმ მომჩივნების და უფლებადამცველების დამსახურება, რომლებიც არ შეუშინდნენ არაფერს და გაასაჩივრეს.

ევროსასამართლოში ხომ საჩივრდება განსაკუთრებული საქმეები, მხოლოდ ისინი, რომლებიც გულისხმობს ფუნდამენტური უფლებების დარღვევას: სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, სამართლიანი სასამართლო, საკუთრების უფლება, რომლებიც თუ დაგირღვიეს, ალბათ, მთელი სიცოცხლე უნდა იბრძოლო ამ უფლებების აღსადგენად. ეს არის განსაკუთრებით საამაყო და ღირსეული ადამიანების ღირსების საქმე, რომელთაც მე ვემსახურები და ამაყი ვარ, რომ ბევრ ასეთ ადამიანს ვიცნობ.

ბევრჯერ მიფიქრია, რომ ეს წიგნად უნდა გამოიცეს. თითოეული ასეთი საქმე არის ეპოქის საკუთესო სახე, მართალია ცუდი მხრით, მაგრამ მაინც.

მიუხედავად რესურსების არათანაზომადობისა, ხანდახან მე და ჩემი კლიენტი ვუგებთ მთავრობას და ორ მთავრობასაც ერთად. ამისთვის ღირს თავის დადება, მოლოდინი, თუნდაც ის ძალიან დიდხანს გრძელდებოდეს“.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG