Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბაზისბანკმა“ „ლიბერთი ბანკის“ აქციები 674 მილიონ ლარად იყიდა - საფონდო ბირჟის ინფორმაცია

ინფორმაცია გამოქვეყნებულია საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე.
ინფორმაცია გამოქვეყნებულია საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე.

„ბაზისბანკმა“ (რომელსაც ჩინური „ჰუალინგ ჯგუფი“ ფლობს) ირაკლი რუხაძის „ლიბერთი ბანკის“ აქციების 95,99%-ში 674 მილიონი ლარი გადაიხადა, - გარიგების თანხაზე ინფორმაცია გამოქვეყნდა საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე.

თუმცა "ბიზნესმედია" იუწყება, რომ ეს გარიგების სრული საფასური არ არის.

რას ამბობს საფონდო ბირჟა

საფონდო ბირჟის ინფორმაციის თანახმად, აქციათა 95,99%-ში გადახდილი თანხის ზუსტი ოდენობა შეადგენს 674 125 650,65 ლარს.

ეს დაახლოებით 251 მილიონი აშშ დოლარია.

აღნიშნული ტრანზაქცია 15 აპრილს საღამოს ექვსი საათის შემდეგ არის რეგისტრირებული.

თუმცა BMG წერს, რომ გარიგება ასევე მოიცავდა „ლიბერთი ბანკის“ დივიდენდს - დამატებით 158 მილიონ ლარს, ანუ ჯამში - 330 მილიონ აშშ დოლარს.

„ლიბერთის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძემ გაყიდვისას განაცხადა, რომ გარიგების მოცულობა კონფიდენციალური იყო.

ბანკი 15 აპრილს გაიყიდა

„ბაზისბანკის“ მიერ 16 აპრილს გავრცელებულ პრესრელიზის თანახმად, კომპანიის გენერალური დირექტორი დავით ცაავა ამბობდა, რომ:

  • ორივე ბანკი ჩვეულ რეჟიმში, დამოუკიდებლად აგრძელებს საქმიანობას.
  • „ბაზისბანკის“ მომხმარებლები მომსახურებას მიიღებენ „ბაზისბანკში“, ხოლო „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები - „ლიბერთი ბანკში“.
  • მომხმარებლებისთვის ყველა სერვისი, პროდუქტი და არხი მუშაობს შეუფერხებლად და მომსახურება გრძელდება ჩვეულ რეჟიმში.

„ბაზისბანკის“ ხელში გადავიდა „ლიბერთი ბანკის“ აქტივები, შესაძლებლობები და პასუხისმგებლობებიც; ასევე წვდომა, მათ შორის - 1,7 მილიონზე მეტი ფიზიკური პირის პერსონალურ მონაცემებთან.

კონტექსტი

ორ ბანკს შორის გარიგებაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო - როცა საქართველოში უკვე აქტიურად განიხილავდნენ საერთაშორისო სანქციების დაწესების შესაძლებლობას „ლიბერთი ბანკისა“ და პროსახელისუფლებო „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის წინააღმდეგ.

2026 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა, რომლებიც „ჰანიველ პარტნერსს“ წარმოადგენენ, გაყიდეს ტელეკომპანიები „იმედი" და GDS-ი. „ტელეიმედის“ მფლობელი კომპანია გაიყიდა „სიმბოლურ ფასად“ - 1000 ლარად.

მალევე, 24 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა ტელეკომპანიებს „იმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV). რუხაძესა და მის პარტნიორებს „იმედი" უკვე გაყიდული ჰქონდათ.

მარკეტინგის ექსპერტის, საშა კაცმანის პოდკასტში სტუმრობისას ირაკლი რუხაძემ თქვა, რომ „ლიბერთი“ ან უნდა გამსხვილებულიყო, ან გაეყიდათ.

მან ასევე თქვა, რომ ბანკის ბიზნესმოდელი იდგა „ორ ფეხზე“:

  1. პენსიონერების სესხები - რაზეც, მისი თქმით, ბანკის შემოსავლის ნახევარი მოდიოდა;
  2. მაღალპროცენტიან მიკროკრედიტებზე.

აღნიშნავს ირაკლი რუხაძე პოდკასტის ანონსში. სრული პოდკასტი 29 აპრილს გამოქვეყნდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG